... და მაინც მაჭახელა პირველად რომელს დაარქვეს - მდინარეს, თოფს თუ ხეობას?
... და მაინც მაჭახელა პირველად რომელს დაარქვეს - მდინარეს, თოფს თუ ხეობას?
- დღეს სად წავიდეთ? - გამაღვიძა ბავშვმა.

- დამაცადე, თვალები გავახილო. როგორი ამინდია?

- კარგი, - ცხვირწინ მობილური ტელეფონი მომიტანა, - ნახე, ჩვენი ვერანდიდან გადავიღე:


- წავიდეთ მაჭახელას ხეობაში? საინტერესო მუზეუმი ყოფილა.

- ჯერ ვიბანაოთ, მერე წავიდეთ, ხომ ნახე, რა ლამაზი იყო ზღვა, - წყალში ჩასვლა რამდენადაც უყვართ პატარებს, იმდენად არ უყვართ იქიდან ამოსვლა.

- მომიტანე ჩემი მობილური, რუკაზე განვსაზღვროთ, რა დრო დაგვჭირდება მაჭახელას მუზეუმამდე და გეტყვით ვასწრებთ თუ არა ზღვაში ჩასვლას.


სასტუმრო
My House გონიოდან
მაჭახელას მუზეუმამდე (სოფელი ზემო ჩხუტუნეთი) 1 საათის სავალია, გზად ბუნება იმდენად ლამაზია, შეჩერებებით და პეიზაჟების თვალიერებით საათნახევარშიც ვერ ჩავეტეოდით. ამიტომ, ბავშვი დავიყოლიე, ჯერ მაჭახელას ხეობაში ავსულიყავით, გონიოს ზღვაზე საღამოს გვებანავა.

შევუყევით ჭოროხის ხეობას და გზის ნახევარიც არ გვქონდა გავლილი, რომ ჩვენს წინაშე
ცნობილი თოფის ძეგლი წამოიმართა. ინტერნეტში ბევრი ვეძებე და ყველა ქვეყანაში, სადაც თოფისთვის ძეგლი დაუდგამთ, ლულა ყველგან გადანასკვულია - მშვიდობის ნიშნად.

ჩვენს მაჭახელა თოფს კი, აჭარული ყაბალახი მოუხვევია და ამაყად იყურება ცისკენ.





აჭარლებს თოფის ძეგლი ორი მდინარის შესაყართან დაუდგამთ. გახელებული და ამღვრეული რომ მოდის მდინარე მაჭახელაა, ლურჯ-მწვანე - ჭოროხი:

- მაჭახელა პირველად რომელს დაარქვეს - მდინარეს, თოფს თუ ხეობას? - გაჩნდა ბავშვური, ლოგიკური შეკითხვა.

- სიტყვის მნიშვნელობას რომ გავიგებ, მაშინ გეტყვი.

გზად ჩავიარეთ სოფლები სინდიეთი, ქედქედი, ცხემლარა, ქვედა ჩხუტუნეთი...
გაქანებული მანქანიდან დავაფიქსირე გზაზე გადმოკიდებული ნალია:


ამ სურათის გადაღება კი შეჩერების გარეშე არ გამოვიდოდა:


ერთი სახლი ერთ მთაზე, მეორე - მეორეზე, შუაგულ ტყეში! არ იცხოვრებდით?

აქ ცასთანაც ახლოს ხარ, მთაც შენია და ტყეც, ამქვეყნიურ პრობლემებს ზემოდან უყურებ, ჩაიხედავ და მხოლოდ პოზიტივი ჩანს.

გზას კიდევ ზემოთ განაგრძობ და ნეგატივიც გამოჩნდება:


ამ მთებზე საზღვარია გავლებული - თურქეთ-საქართველოსი.

ამასობაში ნავიგატორმა ნაზი ინგლისური ხმით მითხრა: დანიშნულების ადგილას მიხვედით - ზედა ჩხუტუნეთი, მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მუზეუმის კარზე ტელეფონის ნომერი იყო მითითებული.

- მე ბარში ვარ, - მითხრა მუზეუმის ხელმძღვანელმა, - ჩემი გოგონა გაგიღებთ.

ორ წუთში გაგვიღო და მაჭახელას მინიატურულ სამყაროში აღმოვჩნდით.

აქეთ მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი სახლი:


იქით მარცვლეულის საცეხველი ჩამური:


ბოსელი თივის სათავსოთი:


საცხობი:


ეს უკვე მაჭახელელთა ოჯახი ნატურალურ ზომებში:


სიამოვნებით მივუჯდებოდი და ვკითხავდი ამ მოხუცებს სიტყვა მაჭახელას მნიშვნელობას...

- ასაკიანი ხალხისგან გამიგია, რომ მაჭახელა ორი სიტყვის შერწყმითაა მიღებული. მაჭარის და ხელის. ღვინო დუღილისას ხომ ხელდება, - აგვიხსნა მუზეუმის ხელმძღვანელის გოგონამ.

მაჭახელას ხეობაში უძველესი ქვევრები და საწნახელებია აღმოჩენილი. თურქების შემოსვლამდე აქ ყურძენი უხვად მოჰყავდათ. ხალხი იმდენად დიდ პატივს სცემდა ღვინის კულტურას, რომ მეჩეთის ორნამენტში ვაზი ჩართო, ერთ ადგილას სულაც ღვინის დოქი გამოკვეთა...


სწორედ ამ მეჩეთშია მოწყობილი მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც 1984 წელს დაარსდა.


თოფი მაჭახელა და მისი დასამზადებელი დაზგა:



- ახლა ხომ იცი, რას ნიშნავს სიტყვა მაჭახელა. მითხარი, ჯერ მდინარეს ერქვა, თოფს თუ ხეობას? - მკითხა ბავშვმა მუზეუმიდან გამოსვლისას.

პასუხის გაცემა გამიჭირდა. მთლად კვერცხისა და ქათმის შემთხვევა არ არის, მაგრამ...

- ავიდეთ დუნგას ჩანჩქერებზე? - სიტყვა ჩანჩქერზე ავუგდე.

- დუნგა ვინ იყო?

- ბრაზილიელი ფეხბურთელი...


სოფლის ცენტრში გავარკვიეთ, რომ ჩანჩქერზე ასვლა-ჩამოსვლისთვის მცირე დრო არ დაგვჭირდებოდა და გეზი სხვა მიმართულებით ავიღეთ - თამარ მეფის ხიდისკენ. მშვენიერი სანახავი იყო:


ეს გახლდათ ბოლო წერტილი მაჭახელას ხეობის აღმა მიმავალ გზაზე. უკან გამობრუნებულებმა ერთი ჩანჩქერიც ვნახეთ...


და ცხემლარას ხიდთან, მდინარის კუძულზე გავჩერდით.


კეფალი შეიწვა, მე - შევიბოლე:


გონიოს გზაზე აჭარლებისთვის არადამახასიათებლად დინჯი ძროხები შეგვეგებნენ:


...და მზის ჩასვლასაც ჩავასწარით.


მზის ჩასვლამდე დაგიტოვებთ ფოტო-შეკითხვას: ვისთვის იყო განკუთვნილი და რა დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო ეს ნაკეთობა? (პასუხებს კომენტარებში ველით).
გიორგი
17 აპრილი 2019 16:10
სკივრია?
xyz
16 აპრილი 2019 09:58
მარცვლეულის, კერძოდ სიმინდის ან ფქვილის შესანახი მგონია.
ლალუკა
14 აპრილი 2019 10:43
რძის სადღვები, სადაც მთის კარაქს აკეთებენ აჭარლები, მთის კარაქით კეთდება უგემრიელესი კერძი ბორანო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები