პირიქითა ხევსურეთის საკრალური ადგილი და შატილის "საღვარეზე" გასეირნება - კვირის პალიტრა

პირიქითა ხევსურეთის საკრალური ადგილი და შატილის "საღვარეზე" გასეირნება

იხილეთ წინა ნაწილი

პირიქითა ხევსურეთისკენ - შატილისკენ წასულებმა გზიდანვე შევნიშნეთ ლებაისკარის ციხე-კოშკი და გულგრილად ვერც მას ავუარეთ გვერდი. ერთ დროს აქ სოფელი ყოფილა, დღეს კი მხოლოდ ეს კოშკი და რამდენიმე ნასახლარი თუ "გიამბობს" მის შესახებ.

ლებაისკარი შუა საუკუნეების ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლია, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში. როგორც აგვიხსნეს, ხუთსართულიანია და მისი სართულები ერთმანეთს გადასატანი ხის კიბეებით უკავშირდება. ქვედა სართული გომური ყოფილა - საქონლისათვის გამოუყვიათ. ზემოთ, კედლის შუა ადგილზე, კოშკს ოთხივე მხარეს პატარა აივნის მსგავსი თითო სალოდე აქვს. ლებაისკარის კოშკის პიქტოგრამა უკანასკნელი სართული შიგნიდან გადახურულია შეკრული კამარით, გარედან - პირამიდისებრი საფეხურებიანი სახურავითო. აქაც მცირედ დავყოვნდით და პიქტოგრამებიც ვნახეთ. ერთს ხელის მტევნის ფორმა ჰქონდა და კარგად რომ გამოგვეჩინა, ჩვენი ხელის მტევნებიც "მივუსვით" გვერდით, შემდეგ კისტანის ციხე-სოფლისკენ გავწიეთ, ვიცოდით, იქაც გველოდა პიქტოგრამები. გზად გიორგი გიგაური ინფორმაციასაც გვაწვდიდა - თურმე, საკულტო ძეგლებზე, ტანისამოსზე, სახლის ინტერიერში, სამეურნეო და საბრძოლო იარაღებზე ხშირად ვხვდებით ასტრალურ სიმბოლოებს, რომელთაც ძველ ქართულად "ღვთაებრივი ნიშნები" ეწოდებოდა. ყოველი ნიშანი-სიმბოლო სისტემურია და მეორდება სხვადასხვა სოფელში და სხვადასხვა ობიექტზე. ხევსურეთის პიქტოგრაფიულ ნიშნებში დაფიქსირებულია უძველესი სიმბოლოს - "მზის ნავის" მსგავსი გამოსახულება. მსგავსი გვხვდება სოფელ კისტანის ციხის მეორადი გამოყენების ქვის ზედაპირზეცო... ხელის მტევნის პიქტოგრამას საკუთარ ხელის მტევანს ვატოლებ

ვერაფრით წარმოვიდგენდი, გზისპირა პატარა დასახლებიდან დაწყებული აღმართი, პაპანაქება სიცხესა და დაღლასთან ერთად, როგორ გვასიამოვნებდა.

კისტანი სოფელია დუშეთიდან 100 კილომეტრში, მდინარე არღუნის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2080 მეტრში. რამდენიმე მოსახლე ვნახეთ სოფელში, საკმაოდ სიტყვაძუნწები, მაგრამ აშკარად კეთილგანწყობილნი. საოცარი ბავშვები ჰყავდათ, ხევსურებისთვის დამახასიათებელი ულამაზესი ჭრელი, უფრო მომწვანო-მოლურჯო თვალებითა და გრძელი წამწამებით. ავუყევით აღმართს და სილამაზე, აბა, იქ გენახათ! ამ ზღაპარმა ერთბაშად გულიც გამინათა და დამაღონა კიდეც - იმ ბავშვების თვალებისფერმა მთებმა და უზარმაზარმა ნასოფლარმა... დასიცხულები კისტანის ციხესთან

რას არ ნახავ ამ ნასოფლარში: აბულეთაურთ ციხის კოშკსა და სახლს, გვიანდელი შუა საუკუნეების ავთანდილაანთ ციხის გალავნის ნანგრევებს, კოშკს, ჭინჭარაულთა საგვარეულოს სალოცავს - "ნახარელას", რომელიც ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან გადმოუტანიათ და დღეს ღვთისმშობლის სახელზე ილოცება. ის, თურმე, მთელი პირიქითა ხევსურეთის საკრალური ადგილია. პიქტოგრამებიც ვნახეთ იმ ტერიტორიაზე და "მზის ბუდეების" არსებობის ვარაუდიც გამოითქვა.

გიორგიმ გვიამბო მათზე: - წინათ, ხომ, კალენდარი და საათები არ ჰქონდა ხალხს? ხევსურეთში წლის დროთა აღრიცხვა წარმოებდა სოფლების აღმოსავლეთ მხარეს, მწვერვალებზე აღმართული ქვის სვეტთა ჯგუფების, ე.წ. "მზის ბუდეების" საშუალებით, რომლებზეც პირველად ამოსული მზის დისკოს მოხვედრისა და თანდათანობით, მორიგ ბუდეზე გადანაცვლების ადგილის მიხედვით დგინდებოდა - თვე, სეზონი, წლის დასასრული, წლის დასაწყისი თუ სამიწათმოქმედო-სამეურნეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ესა თუ ის მნიშვნელოვანი თარიღი. ერთი სპეციალისტი ყოველთვის ჰყავდათ სოფელში, მემარგეს ეძახდნენ, დღევანდელი გაგებით - სინოპტიკოსი. ავიდოდა ეს მემარგე, დახედავდა მზის, მთვარის ჩრდილებს, ვარსკვლავებს დააკვირდებოდა და ასე იგებდნენ, როდის დგებოდა კონკრეტული სეზონი, წვიმიანი იქნებოდა იგი თუ ცხელი და ა.შ. ანუ ერთგვარი ხალხური ობსერვატორია იყო. კისტანის ნასოფლარი

ასეთი "მზის ბუდეები" მარტო ხევსურეთში არაა, ფშავშიც გვხვდება და საქართველოს სხვა კუთხეებშიც იყო, მაგრამ დღემდე მხოლოდ მთამ შემოინახა. ჯუთაზე რომ ავედი და მთის ბუდეზე კომპასი დავდე, ქვების განლაგება ზუსტად უჩვენებდა აღმოსავლეთ-დასავლეთ-ჩრდილოეთ-სამხრეთ მხარეებს. ჩრდილოეთის ქვებთან კიდევ რაღაცები იყო მონიშნული და სხვებსაც ვუთხარი ამაზეო...

კისტანის ციხე-სოფელში ცოტა ხნით შევისვენეთ, არემარეს ვაკვირდებოდით. დარწმუნებული ვარ, აქაურობა ბევრ ტურისტს მიიზიდავს, მაგრამ ინტერნეტშიც ძალიან მწირი ინფორმაციაა მასზე და ადგილზეც რომ მიხვალ, ვერსად დაისვენებ, სულსაც ვერ მოითქვამ ხეირიანად. კარგია, თუ კეთილმოაწყობენ და გარდა ქართველისა, უცხოელ ტურისტებსაც დააინტერესებენ მისით.

კისტანიდან ჩამოსულებმა უკვე შატილისკენ ავიღეთ გეზი. როგორმე დაღამებამდე უნდა მოგვესწრო იქ ასვლა და დაბინავება. არღუნმა შატილამდე მიგვიყვანა

ულამაზესი აღმოჩნდა არღუნის ხეობა: მიუხედავად დანგრეული გზისა და, შესაბამისად, მანქანის სავარძლებზე ხტუნვა-ხტუნვისა, თვალს ვერ ვწყვეტდით აქეთ-იქით შეფენილ წიწვნარსა თუ ფოთლოვან ტყეებს, ტოტებშუა გამომძვრალ მზის სხივებსა თუ კლდიდან წამოსულ "წვიმას". მახსოვს, თუშეთის გზაზე ასეთ წვიმას "შევეფარეთ" და იქაური "ნათლობაც" მივიღეთ (თუშეთზე მოგვიანებით გიამბობთ), ამჯერად კი, რაკი გვიღამდებოდა, რიტუალი უკანა გზისთვის გადავდეთ - ეს, ალბათ, ხევსურეთთან "დასამშვიდობებელი განბანვა" იქნებოდა...

და, აი, შატილიც - ძველიც და ახალიც! ჯერ ახალს მივაშურეთ - სასტუმროს, სადაც გველოდნენ და დაგვაბინავეს, მერე კი, დაბინდებამდე - ძველ, კლდეზე შეფენილ, უკვე აღდგენილ სოფელს, ქართული სამშენებლო ხელოვნების შესანიშნავ, ფაქტობრივად, უნიკალურ ძეგლს. და აი ისიც - შატილი

ოდესღაც ხევსურეთის ეს სოფელი საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს დარაჯობდა. ძველ შატილში ბრტყელსახურავიანი სახლები და კოშკები ტერასებადაა შეფენილი, ერთმანეთთან მიჯრითაა მიწყობილი და ერთიან, მიუვალ კედელს ქმნის, რაც ერთ დროს სოფელს მტრის შემოსევებისგან იცავდა. სოფელს შენობებს შორის სიმაღლეზე ამავალი ვიწრო, ქვისკიბიანი ქუჩით ავუყევით. ამ შუა ქუჩას, თურმე, ენგური, იგივე ინგური ჰქვია. ასევე ჰქვია, თურმე, ხევსურეთის სხვა სოფლების შუა ქუჩებსაც, უფრო - აღმოსავლეთიდან დასავლეთით რაც არის. შუა ქუჩა "საღვარე" (ანუ სანიაღვრე) ქუჩაა. აქ მხოლოდ ქალები დადიოდნენ. მასზე ხუცესებსა და ხევისბრებს გადასვლა არ შეეძლოთ, არ იყო მიღებული. ზემოდან უნდა მოევლოთ და სხვა გზით გადასულიყვნენო. ენგურის ქუჩა შატილში

შატილის მოსახლეობას მტრის შემოსევისას ძვლებისგან შეკრული ფიცარნაგებით - გადასასვლელებით, ქუჩაში გამოუსვლელად შეეძლო, თურმე, სოფლის შემორბენა. მივადექით ხევისბერების სახლს, სადაც რამდენიმე პიქტოგრამაც ვნახეთ - უძველესი, ხევისბერების დამწერლობის ნიმუში...

ის ღამე შატილის თანამედროვე ტიპის სასტუმროში გავათიეთ, ასეთი სოფელში რამდენიმეა. ერთი კოშკიცაა სასტუმროდ გაკეთებული. იქაურობა თუ კეთილმოეწყობა, უპირველესად კი, ხევსურეთის გზა გაკეთდება, ალბათ, სტუმრების მიღებას ვერ აუვა ეს ხევსურული სამოთხე. მერედა, როგორ წაადგება იმ მხარეს, მოსახლეობას, კანტი-კუნტად რომ შემორჩენილა პირიქითაში და... ქვეყანასაც. ჩვენი ჯგუფის მეორე ნაწილმა კარავში ღამისთევა ამჯობინა, ნაწილი კი - არღუნის პირას მოკალათდა, თუმცა, სინამდვილეში, ყველანი თითქმის ჩახუტებულები ვიყავით არღუნთან... და კოღოებთანაც. უმალ დათვთან და მგელთან შეხვედრას მოველოდი, ვიდრე კოღოსთან - არაფრით მეგონა, ასეთ სიმაღლეზეც თუ მომაგნებდა...

გაგრძელება იქნება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს