როგორ დაქორწინდა ორი "არაბი" - კვირის პალიტრა

როგორ დაქორწინდა ორი "არაბი"

ვინმემ არ იფიქროს, თითქოს ძველი დრო მენატრება, უბრალოდ, ხანდახან, როცა ცხოვრებისეულ საკითხებს განვიხილავთ ხოლმე, წარსულიდან ისეთი ეპიზოდებიც გაგვახსენდება, როცა მართლა უდარდელები ვიყავით. ის, რაც ჩვენმა თანამემამულე ნინომ მიამბო, მართლაც სახალისოა და ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენც მოგითხროთ.

წარმოიდგინეთ 80-იანი წლების მოსკოვი, მაღაზიებთან გრძელი რიგებით, ზამთარში გაუსაძლისი ყინვით და მაინც სახალისო ეპიზოდებით, რადგან სტუდენტობა ის ბედნიერი ხანაა, როცა რთულ სიტუაციაშიც კი თავს ცუდად არ გრძნობ.

იმ წლებში სამედიცინო ინსტიტუტში ჩავირიცხე. წინდაწინ გამაფრთხილეს, მოსკოვში გაცილებით ძნელია სწავლა და დღე და ღამე უნდა გაასწორო, რომ არ გამოგრიცხონო. ამაში მალე დავრწმუნდი და თავს არ ვზოგავდი, ისე ვმეცადინეობდი. იმასაც მაფრთხილებდნენ მშობლები, მოსკოველებს არ აჰყვე, უცხოებს ცერად უყურებენ და შარში არ გაგხვიონო.…მეც თავი შორს მეჭირა. უცხოელ სტუდენტთა ჯგუფში ვიყავი, სადაც ბევრი იყო ინდოელი, ირანელი, ჩინელი, ზანგი... ერთხელაც ლექციაზე, სადაც ყველა ჯგუფი გაერთიანდა, კისკისით მომიახლოვდა სამი გოგონა, რა გქვიაო,  მკითხეს. ნინო-მეთქი, რომ ვუპასუხე, რატომღაც ეუცნაურათ ჩემი სახელი. მერე თავად გამეცნენ: მაშა, დაშა და საშა გვქვიაო.  გოგონები ურალიდან იყვნენ, მე კი, რახან შავგვრემანი გახლდით, შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა და გოგონებს განვუცხადე, მილიონერი არაბის შვილი ვარ, მამის სურვილი იყო, რომ სამედიცინო განათლება რუსეთში მიმეღო-მეთქი. ის დღე იყო და ის დღე, მაშა, დაშა და საშა დამიმეგობრდნენ. მალე ვინანე, რომ მოვატყუე, რადგან მართლაც კარგი გოგონები იყვნენ, მაგრამ სიმართლის გამომჟღავნებისა მრცხვენოდა, უკვე ჩაძირული ვიყავი "არაბულ ზღაპრებში". მშობლებს წარამარა ვთხოვდი ათასნაირი ნუგბარის გამოგზავნას, დავპატიჟებდი ურალელ გოგონებს და ისინიც აღფრთოვანებული იყვნენ ჩემი მასპინძლობით, ამბობდნენ, გეტყობა, მილიონერის შვილი რომ ხარ, აბა, ჩვენებს არც კი ვაგონდებითო.

ერთ მშვენიერ დღეს, გოგოებმა მითხრეს, ჩვენს საერთო საცხოვრებელში ხშირად მოდის ერთი სიმპათიური არაბი, უნდა გაგაცნოთო. მაშინვე სასტიკი უარი ვტკიცე მეგობრებს, არა, არ მინდა მისი გაცნობა-მეთქი. გადაიკისკისეს, იმანაც უარი თქვაო.

გავიდა დრო და ჩემმა ურალელმა მეგობრებმა მოსკოვის ცენტრში ბინა დაიქირავეს და მიმიწვიეს. რამდენიმე წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. დაშამ თვალი ჩამიკრა და მხიარულად მითხრა, შენთვის სიურპრიზი გვაქვსო. ვიფიქრე, ალბათ, არაბული კერძი დაუკვეთეს რესტორანში-მეთქი, მაგრამ დაშა დიდი ამბით შემოუძღვა შავგვრემან ახალგაზრდას.

- ნინო, გაიცანი, შენი "ზემლიაკი" მუჰამედი!

ფერი მეცვალა. მუჰამედმა თავი დაგვიკრა ყველას, მერე კი ჩემ გვერდით  სკამზე ჩამოჯდა და ცერად შემომხედა. ვზივარ და დანა კბილს არ მიხსნის. გოგონები ათას რამეს ჰყვებიან, იციანიან, მე კი იმას ვფიქრობ, რა მოვიმიზეზო, რომ სანამ არაბს რამე უკითხავს, წავიდე. მალე კიდევ ერთი ამხანაგი მოუვიდათ გოგონებს, ისიც ურალიდან. საერთო ჟრიამულით ისარგებლა მუჰამედმა, ჩემკენ გადმოიხარა და სუფთა ქართულით, თან ქუთაისური კილოთი მკითხა:

- სადაური ხარ, გოგო, შენ?

ისე შევხედე, როგორც ღვთის სასწაულს, ხველა ამიტყდა, კინაღამ დავიხრჩვი. ვუთხარი, რატომაც მოვიტყუე, მანაც, მეც ცოტა წავიმარიაჟეო. ორივეს სიცილი აგვიტყდა. გოგონებს უხაროდათ, ძლივს გამონახეს საერთო ენაო.

ერთი წლის მერე მიშიკო-მუჰამედი სიყვარულში გამომიტყდა. მართლა გიყვარვარ თუ ამასაც იბრალებ-მეთქი, ისე დავგესლე, თითქოს მე არ მქონდა ტყუილი ნათქვამი. მართლა მიყვარხარო, ალალად აღიარა. ჩვენი ქორწინების ამბავი რომ გამოვაცხადეთ, გოგონებმა პირველად ის გვკითხეს, თუ შევძლებთ თქვენს ქორწილში არაბეთში, ჩამოსვლასო? ძლივს მოვაბი თავი სათქმელს და გოგონებს სიმართლეში გამოვუტყდი. სხვათა შორის, არ სწყენიათ. მეც და მიშიკოც შეგვაქეს, ყოჩაღ, რა კარგად თამაშობდითო. რაც შეეხება ქორწილს, გოგონები საქართველოში დავპატიჟეთ და დღემდე იხსენებენ საქართველოში გატარებულ დღეებს.