პიკასო თუ ფიროსმანი?! ჩამოვუაროთ ევროპულ გალერეებს და წამოვიღოთ 10 შედევრი - კვირის პალიტრა

პიკასო თუ ფიროსმანი?! ჩამოვუაროთ ევროპულ გალერეებს და წამოვიღოთ 10 შედევრი

2016 წელს ესპანეთში, ბასკეთის დედაქალაქ ვიტორიაში ქართველი მხატვარი გავიცანი, თემური. კომპიუტერის დესკტოპზე ბავშვური ნახატი ჰქონდა:

- ვისი დახატულია? - დავინტერესდი.

- ბასკიატის. ვერ იცანი?

გავჩუმდი, რადგან სახელი არ მეცნო. სამიოდე დღეში, ბილბაოში, გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აღმოვჩნდი. თემურის დესკტოპის სურათი მთელს კედელზე გაშლილი ვნახე.

- კარგად დააკვირდი ნახატს და უცბად თქვი, რა აზრიც მოგივიდა, - მითხრა თემურმა.

- ამას ხომ მეც დავხატავ.

- ჟან-მიშელ ბასკიატსაც ყოველი ნამუშევრის შექმნისას ერთი მთავარი ამოცანა აქვს - მნახველს ათქმევინოს - ამას ხომ მეც დავხატავ. მარტივი შტრიხებით ღრმა შინაარსს გადმოსცემს.

მუზეუმიდან გამოსულმა ბევრი უცნაურობა მის გარშემოც აღმოვაჩინე: ყვავილებით აწყობილი გიგანტური კატა; ობობა, რომელთანაც სურათი აუცილებლად უნდა გადაიღოთ, თუ ბილბაოში მოხვდებით; სამი მოცეკვავე არსება - ფულის ჩაჩხრიალებისას გაორმაგებული ენერგიით სინქრონულად რომ ცეკვავს...

გალერეებში სტუმრობა გუგენჰაიმში მოხვედრამდეც მიყვარდა, მაგრამ ბილბაოდან დაბრუნებულმა მხატვრობასაც სხვა კუთხით შევხედე და თითოეული მუზეუმისა თუ ნამუშევრის ჩემეული შეფასება დავიწყე. რას ვგულისხმობ? აი, მაგალითად: ყოველი მუზეუმიდან გამოსვლისას საკუთარ თავს ვეკითხები - რამდენად მოუხდება ეს ნახატი ჩემი სახლის კედელს?

თუ აქამდე არავინ მოუკლავს, რაღა მე მომკლავს ოცნება?! ჰოდა, თქვენთან ერთად შევარჩევ ტოპ-10 ნახატს, რომელიც მოგზაურობისას მინახავს და მომწონებია.

ბილბაოდან მილანში, სფორცას სასახლეში გადავინაცვლოთ, სადაც ლეონარდო და ვინჩი მოღვაწეობდა. ერთ-ერთ ოთახში არცთუ დიდი ზომის ნახატია - მადონა ჩვილით.

სტილით, სიძველით ლეონარდოს ნამუშევარს ჰგავს. მეოცე საუკუნის ბოლომდე მეცნიერებსაც ასე ეგონათ, მაგრამ ფრანჩესკო გალისა აღმოჩნდა, რომელიც საზოგადოებაში ნეაპოლიტანოს სახელითაა ცნობილი.

სფორცას სასახლეში ლეონარდოს არც ერთი მადონა არ შემორჩენილა, სამაგიეროდ სულ რაღაც ათი წლის წინ აღმოჩენილი (მანამდე გრუნტით იყო დაფარული) ოთახია, Salle de Asse, რომლის მოხატვა და ვინჩის ერთი მიზნით დაუწყია - სურდა ოთხ კედელს შორის მყოფ ადამიანს თავი ისე ეგრძნო, როგორც ეზოში, ფარდულში...

ლეონარდო და ვინჩის მადონების სანახავად მიუნხენს უნდა მივაშუროთ. ბავარიის დედაქალაქში სულ ერთი დღე მქონდა - დილიდან საღამოს 19 საათამდე. საღამოს ავტობუსში უნდა ვყოფილიყავი და ფრანგულ ქალაქ ლილისკენ გავმგზავრებულიყავი, სადაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ლიტვას ხვდებოდა.

მიუნხენის რუკაზე ვნახე სურათების გალერეა (პინაკოთეკა), "იოლად" მივაგენი და გაფართოებული თვალებით შევედი. დამხვდნენ იულიუს კეისარი (ბიუსტი), ნიმფები, ათენა (ქანდაკებები) და კიდევ უამრავი ანტიკური ლეგენდა...

თავიდან ინტერესით ვათვალიერებდი, შემდეგ ფეხს ავუჩქარე, მინდოდა, რაც შეიძლება მალე გადავსულიყავი სურათების განყოფილებაში, მაგრამ ვერ გადავედი - გლიპთოთეკაში (ქანდაკებების მუზეუმი) ვყოფილვარ.

შენობების ინტერიერმა მომატყუა - გლიპტოთეკა გაცილებით წარმოსადეგ შენობაში განუთავსებიათ.

გლიპტოთეკის გვერდით მდებარე გალერეაში დიდი პატივით შემხვდნენ - ჟურნალისტებისთვის უფასოაო, ბილეთიც მომცეს, ყურსასმენიც მომარგეს და ამიხსნეს: ნახატთან რომ გაჩერდები, აკრიფავ მის შესაბამის ნომერს და აუდიოგიდი შედევრის ისტორიას დაწვრილებით მოგითხრობსო.

