მესტიაში, ივლისის მზიან დილას, სეტის მოედანზე საინფორმაციო ცენტრი რომ გაიხსნა, უცხოელ ტურისტებს მეც ფეხდაფეხ შევყევი და რუკები მოვითხოვე. ყველა ერთად გადავშალე და 5 წუთიც არ დამჭირდა გეზის დასაგეგმად - ჭალაადის მყინვარი, 15.2 კილომეტრი მესტიის ცენტრიდან.

ფეხითაც შეიძლება გალაშქრება, მაგრამ დროის მოგების მიზნით მინივენით წასვლა სჯობს.
- 50 ლარი - მითხრა მძღოლმა, მანქანის აბრაზე ჭალაადი წითელი ასოებით რომ ეწერა.
- გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ, - დავემშვიდობე.
15 კილომეტრის ფეხით გავლა უფრო საინტერესო არ არის? უცხო გარემოში, კალათბურთელივით აწოწილ მთებს შორის. ერთი გზა 3 საათი
- სულაც არ არის დიდი დრო. საგზლად ყველი, პომიდორი, პური...

შეყოვნება აღარ შეიძლებოდა, გავედით მესტიიდან და დავადექით სამანქანო გზას.



სტარტიდან საათნახევრის შემდეგ მივადექით გზაგასაყარს. აქეთ წახვალ მდინარე მესტიაჭალაა, იქით წახვალ მდინარე - ჭალაადის ხეობა, პირდაპირ... თუმცა ვერ წახვალ - დალაყორას კლდოვანი მასივია.
მივყვეთ ლოგიკას, რადგან მყინვარს ჭალაადი ჰქვია, ე.ი. უნდა შევუყვეთ მდინარე ჭალაადის ხეობას.

მყინვარამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ ქვებზე დახატულ პოლონეთის დროშებს, წითელ-თეთრ ხაზებს მიჰყვებით.
ერთგვარი თამაში წამოვიწყეთ ვინ პირველი დაინახავდა ამ ხაზებს. იმდენად გავერთეთ, თითქმის ორჯერ ნაკლებ დროში დავფარეთ ეს ურთულესი გზა.

- ჩვენი ქალაქის შემდეგ სვანეთში რომ მოხვდები, თავი სამოთხეში გგონია, - ასეთი იყო პირველადი შთაბეჭდილება.
- რომელი ქალაქიდან ბრძანდებით?
- მუმბაიდან, 18-მილიონიანი ქალაქია ინდოეთში, - დიალოგის გაბმის სურვილი რომ შემამჩნია, განაგრძო: - მესტიაში მიკროავტობუსით ამოვედით. მძღოლის გვერდით ტურისტი იჯდა, დუბაიდან იყო. იცით, რა ჰკითხა მძღოლს? - ეს მთები ხელოვნური ხომ არ არისო...
- What? თუმცა, არაა გასაკვირი, საამიროებში ხელოვნურ კუნძულებს ერთი ხელის მოსმით აგებენ, რომ მოინდომონ, ალბათ, მთებსაც დადგამენ.
- ოღონდ ასეთს არა! უამრავი ქვეყანა მომივლია, მაგრამ სვანეთის დარ ემოციას არც ერთი აღძრავს. შეხედე მდინარეს, თითქოს უნდა შეგჭამოსო:


- სვანეთი ლეგენდების სამშობლოა. აქ, თურმე ტყისკაცი ქამერდე დადის. კეთილი ბუნებისაა, მაგრამ მათ, ვინც ცოდვილია, ძალიან ცუდად ეცხადება...
- კარგია, ტყიდან რომ გამოვაღწიეთ, - ამოისუნთქა ჩვენმა თანამგზავრმა, - რამხელა ლოდებია, გზა როგორ უნდა განვაგრძოთ?

მყინვარის ენასთან ინდოელებსაც მივასწარი და თანჯგუფელებსაც. უამრავი ტურისტი ირეოდა:

"მყინვარის ზემოდან უზარმაზარი ქვები ცვივა და დიდი სიფრთხილეა საჭირო", - გამახსენდა ტურისტულ ცენტრში მიღებული დარიგება, მაგრამ იქვე დამავიწყდა - როგორ შეიძლებოდა, უკან ისე გავბრუნებულიყავი, რომ მდინარის დაბადება საკუთარი თვალით ახლოდან არ მენახა:


ეს ციფრები ინდოელებსაც დააინტერესებდა, მაგრამ რომ ავხედე მყინვარის გვერდის ავლით კიდევ ზემოთ მიემართებოდნენ...
ამასობაში, საშუალო ზომის ქვამ თავი ვერ შეიმაგრა და დიდი სისწრაფით დაგორდა... კიდევ კარგი, წყალში მოადინა ტყაპანი. ჩემთან ერთად მყინვარის ენა ყველა ტურისტმა თვალის დახამხამებაში დატოვა.
ჩვენც დატვირთულები დავგორდით მესტიისკენ. როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება იყო დატვირთული, რომ მსუბუქად დადიოდე? - შთაბეჭდილებებით! Impression...
მთლად იმპრესიონისტული ნამუშევარი არ არის, მაგრამ ჭალაადის მყინვარი მეორე წელია ამშვენებს ჩემს სამუშაო ოთახს:
