სვანეთის ლაგურკა - კვირის პალიტრა

სვანეთის ლაგურკა

ამ ბლოგში სხვა მოგზაურობაზე ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ გულმა არ მომითმინა, სვანეთის ლაგურკაზე რომ არ მეამბნა. დღეს კვირიკობაა - წმინდა მოწამეების, კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე და გილოცავთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ადამიანებს!

წმინდა მოწამეები დედა-შვილი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო, ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როდესაც ურჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმინდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი - ტარსოსში. აქ იგი ქრისტიანობის გამო მმართველ ალექსანდრესთან დაასმინეს და ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. მტარვალმა ალექსანდრემ ივლიტას ჯერ 3 წლის შვილი მოუკლა წამებით, შემდეგ კი იგი აწამებინა და თავიც მოჰკვეთა. მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა ღამით ფარულად დაფლეს ისინი.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში. კვირიკესა და ივლიტასადმი ლოცულობენ ოჯახის ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა სწრაფად განკურნებისთვის. წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი კი საქართველოში ინახება. ლაგურკის ეკლესიასთან

ამ დღეს განსაკუთრებულად სწორედ ლაგურკაში - ამ ორი წამებულის სახელობის ტაძარში აღნიშნავენ. მე იქ ნამყოფი ვარ, ოღონდ კვირიკობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, სვანეთში ჩემი მეორე და დაუვიწყარი მოგზაურობის დროს. ამ სალოცავს ლაგურკას ეძახიან, დღესასწაულს კი - ლიგურკეს. და ეს არის საოცარი ადგილი... ზღაპრული... საკრალურ მთაზე, ციცაბო ადგილას. იქ საცალფეხო ბილიკს მიჰყავხარ, შალიანამდე! შალიანი სანაწილე ხატია. სვანები სიმართლის დასადგენად სწორედ ამ ხატზე იფიცებენ! ამ ხატზე დაუფიცებლად ამ მხარეში არც ერთი პოლიტიკური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება. აქ ეკლესიის აგებაც სწორედ შალიანს უკავშირდება.

სვანების თქმით, შალიანი სვანი იყო. ერთხელ იმერეთის მეფემ ასი სვანი გამოიწვია და მათ შეუკვეთა გეგუთის ველის მოთიბვა. შალიანმა მეფეს შესთავაზა, მარტო მოვთიბავ ველს სწორედ იმ დროის განმავლობაში, რაც ას სვანს დაუნიშნეო. მაგრამ გასამრჯელოდ შალიანისათვის მეფეს ის ნივთი უნდა მიეცა, რასაც მოითხოვდა. მეფე დათანხმდა. შალიანი შეუდგა საქმეს და დანიშნულ დროზე შეასრულა იგი. გასამრჯელოდ მოითხოვა ხატი, რომელიც დღეს ლაგურკაშია დაცული. მეფემ პირობა შეასრულა. შალიანმა ხატი შეახვია ვაცის ტყავში და სვანეთში გაეგზავრა. კალას თემის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ შალიანს ასეთი ძვირფასი ნივთი მოჰქონდა, დახვდნენ გზაში, მოკლეს შალიანი და ხატი ხელში ჩაიგდეს. მაგრამ არ იცოდნენ, სად დაესვენებინათ ხატი, ამიტომაც შეაბეს უღელში ორი კურო, უღელზე ბოძი მიაკრეს, ბოძზე ხატი დაამაგრეს და კუროები თავის ნებაზე გაუშვეს. ხარებმა გადალახეს ენგური, შეუდგნენ აღმართს და გაჩერდნენ მთის წვერზე, სადაც ახლა წმინდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესიაა. XI საუკუნეში სვანებმა აქ გააშენეს მონასტერი და მას შემდეგ აქ ინახება შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოველის ნაწილი. კვარცხლბეკზე ამაღლებული, ოქროს მოვარაყებული და ვერცხლით მოჭედილი ჯვარი

აქ დედათა მონასტერი იყო და მასში სრულიად საქართველოდან მოსული მონაზვნები მოღვაწეობდნენ. ლაგურკის დედათა მონასტერში 1704 წელს მონაზვნად აღკვეცილა იმერეთის მეფე ბაგრატის ასული თინათინი, შემდგომში თეკლად წოდებული. მთა მთლიანად დაფარულია ულამაზესი ტყით - ნაძვნარით, რომელიც საღმრთოდ ითვლება და სვანი იქ წკეპლასაც არ მოჭრის.

ყოველ 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, კალის ამ ეკლესიაში აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა. ახალგაზრდების ჯგუფი წინა ღამით ფეხით ადის, თურმე, ტაძრამდე და დღესასწაულს ღამისთევით ეგებება. იკვლება საკლავი და ცხვება ტრადიციული კვერები, რომელსაც ლემზირებს უწოდებენ, სრულდება ამ დღისთვის განკუთვნილი საგალობლები, იმართება სხვადასხვა შეჯიბრი. მათ შორის, ყველაზე ცნობილი არის ეკლესიის ეზოში მდებარე ქვის ზურგზე გადაგდება და უზარმაზარი ზარის მხრებზე მოკიდება და დაკვრა...

ოო, ლაგურკის ქვების სიმძიმე მეც კარგად მახსოვს... ამიტომ ახლა უკვე ჩემს მეგობრებთან ერთად მოგზაურობის ამბებზე გადავალ. სიწმინდეების სკივრი

ლაგურკის უნახავად სვანეთიდან წამოსვლას არ ვაპირებდით, მაგრამ უშგულში მოსულმა თავსხმამ აშკარად აგვირია გეგმები. ვიფიქრეთ, იმ სიმაღლეზე ვეღარ ავიდოდით, მაგრამ საოცრება მოხდა: მესტიისკენ ვეშვებოდით და ზუსტად ლაგურკისკენ ასასვლელ ბილიკს რომ მივუახლოვდით... მზემ გამოანათა. კარგად გვენიშნა და მანქანაში ლამის კენჭისყრა მოვაწყეთ, ვინ იყო ასვლის მომხრე. მოკლედ, მეგობრობამ გაიმარჯვა და ერთხმად გადაწყდა ასვლა. სასწრაფოდ დავუკავშირდით ეკლესიის მცველს, ვისაც კარი უნდა გაეღო, შევუთანხმდით, თან ჩემი სვანი მეგობრისა და კოლეგის - არმაზ ხარძიანის ნათესავი ყოფილა და, აბა, უარს როგორ გვეტყოდა. მოკლედ, უფალს უნდა ვუმადლოდეთ, რომ გამოგვიდარა და უშგულ-მესტიას შუა, მთის წვერიდან გადმომზირალი ულამაზესი ლაგურკის უნახავად არ გაგვიშვა. აქ, ალბათ, საკლავი იხარშება

ყოჩაღად ავირბინეთ ზემოთ. ტაძარში მისი სიწმინდეების მცველმა, ზაურ გულბანმა გვიმასპინძლა და იქაურობა დაგვათვალიერებინა. საოცარი ძალა და მადლი მოდიოდა საკურთხევლის წინ, ქვის კვარცხლბეკზე ამაღლებული, ოქროთი მოვარაყებული და ვერცხლით მოჭედილი დიდი ჯვრიდან. წმინდა კვირიკეს და ივლიტას ტაძარი ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ძეგლად მიიჩნევა და აქ XI-XII საუკუნეების წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატია დაცული. ეკლესია მოხატა მეფის მხატვარმა თევდორემ 1112 წელს (იფრაალის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატვიდან 16 წლის შემდეგ. სხვათა შორის, წინა დღეს ჩვენ იფრაალის ეკლესიაშიც ვიყავით და მისითაც აღვფრთოვანდით) კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით, რასაც დასავლეთ კედლის წარწერის შემორჩენილი ფრაგმენტი გვამცნობს. მოხატულობა უმთავრესად უმთავრესად ცალკეულ სახეებსა და წმ. კვირიკეს და ივლიტას ცხოვრების სცენებს შეიცავს. ტაძრის მოხატულობა მიწისძვრისას დაზიანებულა და გვიან შუასაუკუნეებში განუახლებიათ. არსად, სვანეთში ეკლესიას მცველი არ ჰყავდა. მხოლოდ კალის ეკლესიას დარაჯობდა ორი შეიარაღებული სვანი დღისით და ღამით. შალიანის ხატს აბრეშუმის მანდილში გახვეულს ინახავენ რკინით შეჭედილ სკივრში. წელიწადში ორჯერ, კვირიკეს და ივლიტას დღეობას, აღდგომის კვირის შაბათს და 28 ივლისს, ლაგურკაში სვანები რიტუალს ასრულებენ. კალას თემში რამდენიმე საპატიო მამაკაცი დილით შალიანის ხატს დიდი პატივით გადმოასვენებენ ტაძრიდან და განბანენ, რის შემდეგაც სანთლებითა და წმ. ზედაშით სავსე ფიალებით გარშემო შემოუვლიან ეკლესიას. რიტუალი სვანური საგალობლით სრულდება. სამრეკლოზე ირეკება ზარი. ქუდმოხდილი მამაკაცები ეკლესიის გალავანში იჩოქებენ, ქალები კი მამაკაცებისგან განცალკევებით, ერთად დგანან. სხვა სოფლებიდან მოსული მლოცველები ეკლესიის მოშორებით ელოდებიან ლოცვის დასრულებას. როდესაც რიტუალი მთავრდება, რჩეული მამაკაცები შალიანის ხატს კვლავ შეასვენებენ ტაძარში. უხუცესი მამაკაცი ხატით დალოცავს მთელ საქართველოს, სვანეთს, შეკრებილ ხალხს. ბოლოს უხუცესი ტაძარში შეაბრძანებს შალიანის წმინდა სანაწილე ხატს, რომელიც მომდევნო კვირიკობამდე იქ იქნება დასვენებული. ხატის ნარეცხი წყალი ითვლება წმინდა წყლად, რომელიც ყველაფერს არჩენს, ყველაფერს შველის... საჯილდაო ქვებს შეჭიდებული მე

