უძველესი სელის ძაფიდან უძველეს "კოტეს" ნაბინავარამდე - კვირის პალიტრა

უძველესი სელის ძაფიდან უძველეს "კოტეს" ნაბინავარამდე

ჭიათურა ბავშვობიდან მიყვარდა - ბებია-ბაბუებით, ბიძა-ბიცოლებით, ბიძაშვილებით, არდადეგებით, მეზობლების ეზოში უნებართვოდ დაკრეფილი ბლითა თუ სიმინდის ტაროებით, კიდევ ათასგვარი ცუღლუტობებით, თავგადასავლებით, თამაშობებით, გაპრანჭვა-სიყვარულებით, გაბუტვებით, უბნის კონცერტებით, იქაური დობილ-ძმობილებით... დღეს ამ სიყვარულის უძვირფასესი ნაწილი მარადისობაშია და ლამის დავიჯერე, კლდეებში მოქცეულ-გაფანტულ ქალაქს დავშორდი და "ჩემი ჭიათურაც" უძვირფასეს ადამიანებთან ერთად გამიქრა-მეთქი...

ასე იყო, ვიდრე ხუთი წლის წინ ზაფხულის მიწურულის ერთმა მზიანმა დღემ ერთბაშად ამომიტივტივა ყველაფერი - საბაგიროთი გასეირნების, საშევარდნოს კლდიდან დანახული ჭიასავით დაკლაკნილი მდინარისა და მღვიმევის მონასტრის სიწმინდეების მოლოცვის, ჭიათურის კლდეებში ჩაკარგულ, ამწვანებულ სოფლებსა და სტალაქტიტ-სტალაგმიტებიან კარსტულ მღვიმეებში ძრომიალის შემდეგ უმნიშვნელოვანესს მივხვდი: ზემო იმერეთის იმ პატარა, მარგანეცით თუ მოუვლელობით გაშავებული, მაგრამ მაინც ულამაზესი ქალაქის სიყვარული არსად გამქრალა და არც არაფერს გაჰყოლია...

მეტიც, იმ კლდეებში სულ სხვა ჭიათურა აღმოვაჩინე - არა მარტო ჩემი, არამედ - ჩვენი, უსასრულოდ დიდი ჭიათურა, თავისი იდუმალებითა და საოცრებებით, თქვენც რომ უნდა დაათვალიეროთ და სტუმარსაც აუცილებლად აჩვენოთ...

და ამ აღმოჩენას, უპირველესად, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ჩემს მეგობარს, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორს, გეომორფოლოგსა და თსუ-ის ასისტენტ-პროფესორს გიორგი დვალაშვილს ვემადლიერები. ყველა სიკეთესთან ერთად გიორგი შესანიშნავი მთხრობელიცაა. აღარაფერს ვამბობ ჩვენი მოგზაურთა კლუბის, "აიას" წევრებზე - თამთა ჭანტურიასა და ჩემს ძველ თუ ახალ შეძენილ მოგზაურ მეგობრებზე, ვისთან ერთადაც კარგა ხანია, უცნობ-ნაცნობ "საქართველოს" მთელ "დუნიაზე" დავეძებ... ძუძუანას მღვიმე

გიორგისგან შევიტყვე, გერმანიიდან როგორ ესტუმრნენ საქართველოს ღამურების შემსწავლელი მეცნიერები - ბიოლოგები. თურმე, გერმანიის ტერიტორიაზე, ვერსად მოუხერხებიათ უნიკალურ ცოცხალ ორგანიზმზე - ღამურებზე ანუ ძუძუმწოვარი ცხოველების გვარის მწერიჭამია ხელფრთიანებზე ცდების ჩატარება და მათი შესწავლა. გიორგის სტუმრები ჭიათურის მღვიმეში წამოუყვანია და ღამურების ერთი კი არა, რამდენიმე სახეობის შესწავლის საშუალებაც მიუცია. სტუმრებს უთქვამთ, ბოლო ოცი წელიწადია, გერმანიაში არათუ ღამურა, პეპელაც კი არსად გვინახავს, რადგან ეს სახეობები ქარის წისქვილებმა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებმა გააქრეს, თქვენ კი უნიკალური პოტენციალი გაქვთ ბიოლოგიური სამეცნიერო ტურიზმის გასავითარებლადო. ძუძუანამ ყველა დაგვიტია

საჩხერე-ჭიათურის გზაზე განსაკუთრებულად კლდეში გამოკვეთილი ერთი ქვაბული მიყვარდა, "წყაროს" უწოდებდნენ და ყინულივით ცივი და გემრიელი წყალი ჩამოდიოდა... ახლაც გავიარეთ ის ადგილი და... არ ვიცი, ადამიანების დაუდევრობის ბრალია თუ ბუნებრივი პროცესების, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, თურმე, იმ ქვაბულში წყალი აღარ მოდის და, სამწუხაროდ, დღემდე იქ სიბინძურის მეტი აღარაფერი დაგხვდება!

თავდაპირველად მდინარე ყვირილას მარცხენა შენაკადის, მდინარე ნიკრისას ძალიან ლამაზ, მაგრამ მოუვლელობით გავერანებულ ხეობაში ავედით. თავიდანვე ვიცოდით, რომ მხოლოდ ძუძუანასა და კოტიას მღვიმეებს დავათვალიერებდით. ერთი დღით ვიყავით წასული და ულამაზეს მანდაეთის მღვიმეში, ვერ მოვხვდებოდით.

ძუძუანას მღვიმისკენ მიმავლებს, გიორგი გვიხსნიდა, რომ ეს ტერიტორიები ოდესღაც ზღვით იყო დაფარული, რასაც არაერთი ფაქტი ადასტურებდა: ზღვის ტალღების შედეგად წარმოქმნილი სტრუქტურული ტერასები, ზღვის წყალმცენარეები, ზვიგენის კბილები, ნიჟარები და სხვ. ხრამის ხეობასთან ერთად, ეს ყოფილა არა მარტო საქართველოს, არამედ - კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ხმელეთი, რომლის ასაკი საშუალოდ 50 მილიონ წელსაც აღწევს. აქ საუკეთესო პირობები იყო ადამიანების დასასახლებლად და სწორედ აქაურ მღვიმეებში ვაწყდებით უძველესი ადამიანების ცხოვრების კვალს. ალბათ ამიტომ დაერქვა ძუძუანა

სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე არსებულ ორსართულიან ძუძუანას მღვიმეს შორიდან "ვიცნობდი", მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა ყველაფერს გადააჭარბა. არავის გვიკითხავს, რატომ ერქვა მღვიმეს "ძუძუანა", რადგან თავად ნაღვენთების ფორმები გვაძლევდა უტყუარ პასუხს. მღვიმე 1966 წელს დავით თუშაბრამიშვილს აღმოუჩენია და 1975 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა გათხრებსაც. 1996 წლიდან 2000 წლამდე გაგრძელებულმა გათხრებმა კი უნიკალურ აღმოჩენამდე მიიყვანა მეცნიერები: მღვიმის შესასვლელშივე მიაგნეს ძაფის ნაშთებს, რომლის ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა მისი ასაკი - 34 ათასი წელი, და ფაქტურა - იგი ზედაპალეოლითური, გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოებისაგან არის გაკეთებული. ამით დადასტურდა, რომ ამ პერიოდში ადამიანები ტანსაცმელს ატარებდნენ. აქვე იპოვეს სადგისებიც და კიდევ სხვადასხვა სამუშაო იარაღი... კოტიას მღვიმის შესაძრომი

მღვიმე საკმაოდ მაღალი და ფართოა, ამიტომ ძალიან იოლად შევედით. მასში გაედინება ნაკადული. აქ ბინადრობენ ობობასნაირები, ღამურები და წურბელები. პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომი მღვიმის წინა ნაწილში ყოფილა, ზედა ფენაში კი თიხის ჭურჭელი აღმოუჩენიათ; აქვეა ნაპოვნი პირველყოფილი ძაღლისა და ზურტაკეტის ცხენის დიდი ზომის ნაშთები. პირველ სართულზე ბევრი ვიძრომიალეთ, ყინულიან კლდეზე ვისრიალეთ და ვიხტუნავეთ კიდეც, ნაკადულში რომ არ დავსველებულიყავით. მაინც ადვილი გასავლელი იყო, თუმცა გვარიანად დატალახიანებულები გამოვძვერით უკან. მეორეზე სართულზე ვერ ავედით, რადგან საამისო სპელეოლოგიური აღჭურვილობა არ გვქონდა. ამ მღვიმეში სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებთან ერთად სტალაგნატებიც - გაერთიანებული ნაღვენთი ფორმებიც ვნახეთ. ღრმად, მღვიმეში უკუნეთი სიბნელე იყო. ვარაუდით, ეს მღვიმე ისეთი მოცულობისაა, რომ მისი მეორე სართულის დარბაზი სათანადო შესწავლის შემდეგ შესაძლოა სამკურნალოდ ანუ სპელეოთერაპიისთვისაც გამოდგეს. აქ ეკოტურიზმისთვისაც შესანიშნავი გარემოა. მღვიმევის მონასტერი კლდეში

