მოგზაურობა მთაში ანუ ხევსურული კოშკები, ფშავ-ხევსურული ლეგენდები და ტრადიციები... - კვირის პალიტრა

მოგზაურობა მთაში ანუ ხევსურული კოშკები, ფშავ-ხევსურული ლეგენდები და ტრადიციები...

პანდემიამ ყველაფერი შეაფერხა და მათ შორის ჩვენც - მოგზაურები. უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ უცხოეთში გასვლას, თუმცა წელს, მგონი, ურიგო არ იქნება, განსაკუთრებული დრო სამშობლოში მოგზაურობას რომ დავუთმოთ... არადა, რამდენია სანახავი და გასაცნობი!

ზაფხული კარს მოგვადგა და მინდა, სამოგზაურო მადა თქვენც აღგიძრათ - რაც მინახავს, რა ამბებიც გადამხდენია, ვეცდები, ისე გიამბოთ, თქვენც მოგინდეთ საქართველოს იმ კუთხეებში მოგზაურობა...

პიქტოგრამების კვალდაკვალ

ხევსურეთისა და მუცოს ნახვას მუდამ ვნატრობდი და რამდენიმე წლის წინ ავისრულე კიდეც საწადელი. ეს იყო ზემოგზაურობა - შინაარსითა და მიზნით, უკანა ფშავისა და ხევსურეთის ზღაპრული სილამაზით, შესანიშნავი მეგზურითა და თანამგზავრებით, მათგან ნაწილი ჩემი ალთუნ-სიმუსების რაზმელები იყვნენ, მრავალ მოგზაურობა გამოვლილი მეგობრები: მზეო, თამთა, ლია, რუსო, თამუნა. ამჯერად იმაზე მეტნი ვიყავით, ვიდრე კლარჯეთში მოგზაურობისას ანუ ამჯერად - "სამი დელიკა ხალხი", რომლის ნაწილს - ეკას, ლაშას, დათოს ისე დავუმეგობრდი, მას შემდეგ ერთად ბევრი თავგადასავალიც კი გამოვიარეთ და იმ ამბებს სხვა ბლოგებში გიამბობთ. ასევე, ჩვენთან ერთად იყვნენ უკვე საქართველოში მცხოვრები, ფერეიდნელი ქართველი ლექსო და საქართველოზე შეყვარებული ფრანგი ბიჭი - გრეგუა. სამოგზაუროდ მხოლოდ ორი დღე გვქონდა და მიზნად მაქსიმალურის ნახვა-დათვალიერება დავისახეთ... ვნახეთ კიდეც - ყველაფერი გასაოცარი. ჯგუფის მთავარი მეგზური - მართლაც უნივერსალური ადამიანი, ხელოვანი და მეცნიერი, ფოლკლორისტი და დიდებული მთხრობელი, ხევსური გიორგი გიგაური ჩვენს "დელიკაში" გვყავდა და რაღა გვიჭირდა - გვიყვებოდა და გვიყვებოდა ამბებს. გიორგი გიგაური პიქტოგრამებთან

ჟინვალთან რომ გადავუხვიეთ, იქაური თონე გავიხსენე, თიანეთისკენ მიმავალი მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის იქ ვყიდულობდით ხოლმე ცხელ-ცხელ ლავაშს. გიორგიმ მოაყოლა: ადრე დედაჩემი თონეში პურს რომ გამოაცხობდა, მთელ უბანში ტრიალებდა მისი სუნი. ახლა, რაც უცხო ჯიშის ხორბლის შემოტანა და საფუარის გამოყენება დაიწყეს, სულ "დაიკარგა" ის სუნიო. მუქოს ეკლესია და ხატის ტყე

სოფელ ლიქოკთან გავიარეთ და მაშინ მოვისმინე ამბავი ერთ ქალზე - მინანზე, რომელიც წმინდა ნინოს არქეტიპი ყოფილა. უძველეს დროში სწორედ მას დაუარსებია ჯვრისმსახურება, კარატისა და გუდანის ჯვრები. მისი საფლავიც იქვე ყოფილა. მინანი რომ გარდაცვლილა, მიცვალებულის საფლავამდე გასაწევად რამდენიმე ხარ-კამეჩი ჩაუბამთ, მაგრამ ძვრა მაინც ვერ უყვეს. ამიტომ იქვე, სალოცავში დამარხეს. წარმოგიდგენიათ? კოპალას უძლიერეს კარატის სალოცავში ქალი დაუმარხავთ! მთისთვის მსგავსი რამ უჩვეულოა. ვთქვათ, ეკლესიაში, ხომ, როცა გვინდა, მაშინ შევალთ, მაგრამ ხევსურეთსა და ფშავში, დღეობაში რომ მიხვიდე, საგანგებოდ უნდა მოემზადო: სანათლავი დაკლა, იმარხულო, განიწმინდო. კაცებს თავისი თავდაჭერა უნდა ჰქონდეთ. მერე, გზაზე სამი სანთელი უნდა დაანთო, სამი ქადა დადო და ხახმატის სალოცავს უნდა შესთხოვო, გზის ანგელოზს. მერე მიდიხარ, სალოცავი უნდა ახსენო, მისი ხსენებით ღმერთს ახსენებ, მორიგე ღმერთს და ა.შ. მთელი რიგი წესებია. ჩვენი მასპინძელი შალვა წითელაური სხვათა შორის, ივრის ფშავში რამდენჯერმე დავსწრებივარ მთის დღეობებს, უმეტესწილად - ლაშარობას და განსაკუთრებულად განვიცდი, საკლავით მოფენილ ადგილებს რომ ვხედავ, მაგრამ სწორედ იქ, მთაში, ყველაზე მეტად შეიგრძნობ წარმართულისა და ქრისტიანულის სინთეზს და ბევრი კითხვაც გიჩნდება. ამიტომაც ჩავეკითხე ჩვენს მეგზურ გიორგის თუნდაც პიქტოგრამებზე, ხატოვან დამწერლობაზე, რაც ბევრგან გვხვდება საქართველოს მთიანეთში, ეკლესიებშიც კი. ჯვრისმსახურება ძველიაო, მითხრა გიორგიმ. დამბადებელი ღმერთის რწმენაა ჩვენთან, საქართველოში შემონახული. მონოთეისტური რწმენა გვქონდა, ვიდრე მზისა და მთვარის თაყვანისცემა შემოვიდოდა და ბოლოს სპარსელები გაცსა და გაის მოგვახვევდნენ თავს. მე პიქტოგრამებს ანუ პიქტოგრაფიულ ხაზოვან ნიშნებს სწორედ ამ რწმენას ვუკავშირებ. სხვათა შორის, გრაკლიანის წარწერების რამდენიმე ნიშანი ამ პიქტოგრამების მსგავსია - ჯვარია ორი წერტილით. ეს ძალიან საინტერესოა. ზუსტად ვერ გეტყვი, რას ნიშნავს. წმინდანის ნიშანი უნდა იყოს. თუ მარცხნივაა - ქალურია, თუ მარჯვნივ - მამაკაცურიო. ეკლესიის ემბაზი და სასანთლე

მთაში თუ იმოგზაურებთ და იქაურ ასაკოვან ხალხს გაესაუბრებით, ბევრ საინტერესოს მოისმენთ დევებზე, ღვთისშვილებზე, გვარებზე, ტრადიციებსა და ა. შ. მაგალითად, სიღრმისეულად ბევრი არაფერი ვიცოდი კოშკებზე და სწორედ იქ გავიგე, რომ ხევსურული და თუშური კოშკები მარტო თავდაცვითი ნაგებობა კი არ იყო, არამედ - ბარაქის, ნაყოფიერების, ხვავისა და წარმატების სიმბოლო. თურმე, "ცოცხალი კოშკის" გაკეთება დღემდე იციან თუშეთში, "ქორბეღელას" ეძახიან. მის გასაკეთებლად ხუთი კაცი მხარი-მხარს გადახვეული დგება წრედ და მათ მხრებზე შეადგება სხვა ხუთი. ასე, წაღმა ტრიალით ააქვთ ქორბეღელა საჯარედან ანუ თავმოყრის ადგილიდან ჯვრისკარამდე ანუ ხატამდე. აქაც სამჯერ შემოტრიალდებიან და ქორბეღელას დაშლიან. "ქორბეღელა" წარმოადგენს ასტრალური მნათობი-ღვთაების მაგიურ რიტუალს. კოშკის გადახურვა საფეხუროვანია და მისი ფორმაც სალოცავებიდან მოდის. ხალხური წარმოდგენით, არსებობს ცხრა ცა. ყველა ცას თავისი სახელი აქვს და მეცხრე ცას ეწოდება "ბროლის ცა". ბროლის ცაში ღმერთი სუფევს. ამიტომაცაა, რომ თავზე, თურმე, სიმბოლურად ბროლის ქვებს აწყობენ...

გზადაგზა მოსმენილს გზადაგზა ნანახიც ემატებოდა. უკანა ფშავის ცენტრი - შუაფხოც გავიარეთ და თუკი რამ ლექსი ამოგვიტივტივდა გონებაში, ლამის ერთდროულად ვამბობდით. მე, რასაკვირველია, ანა კალანდაძე და მისი "ლურჯთვალა" გამახსენდა და ჩემი ვთქვი: "ვაჟაო, დილის მზის სხივო,/ ხან მთებზე ნისლთა დინებავ,/ შუაფხოდან რომ მიდიხარ,/ გული რად გაგეტირება?/ შენ თუ არ იცი მიზეზი,/ აბა, ვის ეცოდინება?/ გადმოდი, გადმოაშუქე/ ლურჯ თხილიანას კალთები./ რა დაშავდება? არც რაი:/ გნახავ და... გამეხარდები!"

ლუდის სახარში ქვევრი

პიქტოგრამების კვალდაკვალ არაგვის ფშავის კიდევ ბევრი სოფელი გავიარეთ ან ჩავუარეთ და საბოლოოდ წოწკოლაურების სოფელ მუქოს მივადექით. - ასე ბევრი სტუმარი აქ არ მინახავს. აბა, საიდან ბრძანდებით, ვინ ხართო? - გამოგვკითხა იქაურმა შალვა წითელაურმა, წოწკოლაურების სიძემ. მარტივად ავუხსენით: ნაირ-ნაირი ხალხი ვართ-თქო. ყველანი წავედით "ხევისბერის სახლისკენ", რომელიც იმ, ძველი ხევისბრის შთამომავალს, აკადემიკოს დავით წოწკოლაურს ეკუთვნოდა. სახლის გარე კედელზე ნანახმა უცნაურმა გამოსახულებებმა მართლაც ძალიან გაგვაოცა. ეს ყოფილა ძველისძველი, ხევისბერების დამწერლობა. ღვთისმშობლის ძველი ხატი

მუქო პატარა სოფელი ჩანდა. გვითხრეს, მხოლოდ 7 მოსახლე ვართ დარჩენილი. ძირითადად, მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას მივდევთ და ასე ვცხოვრობთო. გზად ქვევრის ფორმის ლუდის სახარში ქვაბი დავინახეთ და სასწრაფოდ ფოტოები გადავუღეთ. ბატონმა შალვამ იქვე, შორიახლოს მდგარი დედაღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისკენ წაგვიყვანა. ეკლესიის გვერდით ტყე იყო, ხატის ტყეს უწოდებდნენ. ასეთი ტყეები მრავლადაა საქართველოს მთიანეთში. მოსახლეობას იმ ტყით სარგებლობა არ შეუძლია. პატარა ხმელი ჯოხის გამოტანა და სახლში წამოღებაც კი იკრძალება. შესაბამისად, ასეთ ტყეებში არც ნადირობა შეიძლება, არც საქონლის შეშვება. ზოგიერთ ასეთ ტყეში ქალიც კი ვერ შევა. თუმცა ისეთი დაცარიელებულია დღეს მთის სოფლები, რომ ტყეში შესვლა კი არა, ქალსაც და კაცსაც სანთლით უნდა ეძებდე. ეკლესია XIX საუკუნის აღმოჩნდა. შიგნით ძველი სასანთლე, ემბაზი და ღვთისმშობლის ხატი დაგვხვდა. ადრე ოქროსყდიანი წიგნიც ბევრი ყოფილა აქ, მღვდლის ანაფორებით სავსე კიდობნები და სხვა ნივთებიც, მაგრამ ვიღაცებს ნელ-ნელა გაუზიდავთ. დღემდე ეძებენ, იმ ნივთებს, მაგრამ ამაოდ. ეკლესიაც ნელ-ნელა დაზიანდა და დაინგრაო, - გვითხრა ბატონმა შალვამ. ეკლესია მოგვიანებით ერთ თანამდებობის პირს - გივი ღობიანურს აღუდგენია. ძველი კედლების კვალი ახლაც შემორჩენილია, დანარჩენი შეულესავთ, ხალხსაც შეუწირავს რაღაცები და დროთა განმავლობაში ალბათ კიდევ შეივსება.

- ერთ კედელზე გველის სილუეტივით იყო გამოსახული დაკლაკნილი რაღაც, მსგავსი რამ აფთიაქებზეც გვხვდება ხოლმე. საერთოდ, წოწკოლაურებს "მუცელგველიანებსაც" უწოდებდნენ. არ ვიცი, რატომ. შეიძლება რომელიმემ გველი თუ სჭამაო, - გვიამბობდა შალვა წითელაური. იქვე ვერსიაც გამოითქვა, გველის შხამზე წამლებს ხომ ამზადებენ და შეიძლება ამ გვარის ხალხი ოდესღაც წამლებსაც ამზადებდა და ამიტომ გამოსახეს გველიო... ასე იყო თუ ისე, იქაურობა ძალიან საინტერესოდ ჩანდა და ძალიან ლამაზიც იყო, მაგრამ შატილისკენ მივიჩქაროდით. მასპინძლებს მალე გამოვემშვიდობეთ და გეზი უკვე ხევსურეთისკენ ავიღეთ. წინ გრძელი და ლამაზი გზა გვედო - ულამაზეს და უცნაურად მრავალფეროვან მთებში მოქცეული. მართალია, ერთ გზას უნდა გავყოლოდით, მაგრამ მაინც "სამი დელიკის ხალხმა" ფშავ-ხევსურეთის გასაყართან - დათვისჯვრის უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილში დავთქვით შეხვედრა...

(გაგრძელება იქნება)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს