წერილები ჩემი ზურგჩანთიდან

მე ირმა ვარ, ჟურნალისტი, ფილოლოგი, მოგზაური, მოლაშქრე და მოყვარული ფოტოგრაფი. მიყვარს ექსტრემი, თავგადასავლები და  დაბრკოლებების გადალახვა. დავდივარ მთაში, ტყეში, სამშობლოში, უცხო ქვეყნებში, ქალაქებში, სოფლებში, მივიწყებულ და დაუსახლებელ ადგილებში და ბედნიერი ვარ, როდესაც საოცნებო ადგილებს ვნახულობ. მაშინაც ბედნიერი ვარ, უცნობ ადგილებს რომ აღმოვაჩენ ხოლმე და ფოტოვიდეოკადრებად აღვბეჭდავ, გზადაგზა კი უბის წიგნაკშიც ვინიშნავ. საბოლოოდ, ყველა თავგადასავალს მაინც წერილებად ვაქცევ ხოლმე, ასე უფრო მოსახერხებელია ემოციების გადმოცემა.

მოგზაურობა ბავშვობიდან მიყვარს, რამდენიმე მეგობართან  და  თუნდაც უცნობ თანამოაზრესთან ერთად, რომელიც მალე მეგობარიც შეიძლება გახდეს. მზად ვარ, მათთან ერთად ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარო.  სამწუხაროდ,  ჩემი მოგზაურობების პირველი თანამოაზრეები და ინსპირატორები - ჩემი მშობლები დღეს აღარ არიან, მაგრამ ყოველი  მოგზაურობისას მუდამ ვგრძნობ მათ სულიერ მხარდაჭერას, ჩემი  გზადაგზა ჩანაწერებიც და წერილებიც, უპირველესად, სწორედ მათ ეძღვნებათ...

ჩემთვის მოგზაურობა წყურვილივითაა - მწყურია? თუ არ დავლევ, დავიხრჩობი...  ასე მგონია, წერილები ჩემი ზურგჩანთიდან თქვენც მოგაწყურებთ და თქვენც იპოვით ენთუზიაზმს, ძალასა და გამბედაობას დაბრკოლებების გადასალახავად. მჯერა, როგორც ერთ დროს - მე, ოცნებებს თქვენც რეალობად აქცევთ და ახდენილ ოცნებებში ინებივრებთ!