ჭიათურული თავგადასავალი ძუძუანას მღვიმიდან ქალაქ ჭიათურაში გაგრძელდა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საბაგიროთი გასეირნების შემდეგ უძველეს და ულამაზეს მღვიმევის მონასტერს ვესტუმრეთ, მოვილოცეთ, სასწაულმოქმედი წყალიც ვიპკურეთ თვალებზე და გეზი სოფელ სვერისკენ ავიღეთ - ამჯერად კოტიას კლდის მღვიმე გველოდებოდა.

სოფელი სვერი გამორჩეულია ისტორიული წარსულით, თანამედროვე რელიეფით, ბუნებრივი ღირშესანიშნაობებით, კარსტული მღვიმეებითა და ადგილით, რომლის დათვალიერებასაც ჩვენ ვაპირებდით.

ადგილს, სადაც კონკრეტული მღვიმე უნდა გვენახა, ადგილობრივმა მოსახლეობამ კოტიას კლდე უწოდა მისი აღმომჩენის - კოტე ცუცქირიძის პატივსაცემად. სწორედ ამ ადამიანმა აცნობა ახალი მღვიმის არსებობა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ანუ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ამ ძეგლის არსებობის შესახებ უკვე იცოდნენ. 2002 წლიდან აქ დაზვერვითი სამუშაოები დაიწყო და 2004 წლის 4 აგვისტოს ექსპედიციის წევრებმა, პირველად კავკასიის არქეოლოგიის ისტორიაში, პალეოლითელი ადამიანის მთლიანი ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც კოტე ცუცქირიძის პატივსაცემად კოტე უწოდეს. ჩონჩხის ასაკად მეცნიერებმა 11 500 წელი მიიჩნიეს. სხვათა შორის, ამ კლდესთანაც დაგვხვდნენ სვერელები, რომელთაგან ერთ-ერთი მამაკაცი თავად კოტიას შთამომავალი აღმოჩნდა. კოტიას მღვიმის საოცრებები

კოტიას კლდის მღვიმის ვიწრო შესაძრომი სრულიად განსხვავდება ძუძუანას მღვიმის მაღალი და ფართო შესასვლელიგან. რა თქმა უნდა, მაინც შევძვერით და რაღაც მონაკვეთში წელშიც გავიმართეთ, მაგრამ... მხოლოდ ცოტა ხნით, რადგან ღრმად შესვლა ტალახში ფორთხვას უდრიდა. სამწუხაროდ, სათანადოდ არ მეცვა, თუმცა რამდენიმემ გაძრომა-გამოძრომა მაინც შეძლო. კოტიას მღვიმის იმ წერტილიდან, რომლის იქით თოკებისა და აღჭურვილობის გამო ვეღარ წავიდნენ, 10-15 მეტრში მიწისქვეშა ჩანჩქერი ყოფილა და დასანანია, რომ ვერ ვნახეთ. უკანა გზაზე რამდენიმე ადგილას გიორგიმ და ჩვენმა ადგილობრივმა მთამსვლელმა თანამგზავრმა გია ციცვიძემ მარკირებაც კი გააკეთეს, ეგებ, რომელიმე ტურისტს აქეთ წამოსვლა მოუნდეს და გზა რომ არ აებნესო...

მსოფლიოს მნიშვნელობის აღმოჩენების კერა - ჭიათურის მუნიციპალიტეტი უეჭველად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას და იმედია, ამისთვის ადგილობრივი ხელისუფლებაც იზრუნებს და ტუროპერატორებიც დაინტერესდებიან, მღვიმეებს ტურისტულ მარშრუტში ჩასვამენ და ბევრი უცხოელი თუ საქართველოს მცხოვრები ტურისტი-მოგზაური მოინდომებს მის დათვალიერებას. ამით ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება და შემოსავალი ჭიათურასა და ჩვენს ქვეყანასაც წაადგება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს