მიურატებთან ჭკადუაშში
მიურატებთან ჭკადუაშში
ფოტო:მე და სტუმართმოყვარე პრინცი ალანი
სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში ხშირად ჩავდივარ ხოლმე და ჩემს მეგობარ ნინო მამფორიასთან ერთად სამეგრელოს ბევრი საინტერესო ადგილი მომივლია, ყველა დაუვიწყარი, მაგრამ... დაახლოებით, 4-5 წლის წინანდელი ზაფხულის სპონტანური, ხანმოკლე და არცთუ შორეული მოგზაურობა-სტუმრობა გამორჩეულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ამ სტუმრობას სხვა სტუმრობა უძღოდა წინ, უნივერსალურ ადამიანთან - ფოლკლორისტ, ლოტბარ, გურმან, დეკორატორ, ქარგვის ოსტატ, ხატმწერ, მებაღე და არაპროფესიონალ არქიტექტორ ბესიკ ჭითანავასთან, მის კოლხურ სახლში.

თავის სახლს რომ მათვალიერებინებდა, ბესომ ფარდებზე შეაჩერა ყურადღება და მითხრა, პარიზულია,
პრინცესა მიურატის ნაჩუქარიო... ვიცოდი, რომ სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შთამომავლები ხშირად სტუმრობდნენ ზუგდიდს და წინაპრების ჭკადუაშისეული მამულის სამონადირეო რეზიდენციას, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, ლუსიენ მიურატისა და მერი დე როან-შაბოს ერთადერთი ვაჟის - სანახევროდ საქართველოში გაზრდილი აშილ მიურატის შვილიშვილი, პრინცი ალანი და მისი მეუღლე პრინცესა
ვერონიკა უკვე მუდმივად თუ ცხოვრობდნენ იმ მამულში. ბესო ჭითანავა პრინცესა ვერონიკას ზუგდიდელი მართლმადიდებელი ნათლია აღმოჩნდა და მაშინვე შემომთავაზა მათთან სტუმრობა. წამითაც არ შევყოყმანებულვარ, ისე დავთანხმდი ჩემს მასპინძელს - ჯერ ერთი, დადიანების მამულისა და შთამომავლების გაცნობა მინდოდა და მეორეც - სამეგრელოს იმ მხარეს არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებდა.
დადიანების სამონადირეო სასახლე და ეკატერინესეული გინკო ბილობა
მე, ბესო და ნინო მანქანით გავემგზავრეთ. ჭკადუაშამდე გზამ განმაცვიფრა - სამოთხესავით ლამაზი იყო იქაურობა, ჭკადუაში კი - ულამაზესი სოფელი აღმოჩნდა, ზღაპრული ხედებით. ცხადია, სხვაგვარად არც დადიანები აირჩევდნენ იქაურობას რეზიდენციად. სწორედ ამ სოფელში, სასახლიდან არცთუ ძალიან შორსაა დასაფლავებული ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის სიძე - აშილ მიურატიც.

ჩემმა მეგზურმა საკმაოდ შელახული, საღებავგადაცლილი რკინის ჭიშკარი შეაღო და დადიანების ისტორიულ მამულშიც შევაბიჯეთ. გზად პატარა ველოსიპედისტმა ჩაგვიქროლა, მიურატების შვილიშვილი აღმოჩნდა. სასახლემდე ორ ულამაზეს სურნელოვან ოსმანტუსს ჩავუარეთ და მასპინძლებიც გამოჩნდნენ. პრინცი და პრინცესა სასახლის გვერდით, გასაბერ აუზთან ფუსფუსებდნენ, ბავშვები კი "სახლობანას" თამაშობდნენ - ვაჟებსა და გოგონებს ცალ-ცალკე ტერიტორიები შემოეფარგლათ, "ბუხრები" აეგოთ და აეგიზგიზებიათ კიდეც. ჩვენმა მისვლამ ცოტათი დაურღვიათ მყუდროება. თავდაპირველად, ბავშვით ხელში, პრინცისა და პრინცესას ხალისიანი და მომხიბვლელი ქალიშვილი მატილდა შემოგვეგება. არანაკლებ ხალისიანი აღმოჩნდა მისი პატარა თამარიც - ჩანს, დანახვისთანავე მოვეწონეთ და მაშინვე ჩვენთან თამაში მოინდომა. ჩემი მეგზურისგან ვიცოდი, რომ მატილდა 10 წლიდან საქართველოში იზრდება და არათუ ქართული, მეგრულიც საკმაოდ კარგად იცის. ახლა ქართველ მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მისმა უფროსმა შვილებმა - თინათინმა, დემეტრემ და ცოტნემაც კარგად იციან ქართული და ფრანგული. მიურატების შთამომავალი შევაქეთ - ოთხი შვილის დედობა ხუმრობა სულაც არაა! მან კი გაგვიღიმა, - ვფიქრობ, ორი გოგონა და ორი ვაჟი საკმარისია, ახლა სხვებმა გაამრავლონ საქართველოო.
აშილ მიურატი და სალომე დადიანი
თავად პრინციც და პრინცესაც მრავალშვილიანი ოჯახებიდან ყოფილან - პრინცი 9-შვილიანი ოჯახის მეცხრე შვილია, პრინცესას ოჯახში კი 11 და-ძმა გაიზარდა. პრინცესა ვერონიკა გვარად დე შაბოა. სხვადასხვა ეპოქაში დე შაბოები საფრანგეთში ძალიან გავლენიანი ადამიანებად მიიჩნეოდნენ. მისი წინაპრები ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობდნენ და ტიტული და გერბი სწორედ ამით მიუღიათ. იერუსალიმის პირველი ქრისტიანი მეფეც მისი წინაპარი ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დროს მის ბაბუას 4 ათასი პირადობის მოწმობა გაუცია და ამით ებრაელები სიკვდილისგან დაუხსნია. მისი ოჯახი საქართველოსაც კარგად იცნობდა - ბებია, თურმე, ბაგრატიონებთან მეგობრობდა.
ეკატერინესეული ბუხარი და ნაპოლეონ მესამის მაგიდა სკამებით და ჭაღი
მოთამაშე ბავშვებს რომ მივუახლოვდით, მატილდამ ღიმილით აგვიხსნა: შავგვრემნები ქართველები არიან, ქერები კი - ფრანგებიო. ქერათმიანები ბავშვები საფრანგეთიდან სტუმრად ჩამოსული პრინცესას შვილიშვილები იყვნენ, პირველი ქორწინებიდან მისი ქალიშვილის შვილები.

პრინცი და პრინცესა ძალიან სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ. გაუფრთხილებლად ვეწვიეთ, მაგრამ იოტისოდენადაც არ უგრძნობინებიათ უკმაყოფილება - ბოლოსდაბოლოს მათი ოჯახის ნათლიამ მიგვიყვანა და... ქართული ორივეს კარგად ესმის, მაგრამ თავისუფლად ლაპარაკი უჭირთ, ამიტომ დამტვრეულ ქართულს შეზავებული ფრანგულით გვესაუბრებოდნენ.
პრინცი ალანი და პრინცესა ვერონიკა
ჩემი ყურადღება სასახლის გვერდით მდგომმა უზარმაზარმა ხემ მიიპყრო. პრინცმა ალანმა მაშინვე ამიხსნა, - ეს ხე ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სიცოცხლეში დაირგო, გინკო ბილობა ჰქვია და მისგან ბილობილს ამზადებენო. მერე მიწაში ჩამაგრებულ ნათურებზე მიმითითა, - ღამით განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა, ეს პატარა ნათურები ჩვენ დავაყენეთ, გინკო ბილობაზეც დავამაგრეთ და რომ აინთება, მის ნახვას არაფერი სჯობსო.

საუბარში მატილდაც ჩაერთო: ეს სასახლე მთლიანად ჩვენ გავაკეთეთ. აქაურობა, ფაქტობრივად, გავერანებული იყო. ბოლომდე მაინც ვერ დავასრულეთ. საკმაოდ დიდი სამუშაო დარჩა. დედამ ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა. მხოლოდ დიზაინს არ ვგულისხმობ - ქსოვილის შპალერიც თავად გააკრა, ფრანგული სტილით და სამზარეულოს კაფელიც. საერთოდაც, შინ რასაც ახალს ნახავთ, სულ დედას ნამუშევარიაო. პრინცესა ვერონიკას მართლაც ძალიან დახვეწილი გემოვნებით და ოსტატურად მოუწყვია ოთახები. ხალისიანი ქალბატონი ჩანდა და, როგორც ზუგდიდელებმა მითხრეს, - გულისხმიერი და ქველმოქმედიც.
ნაპოლეონის სახელობის ჟოლოსფერი საძინებელი
სასახლის ერთ ფლიგელში დროებით მოწყობილ სახელოსნოსაც ვეწვიეთ. ეს დიდი ოთახი ოდესღაც დადიანების სასახლის სამზარეულო ყოფილა. აქ ქაღალდისგან დამზადებული ძალიან ლამაზი ფიგურები დამხვდა გამოფენილი. დიდი ნაწილი პრინცესა მატილდას ნამუშევარია, ნაწილი - მისი შვილებისა და დისშვილების, დანარჩენი - მატილდას მოსწავლეების, რადგან ახალგაზრდა პრინცესა ხელოვნების გაკვეთილებს სოფლის ბავშვებსაც უტარებს, პარალელურად კი, თბილისში, ფრანგულ სკოლაში ასწავლის ხელოვნებას. სხვათა შორის, მატილდა მუყაოსგან ავეჯსაც ამზადებს...

სახელოსნოდან საცხოვრებელ ნაწილში გადავინაცვლეთ. იქ კი უძველესი და ულამაზესი ნივთების გალერეაში აღმოვჩნდით. პრინცსა და პრინცესას აქ გადმოუტანიათ მათ ზუგდიდის სახლში გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი ნივთები - მსოფლიოს ისტორიაში ცნობილი პირველი მიურატის - ნაპოლეონ პირველის დის ქმრის, იოაჰიმის პორტრეტი; ასევე, ალანის ბაბუა-ბებიის - აშილ მიურატის უფროსი ვაჟის, ლუსიენ შარლ დავითისა და მისი მეუღლის - მარი დე როან-შაბოს პორტრეტები; პიკასოს მეგობრის მიერ დახატული ალანის მამის - აშილის ბავშვობის პორტრეტი და სხვა. მართლაც გამორჩეული და მდიდრული იყო მისაღები ოთახი. აქ უძველესი, ეკატერინე ჭავჭავაძის დროინდელი ბუხარი შემორჩენილა. პრინცმა მითხრა, ეს ბუხარი დღესაც ათბობს მთელ ოთახსო; ალანსა და ვერონიკას აქვე დაუდგამთ XVIII საუკუნის ულამაზესი ხის კარადა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს - სახლიდან გატანილი ჰქონიათ და დაშლილს, თურმე, მოშორებით ინახავდნენ. ამ კარადას შიგნიდან პრინცესას ხელნაკეთი ქსოვილი აქვს გამოკრული, შიგ კი უნიკალური კოლექცია მოუთავსებიათ - ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის დამღიანი ნაწარმი. იმ ოთახშივე დგას ნაპოლეონ მესამის მაგიდა და სკამები, ასევე, ნაპოლეონისეულია ამ და მის მომდევნო ოთახში დაკიდებული ჭაღებიც...
პრინცესას მიერ მოწყობილი ფრანგული სამზარეულო
მატილდამ დედის მიერ კუბოკრული კაფელით გაწყობილი, ფრანგული სტილის სამზარეულო დამათვალიერებინა. აქ თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ქართულ-ფრანგული თემები მონაცვლეობს. ერთ კუთხეში პრინცესას კიდევ ერთი კოლექცია - სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი თუ შეძენილი ულამაზესი ქვები ეწყო... ოთახებს მატილდას ნამუშევრებიც ამშვენებდა - გამორჩეულად მუყაოსგან დამზადებულმა თარომ მომხიბლა.
განსაკუთრებული მეგზურობა კი თავად პრინცმა გამიწია. სიამაყით მაცნობდა თითოეული წინაპრის ფოტოს, ყველაზე დიდხანს კი ბაბუა აშილის ბავშვობისა და ყმაწვილკაცობის ფოტოებთან შემაყოვნა, - ბავშვობიდან კარგი მონადირე ყოფილა, ამ ფოტოდანაც ხომ ჩანსო.

