მივბაძოთ ლიეტუვას! ისინი ჰიმნს სპორტულ არენებზე მღერიან, ჩვენ - აქციებზე... - კვირის პალიტრა

მივბაძოთ ლიეტუვას! ისინი ჰიმნს სპორტულ არენებზე მღერიან, ჩვენ - აქციებზე...

ლიეტუვაში 2011 წელს ვიყავი, ევრობასკეტიდან საქართველოს ნაკრების თამაშებს ვაშუქებდი. დედაქალაქ ვილნიუსში დარბაზიდან ღამის 10 საათზე გამოვდიოდი. შენაყრება რომ გდომოდა, ახლომახლო მხოლოდ "მაკდონალდსს" თუ მიაკითხავდი - ყველაფერი დაკეტილი იყო. ლიეტუველები დილას ადრე იღვიძებენ და სამუშაო დღესაც დროულად ასრულებენ. საღამოს ვისაც როგორ სურს, ისე ატარებს, ოჯახთან, მეგობრებთან ლუდის სმაში, კალათბურთის დარბაზში...

რა ხდება ამ დროს საქართველოში? - ოჯახს ისე ვერ შეინახავ, თუ დილიდან ღამემდე არ იმუშავე. ამასწინათ, ღამის ორ საათზე  ერთი ტაქსისტი გამომიტყდა: სამსახურიდან გამოვედი და ახლა ტაქსაობით მინდა დამატებით ფულის შოვნაო.

შინ დაღლილი მიხვალ, ჩართავ ტელევიზორს და პოლიტიკა... პოლიტიკოსებს არ ეწყინოთ, მაგრამ რამდენჯერაც პოლიტიკურ გადაცემას ვუყურე, პირდაპირ ეთერში აქციები ვნახე, უარყოფითად დავიმუხტე. ისედაც დაღლილ და გამოფიტულ ადამიანს კიდევ უარყოფითი ენერგია მინდა?! სიმართლეს გეტყვით - არც პოზიცია მომწონს და არც ოპოზიცია, იმიტომ, რომ მათ სპორტი იმაზე ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე... უნდა აინტერესებდეთ.

რატომ უნდა აინტერესებდეთ? - იმიტომ, რომ დღეს ახალგაზრდობა დაავადმყოფებულია, მას მოძრაობა სჭირდება, მოძრაობა კი სპორტია. რას ნიშნავს, დაავადმყოფებულია? - იკითხავს რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც არასოდეს დასწრებია საქართველოს ნაკრების მატჩს (კალათბურთი იქნება, ფეხბურთი, რაგბი, ხელბურთი თუ წყალბურთი). აი, რას ნიშნავს: განათლების სამინისტრომ  მეთერთმეტე კლასელებში ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო დედგინათ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ 68 პროცენტი დაავადმყოფებულია, ზოგს ხერხემალი აქვს დაზიანებული, ზოგს რა და ზოგს - რა. ამ  დროს ლიეტუვაში რა ხდება იცით? - სკოლებიდან დაწყებული ეზოებით დამთავრებული, ყველა ვარჯიშობს, სპორტითაა დაკავებული და ამიტომაც, არ მახსენდება წელში მოხრილი ლიეტუველი მოზარდი. არადა, ამ ქვეყანაში ორი კვირა გავატარე, ჯერ კლაიპედაში ვიყავი ევრობასკეტის პირველ ჯგუფურ ეტაპზე, შემდეგ ვილნიუსში -  მეორე ეტაპზე.

როგორ ფიქრობთ, ქართველ მოზარდს მშობელი პოლიტიკურ შოუებს რომ აყურებინებს, ფსიქიკა არ დაუმახინჯდება? აი, მთავარი, რისთვისაც ეს პუბლიკაცია დავწერე - "შოუ" არ შეიძლება პოლიტიკური იყოს! ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. "შოუ" ხომ ქართულად წარმოდგენაა. წარმოდგენა კი უმეტესად დადებით ემოციას უნდა იწვევდეს, იშვიათად - უარყოფითს. პოლიტიკურ შოუების შემდეგ, პირადად მე არასოდეს მიმიღია დადებითი ემოცია - ერთმანეთს ემუქრებიან, ჭამენ, აგინებენ, ბორჯომს ასხამენ...

