დილის შატილი, მთიელი "მეგობრები" და "მკვდართა ქალაქი" ანუ გზად მუცოსკენ... - კვირის პალიტრა

დილის შატილი, მთიელი "მეგობრები" და "მკვდართა ქალაქი" ანუ გზად მუცოსკენ...

იხილეთ წინა ნაწილი

მეორე დღეს, არღუნის ჩუხჩუხმა დილაადრიან გაგვაღვიძა... ისედაც, ერთი სული გვქონდა, დილის შატილი შემოგვერბინა და დროულად წავსულიყავით საოცნებო მუცოსკენ. ჩვენი ხევსური წინამძღოლი - გიორგი გიგაური გვაფრთხილებდა, პაპანაქება სიცხეში გაგიძნელდებათ ასვლაო. მაინც შევფერხდით, რადგან შატილის ხეირიანად გადაღება წინა საღამოს ვერ მოვასწარით. დღე მართლაც მცხუნვარე მზეს გვპირდებოდა, ასე რომ, თამთას ჯგუფისთვის ჩვეული გადარბენით გადავიღეთ შატილი და მუცოსკენ გავწიეთ. გზად წუთშესვენება მოვაწყეთ - არღუნს იქით ულამაზეს ტყვიის შემცველ კლდოვან ფორმაციებს ფოტოსესიის გარეშე გვერდს ვერ ავუვლიდით; არღუნს აქეთ კი გადავაწყდი ჩემს ულამაზეს მთიელ "მეგობრებს", ერუშეთის ზეგნიდან და თუშეთიდან გამოყოლილ დიდ სიყვარულს - მონარინჯისფრო-მოყვითალო ალპურ ყაყაჩოებს. გულიანად მოვესიყვარულე-მოვეფერე და შემდეგ კი, მუცოს გზაზე, ანატორსაც მივადექით, "მკვდართა ქალაქს" - აკლდამებს, რომლის ამბავიც ჟამიანობას უკავშირდება. სხვათა შორის, უწინ ანატორი, შატილთან ერთად, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ცენტრი ყოფილა და საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის კარს კეტავდა. ტყვიის შემცველი კლდეები

აკლდამების დათვალიერება, მით უფრო - სნეულთა ძვლების, ვერაფერი სასიამოვნოა, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ უვლი გვერდს, თითქოს, იმ მწუხარების, ტკივილის თანაზიარი ხდები, ოდესღაც შენს წინაპრებს რომ დატყდომიათ თავს. და კიდევ - ამ უჩვეულო სასაფლაოსთან მისვლით, თითქოს, ვალს იხდი მათი ნატანჯი სულების წინაშე და ასე, უსახელოდ იხსენიებ გულში.

ჩვენმა თაობამაც "იგემა" ეპიდემია-პანდემია, ჩვენც ბევრი დავიტირეთ და ეს უბედურება ჯერ არ დასრულებულა. ჩვენც შევიგრძენით შიში, რაც ეპიდემიას ერთვის - შენთვის უძვირფასეს ადამიანს რომ არათუ ვერ ეფერები, ვერც კი უახლოვდები, და შენი უსუსურობის გამო, ცრემლი და ტკივილი გახრჩობს... მაგრამ ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და იმას მაინც ვახერხებთ, რომ სიფრთხილით, წესების დაცვით სამძიმარი ვუთხრათ ოჯახებს, მიცვალებულები დავიტიროთ და პატივით დავკრძალოთ, მაშინ კი... საუკუნეების წინ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რას განიცდიდნენ ისინი, ვის ძვლებსაც აქ მოუყრია თავი?! როგორ ეშინოდათ, როგორ სტკიოდათ, როგორ დასტიროდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავს? ანატორის აკლდამა

ეს ძვლებიც ეპიდემიის შედეგია: დაახლოებით, XIV-XV საუკუნეებში, სენი სხვებისთვის რომ არ გადაედოთ, სნეულები თავისი ფეხით მოდიოდნენ აქ, წვებოდნენ და სიკვდილს ელოდებოდნენ. როდესაც ანატორში მოვხვდი, პანდემიასა და ეპიდემიაზე მხოლოდ ფილმები მენახა და იმწამს ჩემი საყვარელი ფილმი გამახსენდა, იაპონური - "ლეგენდა ნარაიამაზე", ერთდროულად შემზარავიც და ადამიანურიც... გაგვაფრთხილეს, ანატორიდან კენჭის წამოღებაც არ გაბედოთ, ავს გადაეყრებითო. მახსოვს, წლების წინ წოვა თუშეთის "მკვდარ სოფელში" - წაროშიც ამგვარად გაგვაფრთხილეს; წაროშიც, ასევე, ჟამიანობის მსხვერპლი გამხდარა იქაური მოსახლეობა. ხევსურეთის აკლდამებზე გვიამბეს: შვილს შეჰყრია სენი, ჯანმრთელ დედას აკვნით წაუყვანია ჩვილი იმ ადგილას და თავადაც იქვე დარჩენილა. ასე, ერთგულად შეკვდომია საკუთარ პირმშოს. ეს ამბავიც შემზარავია და... ადამიანურიც.

