რა საიდუმლოს ინახავს გრაკლიანი გორა და რატომ უნდა გავშიფროთ გრაკლიანის წარწერა?! - კვირის პალიტრა

რა საიდუმლოს ინახავს გრაკლიანი გორა და რატომ უნდა გავშიფროთ გრაკლიანის წარწერა?!

გრაკლიან გორაზე ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში აღმოჩნდაო, - 2015 წელი იყო, ინტერნეტში რომ წავიკითხე და უმალ გადმოვიწერე სურათი:

ეს საკურთხევლის პოსტამენტზე, კომპიუტერულ ენაზე რომ ვთქვათ, "ბოლდით" დაწერილი აზრია.

გრაკლიანზე დახრილი, "იტალიკით" შესრულებული წარწერაც აღმოაჩინეს:

ორივე შემთხვევაში სტილი იგივეა, სხვაობა ის არის, რომ პირველ ფოტოზე ხაზები ვერტიკალურ-ჰორიზონტალურია, მეორეზე - დიაგონალური.

გავშიფროთ? რატომაც არა! - თუკი შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები, გროტენფელდმა - ლურსმული დამწერლობა, ჰროზნიმ - ხეთური?!

...მაგრამ მათ ამ საქმეს ცხოვრების დიდი ნაწილი შეალიეს, უამრავი ასო-ნიშანი ჰქონდათ შესადარებლად. მე არც ამდენი დრო მაქვს და არც საკმარისი მასალა. გრაკლიანზე გათხრები გრძელდება, იქნებ სულაც ბიბლიოთეკა აღმოჩნდეს თიხის ფილებით გადატენილი.

ვიდრე ბიბლიოთეკას იპოვნიან, ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ ცხოვრობდა გრაკლიანზე, რა რელიგიის ხალხი იყო, რა მისწრაფებები ჰქონდათ და რა პირობებში უწევდათ ცხოვრება. მაშინაც ხომ არ უჩიოდნენ ინფლაციას, საწვავის ფასის ზრდას...

პირველად გრაკლიან გორაზე 2014 წლის 7 თებერვალს ავედი:

იმხანად გათხრები ახალი დაწყებული იყო. გორაზე ლურჯი ცელოფნები და თოვლი დამხვდა:

თუნდაც ზედაპირის დათვალიერებით ჩანდა, რომ ეს უბრალო გორა არ უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც ციხია გორა (კავთისხევთან).

უფლისციხე-გრაკლიანი-ციხიაგორა - ანტიკური ხანის საქართველოში ამ სამკუთხედს ერთანეთთან მჭიდრო კავშირი უნდა ჰქნოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე სხვადასხვა დანიშნულებისა გახლდათ.

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომლის აღება ბევრისთვის მხოლოდ ოცნების სფერო იყო; ციხიაგორა მცირე გორაკზე აღმართული გალავნით შემოსაზღვრული ციხესიმარგე გახლდათ, საიდანაც ღვინით მარაგდებოდა მეზობელი დასახლებები: ციხიას მარანში 200-მდე ქვევრია - საერთო მოცულობით 28 ათასი ლიტრი!

რა დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო გრაკლიანი გორა?

- დააკვირდი რუკაზე მის ადგილმდებარეობას, - მითხრა მხატვარმა იორამ იმედაშვილმა, - სტრატეგიულად ისეთ ადგილასაა, არ შეიძლება, საქარავნო გზის მთავარი არტერია მასზე არ გადენილიყო.

არც ექვსი ტიპის უნიკალური საწონი მოხვედრილა ამ ტერიტორიაზე შემთხვევით. სასწორი ხომ დღესაც ვაჭრის მთავარი ატრიბუტია.

- აქამდე, ვიდრე გრაკლიან გორაზე საწონები აღმოჩნდებოდა, ცნობილი იყო მხოლოდ 1 ტიპის საწონი სომხეთის ტერიტორიაზე. გრაკლიანზე აღმოჩენილია 6 სხვადასხვა ტიპის საწონი. რაც მთავარია, არის შემუშავეული წონის ლოკალური ერთეული – ეს არის 363 გრამი. ყველა საწონი ამ წონის ჯერადია, - ეს გათხრების ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის სიტყვებია.

ჩამოივლინდენ მექარავნეები ევროპიდან თუ აზიიდან, შეჩერდებოდნენ გრაკლიან გორასთან...

ქართლელები ქართულად უმასპინძლებდნენ, ღვინით, პურით, თევზით... ვაჭრები კი გაშლიდნენ ფარჩებს, ამოალაგებდნენ ფუფუნების საგნებს...

არსებობს მოსაზრება, რომ ანტიკურ საქართველოში ამა თუ იმ ნივთზე ფასის განსაზღვრისთვის ექვივალენტად ღვინოს იყენებდნენ. ღვინოს კი, ამ ქვევრებში ინახავდნენ:

ისევე როგორც ძველად, ამ ტერიტორიაზე ღვინოს დღესაც დიდ პატივს სცემენ. ასე რომ არ ყოფილიყო, ამდენი ტიპის დოქს ვინ გამოძერწავდა?

წიგნში, "ისტორია იწყება შუმერიდან" წერია - შუმერებს ღვინო კავკასიიდან მოჰქონდათო. შუამდინარეთთან კავშირზე მიუთითებს გრაკლიანზე აღმოჩენილი მესოპოტამიური საბეჭდავი. თუმცა ვიდრე მუზეუმი კეთილმოეწყობა, ამ საბეჭდავის ხილვა მხოლოდ სურათზე შეიძლება:

გრაკლიან გორაზე ადამიანი ქვის ხანიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. დადასტურებულია თერთმეტი შრე, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ძველი წელთაღრიცხვის XI-X საუკუნეების შრე, სადაც ორნამენტებიანი (თუ წარწერიანი) საკურთხეველია ნაპოვნი.

დაახლოებით ამ პერიოდისაა ბრინჯაოს ცული, რომელიც გრაკლიანის მეზობლად, სოფელ რენეში აღმოაჩინეს. საბჭოთა პერიოდში კი, მოსკოვში გამოფენიდან მოულოდნელად გაქრა... დღემდე არ გამოჩენილა. ვინ რისი დამბრუნებელია, თავადაც კარგად მოგეხსენებათ.

ეს უთუოდ რიტუალური დანიშნულების ცული უნდა ყოფილიყო. 3 ათასი წლის წინანდელი რიტუალური სცენების აღდგენა რთულია, მაგრამ ვინ დაგვიშლის, დაახლოებითი სურათი რომ წარმოვიდგინოთ: ხალხი სამლოცველოსკენ მიემართება შესაწირავით - ცხვრით, თხით, ხარით... იქ ხვდება სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილი ქურუმი, წმინდა ცულით საკლავს ბოლოს მოუღებს და შემომწირავს გრაკლიანზე არსებულ ღუმელში გამომცხვარი რიტუალური პურით გაუმასპინძლდება.

საცხობები კი, ისეთები ჰქონდათ, თანამედროვე ფურნის მეპატრონეებსაც შეშურდებოდათ:

დააკვირდით ფოტოს, ღუმელები და ხელსაფქვავები ჯარისკაცებივითაა ჩამწკრივებული:

ამ ადგილას დიდხანს გავჩერდი, დეტალურად ვათვალიერებდი თითოეულ ღუმელს, იქამდე, ვიდრე ცხელცხელი პურის სუნი არ მეცა...

ჩემს ერთ თანამგზავრს გაუჩნდა შეკითხვა: როგორ შეინახა თითოეული ღუმელი ასე კარგად ათასწლეულების განმავლობაში?

ისტორიას ერთი უცნაურობა ახასიათებს: ყველაზე უკეთ მაშინ კონსერვდება ესა თუ ის ისტორიული ძეგლი, როდესაც მას მტერი ანადგურებს. ასეთ დროს ერთიანად წყდება მისი ფუნქციონირება და ნანგრევების ქვეშ კარგად ინახება ცხოვრების კვალი.

გრაკლიან გორასაც გადაუარა ომის ქარ-ცეცხლმა. ყველაზე დიდი კვალი ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეების მიჯნაზე ჩანს. ოფიციალურად ჯერ არავის უთქვამს მიზეზი, მაგრამ თარიღების მიხედვით თუ ვივარაუდებთ, გრაკლიანი აზოსა და ფარნავაზის ბრძოლებისას განადგურდა. სწორედ ამ დროს დაინგრა ციხია გორა და შორაპანის ციხეც...

ეს შემოდგომით უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, გრაკლიანიდან 20 კილომეტრში მდებარე ციხია გორა სწორედ მაშინ დაინგრა, როდესაც მასში ყურძენი დასაწურად შეიტანეს: ცეცხლის შედეგად ჩამოქცეულმა მარნის სახურავმა ათასწლეულების განმავლობაში შემოინახა საწნახელთან დასაწურად გამზადებუილი ყურძნის წიპწები.

გრაკლიან გორაზე ცხოვრება მაინც გაგრძელდა, თუმცა მოსახლეობა ნელ-ნელა ჩამოვიდა დღევანდელი სამთავისისა და ჭალის ტერიტორიაზე. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ააგო სამთავისის მონასტერი, ხოლო მტრისგან თავის დასაცავად - სხვილოს ციხე.

დროა, ჩვენც ჩამოვიდეთ გრაკლიანი გორიდან, მანამდე ერთ გამოცანას დაგიტოვებთ. გათხრების ხელმძღვანელმა პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა გვითხრა, რომ ეს არის...

პასუხი კომენტარებში დაწერეთ.

იხილეთ ასევე: "მსოფლიო რუკაზე გაჩნდა ცივილიზაციის ახალი, აქამდე უცნობი კერა და ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია"