"სხვაგან ყოფნა გაუსაძლისია" - კვირის პალიტრა

"სხვაგან ყოფნა გაუსაძლისია"

ვეხმაურები წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს "იქნებ, სამშობლოში დაბრუნება შევძლოთ". ქალბატონმა, რომელმაც საბერძნეთიდან მოგწერათ, ყველა ემიგრანტის სათქმელი თქვა. უკვე ოთხი წელია, იტალიაში ვარ. ისე მენატრება ჩემი შვილები, მშობლები და და-ძმა, რომ ზოგჯერ ადგილს ვეღარ ვპოულობ. გამიმართლა - კარგი ხალხი გამოდგა, ვისთანაც ვმუშაობ და ვცხოვრობ. იტალიელები რაღაცნაირად ჰგვანან ქართველებს, ჩვენსავით  მგრძნობიარეები არიან, იციან მშობლის პატივისცემა და შვილის სიყვარული. მხედავდნენ, რა დღეშიც ვიყავი და გვერდში დამიდგნენ. გამიკეთეს საბუთი, რომ შემძლებოდა ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლა და ჩემიანების მონახულება. უკვე მეორედ ჩამოვედი თბილისში.

რაც ევროპაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, იტალიაშიც შემცირდა სამუშაო ადგილები. აქ ჩამოსული ქართველი ქალები თვეობით სხედან უმუშევრები. სადაც გაიხედავ, ყველგან ქართველია, ყურს სულ ქართული ვაი-ვიში ესმის. ლამის გავგიჟდე. ადრე  მიხაროდა ქართველის დანახვა, მშობლიური ლაპარაკის გაგონება, ახლა უკვე მზარავს, რადგან ვიცი, ყველა უკიდურესად გაჭირვებულია, მათ უკან კი ასობით უფრო გაჭირვებული დგას.

ქალი შინ უნდა იყოს და შვილებს ზრდიდეს. კაცი ქალის იმედად დარჩა და ისიც ხომ არ დაიკრებდა გულხელს და დაელოდებოდა ოჯახის დაქცევას?! ამიტომაც გადაიხვეწა უცხოეთში.

საქართველოში  იმდენი შემოსავალი რომ მქონდეს (ვგულისხმობ საჭმლის, კომუნალური გადასახადების და შვილების განათლებისათვის საჭირო ფულს), იტალიაში წუთითაც არ გავჩერდებოდი. ასევე მოიქცეოდა ბევრი სხვაც.

გთხოვთ, ეს წერილი გამომიქვეყნოთ... ეგებ, მიხვდეს მთავრობა, რა გაუსაძლისია ჩვენთვის უცხოეთში ყოფნა.

პატივისცემით, ნინო კილაძე