ტოპ-10 ლეგენდა და მინიატურული საქართველო: რატომ კლავენ ნეკრესში ღორებს, როგორ წარმოიშვა კაცხის სვეტი, ყვავი და გერგეტი?! - კვირის პალიტრა

ტოპ-10 ლეგენდა და მინიატურული საქართველო: რატომ კლავენ ნეკრესში ღორებს, როგორ წარმოიშვა კაცხის სვეტი, ყვავი და გერგეტი?!

2019 წლის 17 აგვისტოს საქართველო ერთ საათში შემოვიარე. არც საჰაერო ბუშტი დამჭირვებია და არც თვითმფრინავი - შეკვეთილში, "მინიატურულ საქართველოს" ვეწვიე.

შესაძლოა, უცხოელი ვიზიტორისთვის მინიატურული ძეგლების ნახვა საკმარისზე მეტი ინფორმაციაა, მაგრამ მე უკმარისობის გრძნობა დამრჩა - მინდოდა მეტი გამეგო, ვთქვათ, გერგეტის სამებაზე, უშგულზე, ციხეგოჯზე...

ჰოდა, გადავწყვიტე, შეკვეთილში ნანახი ღირსშესანიშნაობებიდან გამომერჩია ტოპ-10 და ამომეკითხა მათ შესახებ ლეგენდები.

თბილისი

გიფიქრიათ, პირველად ვინ მოამზადა ჩახოხბილი? პასუხს ისტორიის სიღრმეში მივყავართ. ჯერ კიდევ თბილისის დაარსებამდე ეცოდინებოდათ ხოხბის გემრიელად მოხარშვა...

...და როგორ დაარსდა თბილისი? ესეც ჩახოხბილის თემაა: ვახტანგ გორგასალმა ნადირობისას ხოხობი მოკლა, რომელიც პირდაპირ აბანოთუბანში ჩავარდა. ვიდრე მონადირე მიაკითხავდა, კარგად მოიხარშა და მეფეს გამზადებული ჩახოხბილი დახვდა.

ლეგენდის მიხედვით, ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილს თბილი წყლების გამო თბილისი უწოდა.

კაცხი

სიტყვა კაცხი სვანურად "მწვერვალს" ნიშნავს.

კაცხის სვეტის წარმოშობის შესახებ უამრავი ლეგენდაა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მისი ედემის ბაღად ქცევის ამბავი...

კაცხის სვეტის ადგილას ღმერთს სამოთხის ბაღის გაშენება გადაუწყვეტავს, ანგელოზებისთვის ყვავილებით გაწყობა და გალამაზება დაუვალებია.

როდესაც უფალმა ედემს გადმოხედა, ჭრელი, უზარმაზარი გველი დაუნახავს. განრისხებულა, და გადმოუსხამს მდუღარე ლავა, რომელიც ჰაერში გაყინულა და სვეტად აღმართულა... ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე მოსპობილიყო ცდუნება და ვერაგობა...

გერგეტი

გერგეტის სამება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ყაზბეგის მთასთან ერთად საოცარ ხედს ქმნის. თუმცა მხოლოდ ვიზუალური მხარე არ არის მისი ღირსება. წმინდათაწმინდა ადგილია და საინტერესო ლეგენდა უკავშირდება მის აგებას:

ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს დავა ჰქონიათ, სად აეშენებინათ სამების ტაძარი. ერთ მცხეთელ ბერიკაცს ურჩევია - ფურ-ბერწი საქონელი დაკალით, მისი მენჯის ნაწილი დააგდეთ და სადაც ყვავი წაიღებს, ტაძარიც იქ ააშენეთო.

მეფეებს რჩევა ჭკუაში დაუჯდათ, ყორანს მდევრები გააყოლეს. ფრინველი ჯერ ანანურში გაჩერებულა, შემდეგ ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი), ბოლოს გერგეტში დაშვებულა და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს ადგილი მოეწონათ, მაგრამ ვერ შეთანხმებულან, რომელს გაეთხარა საძირკველი. ეს საკითხიც ბრძენის რჩევით გადაუწყვეტიათ: წავიდნენ ბიდარის მთაზე, მოაწყვეს მარათონი გერგეტამდე და ვინც პირველი მიაღწევდა საძირკველსაც ის გათხრიდა.

ხურთისელ კოჭლ კაცს, გვარად ბახჩიძეს, ცხენოსნებისთვისაც უჯობნია - მას დანიშნულების ადგილამდე მოკლე ბილიკები სცოდნია. გერგეტის სამების საფუძველში პირველად სწორედ ბახჩაძეს დაურტყამს ბარი.

ვარძია

კლდეში ნაკვეთი ქალაქის, ვარძიის სახელწოდება თამარ მეფეს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ვარძიის მახლობლად სანადიროდ წასულმა ბიძამ თამარი მეთვალყურესთან ერთად კლდესან დატოვა.

უკან დაბრუნებულს ბავშვი ადგილზე არ დახვდა და ძახილით დაუწყო ძებნა. პატარა თამარი გამოეხმაურა: აქა ვარ, ძია!..

როდესაც მეფე გახდა, თამარმა კლდოვანი მასივი ქალაქად გამოაკვეთინა და მას ვარძია უწოდა.

სამთავისი
გადმოცემის მიხედვით სამთავისის მონასტერი ვახტანგ გორგასალს აუგია.

მას ქართლის ტერიტორიაზე ოთხი ტაძარი აუშენებია - მეტეხის, სიონის, წილკნისა და სამთავისის. ეს უკანასკნელი დანარჩენ სამზე უკეთესო გამოსულა და ამიტომაც უწოდებიათ "სამთავისი" - დანარჩენი სამი ეკლესიის თავიო...

ვახტანგ გორგასლის დროს აგებული ტაძარი ბაზილიკის ტიპისა იყო, დღეს მის ადგილას გუმბათიანი, მშვენიერი ეკლესიაა, რომელსაც მე-11 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.

ციხეგოჯი

შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი ქართული ლეგენდა, არგონავტებზე, სწორედ ციხე გოჯს უკავშირდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს მე-19 საუკუნის ფრანგი ისტორიკოსი დიუბუა დე მონაპერე.

იგი პირველი უცხოელი იყო, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ მითიური ქალაქი აია, რომელსაც ელადიდან ჩამოსულმა არგონავტებმა მოაკითხეს, სწორედ ციხეგოჯი იყო.

საქართველოს გაერთიანებაც სწორედ არქეოპოლისს უკავშირდება (ასე უწოდებდნენ ბერძნები ციხეგოჯს): ფარნავაზ მეფემ, მაკედონელის მთავარსარდალ აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიამხანაგა დასავლეთ საქართველოს მთავარი ქუჯი. დასავლეთსა და აღმოსავლეთში ერთდროულად იფეთქა განმათავისუფლებელმა ბრძოლამ... აზო გაიქცა!

ქუჯიმ განაახლა ციხეგოჯი და ამ სიმაგრეს ასწლეულების განმავლობაში სწორედ მისი სახელი ეწოდებოდა. მას ბერძნები არქეოპოლისად მოიხსენიებენ, ქართველები - ნოქალაქევად.

უშგული

უშგული სვანეთის ერთ-ერთი თემის სახელწოდებაა, რომელიც მყინვარ შხარას ძირში ცხოვრობს. იგი ორი სიტყვის შერწყმითაა მიღებული: "უშიშარი" და "გული". ამ თემის მცხოვრებნი ხომ მთელი ისტორიის მანძილზე არავისი ყმები არ ყოფილან.

მათ გაბატონების მსურველი შვიდი თავადი მოკლეს, რომელთაგან ბოლო ფუთა დადეშქელიანი იყო. იგი მთელმა სოფელმა ლამარიაში ჩაქოლა.

რაბათი

რაბათის ციხესიმაგრეში მეჩეთი ათაბაგთა გამუსულმანებულმა შთამომავალმა, ახმედ ფაშამ ააგო.

ქართველმა არქიტექტორმა მეჩეთი სტამბოლის აია სოფიას ტაძარს მიამსგავსა, რომელიც თავიდან ქრისტიანული იყო... ფაშა ჩანაფიქრს მიუხვდა და არქიტექტორი სიკვდილით დასაჯა.

რაბათის მეჩეთმა კი, აია სოფიას საპირისპირო ბედი გაიზიარა: მუსულმანურად აგებული დღეს ქრისტიანული ტაძარია. ქრისტიანების მიერ აშენებული აია სოფია კი, მუსულმანურ მეჩეთად გადაკეთდა და დღეს სტამბოლის სიმბოლოა.

ნეკრესი

საღვთო დღესასწაულებზე ქართველები ხარს, ცხვარსა და მამალს კლავენ... ქვეყანაში ერთადერთი ადგილი, სადაც ღორის დაკვლის რიტუალია შემორჩენილი, ნეკრესის მონასტერია.

ამ ჩვეულებას თავისი ლეგენდა ახლავს: თათრების ერთ-ერთი შემოსევისას მოსახლეობა ნეკრესის ციხეში შეიხიზნა. მუსულმანები ალყის მოხსნას არ აპირებდნენ, ამიტომ ქართველებმა ხერხი იხმარეს - ღორები დიდხანს აშიმშილეს და დამშეული ცხოველები თათრებზე მიუშვეს... მუსულმანებს ხომ ღორი დასანახად ეზიზღებათ.

დამფრთხალმა მტერმა ალყა მოხსნა და კუდამოძუებული გაშორდა ნეკრესს.

ახალგორი

მემატიანე გორგიჯანიძეს მოჰყავს ერთი საინტერესო ცნობა ახალგორში მდებარე ქსნის ერისთავების ციხე-დარბაზთან დაკავშირებით:

"ირანის მიერ მეფედ გამოგზავნილ როსტომს დიდ წინააღმდეგობას უწევდა თეიმურაზ პირველი. მას მხარს უჭერდნენ ქსნისა და არაგვის ერისთავები და ამილახვარი.

XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს მოკავშირეები ჯარით ახალგორს შეკრებილან, იქიდან საფურცლეს უნდა წასულიყვნენ და თეიმურაზს შეერთებოდნენ.

როსტომმა გაიგო ეს, სასწრაფოდ ჯარი შეკრიბა და ახალგორში, შობის დილას ლოცვაზე მდგომ ერისთავებს მოულოდნელად დაესხა თავს. დამხვდურებმა იარაღის ასხმა და ცხენზე შეჯდომაც ვერ მოასწრეს..."

ერისთავების ციხე-დარბაზი დღესაც მტრის ხელშია - რუსების მიერ გავლებული მავთულხლართს მიღმაა.

ეგ არის და გორის ციხე - ესეც მე და საქართველო ზედხედში: