ქვაზე შევისვენეთ, ემოციისგან სული მოვითქვით და სირბილით გავეშურეთ წარსულთან შესახვედრად... - კვირის პალიტრა

ქვაზე შევისვენეთ, ემოციისგან სული მოვითქვით და სირბილით გავეშურეთ წარსულთან შესახვედრად...

იხილეთ წინა ნაწილი

ჩვენს სტუმართმოყვარე ლაზ და თურქ მასპინძლებს კავკასიურ ფესტივალზე გამოვემშვიდობეთ და ართვინის გავლით ჭოროხის ხეობას გამოვუყევით. როგორც დათქმული გვქონდა, ჯერ დოლისყანაში ავიარეთ. გზადაგზა იმ ეპოქის კლარჯეთზეც გიამბობთ. მეფე აშოტ I-მა ბაგრატიონმა, რომელსაც, ასევე, აშოტ I კურაპალატად მოიხსენიებენ, მთელი სიცოცხლე ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და საქართველოს გაერთიანებას მიუძღვნა. სწორედ ამიტომ უწოდეს მას "დიდი".

მან მამისგან მემკვიდრეობით მიიღო საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია კლარჯეთი და VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე მისი ერისმთავარიც გახლდათ. იგი იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც საქართველოში გამეფდა და, შესაბამისად, ბაგრატიონთა სამეფო დინასტია დააფუძნა. აშოტ I-მა რეზიდენციად აირჩია ვახტანგ გორგასლის მიერ კლდეზე აგებული არტანუჯის ციხე და იქვე, ქვემოთ, ქალაქიც გააშენა. გახსოვთ, ალბათ, არტანუჯსა და ციხის ტერიტორიაზე ქრისტეს თავი მოციქულების - წმინდა პეტრესა და პავლეს სახელზე აგებულ ეკლესიაზე პირველ ბლოგში გიამბეთ.

აშოტ დიდმა კლარჯეთში აღადგინა ციხე-ქალაქები და სამხრეთ-დასავლეთით გააფართოვა ქართლის სამეფო, რომელიც მოიცავდა შავშეთს, კლარჯეთს, ნიგალს, აჭარას, ტაოს, სპერს, ჯავახეთს და არტაანს. იმხანად კლარჯეთში მოღვაწეობდა მამა გრიგოლ ხანძთელი - ტაო-კლარჯეთის ხანძთის მონასტრის და მრავალი სავანის დამაარსებელი, უდიდესი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, შემდგომში წმინდანად შერაცხული. აშოტ კურაპალატისა და მისი წარჩინებული ფეოდალის - გაბრიელ დაფანჩულის თანადგომით, მან უდიდესი სასულიერო და საქვეყნო საქმეები აკეთა. მათ ერთობლივ აღმშენებლობასა და საგანმანათლებლო ამბებზე ბევრ საინტერესოს გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც" ამოიკითხავთ. დანარჩენად კი, გირჩევთ, თავად იმოგზაუროთ ისტორიული საქართველოს ბილიკებით და, თუნდაც დანგრეული ან ნახევრად დანგრეული, საკუთარი თვალით იხილოთ. ყველაფერს ისეთი ემოცია მოსდევს, ლექსიკა რომ არ გეყოფა გადმოსაცემად... დოლისყანა მარცხნიდან შენგრეული კარით და მინარეთი

აშოტ დიდმა ქართლის სამეფო ქსნამდე გააფართოვა და ტაო-კლარჯეთს 826 წლის 26 იანვრამდე ანუ გარდაცვალებამდე მართავდა. გეხსომებათ, პირველივე ბლოგში გითხარით, არაბებთან მებრძოლი აშოტ დიდი მოღალატეებმა დოლისყანის ტაძრის საკურთხეველს რომ დააკლეს და იმასაც ამბობენ, დოლისყანის კედლებს დღესაც ატყვია აშოტის სისხლიო. ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ აშოტ კურაპალატი პეტრე-პავლეს ტაძრის მიდამოებშია დაკრძალული, მაგრამ მისი საფლავი დღემდე ვერ მიუკვლევიათ.

უნდა გენახათ, არტანუჯის ციხის მთელ ტერიტორიაზე გულუბრყვილო ბავშვებივით მტკაველ-მტკაველ რომ დავეძებდით აშოტ კურაპალატის საფლავს, ცხადია - ამაოდ! დოლისყანა, დეტალი - 'ქრისტე, ადიდე მეფე სუმბათი'

და აი, უკვე დოლისყანაშიც ამოვყავით თავი. აღმართი ავირბინეთ (დროს ვიგებდით) და ულამაზეს ტაძარს მივადექით. ტაძრის პირდაპირ აღმართული მეჩეთიდან მოლას ლოცვის ხმა ისმოდა. უცებ ჩვენი გიდის, მეგი ბერიძის მეუღლე რამაზ მექოშვილი ტაძრისკენ აღშფოთებული გაიქცა: ეს გვერდი ახალი შენგრეულია, ცოტა ხნის წინ ასე არ იყოო. ვის რა პასუხს მოვთხოვდით, მით უფრო - 2009-ში?! ტაძრის მეორე მხარეს, კედელზე იქაურ ბავშვებს კალათბურთის ფარის მსგავსი რკინის რგოლი დაემაგრებინათ, ცხადია, ბურთის ჩასაგდებად, მაგრამ... ვერც ამის პასუხს მოვთხოვდით ვინმეს! პირიქით, ოღონდ სულ არ დაენგრიათ და, ჩვენს შესახვედრად გამოსულ იქაურ რელიგიის მასწავლებელს - ხოჯას და მის პატარა ვაჟს გულითადად შევღიმეთ. ვიცოდით, ჩვენს ართვინელ მასპინძელ ჯევათს, რომელმაც საგზალიც კი გამოგვატანა, ტელეფონით გაფრთხილებული ჰყავდა, მისი სტუმრები რომ ვიყავით და ჩაი უნდა მოერთმია. ჯერ ეკლესიაში შევედით, ნაგლეჯ-ნაგლეჯ შემორჩენილი ფრესკები დავათვალიერეთ, მერე ვილოცეთ და... ისევ ბავშვური გულუბრყვილობით, ამჯერად მეფე აშოტის სისხლის ნაკვალევს დავუწყეთ ძებნა... კვლავ ამაოდ! ხანძთა. გაბრიელ დაფანჩულის წყაროსთან შევისვენეთ

დოლისყანიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა, ყველაფერი მწვანეში იყო ჩაფლული. ამ ადგილებში, თურმე, უძველესი ქართული ჯიშის ხორბალი - დოლი იყო გავრცელებული და ამიტომაც უწოდეს სოფელსაც და ტაძარსაც დოლისყანა. ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობისაა და მთავარანგელოზების გამოსახულებებს მის გარეთა კედელზეც შეამჩნევ. იქვეა გამოსახული ტაძრის აღმშენებელი მეფე სუმბათი. ქართული წარწერაც არის: "ქრისტე, ადიდე მეფე სუმბათი". კლარჯეთში ბოლოს სწორედ ეს ტაძარი ააშენეს, შემდეგ კი მშენებლობა ტაოში გაგრძელდა. ეკლესიაში XVII საუკუნიდან მეჩეთი არსებობდა, მართალია, ფრესკები აქა-იქ შემორჩენილია, მაგრამ ცისფრად გადაღებილი კედლების კვალიც ჩანს - მეჩეთებში, საერთოდ, ცისფერი დომინირებს. ჩვენი ქრისტიანული ტაძრები სასწაულებს უვლენდნენ აქაურ მცხოვრებლებს, ამიტომაც ეშინოდათ მათი დანგრევის და რადგან მაინც ღვთის სახლები იყო, შიგ მეჩეთებს აწყობდნენ. მეჩვიდმეტე წელია, რაც დოლისყანაში მეჩეთი გაუქმდა და, როგორც ვიცი, იქაურები ჩვენი ტაძრის გვერდით აშენებულ მეჩეთში ლოცულობენ. ყველა სოფელში გახსნილია საკვირაო სკოლები - მედრესეები. ჩვენ რომ ხოჯა შემოგვეგება, ის სასულიერო პირი იყო, მედრესეში ყურანის კითხვას ასწავლიდა. მაშინაც კი, კლარჯეთში იმ პირველი მოგზაურობისას, შეიმჩნეოდა, რომ თურქები უკვე უფრთხილდებოდნენ ქართულ ძეგლებს - ხვდებოდნენ, რომ ამით ბევრ ტურისტს მიიზიდავდნენ... უძველესი ვაზი ხანძთაში

