ორმაგი ცხოვრება - კვირის პალიტრა

ორმაგი ცხოვრება

ეკა და მაია ბავშვობიდან მეგობრობენ.  ქალებს მიაჩნიათ, რომ გაუმართლათ, რასაც მოისურვებდნენ, მეუღლეები უმალ უსრულებდნენ და მაინც, ერთ-ერთის ქმარი თურმე ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. ეკა დღემდე გაოცებულია, როგორ ახერხებდა მაიას მეუღლე ამას, ირაკლი ხომ საუკეთესო ქმარი იყო და სამეგობროშიც მას სამაგალითოდ მიიჩნევდნენ.

ეკა: -  მაია და ირაკლი რომ  დაქორწინდნენ, ცოტა ხანში  ირაკლის მეგობარს გავყევი ცოლად. ბედნიერები ვიყავით, რადგან არც სიყვარული გვაკლდა, არც ყურადღება და არც ქონება. მაიას და ირაკლის სამი შვილი შეეძინათ, მე და გუგას - ორი. თითქმის სულ ერთად ვიყავით, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ჩვენს შვილებს და-ძმასავით უყვართ ერთმანეთი. გუგაზე საყვედური არ მეთქმის, ყურადღებას არასოდეს მაკლებდა, მაგრამ ირაკლი მაინც განსაკუთრებული იყო. როცა მკითხავდნენ,  ვინაა მამაკაცის იდეალიო, გუგას გადავხედავდი, - შენ არ გეწყინოს და - ირაკლი-მეთქი.

არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა. მაიკოს მესამე მშობიარობას გართულება მოჰყვა. ირაკლი  დღე და ღამე იქ იყო.  მაიას არაფერს აკლებდნენ, ის კი ადგილს ვერ პოულობდა, სულ ეჩვენებოდა, რომ ექიმები რაღაცას ისე არ აკეთებდნენ, როგორც საჭირო იყო. მაიკოს უკეთესობა რომ  დაეტყო, ირაკლიმ მაინც არ მოიცვალა ფეხი  - იქნებ, უცებ დავჭირდე, მომიკითხოს და აქ რომ არ ვიყო, ინერვიულებსო... შინ რომ წაიყვანა,  ძიძა დაიქირავა, ღამე კი თვითონ ადგა ბავშვს თავზე... ასე სიამტკბილობასა და სიყვარულში გაილია ოცდაათი წელი.

ჩემს ბიძაშვილს დაქალი ჰყავს, თიკო.  გოგონას არ გაუმართლა, ქმარი ნარკომანი გამოდგა და მალე გასცილდა, ბავშვი არ შესძენია.  ჩემი ბიძაშვილი ნინო ბევრ რამეს მიყვება, მათ შორის თიკოს ამბებსაც. ერთხელ თიკოს წვეულებაზე მამაკაცი გაუცნია. მათ ერთმანეთი შეჰყვარებიათ და... მოკლედ, იმ დღიდან თიკოს თაყვანისმცემლით აღფრთოვანებულმა ნინომ ყურები გამომიჭედა, -  იცი, თიკო როგორი ბედნიერიაო.  თიკომ თავადაც მითხრა, -  ასეთი მამაკაცი ალბათ ერთია ამქვეყნად და ისიც მე შემხვდაო. დავინტერესდი იმ კაცის ვინაობით, მაგრამ თიკომ მითხრა, - ცოლშვილიანია, ამიტომ ერიდება ამ ამბის გამხელას. მპირდება, არაფერს მოგაკლებ, ბავშვის გაზრდაშიც ხელს შეგიწყობ, გვარსაც მივცემო. ვერ დავაძალებ ოჯახის დანგრევას, ცოლს დიდ პატივს სცემსო. მაშინ შევიტყვე, რომ მის სათაყვანებელ მამაკაცს ერეკლე ერქვა და ბიზნესმენი იყო.

მიკვირდა, რომ ნინოც არ იცნობდა თიკოს თაყვანისმცემელს.  თიკოს დედა (მამა გარდაცვლილი ჰყავს) არ ეწინააღმდეგებოდა ამ ურთიერთობას. ამბობდა : რა უფლება მაქვს იმ კაცთან ყოფნა ავუკრძალო, რომელიც თავს ევლებაო.

გამოხდა ხანი და ერეკლემ  თიკოს ოროთახიანი ბინა და  მანქანა უყიდა, სანამ ბავშვი გაუჩნდებოდათ, საზაფხულო და საზამთრო კურორტებზე დასვენება არ მოუკლია. საოცარი კი კვლავაც ის იყო, რომ თიკოს დედის გარდა, ერეკლეს არავინ იცნობდა. სხვებისთვის იგი უხილავ  ადამიანად რჩებოდა.

თიკოს გოგონა შეეძინა, მარიამი დაარქვეს.  ეს იდუმალებით აღსავსე ურთიერთობა იმდენად საინტერესოდ და მიმზიდველად მეჩვენებოდა, რომ მაიკოსთანაც მოვყევი. ისიც ინტერესით მისმენდა და შორიდან ამ წყვილს თანაუგრძნობდა კიდეც.

ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა.   ჩემმა თანამშრომელმა დაბადების დღე რესტორანში გადაიხადა. სწორედ იქ შევეფეთე თიკოს. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და მალე დავშორდით. ლაპარაკში  მითხრა, რომ ერეკლესთან ერთად იყო... ცნობისმოყვარეობამ მძლია და იქით გამექცა თვალი, სადაც თიკო და ის კაცი მეგულებოდნენ. მთელი გონება იმ დახურული კარისკენ მქონდა და როცა ირაკლი დავინახე თიკოსთან ერთად, ძარღვებში სისხლი გამეყინა.  ნანახმა თავზარი დამცა. საიდუმლოს ვის გავუმჟღავნებდი? დადუმებული ვიყავი, მაიკოსთან ყოფნა ხომ ტანჯვა-წამებად მექცა.  ამას წინათ კი, ვიღაც "კეთილისმყოფელმა" დაურეკა მაიკოს: თუ გინდა, თვალები აგეხილოს, წადი ამა და ამ მისამართზე და სიმართლეს გაიგებო. მაიკომ შეშფოთებულმა მიხმო, - ასეა და ასეა საქმე და რას მირჩევო? თავი შორს დავიჭირე, - ნუ აჰყვები ვიღაცის ენას-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ მეგობარს ვღალატობდი. რამდენიმე დღის შემდეგ მაიკომ ისევ მთხოვა, - თუ შენ არ გამომყვები, მარტო წავალო. სხვა გზა აღარ მრჩებოდა, გავყევი...

ის მისამართი თიკოს სახლი აღმოჩნდა. თიკო, ერეკლე და პატარა მარიამი ერთმანეთით ხარობდნენ, როცა მათ კარზე ზარი დავრეკეთ.  წინდაწინ ვიცოდი, რაც დამხვდებოდა, მაგრამ მაიკოზე ვნერვიულობდი ძალიან...

მაიკოს ხმაც არ აუწევია. კარგა ხანს გაოგნებული მისჩერებოდა იმ სამს. მერე პატარა მარიამს დააკვირდა - ჩემს თეკლას ჰგავს ძალიანო,  ჩაილაპარაკა და გამობრუნდა.  სანამ კარს გაიხურავდა, ირაკლის ისე, სხვათა შორის უთხრა: ხვალ განქორწინებაზე განცხადებას შევიტანო. გავიდა და მეც გავყევი. მაიამ საღამოს შვილებს მშვიდად აუხსნა ყოველივე - მე და მამათქვენი ვშორდებით, მას სხვა ქალი შეუყვარდა და უნდა გავუგო, იძულებით აქ ვერ ვაცხოვრებო. ეს იყო და ეს. გაოცებულ შვილებს სიტყვა პირზე შეაშრათ...

ვიცი, რომ ირაკლი უზომოდ განიცდის ოჯახის დანგრევას. მითხრა, - რა ვქნა, ისიც ძალიან მიყვარს და მაიკოც, ორივე ქალს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაშიო... არჩევანის გაკეთებაში კი მას ისევ მაიკო დაეხმარა, ქალი, რომელთანაც მან 32 წელი იცხოვრა, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა და ბევრი ტკბილი და ლამაზი მოგონება აკავშირებს...