ორმაგი ცხოვრება და ცოლისგან მალულად შექმნილი მეორე ოჯახი - კვირის პალიტრა

ორმაგი ცხოვრება და ცოლისგან მალულად შექმნილი მეორე ოჯახი

არაერთი მამაკაცი, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული, ცდილობს, ერთფეროვანი ცხოვრება რაღაცით გაილამაზოს... თუ ფულიანია, საყვარელს საჩუქრებით ანებივრებს, უფულო კი იქით ეძებს მდიდარ ქალს, - მარჩინოსო.

რას ვიფიქრებდი, თუ ჩემი ბიძაშვილი მეუღლეს უღალატებდა. მან სიყვარულით მოიყვანა ცოლი, მაშინ ორივენი 18 წლისანი იყვნენ.  მიხაროდა, მათ რომ ვუყურებდი. ვამბობდი, ლევანი და ნატო სამაგალითო წყვილია-მეთქი, მაგრამ... ლევანი ახლა 47 წლისაა. მან ნატოსგან დამალულად მეორე ოჯახი შექმნა. შემთხვევით წავაწყდი ერთ სავაჭრო ცენტრში, ახალგაზრდა ორსულ ქალს ახლდა. ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, ირგვლივ ვერავის ამჩნევდნენ. ლევანი უსაზღვროდ მიყვარს, მაგრამ იმ წუთს ძალიან გავბრაზდი მასზე, შემეცოდა ნატო, რომელსაც მზე და მთვარე ამოსდის ქმარზე.  წინ რომ გადავუდექი, ქალი გაკვირვებული მომაჩერდა, ლევანი დაიბნა. მერე "თავისი მაკა" გამაცნო და მითხრა, - შენთან სალაპარაკო მაქვსო... იმ საღამოს ჩემი ბიძაშვილის აღსარება მოვისმინე: - მაკა ძალიან მიყვარს, მაგრამ ნატოსაც ვერ შეველევიო. ვურჩიე, შენი შვილების დედა არ მოატყუო, სიმართლე უთხარი-მეთქი. ასეც მოიქცა. ნატოს არც ისტერიკა აუტეხავს, არც საყვედური დასცდენია. ნება შენია, როგორც გინდა, ისე მოიქეციო, - ესღა უთხრა. სამი თვის შემდეგ ლევანს და მაკას შვილი შეეძინათ.

რაღა დაგიმალოთ და,  მიკვირს, რომ ნატო არ შორდება ქმარს. ლევანი განიცდის, რაც მის თავს ხდება, მაგრამ ვატყობ, სხვანაირად არ შეუძლია.  ხან ნატოსთანაა, ხან მაკასთან. არ მეგონა, მისნაირი კაცი თუ შეძლებდა ორმაგ ცხოვრებას. ის ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, მაგრამ "სიბერის ჟამს" სიყვარული ეწვია და თავდაყირა დადგა ყველაფერი...

ნინო გ. თბილისი