კლდეში გამოკვეთილი 12 ღმერთი, მეფე ნერგალი და ეგვიპტის ფარაონის ნაჩუქარი ზურმუხტისფერი ქვის ამბავი - კვირის პალიტრა

კლდეში გამოკვეთილი 12 ღმერთი, მეფე ნერგალი და ეგვიპტის ფარაონის ნაჩუქარი ზურმუხტისფერი ქვის ამბავი

იხილეთ წინა ნაწილი

განვაგრძობთ მოგზაურობას თურქეთში და ამჯერად კვლავ ხეთების დედაქალაქ ხათუსას ტერიტორიის კიდევ ერთ ლამაზ მონაკვეთს გავივლით.

ხეთების რელიეფების ნაწილი რელიგიურ კულტებს უკავშირდებოდა და მთლიანად სარიტუალო ტრადიციებზე ყოფილა დამოკიდებული.

ხეთი მოქანდაკეების ოსტატობაზე ამ ბლოგშიც გავამახვილებ ყურადღებას და კლდეში ნაკვეთ იაზილიკაიას რელიეფებთან შევჩერდებით, თუმცა მანამდე ხეთების ლუვიური წარწერების ნახვასაც მოვასწრებთ... ლუვიური წარწერები

ლუვიურ წარწერებთან ცოტა ხანს დავყავით, შემდეგ კი ალთუნ-სიმუსებად წოდებული ჩვენი ჯგუფი იქვე, ხათუსას გვირაბებიდან 2 კილომეტრში, მაღალ კლდეებს შორის მოქცეული ხათუსას ყველაზე შთამბეჭდავი, იაზილიკაიას წმინდა ტაძრის სანახავად გავეშურეთ. სამწუხაროდ, ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა, მაგრამ ჩანს, თურქი მოტოციკლისტის მახვილ თვალს არ გამოვეპარეთ: უმალ წამოგვეწია, კარიც გაგვიხსნა და რამდენიმე წუთიც მოგვცა კლდეში გამოკვეთილი 12 ღმერთის, მეფე ნერგალისა და სხვა გასაოცარი ფიგურების დასათვალიერებლად. კი მივუხვდით, ქვენა აზრები რომ ამოძრავებდა - ჭიშკარს გარეთ გამოგვიყვანა თუ არა, ათასნაირი სუვენირით დამშვენებული დახლები "შემოგვაგება", ღიმილიანი თურქი მოვაჭრე ვაჟებით, რომლებთანაც, როგორც წესი, ვაჭრობა მოსულა. ხომ არ გავაწბილებდით და, რაღაც-რაღაცები შევიძინეთ კიდეც (ქვაზე გამოკვეთილი "მამაცი ჯარისკაცები" მართლაც რომ ამშვენებს ჩემს ბინას). აქედან კი უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილი სასახლის ნანგრევების ნახვაც მოვინდომეთ. აქ ძალიან დიდი და საინტერესო ქვევრებიცაა შემორჩენილი. ერთ ქვევრში, თურმე, ყურძნის ნარჩენები უპოვიათ. ყურადღება დასახლების ცენტრალურ ადგილას მდებარე, დაახლოებით, 1 მეტრის სიმაღლის ზურმუხტისფერმა ქვამ მიიპყრო. ეს უზარმაზარი ქვა ეგვიპტის ფარაონს ხათუსას მმართველისთვის უჩუქებია. ქვაზე ხელის მტევანიც კი იყო გამოსახული. ხათუსას სასახლის ნანგრევები

უფოტოსესიოდ ვერც იქაურობა მივატოვეთ, არადა, ხათუსას ამ სივრცის დღევანდელი "კარიბჭეთმპყრობელი" - ჩვენი მოტოციკლისტი თურქი ყმაწვილი ძალიან გვაჩქარებდა. ისედაც "დიდი პატივი" იყო, ამ ადგილების დათვალიერების საშუალება რომ მოგვცა, ამიტომ დავმორჩილდით და კაპადოკიის გულისკენ - გიორემესკენ ავიღეთ გეზი. უძველესი ქვევრები ასე დავემშვიდობეთ ხეთების უძველეს და ულამაზეს დედაქალაქ ხათუსას, რომელიც ქართველი მკვლევრების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა, რადგან ქართველურ ტომთა განსახლების არეალში მდებარეობდა. მეცნიერები აქ პროტოხეთური კულტურის ფორმირების საქმეში ქართველური ელემენტის მონაწილეობას არ გამორიცხავენ.

ქასქები - პონტოს მთებში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მოსახლე ტომი, პირველად ძვ.წ. XVII საუკუნის ხეთურ წყაროებში მოიხსენიება. ეს ტომი პროტოხეთების ანუ ხეთთა წინამორბედი კულტურის შემოქმედი ხათის ტომის მონათესავეა. ძვ.წ. XV საუკუნეში ქასქებს ხეთთა დედაქალაქი ხათუსა დაურბევიათ. საუკუნის შემდეგ ამ ტომს ხეთთა სახელოვანი მეფის, სუფილულუმას ძე - მურსილი II შებრძოლებია. საინტერესოა, რომ თავად სუფილულუმას ხელშეკრულებებში "ჩემს მზედ" მოიხსენიებენ, რაც შეიძლება შევადაროთ ჩვენებურ გამოთქმას - "ჩემმა მზემ". ეგვიპტის ფარაონის ნაჩუქარი ქვა საერთოდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში დიდი ხნის წინ ივარაუდეს, რომ ძველი ქართლის ზოგიერთი ტოპონიმი-ღვთაება, მაგალითად, არმაზი, ზადენი და სხვ. მცირეაზიულ სამყაროს უკავშირდება, რადგან მეცნიერებმა შესაძლებლად მიიჩნიეს ანატოლიიდან ინდოევროპულ ტომთა გარკვეული ნაკადის ან უფრო სამხრეთიდან ქართველურ ტომთა გადმოსახლების შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას კი ძველი ქართული ისტორიული ტექსტების სარწმუნო მონაცემები ამყარებს. ქართველური ტომების უძველესი კერის არსებობა მდ. ჭოროხისა და ზემო ევფრატის სათავეებში, სადაც ძვ. წ. XII საუკუნის ასურული წყაროების მუშქაიას (ბერძნულად - "მოსხოის" და ქართულად - "მესხების"), ასევე, დაიაენის (ურარტუული წყაროების "დიაუხის", ე. ი. ტაოს) ქვეყნები მდებარეობდა, უძველესი ხანებიდანვე განაპირობებდა ქართველური ტომების კავშირს მცირეაზიულ სამყაროსთან. იაზილიკაიას მეფე ნერგალი და მისი ჯარისკაცები ჩემს ბინაში საყურადღებოა, რომ ხეთების გავლენა შეინიშნება კაპადოკიაშიც. არსებობს მოსაზრება, რომ კაპადოკიაში კლდეში ნაკვეთი რამდენიმე თავშესაფარი (ლაპარაკია ადრექრისტიანულ ძეგლებზე) და 40-მდე უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქი (რამდენიმეში ჩვენც ვიმოგზაურეთ და შთაბეჭდილებებს მომდევნო წერილებში გიამბობთ), ხეთების მიერაა დაარსებული, კაპადოკიის ცენტრიდან ხათუსამდე კი მხოლოდ 180 კმ-ია. ფარაონის ქვითა და ნანგრევებით მონუსხულები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კაპადოკიისკენ მიმავალი ქართველები ხათუსას იშვიათად სტუმრობენ, არადა... ნამდვილად ღირს. და არა მარტო იმიტომ, რომ უძველესი ცივილიზაციის ნაშთია ან ძალიან შთამბეჭდავია, არამედ იმიტომ, რომ ამ არეალში ოდესღაც ქართველური ტომები ცხოვრობდნენ...

გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს