პოლიციელის სელფი ვიქტორ სანიკიძესთან გოლგოთას მთაზე... ვისი სურათი უჩვენა სამართალდამცავმა ქართველ კალათბურთელს? - კვირის პალიტრა

პოლიციელის სელფი ვიქტორ სანიკიძესთან გოლგოთას მთაზე... ვისი სურათი უჩვენა სამართალდამცავმა ქართველ კალათბურთელს?

კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდ ვიქტორ სანიკიძესთან სელფი ბევრს გადაუღია, მაგრამ, ვფიქრობ, გამიმართლა, მეტად ეგზოტიკური სელფი საკუთარ მობილურში რომ დავაფიქსირე.

ზურგჩანთიანი, ლურჯსათვალიანი პოლიციელი ვიქტორთან სურათს იღებს... რას ხედავ აქ ეგზოტიკურს? - იკითხავთ.

გარემოა უჩვეულო: იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან რიგში ვიქტორ სანიკიძის გვერდით ვიდექი, როცა პოლიციელი (თუ დაცვის თანამშრომელი) მოგვიახლოვდა და სანიკიძეს ღიმილით მიესალმა. შენი ფანი ვარო, არ უთქვამს, მაგრამ კალათბურთის დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა და მფრინავი ქართველის თამაშებიც გაიხსენა.

სელფი რომ გადაიღო, მობილური გადაჩხრიკა, ვიქტორს მიუშვირა და ჰკითხა - ამას თუ იცნობო.

- შერმო (გიორგი შერმადინი), - გაეღიმა სანიკიძეს, - სად დაიჭირე?

- დილას იყო მაცხოვრის საფლავთან, შანსი ხელიდან არ გავუშვი და მასთანაც გადავიღე სურათი.

2017 წელს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე, რომელიც ისრაელში გაიმართა, გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, ვიქტორ სანიკიძე პირველი ქომაგი იყო (ტრავმის გამო ვერ თამაშობდა), მე - საკალათბურთო რეპორტაჟებს გადმოვცემდი საქართველოში.

ხუთი მატჩი შვიდ დღეზე იყო განაწილებული. ორი თავისუფალი დღე გვქონდა. ორივეჯერ იერუსალიმში გავემგზავრე.

თელ-ავივიდან ჯერ წმინდა გიორგის მშობლიურ ქალაქ ლოდში შევჩერდით, შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასაფლაო ვნახეთ, გოლგოთაზე ავედით, თელ-ავივის გზაზე კი რუსთაველის ქუჩაზე გავიარეთ...

ლოდში, წმინდა გიორგის საფლავზე ბიზანტიელებმა ეკლესია ააშენეს, რომელიც შემდეგ მუსულმანებმა დაანგრიეს და მეჩეთი აღმართეს. 1871 წელს ხელახლა აიგო მართლმადიდებლური ტაძარი, რომლის სამეურნეო მხარესაც საქართველოში ნაცხოვრები შუახნის კაცი განაგებდა. ქართულად უამრავი საინტერესო ისტორია მოგვითხრო და ის ბორკილებიც გვიჩვენა, რომლებიც წამების წინ წმინდა გიორგის ედო (შემდეგში მასზე არაბებს საკუთარი წარწერა ამოუკვეთავთ):

ლოდის ტაძარში წმინდა ნინოს ძველქართულწარწერიანი ხატიც ვნახე:

წმინდა გიორგის საფლავის სანახავად კი გვირაბით ერთი სართულით ქვემოთ უნდა დაეშვათ:

იერუსალიმის გზაზე ერთ მხარეს დიდი ბადეა გაჭიმული - საზღვარი ისრაელსა და პალესტინას შორის, რომლის გადაკვეთის სურვილი მისი პირველივე დანახვისას გაგიქრებათ.

ვიდრე იერუსალიმში შეაბიჯებთ, მას ზემოდან, ელეონის მთიდან უნდა გადახედოთ, რომლის ფერდობზე მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სასაფლაოა შეფენილი - 150 ათასი საფლავით. თითქმის ყველა საფლავზე ზემოდან კენჭებია ჩამწკრივებული. თურმე, მიცვალებულის პატივსაცემად მისი ახლობლები ყოველი ასვლისას თითო კენჭს დებენ.

მთიდან იერუსალიმი ასე მოჩანს:

დააკვირდით სურათს - ძალიან შორს, კვამლი რომ ამოდის - ახალი ქალაქია. თვალშისაცემია ერთი ნიუანსი - თითქმის ყველა ნაგებობა თეთრი ფერისაა. წინ კი ძველი იერუსალიმი მოჩანს მეფე სოლომონის სასახლითა და უამრავი გუმბათით. იქ 40-ზე მეტი ეკლესია-მონასტერია.

ისრით მინიშნებულია ოქროს კარიბჭე, რომლითაც მესია იერუსალიმში უნდა შევიდეს. შესაძლოა, სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად 1541 წელს ოსმალეთის სულთანმა სულეიმანმა კარიბჭე დალუქა.

წმინდა ქალაქში სოლომონის სასახლის მხრიდან შევედით:

ჩემს ბლოგს ავატარად სწორედ ეს სურათი დავადე. საქართველოს დროშით იერუსალიმის ფონზე - შინაარსობრივად ამაზე უკეთეს ფოტოს სად ვნახავდი?

სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო მეფე სოლომონის სასახლე ძუნძულით შემოვიარე. იგი 3 ათასი წლის წინათ აუგიათ, ხოლო ბაბილონელებმა ძველი წელთაღრიცხვის 586 წელს გაანადგურეს.

სასახლეში მოწყობილ მუზეუმში ისრაელის ისტორიას დეტალურად გაეცნობით. განსაკუთრებით 3D-ში შესრულებული სცენა მომეწონა:

სოლომონ მეფის სასახლესთან გოდების კედელია. იგი იუდეველთა ტაძრის ნაწილია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს გაანადგურა რომაელმა მხედართმთავარმა ტიტუსმა. ეს კედელი სასწაულებრივად გადარჩა, ცეცხლი არ მიეკარა... დღეს იუდეველები დღესასწაულის დღეებში გოდების კედელთან იკრიბებიან და ღმერთს სოლომონისა და დავით წინასწარმეტყველის დროინდელი ებრაელთა სამეფოს აღდგენას სთხოვენ.

ერთგვარი საბაჟო კონტროლის შემდეგ (ჩანთები გააშუქეს) გოლგოთას წმინდა გზა გამოჩნდა:

გოლგოთას მთაზე იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ ეტაპობრივად შენდებოდა ტაძრები. დღეს მისკენ მიმავალთ უამრავი სუვენირი, ტურისტი შეგხვდებათ. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე მსჯელობის თემაა...

ეს უფლის აღდგომის, ანუ ქრისტეს საფლავის ტაძარი, რომელიც IV საუკუნეში აშენებულა. კართან ელვით გაპობილი სვეტია:

წარსულში, იყო შემთხვევა, როცა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ეკლესიაში არ შეუშვეს და ცეცხლი კართან, სვეტზე სწორედ იმ ადგილას გადმოსულა, სადაც მართლმადიდებლები იდგნენ.

გოლგოთაზე მდებარე ქრისტეს საფლავის ტაძარში მსჯელობისა და საკუთარი აზრების ფრქვევის ადგილი არ არის. ამიტომ, გთავაზობთ მხოლოდ ფოტოებსა და მათ მოკლე განმარტებებს.

ადგილი, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს:

ქვა, რომელზეც გარდამოხსნის შემდეგ დაასვენეს:

ქრისტეს საფლავი, ყველაზე წმინდა ადგილი დედამიწაზე:

გოლგოთიდან უკანა გზაზე სუვენირების მაღაზიასთან რომ ჩავიარე, გამყიდველმა ხელი გამომიწოდა და სომხურად მომესალმა. თავი დავუქნიე. მან კი განაგრძო...

არაფერი მესმოდა: არც ის - რას მელაპარაკებოდა, არც ის - რატომ მელაპარაკებოდა. სომხები და ქართველები კავკასიელები ვართ, იერით შეიძლება ვგავდეთ კიდეც, მაგრამ ვერ მივხვდი - ერთი შეხედვით რატომ გადაწყვიტა რომ სომეხი ვიყავი?

გაკვირვებულმა მეგობარ ჟურნალისტებს, გოჩა კაჭარავასა და დავით მანჯავიძეს გადავხედე. დათომ ჩემს მაისურზე მიმანიშნა - გულზე ძველქართული ანბანი მეწერა...

- ქართული ასომთავრული სომხურს მიამგვანე? - გავუღიმე ახალგაცნობილს.

- სომხური მეგონა, - ისე მომიახლოვდა, კინაღამ ცხვირი მაისურზე მომადო, - თითქოს ორივე დამწერლობა ერთი ადამიანის შექმნილიაო.

ვიდრე მესროფ მაშტოცზე გადავიდოდა, გამოვემშვიდობე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ძველისძველი ქართული წარწერებისა და შოთა რუსთაველის სანახავად მიმეჩქარებოდა...

ეს მონასტერი ცალკე ბლოგის თემაა თავისი ფრესკებით, ექსპონატებითა და სიწმინდეებით.