როგორი გრძნობაა, ხორვატიაში ზურგიდან რომ გიცნობენ - "გეორგიანო"! ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი გოგონა კი თავისთან გიხმობს...
როგორი გრძნობაა, ხორვატიაში ზურგიდან რომ გიცნობენ - "გეორგიანო"! ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი გოგონა კი თავისთან გიხმობს...
- გახსენი ჩანთა! - ბრძანებთ მითხრა ზაგრების აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომელმა. ქალი იყო.

ღიმილით გავხსენი, კონტრაბანდა მე არ გადამქონდა და იარაღი...

- მრგვალი საგნები რა არის? ამოიღე!

კიდევ უფრო გამეღიმა - ჩემს ბაღში დაკრეფილი, გოლდენი ვაშლი ამოვქექე. ხელყუმბარას მხოლოდ ფერით ჰგავდა, დამწიფება ვერ მოესწრო. შევთავაზე.

არც გამომართვა, არც გაეღიმა, აეროპორტის გასასვლელისკენ მიმითითა.

ზაგრების "კოლოდვორისკენ" (რკინიგზის სადგური) მიმავალ ავტობუსში ავედი. პირველი, რაც დავინახე, კომუნისტების დროინდელი ნაცრისფერი შენობები იყო - დასავლელები ასანთის კოლოფებს
რომ უწოდებენ.



ხორვატიის დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ ლურჯი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ითვლება. ტროლეიბუსიც ლურჯია, ავტობუსიც, ტრამვაიც, ფუნიკულიორიც და ეს კუკუშკაც:


ზაგრების დასათვალიერებლად დაახლოებით 6 საათი მქონდა, საღამოს, მატარებლით სლოვენიისკენ უნდა გავმგზავრებულიყავი, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მელოდა.

მთავარ ამოცანად წმინდა მარკის ტაძრის ნახვა დავისახე. მისი
ორიგინალურობა ხორვატიის დროშის ფერებში გაფორმებული სახურავი და მასზე გამოსახული გერბია.

ავიკიდე ჩემი წონის ჩანთა და რკინიგზის სადგურიდან "ზემოთ" დავიძარი.


ზაგრების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა საკათედრო ტაძარია:


ტაძრის ეზოში დასვენების მიზნით სკამზე ჩამოვჯექი. მოპირდაპირე მხარეს დედა, მამა და ბავშვი რუსულად ლაპარაკობდნენ.

შინაური გოლდენი ვაშლით პირი გავისველე და პატარასაც გავუწოდე. არ უნდაო, მიპასუხა დედამ. გაკვირვება რომ შემნიშნა, ამიხსნა: ბევრი ვჭამეთ და სავსე კუჭზე ვაშლის დაყოლება არ შეიძლება, ყველაფერს აურევსო.

მაინც რომ ვერ მივხვდი, კაცმა "გასაგებად" ამიხსნა - ჩემი მეუღლე ექიმია და ყველაფერი იცისო.

ხორვატები ქართველებს იერით ჰგვანან. ზაგრებში უამრავი ქართველი ნაცნობის პროტოტიპს შევხვდი. ამიტომ უცხოელად ვერ ჩამთვლიდა და ვაშლი რომ დამინახა, ალბათ, იმიტომ მოვიდა ჩემთან მომღიმარი შავგვრემანი კაცი.


მომესალმა, მომიჯდა, ვაშლი გაკბიჩა, ცერი აღმართა და თავისი ამბავი ინგლისურად მომითხრო: სახლი არა მაქვს, ხან სად მძინავს, ხან სად, ფულს ვაგროვებ... ოღონდ სახლისთვის კი არა, გამოსაკვებადო.

საიო ერქვა. ხორვატულ კუნებს მიჩვეული ევროს ცენტებმა ძალიან გაახარა.

ჯიბის მოწესრიგებისას ორასკუნიანი გამოუჩნდა. ვთხოვე ეჩვენებინა. მიზეზი არც უკითხავს, ჩემს ცხვირწინ გაშალა:


ბანკნოტი ქართულ ოცლარიანს მივამსგავსე, მასზე დახატული კაცი - ილია ჭავჭავაძეს.

საიო ჩემი ამბითაც დაინტერესდა. სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესახებ რომ გაიგო, მე და საქართველოს ნაკრებს "სრეტნო" (წარმატება) გვისურვა.

დამშვიდობებისას მირჩია, აღმართს ავყოლოდი და ძველი ზაგრებიც მენახა, სადაც ქალაქის მთავარი სიმბოლო წმინდა მარკის ეკლესიაა.
კომპიუტერისა და დიდი ჩანთის თანხლებით ავიარე ზაგრებული "შარდენი". ორშაბათი იყო, მაგრამ ღია ცის ქვეშ გამომზეურებული სკამები ხალხით გავსებულიყო. ზოგი ყავას მიირთმევდა, ზოგი - ლუდს. მივადექი ფუნიკულიორს.


მომწყურდა. სასოსისეს ტიპის შენობა მოვძებნე და ხორვატული ლუდი "ოჟუისკო" გავსინჯე.


ბოთლი ნახევრად მქონდა დალეული, მაგიდაზე გაჯის მცირე ნატეხები რომ გაჩნდა - სახურავის კიდესთან მტრედები სამშენებლო საქმიანობაში ისე იყვნენ ჩართულნი, არც მე შევუმჩნევივარ და არც გვერდით მჯდომი როხროხა პაპები.

არც მტრედებთან გავჩერდი დიდხანს, აღმასვლა განვაგრძე, თუმცა წმინდა მარკის ტაძარი არსად ჩანდა. ერთ-ერთ ვიწრო შესახვევში ხელი დამიქნია მომხიბლავმა ხორვატმა გოგონამ.


საინტერესო ბიზნესი ჰქონდა - ხორვატულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილს წინ კალათა ედგა და მასთან სურათის გადაღების საფასურად, რამდენსაც გინდა იმდენს ჩააგდებდი. მეც გადავიღე:


არ მომიხდებოდა ჩოხა ახალუხი?

ბევრი არ მილაპარაკია, მხოლოდ წმინდა მარკის ტაძრის მიმართულება ვკითხე. თითი მარჯვნივ გაიშვირა...


მივსულვარ! ახლოდან ძალიან ლამაზია:


რამდენიმე ნაბიჯი და ზაგრები ზედხედში გამოჩნდა:


გამობრუნებას რომ ვაპირებდი, შემომესმა: ოო, გეორგიანო!

ისევ საიო იყო.

- რატომ გეორგიანო? - ვკითხე.

ამიხსნა, რომ იტალიურზე გიჟდება და სწორედ ამ ქვეყანაში ეძახიან ქართველებს "გეორგიანოებს". კალაძეც და კობიაშვილიც ხომ შენიანები არიანო? - მკითხა და ზეპირად ჩამოთვალა იმ დროის "მილანის" შემადგენლობა, როცა კახი კალაძე იტალიურ გრანდში გამოდიოდა.

თურმე, საიო თავადაც თამაშობდა ფეხბურთს - ზაგრების "დინამოს" ჭაბუკებში 10-ნომრიანი მაისური მეცვაო.

ამასობაში ზაგრების ძველი ქალაქის კარიბჭეს მივადექით. საიომ შემაჩერა, ნიშზე მიმითითა და ჩურჩულით მითხრა - ეს წმინდა მარიამია, ზაგრების მფარველი. აქ ყველა ჩერდება და ლოცულობსო.


კარიბჭიდან რომ გავედით და გავივაკეთ, ჯერ მხატვარი გამაცნო, რომელსაც სწორედ ძველი ზაგრების გასასვლელი ჰქონდა დახატული.


...შემდეგ სავალუტო ჯიხურში შემიყვანა, ჩემი ნაჩუქარი ევროები კუნებად აქცია. გამოვედით და ტაძრისკენ მიმითითა - ეს თქვენი, მართლმადიდებლურიაო. თვითონ გარეთ დამელოდა.


ხორვატი გიორგი სააკაძე რომ დავინახე, მისი ვინაობით დავინტერესდი...


- იოსიფ იელაჩიჩია, გენერალი, მე-19 საუკუნეში ხორვატია ავსტრო-უნგრეთის იმპერიიდან გაათავისუფლა, - სიამაყით მითხრა საიომ და თანამედროვე გმირებზე გადავიდა:

- ეს ხორვატიის ნაკრების ყოფილი 10 ნომრის, ზვონიმირ ბობანის რესტორანია. აქ ჩვენნაირი ხალხის ადგილი არ არის, ელიტა იკრიბება.


მეორედ დამშვიდობებისას საიომ მირჩია, ლურჯ ტრამვაიში არ ჩავმჯდარიყავი, ძვირია, რკინიგზამდე ფეხით მისვლა გირჩევნიაო.
ვიდრე მეც გეტყოდეთ Dovidenja (ნახვამდის), ერთ გამოცანას დაგიტოვებთ:


დააკვირდით ფოტოს. როგორ ფიქრობთ, რა არის ეს? პასუხები კომენტარებში დაწერეთ.

ნინო
30 აპრილი 2019 16:47
ძალიან კარგია
ვაჟა
18 მარტი 2019 14:46
როგორც ყველა შენი ნაწერი, ესეც შესანიშნავია. ბოლომდე რომ ჩავიკითხე, ასე მეგონა, სეხნიასთან ერთად ვიმოგზურე-მეთქი. ყოჩაღ. ისე, ბევრი გაქვს სამოგზაურო ჟანრის ერთობ საინტერესო თხზულებები უნიკალური ილუსტრაცვიებით და წიგნის გამოცემაზე ხომ არ იფიქრებდი?
თეკლა
18 მარტი 2019 09:15
ხორვატია ფანტასტიური ქვეყანაა,განსაკუთრებით დუბროვნიკი,რომელსაც "ადრიატიკის მარგალიტს" ეძახიან.
დიდი მადლობა ემოციების გაზიარებისათვის.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სურათზე თუ არ ვცდები მიროგოის ასე ვთქვათ პანთეონია. ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი სასაფლაო-პარკი.
გისურვებთ წარმატებებს!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?