ჩემთვის შოუ არის ხარისხიანი თეატრი, კინო, კონცერტი, საკალათბურთო, სარაგბო თუ საფეხბურთო მატჩი... თეატრალური წარმოდგენისას შეიძლება მთავარი გმირი მოკვდეს, მაგრამ მაინც ემოციებით დატვირთული გამოვდივარ, დადებითი ემოციებით. საფეხბურთო ან საკალათბურთო წარმოდგენისას შეიძლება წააგო, თვალზე ცრემლიც მომდგომია, მაგრამ ეს უარყოფითი ემოცია არ ყოფილა. ხოლო, თუ მოიგე...

...2011 წელს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე ჯგუფიდან რომ გავედით, ისეთი სიხარული მხოლოდ ოჯახის წევრების ბედნიერებით შეიძლება განიცადო! ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ოჯახურ ბედნიერებას შენ და შენი სანათესაო იზიარებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წარმატებას კი ათიათასობით ქართველი ერთად ზეიმობდა. სულ სხვა განცდაა საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ ხალხთან ერთად რომ გიხარია. ამ დროს ერი კიდევ უფრო ერთიანდება, ხოლო სხვა ქვეყანა ასეთ გახარებულს და გაერთიანებულს რომ გხედავს, მეტი პატივისცემა უჩნდება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ევრობასკეტზე ყოველი მატჩის მოგების შემდეგ - პოლონელები, უკრაინელები თუ ლიეტუველები მოზეიმე ქართველების ფერხულს, აჭარულს რომ უყურებდნენ, თავადაც ცდილობდნენ აყოლას, მაგრამ ქართული ცეკვა, ქართული ემოცია სულ სხვაა, მას მხოლოდ ქართველი თუ აჰყვება.

უკრაინასთან რომ მოვიგეთ, ქალაქ კლაიპედას ქუჩებში გავისეირნე. ცენტრალურ მოედანზე სუხიშვილების კონცერტი მიმდინარეობდა. მოულოდნელად საქართველოს დროშაშემოხვეულმა ლიეტუველმა დამიძახა - "ჯორჯია", მოდი, ერთად ავყვეთ, ჩემი სიმღერა და ცეკვა ამასთან სამოყვარულო დონეაო. იცით ვინ იყო? - ლიეტუვური ხალხური სიმღერის ოსტატი. სწორედ მის დაკრულზე ვიცეკვეთ (მე ნაკლებად) კლაიპედაში ევრობასკეტის სტუმარი ჟურნალისტები კონცერტზე რომ დაგვპატიჟეს.

ამ ზაფხულს ევრობასკეტის ერთი ჯგუფის მასპინძლობის უფლება საქართველოს რომ მიანიჭეს, კალათბურთის გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, გაუხარდა, მაგრამ სამმაგად უფრო გაუხარდებოდა იმას, ვინც საქართველოს ნაკრებს რომელიმე ევრობასკეტზე მაინც ახლდა. მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით ოთხჯერ ითამაშე ევროპის ჩემპიონატი - 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში. რატომ სხვებზე მეტად? პასუხისთვის ცალკე აბზაცი დამჭირდება:

დავიწყოთ იქიდან, რომ მატჩის დილას ამაყად გეღვიძება - შენი ქვეყნის ჰიმნი სადღაც, შუაგულ ევროლოპაში ტოპ-ქვეყნების ჰიმნთან ერთად უნდა აჟღერდეს. ე.ი. შენც ტოპი ხარ. ეს ზაზა ფაჩულიამ და მისმა თაობამ დაგვაჯერა.

მოისხამ საქართველოს დროშას და ქუჩაში გამოსულს ყველა გიღიმის - არ მახსოვს, ვინმეს ეკითხოს, რომელი ქვეყნიდან ხარო, ან დაებღვიროს. საქართველოს დროშას ყველა სცნობს და პოზიტიურადაა განწყობილი. 2017 წელს ისრაელში ლიეტუვასთან მატჩის წინ ავტობუსში რომ ავედი, "შიგთავსი" მთლად გამწვანებული დამხვდა - ლიეტუველებით იყო გაძეძგილი. ზოგი მემუქრებოდა, სჯობს თამაშზე არ წამოხვიდე - შერცხვებიო, ზოგი ქართულ ხაჭაპურსა და საფერავს იხსენებდა.

ეს თამაშისწინა მოთელვა იყო და, წარმოიდგინეთ, რა გრძნობაა, როცა მონსტრ ლიეტუვას მოუგებ და მისი გულშემატკივრების მწვანე არმიაში საქართველოს დროშით თავაწეული გამოდიხარ!

ევრობასკეტი 2021-ზე ჯგუფის პარტნიორის არჩევის უფლება გვაქვს და დიდი ალბათობით ლიეტუვის ნაკრებს ავირჩევთ, რომელსაც, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, 5 ათასზე ნაკლები ქომაგი არ ჩამოჰყვება. მათი თბილისის ქუჩებში ხილვა კი ნებისმიერი ჩვენიანისთვის სასიამოვნო იქნება. იმიტომ, რომ ქართველებს თოთოეული ლიეტუველი დიდ პატივს გვცემს. კლაიპედაში ისიც მითხრეს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გულზე საქართველოს დროშები გვეკეთა და სამსახურში ისე დავდიოდითო.

ამას დავუმატოთ ჩვენი ჯგუფის კიდევ ოთხი ბინადარი. შეიძლება ეს ესპანეთი იყოს, საფრანგეთი, ან სულაც ხორვატია... მათი ქომაგები ლიეტუველებსა და ქართველებს რომ დაემატება, ამაზე უკეთ ტურისტულ ბიზნესს როგორ განვავითარებთ? სლოვენიაში ევრობასკეტი 2013-ის მსვლელობისას ესპანელმა ჟურნალისტმა ტიკომ მითხრა - ჩემპიონატი რომ მორჩება, ლიუბლიანაში ჩემი ცოლი ჩამოვა და ორკვირიან შვებულებას სლოვენიაში გავატარებთო. დიდი საკალათბურთო ქვეყნების გულშემატკივარმა იცის როგორ უნდა მოიქცეს - უცხო ქალაქსაც ზედმიწევნით ათვალიერებს, სასმელსაც უხვად გეახლებათ და საღამოს შეხურებული მიდის საკუთარი ნაკრების თამაშზე.

ტკბილ მოგონებებსა და დადებით ემოციებში გადავეშვი... არადა, იმავე ესპანელსა თუ ლიტველ ქომაგს მსგავსი ბედნიერება ორ წელიწადში ერთხელ კი არა, ყოველკვირეულად აქვს. როგორ? - როგორ და, ძალიან მარტივად - ისინი ხარისხიან კალათბურთს მხოლოდ ევრობასკეტებზე კი არ ნახულობენ, არამედ შინ ჰყავთ "რეალი", "ბარსელონა", "ბასკონია", "ჟალგირისი". ეს უკანასკნელი ლიეტუვური გუნდია, რომელიც ევროპის უმაღლეს საკლუბო შეჯიბრებაში, ევროლიგაში თამაშობს.

ლიეტუვის მთავრობა მილიონებს საარჩევნო ფლაერებში კი არა, ხალხის სიხარულისთვის ხარჯავს. გასულ კვირას ჩემი მეგობარი "ჟალგირისის" ევროლიგურ მატჩს დაესწრო, დაწყებისას ვიდეოც გადაიღო და ვერ წარმომიდგენია, ამაზე უკეთესი საშუალება დადებითად დასამუხტად: 15-ათასიანი დარბაზი ბოლომდე იყო სავსე, ყველა ერთად მღეროდა ლიეტუვის ჰიმნს, ერთად ქომაგობდა თავის საყვარელ გუნდს და ყველა ერთად გამოვიდა მატჩიდან გახარებული.