ვიდრე ფესტოს დისკოს გაშიფრავდნენ, ანუ გიორგი შერმადინიდან მეფე მინოსის საიდუმლომდე - კვირის პალიტრა

ვიდრე ფესტოს დისკოს გაშიფრავდნენ, ანუ გიორგი შერმადინიდან მეფე მინოსის საიდუმლომდე

21 თებერვალს კრეტის ქალაქ ჰერაკლიონში ჩავფრინდი, სადაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთს ეთამაშებოდა.

სპორტის გარდა იყო კიდევ არაერთი სატყუარა, რომლის ცოცხლად ხილვაზე ბევრი ისტორიკოსი ოცნებობს:

ჰერაკლიონში ხომ ფესტოს დისკო ინახება;

ჰერაკლიონთან მსოფლიოს უძველესი, კნოსის სასახლეა;

კნოსის სასახლე მეფე მინოსს, მინოტავრსა და ლაბირინთს უკავშირდება;

მინოსი - ქართველების სიძეა...

წავედი!

ჰერაკლიონის აეროპორტში სამ ჟურნალისტ მეგობართან ერთად 17 საათზე ჩავფრინდი. საქართველოს ნაკრების თამაში "დიო აორაკიას" არენაზე 20:30-ზე იყო დანიშნული.

ჩვენს "აპარტამენტში" გავიქეცით, თუმცა ტრანსპორტით დანიშნულების ადგილს ვერ მივაღწიეთ. მიზეზი ხელჩაკიდებული მამა-შვილი იყო:

მიხვდით, ხომ? - მამა და შვილი ლურჯ ფონზე მიგვანიშნებს, რომ ქუჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისაა. იცით, სად დავბინავდით? - ხანდაკოს ქუჩაზე. ეს პირველი პარალელი - წარმოშობით ხანდაკიდან გახლავართ. ქვემო ხანდაკიდან.

ჩანთები დავალაგეთ და დარბაზისკენ ავიღეთ გეზი. ჩავუარეთ ლომების სკვერს, მოროსინის შადრევანს, რომელიც კრეტელებს ვენეციელებმა დაუტოვეს, 1205-1669 წლებში ხომ კრეტა ვენეციის სამეფოში შედიოდა.

- "დიო აორაკია" რას ნიშნავს? - ვკითხეთ ტაქსის მძღოლს, რომელმაც პოლიციელებს ჩვენ გამო კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაუმართა.

- "დიო" ორს ნიშნავს, "აორაკია" - გორას.

- ორი გორაკი, - ესეც მეორე ქართულ-კრეტული პარალელი.

დარბაზის მისასვლელამდე ასიოდე მეტრის მოშორებით პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი. ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების ავტობუსები არავის შეეფერხებინა. ქართველი ჟურნალისტები მიმყავს - როგორთუ არ მიშვებთო, დიდხანს იბრძოლა ჩვენმა მძღოლმა, მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა ხელი სათითაოდ ჩამოგვართვა და დაგვემშვიდობა. პოლიციელებმა კი ყავის სმა ისევე მშვიდად განაგრძეს, როგორც დაიწყეს.

"დიო აორაკიას" პრესცენტრში მისულმა კუთვნილი აკრედიტაცია რომ მოვითხოვე, ახალგაზრდა გოგონამ ყოველგვარი თვალიერების გარეშე ამოიღო ჩემი "ბეიჯი", გამომიწოდა და ღიმილით მითხრა:

- სიმონ!

- სიმონ არა, სიმონიშვილი, - შევუსწორე და არენის შესასვლეისკენ გავეშურე, სადაც წამი-წამზე საქართველოს ნაკრების ავტობუსი უნდა მოსულიყო.

რა მოხდა საბერძნეთი-საქართველოს თამაშზე და როგორ ქომაგობდნენ ჩვენს გუნდს ემიგრანტი ქართველები, ცალკე სტატიაში ნახავთ, აქ მხოლოდ საინტერესო ფინალს დაგიხატავთ: კალათბურთელები დარბაზიდან რომ გამოვიდნენ, ქომაგები ემოციურად შეხვდნენ. თბილადაც ისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

განსაკუთრებული პატივი მატჩის გმირ გიორგი შერმადინს ერგო, რომელმაც 26 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. არ გეგონოთ, შერმადინი სურათის გადაღებისას ბორდიურზე ავიდა, ისედაც საკმარისად მაღალია ფოტოში რომ არ ჩაკარგულიყო - 216 სმ.

ამის შემდეგ თამაშის მიმოხილვაში ჩავიფლე, აღარც სურათი გადამიღია და აღარც ვიდეო. თბილისის დროით 2 საათი რომ შესრულდა მაშინღა გამახსენდა, რომ მეორე დილას, 9-ზე კრეტის ისტორიის მუზეუმში უნდა ვყოფილიყავი, შემდეგ კნოსის მუზეუმში, საიდანაც მინოსის სასახლეში უნდა წავსულიყავი და კრეტული ვოიაჟი 3 საათზე აეროპორტში დამესრულებინა.

მოვასწრებდი? - უნდა მომესწრო!

- ასე ადრიანად ხაშზე მიგყავართ, - დაიჩივლა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

კრეტის მუზეუმებში უამრავი ხარის თავი ვნახეთ, იმდენი ხაში გამოვიდოდა... თუმცა ამ თემაზე ხუმრობა არ შეიძლება - ხარი ხომ კრეტელების წმინდა ცხოველი გახლდათ. მინოსის სამეფოს სიმბოლოს სწორედ ხარის რქები წარმოადგენდა.

ევროპისა თუ საქართველოს არაერთ მუზეუმში ვარ ნამყოფი და ასე ერთი ექსპონატითაც არ მოვხიბლულვარ. 3600 წლის წინანდელი ხარი იმდენად მაღალი ოსტატობითაა შესრულებული, გეგონებათ, სადაცაა თავს დაღუნავს, ცხვირის ნესტოებს დაბერავს და გამოგიდგებაო... თვალები ძვირფასი ქვებითაა გამოყვანილი. ვერ იფიქრებთ, რომ ხელოვნურია.

ჩემთვის ყველზე საინტერესო შუბლის ნიშანი იყო - ბორჯღალი.

გგონიათ დავწერ - ესეც მესამე პარალელი საქართველოსთან? არა, ბორჯღალი ძველი სამყაროს პოპულარული სიმბოლო იყო. საქართველო კი, ისევე როგორც კრეტა - ამ სამყაროს საპატიო წევრი.

ეს ხარი უბრალო დეკორაცია არ გეგონოთ - რიტონია, განსხვავებული სასმისი წმინდა ღვინის მისართმევად. ხარივით სვამსო - ამის დამცლელზე იტყოდნენ.

დიახ, 3600 წლის წინ კრეტაზე ღვინოსაც აყენებდნენ. აი, ფაქტები:

მუზეუმის ერთ-ერთ ბოლო ოთახში მსოფლიოს ყველაზე საიდუმლო თიხის ნაჭერია - ფესტოს დისკო, რომელიც ქართველთა ვერსიით დედა ღვთაების საგალობელს შეიცავს, უცხოელებს კი იმდენი ვერსია აქვთ, რამდენი მეცნიერიც შესჭიდებია დისკოს გაშიფვრას.

მე და გოჩა კაჭარავამ მისი გაშიფვრა ვერ მოვასწარით, კნოსის სასახლეში გვაგვიანდებოდა.

სურათებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულები გამოვედით ჩემთვის ყველაზე საინტერესო (უცხოეთში) მუზეუმიდან...

ავტობუსის ლოდინის დრო არ იყო, ტაქსის სადგურს მივადექით. კრეტის მთავრობას დიდი პლუსი ეკუთვნის - ტაქსების თავშეყრის ადგილებში დიდი ასოებით წერია მგზავრობის ფასები.

ეს ხომ ტურისტს თავიდან არიდებს ზოგიერთი გამომძალველი ტაქსის მძღოლის აგრესიას. იგივე სიახლის საქართველოში დანერგვას ორი ხელით მივესალმები. დღესაც მწარედ მახსოვს, ირანელ ოჯახს დიდუბეში გორის მიკროავტობუსი რომ მივასწავლე და "ტაქსისტებს" ძლივს გადავურჩი.

ნახეთ, ვინ შეგვეგება კნოსის სასახლის შესასვლელში:

ლეგენდა მინოტავრზე ხომ გაგიგიათ? მეფე მინოსმა ლაბირინთში რომ დაამწყვდია და თეზევსმა მოკლა. რომ არა არეადნა და მისი ძაფი, არც ეს ლეგენდა იქნებოდა... ათასწლეულების განმავლობაში მეფე მინოსი ლეგენდის ნაწილი ეგონათ, ისევე როგორც მისი ლაბირინთი. 1900 წელს, როდესაც სერ არტურ ევანსმა კნოსის სასახლე გათხარა, ლეგენდამ რეალური კონტურები შეიძინა - მეფე მინოსის სასახლე იმდენად დიდია, ისეთი გეგმითაა აგებული, თუ სიღრმეში შეხვედი, უკან გამოსაბრუნელად არეადნას ძაფი უთუოდ დაგჭირდება.

მოდით, კნოსის სასახლეში შემდეგ ბლოგში ვიმოგზაუროთ. აქ კი, ერთ ფოტოს დაგიტოვებთ და კრეტის პორტისკენ დავეშვებით.

ჰერაკლიონის სანაპიროზე კრეტის ისტორიის მუზეუმია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი ქალაქის მაკეტია. მის გარშემო შემოწყობილ ღილაკებზე ღირსშესანიშნაობების დასახელებებია. დააწვები ღილაკს და აინთება ესა თუ ის შენობა. აი, რა წერტილები დავლაშქრეთ:

ვენეციური სასახლისკენ მიმავალთ ვეებერთელა სკივრი დაგვხვდა. როგორ ფიქრობთ, შიგ რა იყო?

განძი? არა, ნაგავი!

გზად თევზის მინი-ბაზარიც დავათვალიერეთ:

სადაც თევზი, იქაც კატა:

ფოტოხელოვანმა ბესო ელბაქიძემ მე და კატა ასე დაგვინახა:

ესეც ვენეციური სასახლე:

შუა საუკუნეები ზღვაოსნობის არნახულად განვითარების პერიოდია. ჰოდა, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კრეტაზე მდებარე ამ ფორტისთვის იმდროინდელი სამხედრო "ვეშაპები" თავგამოდებით იბრძოდნენ. როგორც მოგახსენეთ, კრეტა შუა საუკუნეებში ჯერ ვენეციის სამეფოში შედიოდა, შემდეგ თურქებმა დაიპყრეს...

რამდენი ომი და ნგრევა გადაიტანა, ამის მოწმე მხოლოდ სიმაგრის კედლები და ეს დიდი "ბურთებია", რომლებსაც, ვინ იცის, რამდენი გემი ჩაუძრია...

დღეს, ციხესიმაგრის თავზე ცა მოწმენდილია.

ერთ მხარეს ჰერაკლიონი მოჩანს თავისი მშენიერი პორტით...

მეორე მხარეს - ხმელთაშუა ზღვა და მყინვარი. ლეგენდის მიხედვით სწორედ ამ მთებში (ერთ-ერთ გამოქვაბულში) გაიზარდა ზევსი.

მესამე მხარეს... სიყვარულია:

ესენი აღარ ხუმრობენ:

...და გაფრინდნენ.

ჩვენი გაფრენის დროც დადგა... შემდეგ სტუმრობამდე არ ვიცი, გაშიფრავენ თუ არა ფესტოს დისკოს, მაგრამ ვიცი - უფრო მეტი მტრედი დაგვხვდება.