"იქნებ სამშობლოში დაბრუნება შევძლოთ" - კვირის პალიტრა

"იქნებ სამშობლოში დაბრუნება შევძლოთ"

"ამ წერილს საბერძნეთიდან გიგზავნით, გიგზავნით ყველას, რადგან მანდ, ჩემს ქვეყანაში, ვინც ხართ, ყველას ჩემიანად გთვლით. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარ ან რა მქვია (პირობითად მარიამს დავირქმევ)? უცხოეთში ერთმა სურვილმა გადმომაგდო, გაჭირვებისგან მეხსნა ოჯახი.

ჩემი წარსულით დიდხანს თავს არ შეგაწყენთ. საბერძნეთში გადმოხვეწილი ქალების თავგადასავლები ხომ ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სევდიანი, ტკივილით აღსავსე და ცოტაც ბანალური.

აქ წამოსვლამდე ისე ვცხოვრობდი, როგორც ინტელიგენციის დიდი ნაწილი. უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, სამსახურიც მალე ვიშოვე და გავთხოვდი.  მე და ჩემს ქმარს გვიყვარდა ერთმანეთი, ორი შვილი შეგვეძინა. მერე კი ცხოვრება გაჭირდა.  მეუღლემ "გამოსავალი" იპოვა და ოჯახს ადვილად შეელია... რაც მთავარია, თავად იყო უზრუნველი (საყვარელი აჭმევდა და აცმევდა) და, აბა,   ზედმეტი ტვირთი, თუნდაც მას ცოლ-შვილი ერქვას, რა სახსენებელია? ვიდარდე, როგორ არ ვიდარდე, მაგრამ როცა შვილები გასაზრდელი გყავს, დარდს მოვალეობა სძალავს, ტკივილს გულის ღრმა კუნჭულში მალავ და გააფთრებული ებმები ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში. ახალი ხელისუფლება მოვიდა, და სამსახურში ხელმძღვანელობაც შეიცვალა,  ორი თვის შემდეგ უფროსმა თავაზიანად გამომიცხადა: წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ ახლა სხვა დაიკავებს თქვენს ადგილსო. ვიგრძენი, რომ ძალა მეცლებოდა  და რომ არ წავქცეულიყავი, სკამს ჩავებღაუჭე. სხვებივით ხვეწნას ვერ დავუწყებდი ახალ ხელმძღვანელს, რომელიც სულ ცოტა 15 წლით უმცროსი მაინც იყო ჩემზე, არ შემეძლო  თავის დამცირება და ჩემს პრობლემებზე (როგორც სხვებმა გააკეთეს ჩემს გათავისუფლებამდე და მერეც) წუწუნი. ჯერ ერთი, ვიცოდი, მაინც არაფერი გამოვიდოდა, მეორე, არა მჩვევია სხვებთან ტირილი და ვიშვიში.

ერთი თვის განმავლობაში ხან სად მივედი, ხან სად, მაგრამ ყველგან უარით მისტუმრებდნენ. რა იმედი უნდა მქონოდა ქმარყოფილის, როცა წასვლის დღიდან სამი წლის განმავლობაში შვილები ერთხელაც არ მოუკითხავს, მაგრამ, ეტყობა, ისეთი დაბნეული ვიყავი, რომ მექანიკურად ავკრიბე მისი ტელეფონის ნომერი და... არა, არ უნდა დამერეკა, მითხრა: აბა, მე როგორ დაგეხმარო, თამუნას კმაყოფაზე ვარო. მართალი იყო, - 42 წლის კაცს ქალი არჩენდა და, აბა, მას ხომ არ მოსთხოვდა, შვილებსაც მიმიხედეო.…სწორედ მაშინ გადავწყვიტე, უცხოეთში წასვლა.

მეშვიდე წელია საბერძნეთში ვარ. რამდენიმე ოჯახი გამოვიცვალე და ბოლოს გამიმართლა, ძალიან კარგ ხალხთან მოვხვდი. მიხარია, რომ ჩემმა შვილებმა დააფასეს ჩემი შრომა, ისწავლეს და ახლა ორივე სტუდენტია, მაგრამ მაინც ბევრი რამ სჭირდებათ.

აქ კარგა ხანია სოციალური პრობლემების გამო გაფიცვებია. აქაურები  ვერ ეგუებიან 1.000-1.200-ევროიან ხელფასებს, აპროტესტებენ და დღედაღამ ქუჩაში დგანან. ოჯახმა, სადაც ვმსახურობ, გამაფრთხილა, გარეთ არ გახვიდე, საშიშიაო. არც გავდივარ, თუ არ ჩავთვლით იმ ერთადერთ დღეს, როცა  ქართველები ერთმანეთს  ვხვდებით. აქაურების წესი ასეთია: დილიდან საღამომდე შრომობენ, მერე კი გათენებამდე ერთობიან. ვისაც საშუალო ხელფასი აქვს, გაჭირვებულად არ ჩაითვლება (ოჯახის სხვა წევრიც ხომ მუშაობს!) და მიუხედავად ამისა, მაინც უკმაყოფილო არიან. რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ, როცა ამდენი ხანი გავუძელით უშუქობას, უგაზობას, სიცივეს.…რა დამავიწყებს პურის გრძელ რიგებს, რომელსაც საწყალი მამაჩემი დილაბნელზე იკავებდა და მერე გახარებულს ამოჰქონდა სახლში.

ადამიანს სულ მეტი და მეტი უნდაო, ამბობენ. ზოგი ამბობს, მცირედით უნდა დაკმაყოფილდე, ხიბლში ჩავარდნა არ ვარგაო. რატომ წამოვედი ამ სიშორეზე? განა მეტი მოვინდომე და ის მცირედი არ ვიმყოფინე, რაც ჩემს ქვეყანაში მეძლეოდა? არ არის ასე! მეშინოდა, შვილებსა და მშობლებს არ მოშივებოდათ, მინდოდა, შვილებისთვის კარგი განათლება მიმეცა, განა ეს ბევრია?

ახლა, როცა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზეა ლაპარაკი, აქაური ქართველობა იმედით შევყურებთ სიახლეს. როცა ერთმანეთს ვხვდებით, მხოლოდ ჩვენს ოჯახებსა და სამშობლოზე ვლაპარაკობთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახები უკანა პლანზე გადავიდნენ და წინ პოლიტიკა დადგა, რადგან ჩვენი აქ ყოფნა-არყოფნა სწორედ საქართველოში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული.

აქ მყოფთა უმეტესობას დეპორტირება ელოდება, მაგრამ საქართველოში სამუშაოს შოვნის იმედი რომ ჰქონდეთ, ამას არც ინაღვლებდნენ. არც მე გავჩერდებოდი ერთი დღე. ღმერთმა ქნას, მალე სასიკეთოდ შეიცვალოს ყველაფერი, რომ უცხოეთში მყოფმა ქართველობამ სამშობლოში დაბრუნება შეძლოს."

მარიამი ათენიდან