მერე მთელი სახლი შემომატარა, უძველესი კარიც მაჩვენა, ჯერ ვერ ჩამოვკიდეთო. ცოტა ხნით პრინცესა ვერონიკას შლაპების კოლექციასთანაც შევჩერდით და ბოლოს, ნაპოლეონის სახელობის ჟოლოსფერ საძინებელშიც ამოვყავით თავი - კედელს თავად ნაპოლეონის პორტრეტი ამშვენებდა...
მისაღებ ოთახში ნაპოლეონ მესამის ჭაღის ქვეშ ფრანგულ სავარძელში
მასპინძელი ეზოშიც გამიძღვა. სასახლის შენობის უკანა მხრიდან ულამაზესი ხედი გადაშლილიყო. დაბლა მოსჩანდა ხევი, სადაც, დადიანებს ტბა ჰქონიათ. ნადირობიდან დაბრუნებულები, დაღლილ ცხენებს, ტბაში აგრილებდნენ. სწორედ იმ კუთხიდან მოსჩანდა აფხაზეთის საზღვარიც - იქვე, ყურისძირში ყოფილა. ჭკადუაშელი მიურატები, თურმე, ყოველ საღამოს გაჰყურებენ მზის ჩასვლას. თანაც იცით, როგორ? - თუკი სასახლეს შვილიშვილებიც სტუმრობენ, პრინცესასთან ერთად დგებიან მეორე მისაღები ოთახის ფანჯარასთან, საიდანაც არათუ მზის ჩასვლა, აფხაზეთის საზღვარიც შესანიშნავად მოსჩანს. დროებით უჩარჩოოდ დარჩენილი ფანჯრიდან ხმამაღლა ითვლიან უკუსვლით - ათიდან ერთამდე, იმდენჯერ იმეორებენ, ვიდრე იქაურობას ბინდი არ დაფარავს და მხოლოდ განათებული საზღვარი არ მოსჭრით თვალებს...
მზე ნელ-ნელა ეშვებოდა აფხაზეთში დარჩენილ ზღვაში
იმ საღამოს ბევრი ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და ბოლოს, მზის ჩასვლას ნაპოლეონ მესამის ჭაღის ქვეშ, ფრანგული თეფშებით გაწყობილ უძველეს მრგვალ მაგიდასთან, ფრანგულ სავარძელში მოკალათებულები შევხვდით - გემრიელად შევექცეოდი პრინცესა ვერონიკას მორთმეულ ხილის ჩაისა და ცივ საზამთროს, პრინც ალანის შემოთავაზებული ღვინით საქართველოს სადღეგრძელოს ვსვამდი და, ცრემლმორეული, მიურატებთან და ქართველ მეგობრებთან ერთად ვმღეროდი - "საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის"...

ალბათ, ასეთი გრძნობით, იშვიათად მიმღერია.
მზე ნელ-ნელა ეშვებოდა აფხაზეთში დარჩენილ ზღვაში, განათებული საზღვარი კი, გრძნობებიანად, თანდათან ბუნდოვანდებოდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
პრინცი სეროჟა
28 აგვისტო 2021 04:48
სალომე დადიანს პლანშეტი უდევს მუხლზე? :)
ეკა
25 აგვისტო 2021 14:12
მადლობა ირმა, ძალიან ვისიამოვნე❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები