ფრთხილად, არ გაიტაცოთ ალქაჯი! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, არ გაიტაცოთ ალქაჯი!

ჩვენში გოგოს მოტაცება ჩვეულებრივი ამბავია, ერთი შეხედვით - ტრადიციულიც კი,  მაგრამ ფაქტია, რომ ნაძალადევ "ბედნიერებას" გამართლება არ აქვს.

ამ უცნაური მოტაცების ამბავი იმდენად სახალისო მოსასმენი გამოდგა, თვითონ მოტაცებულს რომ არ ეამბნა, ვიფიქრებდი, კომედიურ სპექტაკლს ვუყურებ-მეთქი...

ნინო: - სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად დავიწყე მომზადება. ბიოლოგიაში ჩემთან ერთად ერთი ბიჭი ემზადებოდა. ერთ დღეს ზურა სიყვარულში გამომიტყდა. ტუჩი ავიბზუე - ჯერ ერთი, არ მომწონდა, მეორეც, გამოცდები ცხვირწინ მქონდა და რა მესიყვარულებოდა? ასეც მოვახსენე. ზურამ იწყინა და ეტყობა, გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ცოლად მოვეყვანე. ერთხელ, ქიმიის მასწავლებლისგან  წამოსულს წინ  ზურა ამესვეტა და თავისი ძმაკაცი გამაცნო, - ეს შაკოაო. თავი ცივად დავუკარი და გზა გავაგრძელე, მაგრამ სად იყო და სად არა, უცებ კიდევ ორი გაჩნდა. აქეთ-იქით ამომიდგნენ და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, მანქანაში ბურთივით მისროლეს. შაკო საჭეს მიუჯდა, გვერდით ზურა მომისკუპდა, იმ ორმა კარი მოგვიჯახუნა, ხელი დაგვიქნია და მანქანაც გავარდა. კინაღამ გავგიჟდი. იმ სულელმა ზურამ, თავისი მოკლე ჭკუით, რომანტიკული კაცი ვარო და სავარძელზე წითელი ვარდები "დამიფინა", დაფურცლული კი არა, ტოტებიანი. ისედაც არ მომდიოდა ზურა თვალში და ეკლები რომ შემერჭო, მთლად გადავირიე.

ზურას თავში ხელები დავუშინე, ის ოსტატურად მიგერიებდა. მერე მძღოლს ჩავაფრინდი თმაში. შაკომ გამწარებულმა იყვირა: - ბიჭო, ხელი გააშვებინე, თორემ მანქანას ვერ ვმართავო. ზურა ჩემს შეჩერებას შეეცადა, მაგრამ გამწარებული ისევ მას მივდექი: შე საცოდავო, მოტაცება როგორ გამიბედე-მეთქი. ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ დაკაწრულ-დაგლეჯილი ფეხებიდან სისხლი მომდიოდა. ამან უფრო გამაცოფა. ფეხსაცმელი გავიხადე და ისეთი ძალით ვთხლიშე ჩემს "მომავალ" ქმარს, დარეტიანდა და გონდაკარგული სავარძელზე მიესვენა. უკვე თბილისს ვიყავით გაშორებული, თუ რამეს არ ვიღონებდი, ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა. ისევ მძღოლს ჩავაფრინდი თმაში - მკლავს თუ მომაჭრიდნენ, თორემ ხელის გაშვებას არ ვაპირებდი.

- ქაჯის მოტაცება თუ გინდოდა, თავიდანვე უნდა გეთქვაო, - დაიღრიალა შაკომ, მანქანა დაამუხრუჭა და გიჟივით გამოვარდა იქიდან. კარი ლამის გამოჰგლიჯა, დამტაცა ხელი და გარეთ გადმომათრია... ზურა ისე იყო გაბრუებული, თავისი გასჭირვებოდა და სადღა ეცალა ჩემთვის!

შაკომ კიდევ ერთხელ შემაგინა კაი მამაპაპურად და ბღუილით დაძრა მანქანა. თვალი მოვკარი, რომ ერთსაც და მეორესაც თავზე ეკიდათ ხელი. რამდენიმე ნაბიჯი გავიარე. მივხვდი, ცალ ფეხზე ფეხსაცმელი აღარ მეცვა და კოჭლობით მივუყვებოდი გზას...

დედამ და ბებიამ თმაგაწეწილი და ფეხებდაკაწრული რომ დამინახეს, ლამის გადაირივნენ. მამა რუსეთში იყო და კიდევ კარგი, არ შესწრებია ამ ამბავს. მოკლედ, ჩემებმა გადაწყვიტეს გამტაცებელი დაესაჯათ... ძლივს დავარწმუნე, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა, რადგან ისინიც გვარიანად დაზარალებულები იყვნენ. სამი დღის შემდეგ, ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასამართლოდან გამოძახების ფურცელი მოგვივიდა. თურმე, ზურას დედა მიჩიოდა, - ჩემს შვილს თავი გაუტეხაო!

საჩივარში მოძალადე და დამნაშავე გახლდით, რომელიც  ახალგაზრდებს ფიზიკურად გავუსწორდი. სასამართლოზე ზურა თავშეხვეული გამოცხადდა, დედამისს კი ნათესავები ძლივს აწყნარებდნენ.

- გოგოა თუ მხეცი? ასე როგორ გაიმეტა შეყვარებული ბიჭიო, - ენას არ აჩერებდა აღშფოთებული ქალი.

მართლმსაჯულებმა ძალიან იხალისეს ამ ამბით, მე კი გაფრთხილების ხელწერილი დამაწერინეს, რომ დაზარალებულ ზურა თ.-ს ახლოს აღარ გავეკარებოდი(?!).

გავიდა დრო. სამედიცინო ინსტიტუტს ვამთავრებდი. ჩემს კურსელ გოგონას პათანატომიის წიგნი ვათხოვე. დათქმულ დროს არ მომიტანა. შინ გავყევი წიგნის წამოსაღებად. ლია გახარებული იყო, - სხვანაირად ვერ მოგიტყუე ჩემთან, სულ არ გცალია, ახლა კი ცოტა ხანს დარჩები, ყავას დავლევთ, ჩემს ქმარსაც გაგაცნობ და მერე ის გაგაცილებსო. იმ პერიოდში კაშპიროვსკის ფსიქოტელესეანსები მიმდინარეობდა საქართველოში. ალბათ, გახსოვთ, რა აყალმაყალი მოჰყვა ამას. ლიასთან რომ მივედი, სწორედ კაშპიროვსკის სეანსი მიდიოდა ეთერში. ჩემმა კურსელმა მითხრა: მალე დამთავრდება სეანსი და ჩემს მეუღლეს გაგაცნობ, მანამდე ყავას მოვადუღებო. ბუნებრივია, დავინტერესდი, რა აწუხებდა მის ქმარს. ლიამ - რამდენიმე წლის წინ, ჩემი ქმარი თავის მეგობარს ერთი გოგოს მოტაცებაში ეხმარებოდა. ის გოგო გიჟი აღმოჩნდა, შემოიხია ტანზე ყველაფერი, საქმროს თავი გაუტეხა, შაკოს კი თმები დააგლიჯაო. რით აღარ იწამლა და იმკურნალა, მაგრამ ის ადგილი მაინც მოშიშვლებული დარჩა. ახლა კაშპიროვსკის იმედი აქვს, როგორც კი სეანსი დაიწყება, ჯდება ტელევიზორთან და მარჯვენა მხარეს მიუშვერსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ყავა აღარც გამხსენებია, წიგნს ხელი დავტაცე, ლიას ბოდიში მოვუხადე, - მეჩქარება-მეთქი და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.

P.S.მამაკაცებო, სანამ გოგოს მოტაცებას დააპირებთ, ასჯერ გაზომეთ... რა იცით, გამწარებულმა საშველად რა ხერხს მიმართოს...