კეთილდღეობას შეწირული შვილი - კვირის პალიტრა

კეთილდღეობას შეწირული შვილი

ანუ შენთვის ჩემი კარი მუდამ დაკეტილი იქნება

ალბათ იმაზე საშინელი არაფერია, დედა შვილზე უარს რომ ამბობს. ბაჩანა გ. სამეგრელოდან გახლავთ. კარგა ხანია თბილისში ცხოვრობს. შეძლებული მშობლები ერთადერთი ვაჟისთვის არაფერს იშურებდნენ. 19 წლისამ გაიგო, რომ ციცი და ოთარი მისი ღვიძლი დედ-მამა არ იყო.

ბაჩანა: - მოწაფეობიდან ერთი გოგო მომწონდა, მაიკო, ჩემზე ორი წლით უმცროსი. მე  თბილისში ვსწავლობდი, სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, ზუგდიდში მივრბოდი მის სანახავად. მისი დაბადების დღისთვის დედაჩემმა ძვირფასი საჩუქარი გამიმზადა და ხელდამშვენებული წავედი... მეორე დღეს მაიკომ საჩუქარი დამიბრუნა - ჩემებმა ამიკრძალეს შენთან ურთიერთობაო. ვერ ვხვდებოდი, რას მიწუნებდნენ.  დარდმა ლამის მომინელა. დედაჩემი ჩამეძია, - რა გჭირსო. კარგა ხნის მერე ვაჩვენე უკან მობრუნებული საჩუქარი. მითხრა, - რახან მაიკომ ასე იოლად დაგთმო,  არ ყოფილა შენი ღირსი, ეცადე, თავს მოერიოო. მინდოდა დედამისთან მისვლა, რათა მეკითხა, რატომ მიწუნებდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ზუგდიდში ჩასული კვლავ მაიკოს კვალს დავდევდი... რამდენიმე თვის შემდეგ მაიკოს დედამ დამიბარა. ქალმა თვალი თვალში გამიყარა და პირდაპირ მომახალა, - არ მინდა, ჩემი შვილი ცოლად გამოგყვეს, რადგან დედაშენმა ძალიან ცუდი სახელით დატოვა აქაურობა, მამაშენი კი ახლაც რუსეთის ციხეში ზისო.  გაკვირვებული მივჩერებოდი ქალს, ცოტა ხნის შემდეგ ძლივს ამოვილაპარაკე, - მგონი, სხვაში აგერიეთ, მე ციცის და ოთარის შვილი ვარ-მეთქი. თავი გადაიქნია, - შენს გამზრდელებზე კარგის გარდა, არაფერი გამიგია, მაგრამ ბიოლოგიური მშობლებისგან კარგი არაფერი გადმოგეცემოდა, ამიტომაც შენს გზაზე წადი და ჩემს შვილს თავი დაანებეო.

მეხდაცემული გამოვბრუნდი. ასე მეგონა,  ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდა. შინ მისვლა აღარ მინდოდა, შუაღამემდე სად არ ვიბოდიალე. მერე ძმაკაცმა მომძებნა და მითხრა, - შენი მშობლები გულგახეთქილები გეძებენ, რა გინდა აქ, რას უზიხარ, ხომ არ გადაირიეო... შემეცოდნენ ციცი და ოთარი. რა გამართლება ჰქონდა ჩემს განდგომას მათგან? მიშვილეს, გამზარდეს, არაფერს მაკლებდნენ და ვიღაც ქალის ბოროტი ნათქვამის გამო მოამაგე ხალხს ხომ არ მივატოვებდი? ავდექი და გავყევი  ძმაკაცს. ვერ აგიწერთ, როგორ ინერვიულეს ჩემმა გამზრდელებმა, მაგრამ სიმართლე მაინც მიამბეს: დედაჩემი ესმა თ. მამინაცვალს შეუცდენია. ის კაცი რამდენჯერმე ციხეში  იყო ნაჯდომი. დედაჩემის დედას ქმარი ადრე მოჰკვდომია და ბონდოს რომ გაჰყვა ცოლად, დედაჩემი 15 წლისა ყოფილა, ციხიდან გამოსულს თვალში მოხვდა  ლამაზი გერი... თურმე მუდმივად აშინებდა, დედაშენს არ უთხრა, თორემ  ისედაც დამნაშავის სახელი მაქვს და ხელაუკანკალებლად ორივეს მოგკლავთო. როცა დაფეხმძიმდა, ბონდო ისევ ციხეში იყო. ბებიას ახლობლებმა ურჩიეს, თბილისში  მოამშობიარე,  ზუგდიდში  უშვილო ცოლ-ქმარი ვიცით, ბავშვს ეძებენ და იმათ მივაშვილოთ პატარაო...

ასე მოვხვდი ციცისთან და ოთართან.  სიმართლის გაგების შემდეგ ჩემს თავში ჩავიკეტე, ვეღარც ვსწავლობდი, მეგობრებთან ყოფნა აღარ მინდოდა.  მამა მიხვდა, რომ მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და გამოსავალს დაუწყო ძებნა. ერთხელაც მითხრა, - ვიცი, თბილისში,  სად ცხოვრობს დედაშენი და  შეგახვედრებ, იქნებ, მისმა ნახვამ გამოგიყვანოს მდგომარეობიდანო. გამიხარდა. მივხვდი, ქვეცნობიერად ძალიან მინდოდა ჩემი ბიოლოგიური დედის ნახვა. ახლა, როცა იმ დღიდან 8 წელია გასული, ვფიქრობ, რომ კარგად მოვიქეცი - ის აუცილებლად უნდა მენახა.  დედაჩემი გათხოვილი დამიხვდა. მართლაც ძალიან ლამაზი და მოხდენილი ქალი აღმოჩნდა. ჩემმა ნახვამ თავზარი დასცა, ძალიან განერვიულდა. გამომიტყდა, რომ მისმა მეუღლემ არ იცოდა ჩემი არსებობა და არც უნდოდა, გაეგო.  - მე ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, წარსულისკენ გახედვაც არ მინდა. დედაჩემსაც იშვიათად ვნახულობ, მისი ბრალია, რაც დამემართა. მყავს ორი შვილი, მეუღლესთან უზრუნველი ცხოვრება მაქვს, რომელსაც არაფრით დავთმობ. შენ კი დაუბრუნდი გამზრდელებს, შენთვის ჩემი კარი მუდამ დაკეტილი იქნებაო, - მითხრა. ამ სიტყვებმა გამანადგურა. თურმე შესაძლებელი ყოფილა, ქალმა თავისი ბედნიერებისთვის შვილი გაწიროს.

ამ საშინელი მდგომარეობიდან ისევ ჩემმა გამზრდელებმა და მეორედ მოსულმა სიყვარულმა გამომიყვანეს. ჩემი ცოლიც ექიმია. მან დიდი სიყვარული მაჩუქა, ვაჟიც გამიჩინა და  ყველანაირად ცდილობს, გვერდში დამიდგეს.  ალბათ, ბედნიერი კაცი მერქმეოდა, რომ საერთოდ არ გამეგო ის სიმართლე, რომელმაც სულიერად კინაღამ გამანადგურა...