ეს ტექნოლოგია არ გამომიყენებია, რადგან სულ საათნახევარი მქონდა... ლილისკენ მიმავალი გერმანული ავტობუსის მძღოლს საიდან ეცოდინებოდა, რომ მის ბორტზე ქართველიც იქნებოდა და დააგვიანებდა?!

სპრინტერის სიჩქარით მოვიარე გერმანელი, ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრებით გადაჭედილი ჭერმაღალი ოთახები:

ეს რემბრანდტი - ვაუ!

ეს რუბენსი - უჰ!

ეს იან ვან ჰუისუმი - იფ!

ეს ჩემი ფავორიტი მხატვარი რაფაელი - Like.

იტალიური რენესანსის განყოფილებაში შევჩერდი, სული მოვითქვი... ცოტა უცნაური იყო - რაფაელის ნამუშევრებმა ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორც სხვებმა. მიზეზს გვიან მივხვდი: არ ველოდი, რომ, ვთქვათ, რუბენსის ნახატები ესოდენ დიდი ზომისა იქნებოდა და თითუეული დეტალი ასე მომჭრიდა თვალს.

რაფაელის შემთხვევაში კი მოულოდნელობის ეფექტი ნაკლებად იყო - ვიცოდი, ველოდი და ვნახე ფერთა რაფაელისებური გამა.

ამაზე სიღრმისეული ნახატი კი, მიუნხენში არ შემხვედრია:

ეს ხომ ლეონარდო და ვინჩია. რაფაელის ნახატებისგან განსხვავებით, ლეონარდოს ნამუშევრებს წიგნის ფურცლებიდან ვერ აღიქვამთ. აუცილებელია, ხანგრძლივი დაკვირვება... ვიდრე თბილისში და ვინჩის გამოფენა მოეწყობოდეს, გირჩევთ პალიტრის მიერ გამოცემული რეპროდუქციები შეიძინოთ, ჩამოკიდოთ კედელზე, რომელსაც ყველაზე ხშირად უყურებთ და თავადაც დარწმუნდებით რაოდენ სიღრმისეულია ლეონარდო.

გერმანიდან ავსტრიაში გადავაბიჯოთ. ვენაში სუსხიან ზამთარში ვიყავი. მთავარ ქუჩაზე ვარდისფერი კურდღელი მომეგება.

ვიცანი - ალბრეხტ დიურერის ნახატის 3D ვარიანტია! მაგრამ დღესაც ვერ ვხვდები, რატომ მაინცდამაინც ვარდისფერი?

დიურერის კურდღელი იმდენად ფაფუკი ნამუშევარია, მოფერება მოგინდება:

ეს კურდღელი, ჩემს უკან რომ შენობაა, იქ ცხოვრობს.

ალბერტინას მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გალერეაა. ვენაში ჩასულმა, პირველ რიგში ალბერტინა უნდა ნახო, შემდეგ ოპერა და ა.შ.

მუზეუმში აეროპორტიდან დაგვპატიჟეს - პაბლო პიკასოსა და კლოდ მონეს ნამუშევრების სპეციალური გამოფენააო.

ესეც პიკასო.

დიდ კედელზე იმპრესიონიზმის ფუძემდებლის კლოდ მონეს "ტბორია" გამოფენილი.

დიდხანს ვუყურე, შორიდან, ახლოდან, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მაინც ვერ მოახდინა, როგორც ამ ნახატმა:

რენუარი ისედაც მომწონდა, მაგრამ "ახალგაზრდა გოგონას პორტრეტი" რომ ვნახე, მთლად გადავირიე. ასე, გადარეულმა ჩავუარე ამ მოკრძალებულ პიროვნებას...

...და ჩავედი ქვედა სართულზე, სადაც აკვარელით შესრულებული ნამუშევრები იყო გამოფენილი.

საოცარი ხელი ჰქონია ვენელ იაკობ ალტს. ფოტოსურათი არ გეგონოთ, აკვარელით შესრულებული ნახატია:

იცით, კიდევ რამდენი საოცარი ნახატი ვნახე აკვარელების განყოფილებაში? ალბერტინა იმდენად მრავალფეროვანია, მასზე ცალკე ძალიან საინტერესო ბლოგი გამოვა.

აქ კი მოგზაურობის მიზანს დავუბრუნდეთ. რამდენიმე წლის განმავლობაში ნანახი ათასობით ნახატიდან შევარჩიე ტოპ-10, რომლებსაც საკუთარი კედლების დასამშვენებლად სიამოვნებით შევიძენდი:

ასეთი ნამუშევრებითა და ემოციებით დატვირთული დავბრუნდი თბილისში. იქ კი ბოტიჩელის ვენერა დამხვდა - რამდენიმე კვირით იყო გამოფენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში. მისი ხილვის შანსს ხელიდან როდი გავუშვებდი.

ქალბატონი "ვენერა" პირველ სართულზე დიდ ოთახში იყო წარმოდგენილი. მისი სილამაზით რომ დავტკბი, მუზეუმის მეორე სართულზე ავედი. კარში შესვლისთანავე თვალი მომჭრა მომწვანო-მოყვითალო ფერებში გადაწყვეტილმა ნახატმა. ეს ნიკო ფიროსმანის შედევრი იყო, სახელწოდებით "სვირი":

ჩემს ათეულში "სვირი" აუცილებლად უნდა იყოს! იქნებ დამეხმაროთ და კომენტარებში დაწეროთ, ათი უცხოური ნახატიდან რომელი ამოვაგდო, რომ ფიროსმანი ჩავსვა... რაფაელი თუ ალტი? იქნებ რემბრანდტი?