უნიკალური პროდუქტი, რაც სიმსივნის პრევენციისა და უჯრედების რეგენერაციის განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა
უნიკალური პროდუქტი, რაც სიმსივნის პრევენციისა და უჯრედების რეგენერაციის განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა
რა არის ყვავილის მტვერი? - მარტივი კითხვა დავუსვი გამოცდილ მეფუტკრეს. პასუხი რთული და მრავალფეროვანი იყო: - ყვავილის მტვერი ორგანიზმში მკვდარ უჯრედებს აღადგენს, ხელს უშლის სიმსივნური ელემენტების განვითარებას, სწორი მიღება აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებასა და სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნიტეტს, მატებს მამაკაცურ ენერგიას...

მეფუტკრე კიდევ ბევრს მომითხრობდა, შუა გზაში რომ არ შემეჩერებინა - ყვავილის მტვრის რაობა მაინტერესებდა, ჯერ უნდა ვიცოდე როგორ გამოიყურება, როგორ მოიპოვებს ფუტკარი. ამის შემდეგ სიამოვნებით მოვისმენ ლექციას მტვრის სამკურნალო თვისებებზე.

მეფუტკრესთან დიალოგის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და საშუალება მომეცა სკიდან ყვავილის მტვერიც ამეკრიფა და მისი მოტანის პროცესსაც დავკვირვებოდი. ფუტკარი მტვრის გრანულებს ფეხებზე იმაგრებს და სკაში ისე შეაქვს:

უი, ამ ფუტკრებიდან ერთსაც არ მოუტანია მტვერი.

ამიტომ, სკები ისეთ ადგილას უნდა გადავიტანოთ, სადაც მცენარეც ყვავილობს და ფუტკარი
მტვერს უხვად შეაგროვებს. მოვირგოთ ჩაფხუტები, დავემსგავსოთ მარსიდან ჩამოსულებს და საქმეს შევუდგეთ:

მარცხნივ მე გახლავართ, შუაში თემურია, მერჯვნივ - ალექსანდრე, რომლის "ნივამაც" გმირობა ჩაიდინა: ტალახში ჩაფლული, 43 სკით დატვირთული "მერსედესი" ჩაიბა და დანიშნულების ადგილას მშვიდად მიიყვანა.

ფუტკარი ახალ გარემოს მალევე ეგუება: გათენდა თუ არა, სკებიდან მზვერავები გაფრინდნენ, დეტალურად შეისწავლეს გარემო - სად თაფლოვანი მცენარეა, სად - მტვრით სავსე ყვავილი. მალე ასეთი სურათი მივიღეთ:
ფუტკარი უარყოფითი მუხტის მატარებელია, როდესაც იგი ყვავილში ჩადის დადებითად დამუხტული მტვერი თავისთავად ეკვრება ბუსუსსებზე, რომლითაც ფუტკარია დაფარული. მტვერს საკუთარი ნერწყვით დააგორგოლავებს და ფეხებზე არსებულ "ჯიბეებში" ჩაიწყობს. როდესაც შემგროვებელი ყვავილიდან აფრინდება, მცენარე პოლარობას იცვლის და სხვა ფიტკარი შორიდან ხვდება, რომ ყვავილში მტვერი აღარ არის.

კიდევ უფრო დავკონკრეტდებით და "გლეხურ ენაზე" გეტყვით, რომ ყვავილის მტვერი მცენარის მამაკაცური ჰორმონების კონცენტრატია. სწორედ ამიტომ იგი რეგენერაციის საუკეთესო საშუალებაა: ორგანიზმში აღადგენს მკვდარ უჯრედებს. მას სპორტსმენები აქტიურად იყენებენ დახარჯული ენერგიის აღსადგენად, ცილების შესავსებად. დოპინგის დარად ენერგიის წყაროა, თუმცა აკრძალულ პრეპარატებში არ შეუტანიათ. თუ დოპინგი გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმს ფიტავს, ყვავილის მტვერი პირიქით - აჯანსაღებს. ოღონდ, მნიშვნელოვანია ზომა-წონის დაცვა მიღებისას.

სკებთან მუშაობისას სტუმარი გვეწვია:
კუს შვილს კუსანა რქმევია. იცით რა ჰქვია ფუტკრის შვილს? - მართვე.

მუშა ფუტკრებს ყვავილის მტვერი სწორედ მართვეებისთვის მიაქვთ. შეიტანენ სკაში, ფიჭაში ჩადებენ და თავით ტკეპნიან. ზედ საკუთარ ნერწყვს აყოლებენ და ვღებულიბთ ახალ ნივთიერებას სახელწოდებით - ჭეო.

1946 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა გამოკვლევა, რომლის მიზანი ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა გახლდათ. აღმოჩნდა, რომ დიდი ნაწილი, ვინც 100-ზე მეტი წელი ცოცხლობდა, მეფუტკრე ან მისი ოჯახის წევრი გახლდათ. მეცნიერების დასკვნა ასეთი იყო: მეფუტკრეები თაფლთან ერთად ფიჭას მიირთმევენ, მასში კი ბევრია ჭეო, რაც სიცოცხლის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალებაა.

ყვავილის მტვრისა და ჭეოს ამ თვისებას უძველესი დროიდან მიაქციეს ყურადღებ. მტვერს ძველი ეგვიპტელებიც წამლად ხმარობდნენ, ხოლო ბიბლიასა და ყურანში "ღმერთების საკვებად", "ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის წყაროდაა" მოხსენიებული.

ყვავილის მტვერი ჩვენამდე "ორმაგი ძარცვის" შედეგად აღწევს. ფუტკარი ყვავილს როგორ "აყაჩაღებს", უკვე მოგახსენეთ, სკაში დაბრუნებულ მწერს კი, ჩვენ "ვძარცვავთ" - სკის შესასვლელზე ვაყენებთ სპეციალურ ბადეს, რომელში შეძრომისას ფუტკარს ჯიბეებიდან მტვერი სცვივა და გროვდება ერთგვარ რეზერვუარში:
დააკვირდით, ყვავილის მტვერი ძირითადად ყვითელია. ალაგ-ალაგ ნარინჯისფერიც შერეულა. საინტერესო აღმოჩენის მომსწრე გავხდი ამ ფოტოების გადაღებისას: ერთ სკასთან ყვითელი მტვერი სჭარბობდა, მეორესთან - ყავისფერი, მესამესთან - იასამნისფერი...

ეს ყავისფერი:
ეს იასამნისფერი:
ესეც ასორტი:
ყვავილის მტვრის გრანულები ჯადოსნური ყოფილა, მისი მიკრო და მაკროელემენტების შემცველობის ამოკითხვისას ქიმიის კაბინეტი და ელემენტების პერიოდული სისტემა წარმომიდგა თვალწინ: ნატრიუმი, კალიუმი, ნიკელი, ტიტანი, ქრომი, ფოსფორი, ცირკონი, ბერილიუმი, ცინკი, ვერცხლი, ბარიუმი, ურანი, ალუმინი, მაგნიუმი, მარგანეცი, კალციუმი, რკინა, სპილენძი...

ბოლოს კი შეგვიძლია, ძველ ნაცნობ მეფუტკრესთან ერთად ჩამოვთვალოთ ყვავილის მტვრის სასარგებლო თვისებები:
მატებს მადას, აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, ავითარებს კუნთებს - მატებს ძალასა და გამძლეობას, შესანიშნავად აღადგენს ვარჯიშით დაკარგულ ენერგიას, ხელს უშლის ორგანიზმის ინტოკსიკაციას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და აუმჯობესებს მეხსიერებას.

ოღონდ, მთავარია ყვავილის მტვერის სწორად მიღება - დღეში მაქსიმუმ ერთი ჩაის კოვზი! აქ ძახილის ნიშანი იცით, რატომ დავსვი? - ერთი საინტერესო ისტორია მახსენდება, რომელიც ჩემს ნაცნობ მეფუტკრეს მასზე გამოცდილმა მოუყვა: ერთ საღამოს პატარა ქილით ყვავილის მტვერი მეტყევისთვის მიუცია, ის კი დილას შვიდ საათზე დადგომია.

- რა დაგიშავე, რა დღეში ჩამაგდე?!

- რა მოგივიდა? - უკითხავს მეფუტკრეს.

- მტვერი ვჭამე და მთელი ღამე ვერ დავიძინე, ძალის ისეთ მოზღვავებას ვგრძნობდი. ახლომახლო არც ქალი იყო, არც კაცი... დავეჭიდებოდი მაინც, ენერგიას დავხარჯავდი.

- ხომ დაგარიგე, დღეში ერთ კოვზზე მეტი არ უნდა მიიღო მეთქი.

- კოვზი? მთელი ქილა შემეჭამა, ისე მომეწონა...
?
19 თებერვალი 2020 12:03
მეეჭვება ერთი ბანკა შეეჭამა :( , მე ვერ გადავყლაპე :) მირჩიეს თაფლში უნდა აურიოო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?