"შვილს ხელი ვერ შევუწყვე დაოჯახებაში მან კი გასაიდუმლოებული ამბით დამსაჯა..."
24-10-2011
"შვილს ხელი ვერ შევუწყვე დაოჯახებაში მან კი გასაიდუმლოებული ამბით დამსაჯა..."
თქვენმა წერილმა ძალიან ამაფორიაქა, ასე მეგონა, შოლტი მეც მეკუთვნოდა... (ვგულისხმობ წერილს "რატომ აგვიანებენ კაცები დაოჯახებას").ალბათ, ბევრი მშობელი, ვინც კი ოდესმე ჩარეულა შვილის პირად ცხოვრებაში, ამგვარად იფიქრებს...

75 წლის გახლავართ. დღემდე ვწუხვარ, რომ შვილთან შევცოდე. დამნაშავე ვარ, რომ ხელი ვერ შევუწყვე დაოჯახებაში. ქალიშვილიც მყავს. მან არც მკითხა, ისე გაჰყვა თავის შეყვარებულს. აგერ უკვე 25 წელია, ერთად არიან. მართალია, ხშირად ჰქონიათ კამათი, მაგრამ არ მინაღვლია, რადგან ვიცი, ერთმანეთი უყვართ. მაშინ გოგონას გაპარვა
ისე ვიდარდე, რომ ბიჭმა პირობა მომცა, ასე არ განერვიულებ და დაუკითხავად ცოლს არ მოვიყვანო. გავიდა ხანი. ზაზა სტუდენტი გახდა და მალევე გამომიცხადა, შეყვარებული მყავსო. არ მინდოდა, 18-19 წლისას ოჯახის ტვირთი წამოეკიდა ზურგზე, ამიტომაც ვუთხარი, - ნუ იჩქარებ, წინ დიდი დრო გაქვს, შენს ცხოვრებაში კიდევ ბევრი
გოგო გამოჩნდება-მეთქი. ნათია გავიცანი და დიდად არ მომწონებია. მოგვიანებით მივხვდი, ეს ეგოისტობით მომივიდა, თორემ მას ჩემი დასაწუნი არაფერი ჰქონდა. ზაზას ვაგრძნობინე, რომ მისი რჩეული არ მომეწონა. შევატყვე, ძალიან დასწყდა გული, ერთი კი ჩაილაპარაკა: ვინც მთავარია, იმას მოსწონსო...

ვიცოდი, ზაზა და ნათია ერთად დადიოდნენ, მაგრამ ჩემს შვილს თავისი შეყვარებული შინ აღარ მოუყვანია. ორ წელიწადში მეუღლე გარდამეცვალა. ამის შემდეგ კიდევ უფრო ჩავებღაუჭე ზაზას. მინდოდა, სულ ჩემ გვერდით ყოფილიყო. ერთხელ გამომიცხადა, მე და ნათია ხელის მოწერას ვაპირებთ და ცალკე გვინდა ბინა ვიქირავოთო. კინაღამ გავგიჟდი, სარძლო მწარედ შემომელანძღა - ალბათ, ის გაქეზებს, თორემ ჩემგან წასვლას როგორ იფიქრებდი, ასეთ მდგომარეობაში როგორ დამტოვებდი, მაგ გოგოს არასოდეს მივიღებ რძლად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთად არ იყოთ-მეთქი. ზაზა გაოცებული და ფერდაკარგული მიყურებდა. ნათიას სახლის ტელეფონის ნომერიც გავიგე და ისიც გამოვლანძღე. მოკლედ, იმდენი ვქენი, ერთმანეთს დავაშორე. მერე კი, როცა მეუღლის დაკარგვით გამოწვეულმა დეპრესიამ და ეგოისტურმა გრძნობამაც გადამიარა, ხან ვის ვთავაზობდი ჩემს შვილს საცოლედ, ხან - ვის. ბოლოს, ისიც კი ვუთხარი, - თუ გინდა, მივალ ნათიასთან და ბოდიშს მოვუხდი-მეთქი. მწარედ გაეღიმა, - ახლა რაღა დროსია, ნათია გათხოვდა და ორი შვილიც ჰყავსო. თავზარი დამეცა, თურმე, რა მალე გაფრინდა დრო, მე კი ზაზა ისევ ის პატარა ბიჭი მეგონა. 32 წლისა რუსეთში წავიდა. იქ მეგობართან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ძალიან გაუმართლა. ზოგჯერ მეც მივყავარ, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ვძლებ. ვეხვეწები, რუსი მაინც მოიყვანე ცოლად, უშვილძიროდ ნუ დარჩები-მეთქი, მაგრამ ვინ მიჯერებს? ამას წინათ მისი კლასელების შეხვედრა იყო. ზაზაც ჩამოვიდა. ბანკეტის მეორე დღეს ჩვენთან გააგრძელეს ლხინი. ყველას ჰყავდა ოჯახი, შვილები, შვილიშვილებიც კი, ჩემი ზაზა კი მარტოდმარტო იყო...  ისე ვინერვიულე, გული გამიხდა ცუდად...

ზაზა მიხვდა და გამომიტყდა, - ერთ ქალთან ბავშვი მყავს, ის ახლა 6 წლისაა, ბიჭია და მამაჩემის სახელი ჰქვია, ახალ წელს ჩამოგიყვან და გაჩვენებო. მივხვდი, ჩემმა შვილმა ამდენი ხნის გასაიდუმლოებული ამბით დამსაჯა... სამწუხაროა, რომ ქალი არ ჰყავს გვერდით. ხმას ვეღარ ვიღებ ვერაფერზე. მას ნათია უყვარდა, მე კი წინ აღვუდექი. ისიც არ ვიცი, რატომ... მშობლები მართლაც ვცოდავთ ხოლმე შვილების წინაშე, მაგრამ ძნელია, არ დაინტერესდე, ან რაიმე არ ურჩიო შვილს, როცა ის მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. ვაღიარებ, რომ ჩემი ჩარევა არამართებული იყო...…მაგრამ რაღა დროს? ახლა დღეებს ვითვლი, ერთი სული მაქვს ჩემი შვილიშვილი ვნახო და გულში ჩავიხუტო.
ქეთევან მაცაბერიძე, თბილისი
...
14 ნოემბერი 2019 11:15
ძალიან ცუდად მოქცეულხართ ქალბატონო ბებიაჩემი გამახსენეთ ბიძაჩემსაც ჰყავდა შეყვარებული მაგრამ არ მისცა უფლება რომ ერთად ყოფილიყვნენ წლები გარბოდა ბებო სულ ეხვეწებოდა მაგრამ ამაოდ თქვენ ჯვარი გესწეროთ უფალმა დაგილოცოთ შვილიც შვილიშვილიც მაგრამ მე დღეს აღარცერერთი არ მყავს და ჩემს შვილებთან მაგ შეცდომას არ დავუშვებ სე რომ უფალმა გაპატიოთ უნებლიე შეცდომა
ციური
14 ნოემბერი 2019 00:00
დედამ შვილს რჩევა აუცილებლად უდა მისცეს ,გამოხატოს თავისი აზრი ძალიან დიდი სიფრთხილით მაგრამ ესე ისტერიულად და ეგოისტურად არასოდეს თან როცა ატყობ რომ გულით უყვართ ერთმანეთი გვერდში უნდა დაუდგე .
ხათუნა
14 იანვარი 2017 15:05
ასეა, როცა მშობელი ახალგაზრდაა, ჯანიცააქ და სადავეები ხელში, თავის ჭკუაზე უნდა ყველაფერი. დაბერდებიან და მერე ახსენდებათ რომ ბევრ რამეს ისე არ აკეთებდნენ, შეცდომა დაუშვეს და თუნდაც შვილების ცხოვრებას სამომავლოდ ანგრებდნენ სხვადასხვა კუთხით თავიანთი ეგოისტობებიდან გამომდინარე. სიბერეში ნანობენ, აღსარებას იძახიან და შთამომავალს ამით რაა რო ამ ყველაფრით? ულადგება ცხოვრება თუ ?! შვილებს, ასაკთან ერთად, მშობლის უჭკუო ნაბიჯებიდან, შერჩენილი უიღბლო ცხოვრება, გულისტკენა და ტკივილი რჩებათ. ამიტომაა გახდი სრულწლოვანი უნდა გამოეყო მშობლებს და იცხოვრო შენი ცხოვრებით. მაგრამ ჩვენ ხომ ტრადიციები ზოგადად მარაზმში გადაგვდის.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?