ბიზანტიის კარიბჭით ურარტუს ციხე-ქალაქისკენ - კვირის პალიტრა

ბიზანტიის კარიბჭით ურარტუს ციხე-ქალაქისკენ

ბიზანტიის კარიბჭით ურარტუს ციხე-ქალაქისკენ

წლევანდელ ზაფხულს თურქეთის სამხრეთში გაჩენილმა ხანძრებმა და ქალაქ მერსინის ხშირმა ხსენებამ ე.წ. თურქეთის დიდი ტური გამახსენა... როგორც იქნა ჩემი ზურგჩანთის ის სათავსო გავხსენი, სადაც ამ ზღაპრული, შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე დღეების წერილები მქონდა ჩაკეცილი...

2015 წლის სწორედ აგვისტოს მიწურულს, მარიამობას გავემგზავრეთ 9-ნი 9-დღიან მოგზაურობაში. ალთუნ-სიმუსებად წოდებულმა ჯგუფმა ტური კაპადოკიასა და თურქეთის საკმაოდ ვრცელ ნაწილს მივუძღვენით - ისტორიულ ურარტუს, ხათებ-ხეთების სამეფოს, კილიკიასა და ანატოლიას, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროთიც დავტკბით და ნემრუთის მთაზე, ზევსისა და მისი შვილების ქანდაკებებთან ერთად ულამაზეს ალიონსაც შევეგებეთ... ეს ანონსად მოგახსენეთ, დაწვრილებით კი გზადაგზა, წერილ-წერილ გიამბობთ!

გავიარეთ კარიბჭე, რომელიც ისტორიულ საქართველოს ისტორიული ბიზანტიისგან ჰყოფდა

ჩვენი შავი მინიბუსით შტურმანმა ზვიად ჩიტაურმა, გენერალ-სიმუსმა თამთა ჭანტურიამ, რიგითმა სიმუსებმა - მზევინარ მჟავანაძემ, თამარ ბარბლიშვილმა, ლია მინაძემ, ლაზარე კვირტიამ და თქვენმა მონა-მორჩილმა - მე, უკვე მერამდენედ გადავჭერით ვალეს მხრიდან საქართველო-თურქეთის საზღვარი. ამჯერად ორი ახალშემოერთებული სიმუსიც გვყავდა - რუსუდან ქაფიანიძე და მისი ვაჟი გიო. ღამით მოგვიწია მგზავრობამ, გარეთ სუსხი იყო და, მგონი, თურქ მებაჟეებს შეეზარათ კიდეც თავისი თბილი "კაბინიდან" გამოსვლა, ამიტომ პასპორტები იქით ვაახლეთ. "თამამ, თამამო" (ანუ კარგითო), - გვითხრეს და ის-ის იყო, საბაჟოდან უნდა გავსულიყავით, რომ ერთ-ერთი მაინც გამოვიდა, მანქანას მოუახლოვდა და რატომღაც ჩემს პასპორტს მიუბრუნდა. თითქოს იზეპირებსო, ჩემი სახელი რამდენჯერმე ტანჯვით ხმამაღლა წარმოთქვა, ბოლოს კი სახელსაც შეეშვა, ჩვენც და გაბადრული დაგვემშვიდობა.

უკუნეთ სიბნელეში მივდიოდით და ცოტა არ იყოს, დავიძაბეთ. ხუმრობა ხომ არ იყო - ერთ დღე-ღამეში თბილისიდან კაპადოკიამდე ლამის 1500 კილომეტრი უნდა გაგვევლო. ჩვენ რა გვიშავდა, ზვიადი კი გვეცოდებოდა, თან სახიფათოც იყო, ამიტომაც თვალის მისალულად 1 საათით ე.წ. სასიცოცხლო ობიექტთან ანუ ავტოგასამართ სადგურთან შევისვენეთ.

მალე ცაც შეფერადდა, ინათა და კვლავ დავიძარით. ერზრუმს (ისტორიულ ბასიანს) რომ ჩავუარეთ, გათენდა კიდეც. მალევე გავიარეთ შემორჩენილი კარიბჭე, რომელიც ისტორიულ საქართველოს ისტორიული ბიზანტიისგან ჰყოფდა და, ასევე, მალევე აღმოვჩნდით ერზინჯანთან. თამთამ იცოდა, რომ იქ, რომელიღაც ბორცვზე ძველი ურარტუს ციხე-ქალაქი იყო. კითხვა-კითხვით მივაგენით კიდეც იმ ბორცვს და იქ მომუშავე არქეოლოგებსაც შევხვდით. ერზრუმის მუზეუმის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და თანამშრომლები კეთილგანწყობით შეგვხვდნენ, თუმცა ინგლისურად მოსაუბრე სიმპათიური თურქი არქეოლოგის მოსვლამდე ბევრი ვერაფერი გაგვაგებინეს.

მეჰმეტ ალი ილმაზი ორი კედლის ნაკვალევთან

ასე გავიცანით მეჰმეტ ალი ილმაზი, რომელიც, თურმე, თბილისშიც იყო ნამყოფი, არქეოლოგთა კონფერენციაზე. მეჰმეტმა მთელი ალთინთეფე მოგვატარა, ფოტოებიც გადაგვაღებინა და დაწვრილებით აგვიხსნა, სად რა იყო განლაგებული, რა ფენებს მიაკვლიეს და კიდევ რას ეძებდნენ. ახლა მე მოგიყვებით, რაც ახალგაზრდა არქეოლოგმა ციხე-ქალაქზე გვიამბო:

სამეურნეო სათავსოები

ალთინთეფედ წოდებული, ურარტუს ციხე-ქალაქის ნანგრევები ქალაქ ერზინჯანის აღმოსავლეთით, 20 კილომეტრში მდებარეობს. მას 1959 წლიდან სწავლობდა თურქი არქეოლოგი თაჰსინ ოზგუჩი. ციხე-სიმაგრე აგებულია ქვის დიდი ბლოკებითა და ალიზით, რაც ურარტუსთვის ყოფილა დამახასიათებელი. დასახლებას გარს აკრავს ბურჯებიანი გალავანი, რომლის შიგნით გათხრილია ურარტუს ტაძარი, ღია ტაძარი ან, შესაძლოა - სამლოცველო, ასევე, დიდი სამეურნეო სათავსი, მიწისქვეშა გამაგრება, ქვის აკლდამები და სხვა ნაგებობები.

ურარტუური უნიტაზი

აღსანიშნავია ქვის სამკამერიანი აკლდამა, რომელშიც ქალისა და მამაკაცის სარკოფაგებთან ერთად სარეცელი, სკამები, ეტლის ნაწილები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, რკინის საჭურველი და შრომის იარაღი, ცხენის აღკაზმულობა, ბრინჯაოს მცირე ქანდაკებები, ბრინჯაოსა და ძვლის სხვადასხვა ნივთი, თიხისა და ასურული ქაშანურის ჭურჭელი, ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით შემკული ტანსაცმელი, ოქროს ყელსაბამის ნაწილები აღმოუჩენიათ. საყურადღებო ყოფილა ბრინჯაოს ორი ფირფიტა.

ქალაქის კანალიზაცია

ერთზე გამოსახულია ფრთოსან ცხენზე მდგომი ღვთაება, მეორეზე - სამ რიგად ომისა და ნადირობის ეპიზოდები. აღმოჩენილი ნივთები განეკუთვნება ურარტუს აყვავების ხანას (ძვ. წ. 713-679 წწ.). უღრმეს ფენაში აღმოჩენილია ადრეული ბრინჯაოს ხანის კერამიკა.

აქ ოდესღაც ქალდუსადმი მიძღვნილი ტაძარი იდგა

ალთინთეფეს ერთ-ერთ ტერასაზე მდებარეობს ბაზილიკის ტიპის ეკლესია, შიგნით კოლონებით, მოზაიკის იატაკით, სადაც ცხოველები და გეომეტრიული ორნამენტებია გამოსახული. ილმაზის თქმით, ციხეს თავდაპირველად რამდენიმე გალავანი ჰქონია, გარდა ამისა, იგი ბევრჯერ გადაუკეთებიათ და ამიტომ იქ რამდენიმე არქეოლოგიური ფენა იკითხება: ძველი - ურარტუს პერიოდის და შედარებით ახალი - ბიზანტიური.

ალთინთეფეს ეკლესია შიგნიდან მოზაიკით ყოფილა დამშვეებული

ფოტოსესიის შემდეგ არქეოლოგებს გულთბილად გამოვემშვიდობეთ და გზა ხეთების წინარე კულტურის მქონე ტომის - ხათების უძველესი დედაქალაქისკენ - ალაჯა ჰუიუკისკენ განვაგრძეთ.

(გაგრძელება იქნება) ალთუნ სიმუსები ურარტუს ციხე-ქალაქში