"თურმე მართლა ძნელი საცნობი ყოფილა კაცი..." - კვირის პალიტრა

"თურმე მართლა ძნელი საცნობი ყოფილა კაცი..."

როცა ოჯახში ბზარი ჩნდება და უსიამოვნებებს  ბოლო არ უჩანს, ღირს კი მის შენარჩუნებაზე ბრძოლა?  ახალგაზრდა ქალზე მოგითხრობთ და თავად განსაჯეთ, მოიქცა თუ არა სწორად.

ეკამ სტუდენტობის წლებში გადაწყვიტა გათხოვება. მისი არჩევანი ახლობლებს არ მოეწონათ, მაგრამ რაღა ექნათ? ეკამ განაცხადა, -  მიყვარს ზაზა და ნურავინ ჩაერევით ჩემს საქმეში. მერე რა, რომ სოფლელია, ყველა თბილისელი ხომ არ იქნება? რაც მთავარია, არც ნარკომანია და არც უქნარა, პატიოსანი, გულწრფელი და ნიჭიერიაო...  ეკა და ზაზა სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ თურმე მართლა ძნელი საცნობი ყოფილა კაცი. ნათქვამია, - ცხრა ფუთი მარილი უნდა ჭამო, რომ ადამიანი გაიცნოო... ესეც არ ყოფილა საკმარისი.

როგორც კი ზაზა ეკას ოჯახში გაშინაურდა, გათამამდა და გადიდგულდა. დილიდან საღამომდე ტრაბახობდა: ეს რაიონიდან ჩამოსული კაცი აღარ ვჯობივარ  ქალაქელებს, სულ წამლის შოვნაზე რომ უჭირავთ თვალი? არც კაცობა აქვთ და აღარც დალევა შეუძლიათო. სანამ ეკას მამა, გიორგი, ცოცხალი იყო, ცოტა მორიდებით მაინც ეჭირა თავი, მისი სიკვდილის მერე კი აიწყვიტა... ეკამ ორი შვილი გააჩინა, ქალ-ვაჟი. ზაზა რომ დათვრებოდა, ეკასკენ საცემრად იწევდა, აგინებდა, არც ხანში შესულ სიდედრს ერიდებოდა და არც ბავშვების ტირილს აგდებდა რამედ. ბიჭს სასტიკად ექცეოდა, გოგონას მიმართ კი ლმობიერი იყო. მისი სისუსტე იცოდა ეკამ და პატარა მარის არიგებდა ხოლმე: - თუ მამაშენი მთვრალი მოვიდა, მიდი, ჩაეხუტე, რომ ჩვენ არ დაგვერიოსო...

ერთხელ, როცა ზაზას აღარავინ ელოდა (საკმაოდ გვიანი იყო და საღამომდე რომ არ მოვიდა, იფიქრეს, ალბათ სოფელში წავიდაო), სწორედ მაშინ გამოGჩნდა. ბავშვებს და ეკას დედას ეძინათ. ეკა ტელევიზორს უყურებდა და ფიქრობდა, - რა კარგია ზაზას გარეშე ცხოვრებაო. უცებ ზაზამ კარი ლამის ჩამოიღო ბრახუნით, - რას ჰქვია, არ მელოდით და გეძინათო, - ერთი ამბავი ატეხა.  ჭურჭელს ლაწალუწი გაჰქონდა, რას აღარ ეძახდა შვილების დედას. როცა ეკას დედა გამოვიდა და სთხოვა, - დამშვიდდი, ნუ ყვირი და ილანძღები, სირცხვილიაო, ახლა სიდედრს მისდგა. გინება არ აკმარა, სილაც გააწნა. ამას კი აღარ მოელოდა ეკა... ხმაურზე გიორგის გაეღვიძა და ახლა მას გადასწვდა ზაზა. იღრიალა, - ახლა მიყურე, რა ვუყო შენს შვილსო (თითქოს გიორგი მისი შვილი არ ყოფილიყო).  ეკას კივილზე მეზობლები შემოცვივდნენ და პოლიცია გამოიძახეს...

სამი დღის მერე გაათავისუფლეს ზაზა, ჯარიმა დააკისრეს და გააფრთხილეს, თუ კიდევ ატეხ დავიდარაბას და შეაწუხებ მეზობლებს(!), უსათუოდ ციხეში გიკრავთ თავსო. ერთხანს მოკუნტული იყო, მერე ისევ აუშვა აფრები.

ეკამ გადაწყვიტა, გაშორებოდა ქმარს, რომელიც ერთ დროს ძალიან უყვარდა. არც განქორწინების პერიოდი იყო იოლი გადასატანი. ზაზა ყოველღამე მიდიოდა სახლთან და ღრიალით იკლებდა იქაურობას. სასამართლოზე კი დაჟინებით მოითხოვდა ბინის წილს, არადა, ბინა ეკას მამის ნაყიდი იყო, ცოლ-ქმარს ერთად ცხოვრებისას არაფერი შეუძენია და ცხადია, არც არაფერი ეკუთვნოდა. როცა ეს აუხსნეს სასამართლოზე, მოსამართლეს მიახალა, - მოგქრთამესო და ისეთი რამ დაატრიალა, მცველებმა სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. თანაც მოსამართლის შეურაცხყოფისთვის ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იმდენად უტეხი და თავგასული იყო, როცა გამოვიდა, ეკას სახლთან მიდიოდა და სკანდალს ტეხდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაიღალა და სოფელში წავიდა. იცოდა, უფროსი ძმა სახლს არ დაანებებდა, რადგან მის მშენებლობა-განახლებაზე ხელიც არ გაუნძრევია. სამოსახლო მიწის ნაკვეთი ადრევე მისცეს, მაგრამ სად ჰქონდა სახლის აშენების თავი? ამიტომაც იოლი გზა აირჩია - ერთ ქმარგაცილებულ ქალს დაადგა თვალი და ჩაუსახლდა კიდეც. მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს, ქალსაც უყვარდა გადაკვრა და ყოველდღე სვამდნენ ღვინოს ან არაყს. ზაზა ისე აღარ ბობოქრობდა სიმთვრალეში, როგორც ეკასთან. ეშინოდა, ამანაც თუ გამაგდო, უპატრონოდ დავრჩებიო.

ბოლო ხანს, ეკას ოჯახის რჩენა ძალიან გაუჭირდა, სამსახურში შემცირებაში მოჰყვა და დედის პენსიით რას გააწყობდა. მეზობლებმა ურჩიეს, შენც ჩვენთან ერთად იარე თურქეთში და ერთ-ორ კაპიკს გააკეთებო. წაჰყვა რამდენჯერმე, მაგრამ მალევე მიხვდა, ვაჭრობა არ გამოსდიოდა. მერე ერთი მეგობარი გაემგზავრა  საბერძნეთში. სამი თვის შემდეგ ეკას დაურეკა, - ჩამოდი, აქ რამეს მოგიხერხებო. სხვა გზა არ იყო, ბედი უნდა ეცადა, თორემ ბავშვების სწავლას ვინღა ჩივის, მალე შიმშილით დაიხოცებოდნენ. ვალით წასვლა ვერ გაბედა, 3-ოთახიანი ბინა გაყიდა, ოროთახიანი იყიდა და საბერძნეთის გზას დაადგა. მართალია, დეიდაშვილები ამშვიდებდნენ, - არ ინერვიულო, ამათ ყურადღებას არ მოვაკლებთო, მაგრამ გული მაინც გასკდომაზე ჰქონდა. დედა 65 წლის იყო, გული აწუხებდა, შვილებსაც ახლა სჭირდებოდათ, მაგრამ რა ექნა? წავიდა უცხო ქვეყანაში და თან გაიყოლა დამძიმებული გული.

მეგობარმა პირობა პირნათლად შეასრულა - სამუშაო დაახვედრა. ერთი წელი ერთ მოხუცებულს უვლიდა, 700 ევროს უხდიდნენ, იქვე ცხოვრობდა და ღამის გასათევსა და საჭმელ-სასმელზე ფული არ ეხარჯებოდა, ყოველთვე 400 ევროს უგზავნიდა დედას და ბავშვებს, დანარჩენით იქ მცხოვრებ და მომუშავე ქართველებთან ლატარიას თამაშობდა. მერე მოხუცებული გარდაიცვალა და მისმა შვილმა ეკა პრესტიჟულ რესტორანში მოაწყო მზარეულად. კარგი მუშაობისთვის მალე დააწინაურეს და რადგან ბერძნულს უკვე მშვენივრად ფლობდა, მენეჯერად დანიშნეს. სწორედ აქ გაიცნო  ბერძენი, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა. კაცი საკმაოდ მსხვილი კორპორაციის პრეზიდენტი გახლდათ. გეორგიუსი ეკას ორი თვის მერე გამოუტყდა სიყვარულში. ქალი  რესტორნის სტუმარს კი ატყობდა სიმპათიას, მაგრამ ფიქრობდა, ეს მდიდარი კაცისთვის მორიგი ფლირტიაო, ამიტომაც თავი შორს ეჭირა. მერე უფროსმაც უთხრა, ჩვენს გეორგიუსს ძალიან მოსწონხარო. რამდენიმე დღეში ბიზნესმენმა ხელიც სთხოვა. ყურებს არ უჯერებდა ეკა. კაცი კი აღარ ხუმრობდა. არ მალავდა, რომ  ქალი უყვარდა და მისი ცოლად მოყვანა სურდა, - აქამდე ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია, რადგან მანამდე არავინ შემყვარებია, თანაც საქმე არ მიშვებდა. ბედნიერებაა, რომ გვიან, მაგრამ მაინც მეღირსა დიდი სიყვარულიო. მან მშობლებსაც გააცნო ეკა. ისინიც კმაყოფილი დარჩნენ ქართველი სარძლოს გარეგნობითა და ზრდილობით. ეკამ ხელის მოწერიდან რამდენიმე ხანში დედაც და შვილებიც საბერძნეთში წაიყვანა. გეორგიუსი ძალიან კარგი და მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა, ეკას შვილები საუკეთესო სასწავლებელში მიაბარა. გეორგიუსი ეკას ეუბნებოდა, თუ შვილი არ შეგვეძინა, არც იდარდო, რადგან შენი შვილები ძალიან მიყვარსო, მაგრამ ორ წელიწადში 36 წლის ეკამ ბერძენ მილიონერს ბიჭი გაუჩინა, სახელად ნიკოლასი (მამამთილის პატივსაცემად)  დაარქვა. ეკას შვილები ახლა ლონდონში, ბიზნესის სკოლაში სწავლობენ, პატარა ნიკოლასი კი სამი წლისაა და მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად და ბერძნულად. ეკა ხშირად ჩამოდის საქართველოში, ახლობლებს ყველანაირად ეხმარება და დაუფარავად აცხადებს: როგორც ქალმა, ახლა ვიგრძენი, რა არის ნამდვილი ბედნიერებაო.