მოკლედ, ტაძრის დათვალიერების შემდეგ, აჩქარებული ტემპით იქვე, ფანჩატურში წავიხემსეთ. ორ ნაბიჯში თუთის ხეები შევნიშნეთ და დოლისყანის თუთასაც წავატანეთ ხელი და პირი (არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლაც გამორჩეულად მეგემრიელა ის თუთა და იქიდან დღემდე გამოგვყვა ზაზა თამარაშვილის ნათქვამი - ღმერთო, რა სისათუთეაო!), წინ კი საოცნებო ხანძთა გველოდა... ან, იქნებ, გვცდიდა, რადგან ვერაფრით აგიხსნით, ხანძთის მიხვეულ-მოხვეულ, გრუნტიან სიმაღლეებზე ასვლისას რატომ შეგვიგუბდა სული; რატომ განერვიულდა ჩვენი მძღოლი ოთარი - არადა, ჩვენი "ფორდი" ყოჩაღად მიდიოდა; რატომ დაიძაბა ზაზა; რატომ დაეწყოთ ნერვული სიცილი ჩემს თანამგზავრებს...

"მთები... მთები... ბუმბერაზთა საშინელი მხედრობა./ თუ ხარ მონა, აქ არავინ გენდობა!"

დაბლა მუხლუხოსავით მოსჩანდა ულამაზესი ჭოროხის ხეობა. სიმაღლის არასდროს შემშინებია, ამიტომ ახლაც თამამად ჩავყურებდი ქარაფებს. ამ დროს პატარა გიორგიმ გვიმღერა და ლექსიც წაგვიკითხა, ხალისიანი ნინო რუხაძეც გაილექსა და... მძღოლსაც დაძაბულობა გაუმძაფრდა. ზაზამ დუმილი მოითხოვა, ამას კი მოგუდული ნერვული სიცილი მოჰყვა... ვიფიქრე, ვითარებას განვმუხტავ-მეთქი, მობილურის კამერა ჩავრთე და ჯგუფის თითოეულ წევრს პატარა ლექსის წაკითხვა ვთხოვე, მეგონა, ლექსი მხნეობას შეჰმატებდა ჩემს მეგობრებს... გია ჯანაშვილმა ომახიანად დაიწყო: "...ნუ წახვალ, ნუ მიატოვებ არალსა და უდეს, რუსთაველის სამშობლოს და ვაჟკაცების ბუდეს..." მარიანა ბალასანიანი კი აქეთ-იქით ეხეთქებოდა და მაინც სხაპასხუპით აგრძელებდა: "ჰე მამულო, სასურველოო"... ქალბატონმა ციალა ბერიძემ გაბრწყინებული სახით დაიწყო: "ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი..." ნინო ბეგიშვილს "ლოცვანი" ამოეღო ჩანთიდან და მხურვალედ ლოცულობდა, თინიკო კვიჟინაძე მემუარებს წერდა, ნანა მოდებაძემ გამომიცხადა, თუკი რამ ვიცოდი ამქვეყნად, ყველაფერი დამავიწყდაო, ზაზა თამარაშვილმა შემომიბღვირა: თავი დამანებე, რა დროს პოეზიააო! ჩემმა მამაცმა მეგობარმა მზევინარ მჟავანაძემ კი ომახიანად შემოსძახა გოგლა ლეონიძის პატარა ლექსი: "მთები... მთები... ბუმბერაზთა საშინელი მხედრობა. თუ ხარ მონა, აქ არავინ გენდობა! მონურ ღიმილს მე ვინ გადამაბრალებს? მე გაპობილ ნაპრალებს ყივჩაღურად ჩავყურებ..." განმუხტვის ნაცვლად კი ვითარება უფრო დაიძაბა, წვიმის წვეთებიც წამოვიდა, რაც ჩვენს მგზავრობას საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ ერთხმად გადავწყვიტეთ, მანქანიდან გადმოვსულიყავით და ფეხით გაგვეგრძელებინა გზა. ბატონი ოთარი დაბლა, ტრასაზე დაგველოდებოდა. და აი ისიც - ხანძთა და იქვე თურქების სახლები

ფეხით ასვლა გაცილებით იოლი აღმოჩნდა. სულ მალე დიდი ფეოდალის, გაბრიელ დაფანჩულის წყაროს მივადექით და უგემრიელეს და, ალბათ, სასწაულმოქმედ წყალს უდაბნოგამოვლილებივით დავეწაფეთ. ნაწილი დაწინაურდა, ნაწილი ჩამოგვრჩა, რამდენიმემ კი ერთად გავიარეთ "გაბრწყინებული საქართველოს" ისტორიული ბილიკი, სადაც ჩვენი უცნობი წინაპრის ნასახლარზე დარგული უძველესი ვაზიც კი "შემოგვეგება" და... ამ დროს წამოიმართა "ის" - მწვანეში ჩაფლული ხანძთა. ქვაზე შევისვენეთ, ემოციისგან სული მოვითქვით და სირბილით გავეშურეთ წარსულთან შესახვედრად. ტაძრის ზემოთ, ხის სახლებიდან მოღიმარი მოხუცი თურქები გადმოგვყურებდნენ, შესასვლელთან კი თეთრი სამოსით სათანადოდ ეკიპირებული მეფუტკრე გადაგვიდგა, თურქულად რაღაც გვითხრა, მაგრამ ვიდრე მის ნათქვამს ჩავწვდით, უკვე გვიანი იყო - ტაძრის წინ, სკებიდან ფუტკრების ჯარი გამოენთო და ტაძარში ექსკორტით შეგვიძღვა. ფრთხილად ვიქნევდით ხელ-ფეხს, თურქი ფუტკრები რომ არ გაგვეღიზიანებინა, მხოლოდ არტურმა იაქტიურა და დაისაჯა კიდეც - საბრალო, მწარედ დაიკბინა, თუმცა ვაჟკაცურად გაუძლო ტკივილს. მერე კი ჩამოგვეხსნენ ფუტკრები და გაუბედურებულ, გუმბათჩამონგრეულ ტაძარში ლოცვის საშუალება მოგვცეს. ხანძთის მორღვეული გუმბათი

სანთლები დავანთეთ და... უცებ ნინიკომ მოგუდულად საგალობელი - "წმინდაო ღმერთო" წამოიწყო, ზაზაც მაშინვე აჰყვა, მეც შევაშველე ხმა და... ერთმანეთს არ ვუყურებდით, მაგრამ ვგრძნობდი, თითოეულს როგორ გვებზარებოდა და გვიწყდებოდა ხმა და, ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არასდროს და არსად ასე არ გაძნელებია მღერა და იქნებ, არც ასეთი განცდით გვიმღერია ოდესმე... ხანძთიდან დამუნჯებულები წამოვედით, ცალ-ცალკე დავუყევით ბილიკს, თუმცა მალევე მივხვდით, ერთმანეთს უნდა მივშველებოდით - ნაწვიმარ ფხვიერ მიწაზე ფეხი გვისრიალებდა და შეიძლებოდა, ერთ თამამ ნაბიჯს ფრენა-ფრენით ჩავეყვანეთ ჭოროხამდე... სამშვიდობოს, ერთბაშად ავმეტყველდით კი არა, ავჟღურტულდით. "ფორდიც" ოპერატიულად დაიძრა საქართველოსკენ და აღტკინებულები ავღიღინდით, მოგვშივდა კიდეც, მოგვწყურდა კიდეც, სადღეგრძელოებიც ვთქვით, სამადლობელიც, ერთმანეთის საქებარი სიტყვებიც არ დავიშურეთ, ართვინში დარჩენილი მეგობრებიც გავიხსენეთ, მომავალ შეხვედრაზეც ვილაპარაკეთ და... კრინტიც არ დაგვიძრავს უკვე გასხვისებული, გუმბათჩანგრეული ხანძთის ნახვით ყელში გაჩხერილ ბურთსა და ჩუმად გადაყლაპულ ცრემლებზე - მადლობა უფალს, რომ თუნდაც ამის ნახვის შესაძლებლობა მოგვცა... ის კი დანამდვილებით ვიცოდით - ეს თითოეულმა ქართველმა ერთხელ მაინც უნდა განიცადოს... ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ისტორიულ კლარჯეთში. ვალეს საბაჟო მშვიდობიანად გამოვიარეთ და, მართალია, წლების შემდეგ კიდევ ორჯერ ვიმოგზაურე ტაო-კლარჯეთში და უამრავი ნაცნობ-უცნობი ადგილი მოვინახულე (მათზე სხვა დროს გიამბობთ), ვეღარც არტანუჯში მოვხვდი და ვეღარც ხანძთაში... ორივე კვლავ სანატრელად გადამექცა!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს