ცრუბრალდებით დასჯილი - კვირის პალიტრა

ცრუბრალდებით დასჯილი

ბედის ბორბლის უკუღმა ტრიალი ბევრს თავის თავზე გამოუცდია. ამ წერილში მოგითხრობთ ერთი ჩვეულებრივი კაცის ამბავს...

თაზო 22 წლის დაოჯახდა.  ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდნენ გიორგი, ქეთი და მარიამი. ერთხანს მშენებლობაზე მუშაობდა, მერე ორ მეგობართან ერთად ბინებს არემონტებდა. გაჭირვებამ თანდათან გაბზარა ოჯახი. სიყვარულიც განელდა. შინ დაღლილი მიდიოდა, ცოლიც მოღუშული ხვდებოდა, ბავშვები ხან რას სთხოვდნენ, ხან - რას. ეს ყველაფერი ძალიან ადარდებდა. ენატრებოდა ის დრო, როცა ის და ნათია მხიარულად დასეირნობდნენ თბილისის ქუჩებში და მომავალიც ეიმედებოდათ. გაჭირვებამ კი ყველაფერს დაუკარგა ხალისი. შვილების  სურვილს რომ ვერ ასრულებდა, ღიზიანდებოდა... ამიტომაც ამჯობინებდა, შინ მაშინ მისულიყო, როცა ბავშვებს ეძინათ. ძალიან უჭირდა ოჯახის გაძღოლა, ამ ყველაფერმა ხასიათი დაუმძიმა. იმასაც ხვდებოდა, რომ ხშირად არ იყო მართალი, მაგრამ ვინმეზე ხომ უნდა ეყარა ჯავრი. "დაბალი ღობე" ყოველთვის ნათია იყო.

თაზოს დედამ - შვილს რომ რამენაირად მიშველებოდა, საბერძნეთს მიაშურა. 14 წლის წინ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო და მერიმ მალე იშოვა სამუშაო. მალე თაზომ დედის გამოგზავნილი ფულით შეძლო პოლიციაში სამსახურის შოვნა. ახლა ის უკვე პოლიციელი გახლდათ, მაგრამ ბუნებით პატიოსანს მაინც უჭირდა იქ ყოფნა.  ბევრ უსამართლობაზე უხდებოდა თვალების დახუჭვა.  ნათიას დედა, მირანდა არ იყო ქალიშვილის ბედით კმაყოფილი, ნათიას სულ იმას საყვედურობდა, - რას დაიბრმავე თვალები, ობლად გაზრდილ ბიჭთან რა ცხოვრებას ააწყობდი, რომ გახტი და გაჰყევიო... მირანდას გული ვერც მძახალმა მოიგო, რომელიც საბერძნეთიდან ხშირად უგზავნიდა ფულს შვილს და რძალს. თაზოს ერთადერთი სიამოვნება შვილებთან ჩახუტება და უქმე დღეებში სანადიროდ წასვლა იყო.

ერთხელ, შინ გვიან დაბრუნებული თაზო ცოლმა საყვედურით აავსო - შენი ხელფასი არ გვყოფნის, დედაშენის გამოგზავნილი მცირეოდენი ფული კი ერთ კვირაში გვიმთავრდებაო. თაზომ ვეღარ მოითმინა და აყვირდა. უფროსებს უკვე ეძინათ, მხოლოდ მარიამი ფხიზლობდა. ის ყოველვის მამას ელოდა ხოლმე. გოგონა დედ-მამის ჩხუბს შეესწრო, აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა, ეტირა თუ და-ძმა საშველად ეხმო.  ბოლოს თაზომ ვერ მოითმინა და  გაანჩხლებული ნათიასკენ გაიწია. თვალი რომ მოჰკრა ატირებულ მარიამს, კედელზე დაკიდებულ სანადირო თოფს დაავლო ხელი...

გასროლის ხმაზე მეზობლები უცებ მოცვივდნენ, ნათიას მშობლებიც მოცვივდნენ. ნათიას ტყვია შიგ გულში მოხვედროდა.

სასამართლოზე მირანდა ბებომ პატარა მარიამი დაარიგა: - ნურაფრის შეგეშინდება, მამამ დედაშენი მოკლა, ის უნდა დაისაჯოს, ამიტომ ყველას უთხარი, რომ მამამ თოფი აიღო და დედაშენს ესროლაო. მარიამი მაშინ 6 წლის იყო. მას ისედაც ბუნდოვნად ახსოვდა იმ საღამოს ამბავი, შიშმაც სულ გაუფანტა გონება. ახსოვდა მხოლოდ მამის შემზარავი ძახილი: "ნათია, რა მოგივიდა?!" და ის, თავში როგორ წაიშინა კაცმა ხელები.

თაზოს 12 წელი მიუსაჯეს. თაზო დედას ეუბნებოდა, - ეს ბრმა ტყვია იყოო. სასამართლოზეც არაერთხელ გაიმეორა ეს თაზომ, მაგრამ ბავშვმა თქვა, მამამ თოფი დაუმიზნა დედასო... მერის, თაზოს დედას, გული ეუბნებოდა, რომ შვილი არ ტყუოდა, ამის დამტკიცებას კი დროც უნდოდა და ძალიან ძლიერი ადვოკატიც, რომლის დაქირავებასაც დიდი ფული სჭირდებოდა. ალბათ, თაზოს ციხიდან არავინ გამოუშვებდა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცის სასჯელის შემცირება შესაძლებელი იყო. სხვა თუ არაფერი, თაზოს ყველაზე მეტად რაც უნდოდა, ის იყო, რომ შვილებისთვის სიმართლე დაემტკიცებინა - რომ    ეს უბედური შემთხვევა იყო.

დრო გადიოდა. მერი შვილიშვილებს ყურადღებას არ აკლებდა. ამ ორი წლის წინ კი საბერძნეთში წაიყვანა ბავშვები დასასვენებლად. სწორედ მაშინ დაელაპარაკა ბავშვებს პირველად იმაზე, რაც ყველას ძალიან აწუხებდა. გიორგის და ქეთის  არაფერი ახსოვდათ. ისინი თოფის ხმაზე გამოცვივდნენ ოთახიდან. მარიამს კი წესით ყველაფერი უნდა ხსომებოდა.

ამიტომაც სთხოვა ბებომ  - ეცადე, ყველაფერი ზუსტად გაიხსენოო და მარისაც გაახსენდა. როცა დედისკენ გაიწია მამამ და ვერ დაარტყა, სიმწრით ჯერ კედელს დაუშინა მუშტები, მერე კი თოფი ჩამოიღო და იატაკს დაანარცხა. სწორედ მაშინ იჭექა იარაღმა და ნათია მოცელილი დაეშვა ძირს, რასაც თაზოს არაადამიანური ღრიალი მოჰყვა... მიხვდა მარიამი, რომ მირანდა ბებომ მას განგებ ათქმევინა ტყუილი...

საბერძნეთიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სხვანაირად შეხედეს ყველაფერს. ახლა უფრო ხშირად ლამაზი და ნათელი ეპიზოდები ახსენდებოდათ - როგორ ასეირნებდათ მამა ხშირად ზოოპარკსა და ბოტანიკურ ბაღში. კვირაობით ცხოველების ბაზრობაზე დაჰყავდა სამივე... ერთხელ მარიმ აიჩემა, კოკერ-სპანიელი მინდაო და თაზომაც უყიდა, ფული დააკლდა და დედის ნაჩუქარი საათი მისცა გამყიდველს - იმ კვირას თუ არ მოგიტანე ფული, ეს საათი ორჯერ მეტი ღირსო... ვეღარ მიუტანა ფული, სამაგიეროდ, უხაროდა, რომ მარი ძალიან ბედნიერი იყო...

შვილებმა მირანდა ბებოს არაფერი უთხრეს, ისე მივიდნენ მამის სანახავად. ახსოვდათ, რომ მამა ძალიან მაღალი და ჩასხმული კაცი იყო, ახლა კი დარდს გაენახევრებინა კაცი.  შვილები მამას თვეში ორჯერ აკითხავენ. თაზოსთვის ეს დიდი შვებაა.