"ჩემს დას კარგა ხანს ვუმალავდი ამ ამბავს..." - კვირის პალიტრა

"ჩემს დას კარგა ხანს ვუმალავდი ამ ამბავს..."

"მინდა ჩემი დის შესახებ გიამბოთ. ყველა მიხვდებით, რა შეუძლია შურს... თურმე, სიყვარულს მართლაც მალვა უნდა. ეს სიბრძნე ბევრმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან შეიძლება, მოშურნე გამოუჩნდეს და ყველაფერი იღონოს შეყვარებულების დასაშორებლად.

თეა უკარება იყო. უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას გაიცნო ნიკა და ძალიან შეუყვარდა. ნიკა კარგი ბიჭი იყო, ბევრ გოგოს ეჭირა მასზე თვალი. თეას  ბევრჯერ მოუყოლია ჩემთვის, რომ ნიკას თაყვანისმცემელი გოგონები გასაქანს არ აძლევდნენ. ვაფრთხილებდი, ისე არიან ეს გოგოები ნიკაზე დაფეთებულნი, რამე არ გავნონ-მეთქი. თეას ეღიმებოდა, დარწმუნებული იყო, მათ სიყვარულს არაფერი ემუქრებოდა... ერთხელ შინ დაბრუნებულმა შემომტირა: თურმე ნიკას თეას ახლო მეგობრის, ლიას კარის მეზობელი დაუნიშნავს... ეჭვმა არ მომასვენა, თეა და ნიკა ხომ წელიწადზე მეტი იყო, რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, რატომ აქამდე არ უთხრა ლიამ ჩემს დას, რომ ნიკა მის კარის მეზობელთან დადიოდა? თეას  რომ ვუთხარი, შენს დაქალს ასე ბრმად ნუ მიენდობი, ნიკასთან მშვიდად გაარკვიე ყველაფერი-მეთქი. კინაღამ გაგიჟდა, რას მეუბნები, ლიაზე როგორ ვიეჭვებ რაიმესო. იმ დღიდან თეა ცდილობდა, ნიკასგან შორს დაეჭირა თავი. ის კი ურეკავდა, შეხვედრას სთხოვდა...

ორი კვირის მერე თეამ გამომიცხადა, საბოლოოდ ვწყვეტ ნიკასთან ურთიერთობასო. თურმე, ლიას შორიდან დაუნახვებია კაფეში მჯდომი ნიკა და საკმაოდ მომხიბვლელი გოგონა: - ესაა ჩემი მეზობელი თამუნა, რომელიც ნიკამ დანიშნა და ერთ თვეში ქორწილიც აქვთო... მინდოდა, ნიკასთვის დამერეკა, მაგრამ თეამ არ მომცა უფლება, - რატომ უნდა იფიქროს, რომ ვეხვეწები ან ეგონოს, რომ მისმა საქციელმა გამანადგურაო. ცოტა ხანში თეა  ცოლობაზე დათანხმდა  იმ ბიჭს, ვისაც დიდი ხანია უყვარდა. ლევანი და თეა პარიზში გაემგზავრნენ საქორწინო მოგზაურობაში. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, რომ ნიკა კი არა, მე ვიყავი დაბნეული...

ერთი კვირის მერე ნიკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ძალიან მაინტერესებდა, რას მეტყოდა ყოფილი სასიძო. ნიკას ადამიანის ფერი არ ედო. ძალიან განიცდიდა თეას დაკარგვას - შენი და რატომ მომექცა ასეო, - მითხრა. ის მოგექცა ცუდად, თუ შენ-მეთქი, - აღვშფოთდი. ავდექი და ყველაფერი ვუამბე. გაოცდა, ამდენი ტყუილი და სიბინძურე ვინ შეთითხნაო? როგორც ვეჭვობდი, ლიამ მოიტყუა., ყველაფერი იღონა თეას და ნიკას დასაშორებლად. მოგვიანებით გამოტყდა, რომ უგონოდ უყვარდა ნიკა. იცოდა, რომ ნიკა არ შეირთავდა და გადაწყვიტა, არც თეას რგებოდა...

პარიზიდან დაბრუნებულ ჩემს დას კარგა ხანს ვუმალავდი ამ ამბავს, მაგრამ როცა ლია მოიკითხა (სხვათა შორის, ლია იყო მისი მეჯვარე!), გუდას პირი მოვხსენი. მიტკლისფერი ედო სახეზე, შემეშინდა, რამე არ მოუვიდეს-მეთქი...

ნიკა მალე გერმანიაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 7 წლის მერე დაბრუნდა და დაოჯახდა. თეას  გაუმართლა. ლევანი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ცოლ-შვილს თავს ევლება... ჩემს დას ახლა ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ვატყობ, ნიკას სიყვარული არ განელებია და გული სწყდება, რომ მათი ურთიერთობა ასე დამთავრდა მეგობრის შურისა და ბოროტი განზრახვის გამო...

ნ. თ., თბილისი."