როდესაც ჩვენს მასპინძელს და ამ ეკლესიის მცველ ბატონ ზაურს ვთხოვეთ, სკივრის სიწმინდეებთან მიახლების უფლება მოგვეცით-თქო, ღიმილით გვითხრა, აბა, შეხედეთ, ორი საკეტი აქვს სკივრს, მე კი მხოლოდ ერთის გასაღები მაქვს, მეორე გასაღებს კი ჩემი ძმა ინახავსო. მაშინვე მოვუბოდიშეთ და მხოლოდ სკივრთან მუხლმოდრეკას დავჯერდით. კარგა ხანს გავჩერდით ამ პატარა ეკლესიაში და მერე ეზოც დავათვალიერეთ. ირგვლივ საოცარი ხედები იშლებოდა.

ბატონმა ზაურმა ეზოში მდებარე 96-კილოგრამიანი ზარი და "საჯილდაო ქვებიც" გვაჩვენა. ერთი ქვა მამაკაცებისთვის ყოფილა განკუთვნილი, დანარჩენი ორი - ქალებისთვის. ტაძრის ეზოდან ჩემს მეგობარ არმაზს დავურეკე და ვახარე, შენს მშობლიურ კალაში ვარ, ლაგურკაზე-მეთქი. იმწამს დაჟინებით მომთხოვა, ქალების ქვებიდან ერთ-ერთს მაინც დაეჭიდე, ეგებ აწიო კიდეცო. ქვებს რომ შევხედე, სიცილით მოვკვდი, - ამას რა დაძრავს-მეთქი, მაგრამ არმაზს მაინც ვერ გავუტეხე ხათრი და... ჰოი საოცრებავ: ჯერ ერთი ქვა წამოვწიე, მერე მეორე, უფრო მოზრდილი "წამოვაყენე ფეხზე". ჩემი მეგობრები ტაშს მიკრავდნენ, მე კი გაოგნებული და ბედნიერი დავყურებდი ქვებს - მე ეს შევძელი! ბოლოს გაირკვა, რომ თუკი ქვას მოერეოდი, ნატვრა-სურვილი აგისრულდებოდა. ქვასთან შეჭიდებისას ეს პირობა ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ, უნებლიეთ, რაღაც მართლაც ჩავიფიქრე... ჰოდა, იმედია, ამისრულდება, თქვენ კი სვანეთში მოგზაურობას გისურვებთ - მერწმუნეთ, სვანეთს თუ ნახავ, ის შენი სულიდან, გულიდან და თვალიდან არასდროს გამოვა და მუდამ სიყვარულის აღმაფრენით გატარებს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს