"ერთხელ წამოსცდა, არ უნდა დამეჯერებინა მამაჩემისთვის, უნდა მომეყვანა თინიაო" - კვირის პალიტრა

"ერთხელ წამოსცდა, არ უნდა დამეჯერებინა მამაჩემისთვის, უნდა მომეყვანა თინიაო"

ახელი გახლავართ, ჩვენს რაიონში ყველაზე მეტად თქვენი გაზეთი გვიყვარს.  ყოველ ორშაბათს სულმოუთქმელად ველით "კვირის პალიტრას".

რუბრიკას "თქვენთვის, ქალბატონებო" მხოლოდ ქალები როდი კითხულობენ, მამაკაცებიც ხშირად ინტერესდებიან.

ახლა კი ჩემს ბიძაშვილზე მინდა მოგითხროთ, რომელმაც ვერ იქნა და ვერ მოიყვანა ცოლი. ბიჭობაში ვანოს თავისი თანაკლასელი უყვარდა. თითებზე ითვლიდა დღეებს სკოლის დამთავრებამდე, ერთი სული ჰქონდა, როდის მოჰკიდებდა ხელს თავის თინიას და შინ შემოიყვანდა, მაგრამ ბიძაჩემი ახტა და დახტა - სწავლა შენ არ გიყვარს და მუშაობა, ცოლი  ვისთვის მოგყავს, იმას ჭამაც უნდა და შენახვაცაო...  იმ ერთმა უარმა ჩვენი ვანო ბერბიჭად დატოვა. იმის შემდეგ ვერავინ მოიწონა,  ზოგს თვალები დაუწუნა, ზოგს საქმე - ღობე-ყორეს ედება და ყველაფერი ხელიდან უცვივაო... ზოგზეც - ცხენივით ქალია, სინაზის ნატამალი არ გააჩნიაო... ერთი სიტყვით, ბიჭობაში გაღებული გულის კარი მაგრად ჩარაზა. ახლა ჩვენი ვანო ძალიან მშრომელი ბიჭიცაა (თუკი 39 წლისას ბიჭი შეიძლება ეწოდოს) და სახლ-კარი სულ მოწესრიგებული აქვს, მაგრამ ქალი რომ არ ფუსფუსებს იქ, მაინც სხვანაირი ელფერი აქვს ყველაფერს. ძალუაჩემი კარგა ხნის გარდაცვლილია, ბიძაჩემიც ორ წელიწადში მიჰყვა ცოლს და თან წაიყოლა უმცროსი ვაჟის დარდი. ვანოს  ძმებს   თავიანთი საზრუნავი აქვთ.  ჰოდა, ეს ჩემი ბიძაშვილი დღისით რომ შრომობს, საღამოობით მარტო რჩება და თავის წარსულზე ფიქრობს. ერთხელ წამოსცდა, - არ უნდა დამეჯერებინა მამაჩემისთვის, უნდა მომეყვანა თინია, შინიდან ხომ არ გამაგდებდა, მაინც შემირიგდებოდაო.

ამ ბოლო ხანს რაღაც სხვანაირად გახალისდა ჩემი ვანო.   - ერთი ქალაქელი ქალი მომწონსო, მითხრა. ვიცი, რომ ხშირად ურეკავს, შეხვედრას სთხოვს, მაგრამ ის ქალი უარობს. ვერც გაამტყუნებ, მას ქალაქში ურჩევნია ცხოვრება, თანაც ვანოზე რამდენიმე წლით უფროსია, ორი შვილი ჰყავს. ვეუბნები, - ბიჭო, სად შენ და სად ის ქალი, ვერც შენ გაძლებ ქალაქში და ვერც ის - სოფელში, კიდევ არაა გვიანი, ცოლი მოიყვანე და ბედს ეწიე-მეთქი, მაგრამ ვის ესმის? მოჯადოებულივით იმ ქალის გზას გაჰყურებს. ვკითხე, - ნუთუ, თინიას მერე ეგ ქალაქელი შეგიყვარდა-მეთქი? რაღაცა სხვანაირია, მასთან საუბარი მომწონს. ადრე მეც გამიკვირდებოდა, ახალგაზრდა უცოლო კაცს შვილებიან ქალზე რომ ეფიქრა, მაგრამ მარტოობამ  სულ სხვანაირად დამაწყებინა აზროვნებაო. თუკი ქალი და კაცი ერთმანეთს გაუგებს, ან ქალაქი, ან სოფელი რა შუაშია, შვილებს თავისი გზა აქვთ და თუკი ერთმანეთთან ყოფნა უნდათ, რატომ არ უნდა იყვნენ ერთადო.

დაბოლოს, მშობლების გასაგონად მინდა ვთქვა: როცა დიდი და წრფელი სიყვარულია, არ უნდა დაუშალონ შვილს ოჯახის შექმნა, თორემ მერე შეიძლება მარტოხელა დარჩეს...

ნანა მწარიაშვილი, თელავის რაიონი