ანატორიდან არღუნის ხეობას ჩეჩნეთში გადაჰყავხარ. ადრე ალაქოს ხევზე, დაახლოებით, 14-15 კილომეტრში ყოფილა საზღვარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენივე დაუდევრობით, ქართული პოლიტიკის უნიათობით, რუსები საგრძნობლად მოგვიახლოვდნენ. ანატორიდან კარგად ჩანდა ბოლო პერიოდში რუსების მიერ გადმოწეული საზღვარი. მოკლედ, ერთ მხარეს ჩეჩნეთია და რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, მეორე მხარეს, ასევე, საზღვრის გაყოლებაზე იწყება ხეობა, რომელსაც მიღმახევს ეძახიან. აქ არის სოფლები: მუცო, ხონისწყალი, არდოტი, არჭილო, ანდაქი, ხახაბო; სოფლები, რომლებიც, სამწუხაროდ, თანდათან ნასოფლარებს ემსგავსება. მუცოდან დანახული

ანატორიდან მალევე წავედით მუცოსკენ. რომ მივუახლოვდით, პირველი თორღვას კოშკი "შემოგვეგება", ხევსურების საგუშაგო. ზოგადად, მუცო ძალიან მკაცრი, პირქუში და ძნელად მისასვლელი მეგონა და სინამდვილეშიც, ასეთი ყოფილა, თურმე, ერთ დროს აუღებელი ციხე, მტერს ფეხს რომ არ ადგმევინებდა მის კალთებზე, მაგრამ ჩვენ - სიყვარულით მისულები, მისიანები - ხალისით მიგვიღო. ლამის ხტუნვა-ხტუნვით ავედით და ჩამოვედით. ასვლისას ეტყობა, მეტისმეტად გაბრწყინებული სახე მქონდა, თამთა ჭანტურიამ რომ შემომძახა: ბედნიერი ხარო? პასუხისას მხოლოდ "ძალიანს" არ დავკმაყოფილდი და აღტაცების გამოსახატავად ლამის გასაფრენად გავშალე ხელები...

ტურისტებით გადაჭედილი იყო იქაურობა... არა მარტო უცხოელი, არამედ - ძალიან ბევრი ქართველი ტურისტი ვნახეთ, ახალგაზრდობა სჭარბობდა, რამაც განსაკუთრებით გაგვახარა. ჩვენდა გასაოცრად, რამდენიმე საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონიც დავინახეთ. ერთ-ერთი მათგანი, ციხიდან ჩამოსული, ხელში მთის ყვავილით - კლდის დუმით, ასვლისას შემოგვხვდა. მუცოთი აღფრთოვანებულმა, წამში გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და დაგვარიგა, აქედან ყვავილები წაიღეთ, ბედნიერებას მოგიტანთ ოჯახშიო. მუცოს აღმართზე წუთშესვენება

ვიკითხე და გიორგი გიგაურმა მიმდებარე ფერდობზე, შორიდან დამანახვა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა შემოქმედის, თეონა ქუმსიაშვილის ხევსურული აკლდამა-საფლავი. მთის იმ ფერდობზე, დაბლაც და მაღლაც, ბევრი აკლდამა მოსჩანდა, თუმცა თეონასი თითქოს გამოირჩეოდა სხვებისგან... ისევე, როგორც თავად თეო გამოირჩეოდა ბევრისგან... მუცოს წვერზე

მუცო აშკარად ზემოთ გვექაჩებოდა. ციხის სარეკონსტრუქციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. გრძელი საბაგირო გაეკეთებინათ და ასე ეზიდებოდნენ მაღლა დიდ მორებს. უცებ გიორგის ხმა ჩამესმა, ლექსს ამბობდა და თანაც ყური მოვკარი, ნასვამმა დავწერეო, თქვა. სასწრაფოდ ჩამწერი ჩავრთე: "...ვერვინ შეგბედა დუშმანის ხელით,/ რომ აგრეოდა გზა და ბილიკი,/ გულის გულშია გადანახული/ გაუტეხელი მხარი პირიქით,/ ანდაქის წყალით ამონასუნთქი/ შამაჯარული ნისლიან მთებით, საქართველოსკენ მომავალ მტრისკენ/ პირველნი ქავად რომლებიც დგებით,/ იყო წარსულის ლეწება ჟამთა/ და ჩაწითლება კლდეთა კორდებით,/ არ დაილევა ჯიში იმათა,/ ვისიც დედაი მღერდა გოდებით.../ თავდაუხრელთა მუცოს ციხეთა/ ფერი სდევს უცხო, შეუცნობელი, სასტიკი დროის კუშტი სახითა/ თავი აქვს მაღლა ცას მინდობილი"... თეონას აკლდამა-საფლავი გამორჩეული იყო ყველასგან...

მიხაროდა მუცოს გამოცოცხლება - კიდევ ბევრი გაოცდება და გაოგნდება მისი სიამაყითა თუ სილამაზით! მაღლა ასულები საფიხვნოს - ხევსურულ საკრებულოს მივადექით. უჰ, როგორ წამოიშალა: "...ალუდა ქეთელაური/ კაცია დავლათიანი,/ საფიხვნოს თავში დაჯდების,/ სიტყვა მაუდის გზიანი..." მუცოსაც დავემშვიდობეთ

მოპირდაპირედ ციხე იდგა. ისიც, თურმე, თორღვას სახელს ატარებდა. ზემოდან ლამის ჭიაყელასავით მოსჩანდა ისედაც ვიწრო არღუნი, ოღონდ მორბენალი ჭიაყელასავით, რადგან ძალიან სწრაფი მდინარეა. თანაც ისეთი "გაბრაზება" სცოდნია, თან მიაქროლებს, რასაც წამოედება, ამ მდინარემ დაახრჩო უამრავი ქალი და ბავშვიო.

(იხილეთ დასასრული)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს