თურქი მასწავლებლების მასპინძლობა ართვინში და ხარების ორთაბრძოლა კავკასიურ არენაზე - კვირის პალიტრა

თურქი მასწავლებლების მასპინძლობა ართვინში და ხარების ორთაბრძოლა კავკასიურ არენაზე

იხილეთ პირველი ნაწილი

თურქეთში, ართვინის ვილიალეთის დედაქალაქ ართვინს დაბინდებისას ვესტუმრეთ. ქალაქში ჩვენი მასპინძელი სკოლის - "ვაკიფ ბანკის" დირექტორი ჯევათ უნალი, იმავე სკოლის პედაგოგები და თურქეთის რესპუბლიკის 80 წლისთავის სახ. სკოლის დირექტორი ფატი იაზიცი დაგვხვდნენ. თურქებმა სავახშმოდ მასწავლებელთა სახლის რესტორანში მიგვიწვიეს და კარგადაც გაგვიმასპინძლდნენ. ალკოჰოლური სასმელები არ შემოუთავაზებიათ, რადგან თავად ეკრძალებოდათ დალევა (არადა, ქართული ძეგლებიდან გამოყოლილი ემოცია აშკარად "გვთხოვდა" ერთ-ორ სადღეგრძელოს!). ის-ის იყო, მასპინძლებს დასაბინავებლად უნდა წავეყვანეთ, რომ დარბაზში გვარიანად ნასვამი მამაკაცი შემოიჭრა. თურქები მას დიდი პატივით შეეგებნენ. მოგვიანებით გავიგეთ, თანამდებობის პირი ყოფილა და მისი ცოლ-შვილიც იმავე სუფრასთან მჯდარა. წარმოსადეგი კაცი იყო, ქართული იერი დაჰკრავდა და ძალიან ენერგიული ჩანდა. ხალისიანად მოგვესალმა თურქულად, მალევე კი მეუღლეს იქვე, პატარა ავანსცენასთან მოუხმო და თავად მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიუჯდა. ასე დაიწყო თურქული სიმღერების კონცერტი ამ მამაკაცისა და მისი მეუღლის შესრულებით... ჩვენ მხურვალე აპლოდისმენტებით ვამკობდით, ისინი კი ეშხში შედიოდნენ. მიუხედავად დაღლილობისა, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, იმხანად ახალციხის მე-6 სკოლის დირექტორმა, ლოტბარმა ზაზა თამარაშვილმა ვეღარ მოითმინა და სულ მალე თურქულს სიმღერებს ქართული ჩაენაცვლა. ეს ჟრიამული კარგა ხანს გაგრძელდა, მერე კი მასპინძლებმა მასწავლებელთა სახლის საერთო საცხოვრებელში დაგვაბინავეს. სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით, როდესაც შევიტყვეთ, რომ, თურმე, თურქეთში მასწავლებლის პროფესია ყველაზე დაფასებულია და მასწავლებლის ხელფასიც, სხვა, პრესტიჟული პროფესიის ადამიანებთან შედარებით - ბევრად დიდი. ეგ კი არა, ქვეყნის ტერიტორიაზე თურქი მასწავლებლების ოფიციალური სტუმრების მასპინძლობასაც კი სახელმწიფო აფინანსებს! ახალციხელი და ართვინელი პედაგოგები ჭოროხის ხეობაში

მასპინძლებმა მეორე დილით თავიანთი სკოლა დაგვათვალიერებინეს, სკოლიდან კი უჩვეულო ექსკურსიაზე წაგვიყვანეს ლაზებით დასახლებულ ქალაქ ბორჩხაში, სადაც ერთ-ერთი დიდი კაშხლის შახტა უნდა დაგვეთვალიერებინა - მდინარე ჭოროხის სიღრმეში, 80 მეტრზე უნდა ჩავსულიყავით. კაშხლის თანამშრომლებმა გულთბილად მიგვიღეს და... ქართულად გაგვიბეს ლაპარაკი. მათ აქცენტიან ქართულზე ყველა ავღელდით - არცერთი მათგანი არ იყო დღევანდელ საქართველოში ნამყოფი და ქართული ენა ბებია-ბაბუებისგან ჰქონდათ ნასწავლი. ხუთკაციან ჯგუფებად დაგვყვეს და თითო ლაზი ბიჭი მოგვამაგრეს. ლიფტით ჩასვლას უმრავლესობამ კიბეები ვამჯობინეთ. ეს საოცრად თბილი ადამიანები თავისი ქართულით ყველაფერს - კაშხლის მუშაობის სპეციპიკასაც კი შესანიშნავად გვაგებინებდნენ. ჩვენი მასპინძელი სკოლის დირექტორები საბოლოოდ, ცრემლებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ამჯერად ართვინის სიახლოვეს, საკალმახისკენ ავუყევით გზას. ულამაზეს ხეობაში, გზად, მანქანით წინა საღამოს გაცნობილი მამაკაცი და მისი ცოლ-შვილი წამოგვეწია. მე და ჩემმა მეგობრებმა - ზაზა თამარაშვილმა და მზევინარ მჟავანაძემ სწორედ მასთან ერთად, თურქი სკოლის დირექტორების ჩუმად, ერთ-ერთ ფაცხაში თურქული ალკოჰოლური სასმელით - რაჰით ნათქვამი სამშობლოს სადღეგრძელოს შემდეგ შევიტყვეთ, რომ ჩვენი თანამეინახე თურქი დედით ლაზი ყოფილა (ფაქტია, გუმანმა არ გვიმტყუნა!). საკალმახედან კიდევ ერთ ზღაპარში ამოვყავით თავი - უფრო მაღლა ავინაცვლეთ, მთებში და წალკოტში აღმოვჩნდით - ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ყარაგიოლის ანუ შავი ტბის პირას, რომლის უკანაც ასევე, ამწვანებული მაჭახელას მთები წამომართულიყო. ყარაგიოლის ტბა არ დაგავიწყდეთ - 2009 წელი იდგა და იმ პერიოდში დღევანდელივით იოლი ნამდვილად არ იყო თურქეთის საქართველოში მოგზაურობა. კარგა ხანს სუნთქვაშეკრულები, დადუმებულები და თვალცრემლიანები ვეწაფებოდით არემარეს, მერე კი ნავებითაც ვისეირნეთ, ქართულადაც მოვილხინეთ და მაჭახელას კლარჯეთის მხარე ქართული სიმღერებით გავაყრუეთ... ჩვენმა მომღერალ-მოქეიფე ნახევრად ლაზმა თავისი თურქული სიმღერების ტექსტებით სავსე რვეული მოიფრიალა და გაბრაზებულმა დანარჩენ თურქებს გასძახა, ამას რას მამღერებთ, ნამდვილი სიმღერები ეს არის, ჩვენი სტუმარი ქართველები რომ მღერიანო! იმ დღის დაგვირგვინება კი, მასწავლებელთა სახლის წინ, ღამის წვიმაში კავკასიური ფესტივალის კონცერტიდან იმ წამს დაბრუნებული ბათუმელი მოცეკვავე ბიჭების ექსპრომტი იყო - გალუმპულებმა მაისურები გადაიძვრეს და წელს ზემოთ გაშიშვლებულებმა ისეთი ცეცხლი დაანთეს, კოკისპირულმა წვიმამაც რომ ვერ ჩააქრო... ამას კი მოჰყვა მათ მასპინძელ ლაზ ბიჭთან გასაუბრება და მისი აქცენტიანი ქართულით, გულიანად ამოთქმული, - წევდეთ, მევდეთ, არ დევკარგოთო... უკან მაჭახელას მთებია

იმ ღამეს, აფორიაქებულებმა, გვიან დავიძინეთ, თუმცა დილაადრიან წამოვხტით ფეხზე, სამხედროების ტემპი "ავკრიფეთ" და 9 საათისთვის ჩვენს მასპინძლებთან ერთად ართვინიდან 20 კილომეტრის მოშორებით, მთებში, კავკასიურ არენაზე ხარების ორთაბრძოლის სანახავად გავეშურეთ.

ქართული ფიესტა

მანქანებით "სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა", ულამაზეს ადგილებში ვიარეთ (არემარე კვლავ ძალიან ქართული იყო). ზაზა თამარაშვილმა აგვიხსნა, რომ ართვინის თავზე შეფენილ ფიჭვნარ ტყეს თურქულად კატრავანი ერქვა ანუ ფიჭვი თურქულად "კატარი" ყოფილა. მალევე დანიშნულების ადგილსაც მივაღწიეთ. გორაზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. გვითხრეს, მთელი თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც კი მოდიან ამ ორთაბრძოლის სანახავადო. იქაურობას არც ფორმიანი თუ უფორმო წესრიგის დამცველნი აკლდნენ და არც მოვაჭრეები. საქართველოდან სამუშაოდ წასული, ლარებზე მოვაჭრე ქართველებიც ვიპოვეთ, ჩვეულებრივ თურქულ საქონელს შედარებით იაფად ყიდდნენ და ძალიან გაუხარდათ ჩვენი დანახვა. იქვე ულამაზესი ფოტოგამოფენაც მოეწყოთ, რომელსაც მუსიკალურად ქართველი მომღერლის - ლეილა თოდაძის სიმღერები აფორმებდა. თვალი მოგვწყვიტა გრძელ ჯოხზე ლამაზად აცმულმა ვარდისფერი ბამბის ნაყინმა, ჰაერში შემწვარი ხორცისა და სიმინდის არომატი არცთუ სასიამოვნოდ ტრიალებდა, მზე მაგრად აჭერდა და დაკეცილი ჭილის ქუდებისა და ქვაზე დასაფენი ფარდაგების გამყიდველები თვალებში გვებლანდებოდნენ... მოკლედ, თავი ლილოს ბაზრობაზე მეგონა, ვიდრე ღია ცის ქვეშ მოწყობილ კავკასიურ არენას არ მივადექით. კორიდა ეკრანზე მაინც ხომ გინახავთ? - ჩვენი არენაც სწორედ იმდაგვარი იყო, ოღონდ მოცულობით - პატარა. ტრიბუნები ნელ-ნელა ივსებოდა, ყველას მზერა არენის ღია შემოსასვლელისკენ იყო მიმართული... ხარების ორთაბრძოლა ქართულად

ვიდრე ბრძოლა გახურდებოდა, ჩვენმა ერთ-ერთმა ახალგაზრდა მასპინძელმა, ბებიით ქართველმა ისმაილ ილმაზმა დამტვრეული ქართულით ხარების ორთაბრძოლაზე მიამბო. თურმე, ხარების ქართული ორთაბრძოლა, რომელიც ყოველწლიურად, ივნისის ბოლო კვირას იმართება, კავკასიური ფესტივალის კულმინაციაა. ორთაბრძოლისთვის ხარებს ართვინის მხარის სოფლის მცხოვრებნი მთელი წლის განმავლობაში წვრთნიან. არენაზე თავდაპირველად მცირე ასაკისა და წონის "ფალავანი" ხარები გამოჰყავთ. ყველას თავისი ნომერი აქვს და გამოსვლის წინ პატრონის სახელსა და გვარს აცხადებენ. მერე ნელ-ნელა იზრდება ასაკობრივი და წონითი კატეგორიები. წინა გამარჯვებული თავის სწორს ხვდება და ასე, ტურნირის პრინციპით გრძელდება. ბრძოლა უსისხლოდ სრულდება, დამარცხებული ხარი მოედნიდან გარბის, უკან გაწბილებული პატრონი მიჰყვება და ერთი წლის განმავლობაში "ფალავანს" ახალი შემართებითა და გულმოდგინებით მომდევნო ჩემპიონატისთვის ამზადებს. თურმე, ხარებზე საკმაოდ დიდ ფსონებს ჩამოდიან და, ალბათ, დღის ბოლოს მოთამაშე გულშემატკივართა დაძაბულობა პიკს აღწევს...

ამასობაში არენაზე მოთელვა დასრულდა და ხარების ორთაბრძოლაც თურქულად შესრულებული "ჯინველოთი" გაიხსნა. ორი საათის განმავლობაში ვადევნებდით თვალს სანახაობას, ფავორიტებიც შევარჩიეთ და შეძახილებით ვამხნევებდით. საოცარი სანახაობა იყო, ორი ხარი როგორ ზვერავდა ერთმანეთს, მერე ირინდებოდა, კვლავ შორიახლოს უვლიდა ერთი მეორეს - გეგონებოდა, მისხალ-მისხალ ზომავსო და... უცებ ეძგერებოდა. სიცილით დავიხოცეთ, როდესაც ერთი მეტოქის წინ მდგომი ხარი ადგილს მოსწყდა და პატრონ-მსაჯიანად ყველა სიქის გაცლამდე წინ და უკან არბენინა, ბოლოს კი არენიდანაც გაიქცა. ცხადია, მხდალი ხარის პატრონს წაგება ჩაეთვალა. კიდევ ერთმა წყვილმა გვახარხარა: ორი მეტოქე გაჯორდა და ერთმანეთთან შებმა არ ისურვა. როგორ არ შეუჩხიკინეს ჯოხი, უბიძგეს, მაგრამ ხარები პრინციპულად არ იბრძოდნენ. უკეთესს გეტყვით: ისე ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, მათ ორიენტაციაშიც კი შეგვეპარა ეჭვი. არ ვიცი, ლაქუცმა რამდენ ხანს გასტანა - ჩვენ წამოვედით და ისინი კვლავ არენაზე დარჩნენ - ორგანიზატორებმა კი პარალელურად, სხვა წყვილები გამოიყვანეს, რომლებიც "ადამიანურად" იბრძოდნენ. რამდენიმე გამარჯვებულ ხარს კისერზე დიდი გვირგვინი დაჰკიდეს და პატრონებმა ტრიბუნების წინ აპლოდისმენტების ფონზე ჩამოატარეს.

უცებ გვეგონა, მოგვესმა, მაგრამ კიდევ რომ გაიმეორეს, უკვე მესამედ დავიხოცეთ სიცილით - ერთ-ერთი გამარჯვებული ხარის პატრონს არ იკითხავთ, რა ერქვა? - ირმა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამაყი ვიჯექი ტრიბუნაზე!.. კიდევ კარგა ხანს დავტკბებოდით კავკასიურ არენაზე, მაგრამ დრო არ ითმენდა - ხანძთის უნახავად არავის გვსურდა საქართველოში დაბრუნება. ჩვენმა ახალშეძენილმა მეგობრებმა, რომ იტყვიან, ალაყაფის კარამდე გამოგვაცილეს, "გულე-გულე"-თი (თურქულად ასე ემშვიდობება დამრჩენი წამსვლელს) და ლამის ცრემლიანი თვალებით დაგვემშვიდობნენ და ვიდრე ჩვენი "ფორდი" თვალს მიეფარებოდა, ხელს გვიქნევდნენ. ისინი კავკასიურ არენაზე დარჩნენ, ჩვენ ართვინის გავლით ჭოროხის ხეობას გამოვუყევით, დოლისყანისკენ.

(დასასრული)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს