ზურგჩანთიდან პირველი წერილი ამოვაძვრინე და...
ზურგჩანთიდან პირველი წერილი ამოვაძვრინე და...
პირველი ბლოგისთვის ზურგჩანთიდან პირველი წერილი ამოვაძვრინე და... გული გამინათდა... - მას საოცნებო ამბავი, დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეულ კლარჯეთში ჩემი პირველი მოგზაურობა ამოჰყვა.
როდესაც 2009 წლის ივნისში ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ახალციხელმა პედაგოგმა მზევინარ მჟავანაძემ კლარჯეთში სამოგზაუროდ დამპატიჟა, ხოლო მეორე მეგობარმა, იმხანად ახალციხის VI საჯარო სკოლის დირექტორმა, ლოტბარმა ზაზა თამარაშვილმა ამ მოგზაურობაზე რეპორტაჟების მომზადება შემომთავაზა, თბილისიდან, ლამის, სარეისო რაფს ჩავასწარი ახალციხეში.
არტაანის ციხე
თურმე, ეს სკოლა თურქეთის ქ. ართვინის "ვაკიფ ბანკის" სკოლასთან ყოფილა
დამეგობრებული და სკოლის დირექტორმა ჯევათ უნალმა ქართველი პედაგოგები "კავკასიურ ფესტივალზე" მიიწვია. ასე დავადექი წითელი ვარდებით მორთული ვალეს საბაჟოდან კარგ ხალხთან ერთად ჩემთვის უცნობი საქართველოს გზას. გადავიარეთ ერუშეთის ზეგანი, სადაც გზის ფერდობებზე ჭუჭყიანი ანუ "მატლიანი თოვლი" გვხვდებოდა - მართლა მატლებით სავსე ყოფილა და ამიტომ ჩანდა მუქად.
შავშეთის ციხე
ზეგანის ბოლოს
გზა იყოფოდა. კოლა-არტაანის გზა ტაოსკენ მიდიოდა, მეორე - შავშეთ-კლარჯეთის კი - კლარჯეთისკენ. ჩვენ კლარჯეთით წავედით, არსიანის ქედით და მხიარული
"მგზავრულით" ქ. არდაგანში შევედით, მდინარე მტკვარი რუსების აშენებული ხიდით გადავიარეთ და არდაგანის ანუ ისტორიული არტაანის ციხესთან მხოლოდ ფოტოსესიისთვის შევჩერდით.
ტბეთი
მურვან ყრუს შემოსევებისა და ჟამიანობის შედეგად აოხრებული ტაო-კლარჯეთის აღორძინება გრიგოლ ხანძთელის ხელმძღვანელობით, წმინდა ასურელმა მამებმა კლარჯეთიდან დაიწყეს, თუმცა მაშინ მასშტაბური მშენებლობების საშუალება არ იყო, ამიტომ კლარჯეთის ძეგლები უფრო მოკრძალებულია. შემდეგი "გაჩერება" იყო შავშეთის ციხე, რომელზეც "ამაყად" ფრიალებდა თურქეთის სახელმწიფოს დროშა, იქვე ღამის სანათებით აწყობილი თურქეთის აღმაშენებლის - ათა თურქის პროფილი გვიმზერდა, ციხის კედელს კი თურქეთის გერბი ამშვენებდა. რა თქმა უნდა, ციხეზე ავძვერით, ფოტოებიც გადავიღეთ, მერე ართვინისკენ მიმავალ გზას გადავუხვიეთ და შავშეთისწყლის გაყოლებით X ს.-ის საკათედრო ტაძრისკენ - ტბეთისკენ წავედით - მის უნახავად არაფრით წავიდოდით ართვინში.
მწვანეში და კაკლის ხეებში ჩაფლულ ტბეთში, უფრო სწორად, ტბეთის ტაძრის გადარჩენილ ნაწილში სანთლები დავანთეთ და ვილოცეთ... თურქი ბავშვების გარემოცვაში. ბალახზე ფეხშიშველები ვიდექით და ლოცვებიც ისე წავიკითხეთ. თურქი პატარები თვალს არ გვაშორებდნენ. ჯგუფის წევრებს შეეშინდათ, ვაითუ, დანთებული სანთლები ჩააქრონ და გადააგდონო, თუმცა ბავშვები, ნანგრევებიდან გამოსულებს, კუდში გამოგვყვნენ - აშკარად ხალისობდნენ ჩვენი სტუმრობით და ვფიქრობ, არც სანთლების განადგურებაზე უფიქრიათ.
ჯოჯოხეთის კარიბჭე
ამის შემდეგ ჯოჯოხეთის კარიბჭის გავლით არტანუჯის ციხისკენ გავსწიეთ.
ჯოჯოხეთის კარიბჭეს ლეგენდა უკავშირდება - თურმე, ამ ადგილას თურქ-სელჩუკთა ათიათასიან ჯარს რამდენიმე ქართველი მეომარი ჩასაფრებია. ქართველებს მტრისთვის ისეთი სასაკლაო მოუწყვიათ, სისხლის ტბები დამდგარა. მას შემდეგ თურქებს ამ ადგილისთვის "ჯოჯოხეთის კარიბჭე" უწოდებიათ. ვიდრე ლეგენდას მოვისმენდი, ჯოჯოხეთის კარიბჭის კლდეში უცნაური სანახაობა შევნიშნე - ორი კლდის შერწყმა მამაკაცისა და ქალის ამბორად აღვიქვი. ვიფიქრე, ნეტავ, ლეგენდა ჯოჯოხეთად ქცეულ სიყვარულსაც ხომ არ უკავშირდებოდა... იქნებ ჩემეულ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.
არტანუჯის ციხე
გზა განვაგრძეთ. არტანუჯის ციხის ძირში იმ სოფლის მცხოვრებლები ღიმილით შემოგვეგებენ. ინსტიქტურად ქართული "გამარჯობით" ვესალმებოდით და ისინიც იმავეს გვპასუხობდნენ. ციხეზე, რა თქმა უნდა, თურქეთის დროშა ფრიალებდა. ამით, თითქოს, გაუთავებლად გვიმეორებენ: თქვენი იყო, მაგრამ ახლა ჩვენიაო... მთის ციცაბო კალთა შემართებით ავიარეთ, რკინის კიბეზეც მარდად ავედით და... ეს მართლა ზღაპარია-მეთქი, - ინსტიქტურად აღმომხდა... არტანუჯის ციხე V ს.-ში, ვახტანგ გორგასლის მეფობისას აშენდა, მურვან ყრუს შემოსევებისას კი მთლიანად აოხრდა და ფუნქცია დაკარგა. შემდეგ, IX საუკუნეში მეფე აშოტ კურაპალატმა აღადგინა და ციხე-ქალაქად აქცია. ამ პერიოდში არტანუჯი ძალიან გაძლიერდა. ამ ციხის ტერიტორიაზე პეტრე-პავლეს ეკლესია იყო, დღეს როგორც ციხის, ისე იმ ეკლესიის მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ აშოტ კურაპალატი პეტრე-პავლეს ტაძრის მიდამოებშია დაკრძალული, თუმცა მისი საფლავი დღემდე ვერ მიუკვლევიათ. ამბობენ, მეფე აშოტი დოლისყანის ტაძრის საკურთხეველს დააკლეს და დოლისყანის კედლებს დღესაც ატყვია აშოტის სისხლიო. დოლისყანაში მოგვიანებით მოვხვდებით, უკანა გზაზე, ართვინიდან რომ დავბრუნდებით, თუნდაც დანგრეული არტანუჯის სიდიადით გაოგნებულები იმას ვფიქრობდით, მასზე დიდებულს ვეღარაფერს ვნახავთ-თქო... ჭოროხის ხეობას გავუყევით და შებინდებისას კლდეზე ლამაზად შეფენილ, ართვინის ვილიალეთის დედაქალაქ ართვინში.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ანტონინ მარტო
15 მაისი 2021 23:48
ვითხოვთ გაგრძელებას
მეგობარი
13 მაისი 2021 23:33
ეს მოგონებები შენი წყალობით ისევ გაცოცხლდა და ისევ იგივე განვიცადე, რაც პირველად იმ დიდ საქართველოში მოხვედრისას.ადლობა ამისთვის.
ნინო
13 მაისი 2021 22:40
სასიამოვნოდ ვიმოგზაურე... ველოდები მორიგ მოგზაურობას

დღის კითხვადი სტატიები