ბასკურ-ქართული პარალელები: ქვეყანა, სადაც შენგელია მეფობდა... როგორ გამომაძევეს მეფის სასახლიდან - კვირის პალიტრა

ბასკურ-ქართული პარალელები: ქვეყანა, სადაც შენგელია მეფობდა... როგორ გამომაძევეს მეფის სასახლიდან

ღვედი შევისწორე, ეგვიპტური პაპირუსივით დაგრაგნილი, პრინტერზე ამობეჭდილი ფურცლები ჩანთიდან ამოვიღე და კითხვას შევუდექი. თვითმფრინავით მგზავრობისას დროის მოსაკლავად ამაზე უკეთესი საშუალება რა უნდა მენახა?! მესამე ფურცელი გვერდზე გადავდე და აი, რა ამოვიკითხე მეოთხეზე:

"ნაწყვეტი ნიკო მარის ნაშრომიდან:

ბურთი - ეს წმინდა საგანია. ბურთის თამაში კულტის გადმონაშთია. მებრძოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ბურთის ბოლომდე გატანაში. ამასთან, მიღწევას აგვირგვინებენ გამარჯვების ყიჟინით "ლელო", რაც საკუთრივ ღვთაების სახელი უნდა იყოს."

გგონიათ, გურიაში დღემდე შემორჩენილ ლელობურთზეა ლაპარაკი? - არა, ბატონებო, ნიკო მარი ბასკურ თამაშზე წერს, სად გურია და სად ბასკეთი!

ამასობაში ნაზი თურქული ხმით რაღაცა გამოაცხადეს, შემდეგ ინგლისურადაც თარგმნეს, მაგრამ იმდენად დამახინჯებულად, რომ მხოლოდ ორი სიტყვა გავარჩიე - "ღვედი" და "ბილბაო". მივხვდი! - ღვედები შეიკარით ბილბაოში ვეშვებითო. დავეშვით და ატყდა დიდი ყიჟინა, სწორედ ისეთი, თბილისის აეროპორტში დაფრენისას რომ ისმის ხოლმე. სტამბოლიდან ბილბაოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ბასკეთის მომღერალთა გუნდის 50-მდე წევრი იჯდა, სოჭის ფოლკლორული ფესტივალიდან ბრუნდებოდა. ისინიც ისეთივე ხმაურიანები ყოფილან, როგორც ჩვენ, ქართველები. ეს ერთი მსგავსება!

"აეროპორტშივე" შევუდექი ბასკურ-ქართული კავშირების ძიებას, თუმცა ბილბაოდან ვიტორიამდე იმდენად მოწესრიგებული იყო გზა, მოძრაობა, პარალელების ძიებაზე ხელის აღება გადავწყვიტე. ესპანეთში სხვა მისიით ჩავფრინდი: თბილისში ჩატარდა საკალათბურთო კლუბ "ბასკონიას" კემპი, რომელშიც 60-მდე ქართველი ბავშვი მონაწილეობდა. ბასკებმა 16 ქართველი მოზარდი შეარჩიეს და მიიწვიეს ვიტორიაში, სადაც საერთაშორისო კემპი გაიმართა.

პილპილ - ცხარე ბასკებსაც ჰყვარებიათ

ვიტორია-გასტეიზში 300 ათასი ადამიანიც არ ცხოვრობს, მაგრამ ჩრდილოეთ ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი სპორტული ცენტრია. საკალათბურთო კლუბი "ბასკონია" ევროლიგის გუნდია, რომელშიც თორნიკე შენგელია ასპარეზობდა და 2020 წელს კაპიტნის სტატუსით ესპანეთის ჩემპიონობაც მოიპოვა.

საფეხბურთო გუნდი "ალავესი" კი, ესპანეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

სპორტულის პარალელურად, ვიტორიას ეკო-რუკაზეც თვალსაჩინო ადგილი უკავია: ეკოლოგებმა თავისებური სახელდება შეურჩიეს - "ევროპის მწვანე დედაქალაქი". შესასვლელში სიმწვანე სულაც არ მოჩანდა - ქალაქში რომ შეხვიდეთ, წითელფოთლება ხეების ხეივანი უნდა გაიაროთ. ჩემი ბაღის მჟავე ტყემალს მივამსგავსე, ვიკითხე და მართლა ტყემალი აღმოჩნდა. მიმდებარე გაზონს კი მოუხდებოდა ხასხასა ომბალო, მაგრამ კოინდარი ეთესა... მჟავე და მწარე ბასკებსაც ჰყვარებიათ. ისინი წიწაკას პილპილს უწოდებენ და ცხარე კერძებსაც გემრიელად მიირთმევენ.

ეს მეორე მსგავსება ქართველებთან.

რატომ წერია დროშაზე ეტა?

ვიტორიაში შესულებმა "ბასკონიას" საშინაო არენა "ბუესასკენ" ავიღეთ გეზი. ვიდრე დარბაზს მივუახლოვდებოდით, უამრავი წრე გავიარეთ. ჩვენთან წრეები ან ყვავილებითაა შელამაზებული, ან სააკაძის ძეგლი დგას, ვიტორიაში კი წრეში პირდაპირ ტყე იყო გაშენებული, უზარმაზარი არყის ხეებით. როგორც ჩანს, ქალაქს ახალ უბნებს გარეთ ამატებენ, გარედან აფართოვებენ და არა შიგნიდან, სიმწვანის ხარჯზე, როგორც ზიგიერთ ჩვენთვის ნაცნობ ქალაქში ხდება.

წარწერაც გამოჩნდა: "ბუესა არენა". "არენა" გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა "ბუესა"? ჩვენმა თანმხლებმა მოკლედ აგვიხსნა:

- ფერნანდო ბუესა ბლანკო ბასკების მთავრობის ხელმძღვანელი იყო, მის დროს ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა ორგანიზაცია ეტა-ს წევრებმა 2000 წელს მოკლეს.

ვიდრე "ბუესა არენამდე" მივიდოდეთ, ეტა-ს თემა მოვამთავროთ: ვიტორიაში, აივნებზე ძირითადად სამი სახის დროშაა გამოფენილი - წითელ-მწვანე, ბასკეთისა; წითელ ლურჯი, საკალათბურთო კლუბ "ბასკონიისა"; თეთრ-ლურჯი, საფეხბურთო გუნდ "ალავესისა". ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ფანჯარაში შავ-თეთრი, წარწერებიანი დროშა შევნიშნე. მივუახლოვდი და ბევრი ვერაფერი გავარკვიე, გარდა ერთისა - ეტა. ისე როგორ მოვშორდებოდი, შინაარსი არ გამეგო.

ერთ-ერთი გამვლელი გავაჩერე და გადათარგმნა ვთხოვე. კარგად შემათვალიერა, ვიდრე თანხმობას ან უარს მეტყოდა, დავამატე - "ჯორჯიიდან" ვარ, უბრალოდ, ჩემთვის მაინტერესებს-მეთქი. გაიღიმა და შორიდან მოუარა:

- ეტა-ს ყველა ლიდერი დაჭერილია. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ისინი ჩვენგან ყველაზე მოშორებულ ქალაქებში იხდიან სასჯელს, სამხრეთ ესპანეთში. ამ დროშაზე კი წერია - დააბრუნეთ ეტა-ს წევრები ბასკეთში. გათავისუფლებას არა, ბასკეთის ციხეებში გადმოყვანას ითხოვენ.

არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ტროტუარზე მიწიდან ამოზრდილმა ნაგვის ურნებმა დამაინტერესა - როგორ ცლიან-მეთქი, ვკითხე თანმხლებ ესპანელს.

- საქმე მარტივადაა, - გამიღიმა და ახლოს მიმიყვანა, - ურნებში ჩაყრილი ნაგავი მიწისქვეშა მილების გავლით ქალაქის დასაწყისში იყრის თავს, მუშავდება და ბუნებას სხვადასხვა პროდუქტის სახით უბრუნდება.

გონება თბილისიკენ გამომექცა - ასეთი სისტემა ჩვენს დედაქალაქსაც მოუხდებოდა! ბარემ გადათხრილია...

გურია - ჩემია

მაღალი მთების ფონზე ამაყად დგას "ბუესა არენა", რომლის შესასვლელში დიდი წარწერაა - AUPA BASKONIA! ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება: "ვაშა "ბასკონიას"! დარბაზში, სადაც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებთან ერთად შევაბიჯე, "ბასკონიას" კემპის მონაწილეები ვარჯიშობდნენ. ქართველი ყმაწვილები ტელეკამერის გამოჩენამ საკმარისად გაახალისა. მე კი ხალსისისთვის არ მცხელოდა...

მცხელოდა და წყლის ბოთლებთან მივირბინე. ერთი ბასკი ბიჭი დამხვდა, ისიც წყალს ეწაფებოდა. თავისი ბოთლი გამომიწოდა და სიტყვა "გურია" მოაყოლა. როგორც ჩანს, ქართველი კალათბურთელებისგან იცოდა, რომ "გურია" ჩვენთვისაც ნაცნობი სიტყვა იყო. როგორც ამიხსნა, "გურია" ბასკურად "ჩემს" ნიშნავს. ისიც მითხრა, ქალაქში ერთი დიდი რესტორანია - "გურია" (ქართულად "ჩვენებურები") ჰქვიაო. დროის სიმწირის გამო რესტორანი "გურია" ვერ ვნახე, სამაგიეროდ ტურისტულ სააგენტოს აბრაზე აღმოვაჩინე ჩემთვის ნაცნობი სიტყვა:

დავინტერესდი, ახალგაზრდა კალათბურთელმა რამდენად კარგად იცოდა ბასკური. მიპასუხა: ბებიაჩემთან თუ ვსაუბრობ, სხვა შემთხვევებში ესპანურად ვლაპარაკობო. არ მომეწონა. ისევე როგორც სვანური და მეგრული, ბასკურიც უძველესი ენაა და მას გაფრთხილება სჭირდება. სხვათა შორის, ტოპონიმების თუ აბრების კითხვისას რთული გასარკვევი იყო, სამეგრელოში ვიყავი, თუ შორეულ ესპანეთში: ბასკეთშიც თითქმის ყველაფერს ია-სა და უა-ზე ამთავრებენ - ბასკონია ადგილობრივ ენაზე ეუსკადიაა, აეროპორტი - აეროპორტუა, იქით "გურია", აქეთ "დათო", "მელია"...

...შენგელია! - "ბუესა არენის" იატაკზე ქართული გვარი ამოვიკითხე. მოედნის გასწვრივ "ბასკონიაში" მოთამაშე ყველა კალათბურთელის ნაფეხურს შეხვდებით. შენგელიას ორი ნაფეხურია, ერთზე თოკოს სურათია, მეორეზე - რიცხვი: 50.5. სწორედ ასეთია ქართველი ფორვარდის ფეხის ზომა.

კლუბ "ბასკონიას" სპორტულმა დირექტორმა ბორხა კომანხემ შენგელიას მაგალითზე ბასკურ-ქართული პარალელი გაავლო:

- ვიცი, ქართველებსა და ბასკებს შორის ბევრი ნახულობს მსგავსებას. მეც ვიტყვი: სამხრეთ ესპანეთში შედარებით მეტი ნიჭიერი კალათბურთელის პოვნა შეიძლება, მაგრამ მათ სხვა ხასიათი აქვთ, ზარმაცები არიან. ქართველებსა და ბასკებში შეიძლება იმდენი ნიჭი ვერ ნახოთ, რამდენიც სამხრეთ ესპანეთში, მაგრამ მნიშვნელოვანია ხასიათი. ქართველებსა და ბასაკებს ერთნაირი, მებრძოლი ხასიათი აქვთ, თავს არ ზოგავენ მოგებისთვის. ამაყები არიან და მათზე ძალიან მოქმედებს წაგება. ის, ვინც ხვდება, როგორ იქცეს გამარჯვებულად, ვარჯიშსაც არ იზარებს და ბევრსაც აღწევს.

სტუმრად მეფესთან

ქალაქის სახელი, "ვიტორია" ესპანურად სწორედ გამარჯვებას ნიშნავს. ვისაც ბასკების დედაქალაქში უმოგზაურია, არ შეიძლება არ გადაეღოს სამახსოვრო ფოტო გამწვანებულ წარწერასთან: "ვიტორია-გასტეიზ". "გასტეიზიც" გამარჯვებას ნიშნავს, ოღონდ ბასკურად. ძველქართული ანბანით მეც გავიჭიმე ვიტორიას მთავარ მოედანზე.

ნებისმიერ ქალაქში სტუმრობისას (უცხოეთსა თუ საქართველოში), პირველ რიგში, მუზეუმების ჩამონათვალს ვეცნობი.

ბასკურ ვიტორიაში იარაღის მუზეუმი ყოფილა. ისე როგორ დავტოვებდი ეუსკადიას, ამ მუზეუმის კარი არ შემეღო? "გუგლ მეფში" მოვძებნე და იოლი მისადგომი აღმოჩნდა - ქალაქის შუაგულში, პასეო დე ფრაი ფრანსისკო დე ვიტორიას ქუჩაზე. ჩვენებურად რომ გითხრათ: რუთაველზე, პირველ სკოლასა და მთავრობის სასახლეს შორის.

ჭიშკარი შევაღე და შენობაში შევედი.

საით მიბრძანდებით? - ხელის მოძრაობით მკითხა დაცვის მუშაკმა. ჯერ ინგლისურად ვუთხარი, მუზეუმში შევდივარ მეთქი, მერე ესპანურად ვცადე, მაგრამ ვერ გავაგებინე. თითი გასასვლელისკენ რომ გაიშვირა, აღარ ჩამოუწევია. საათს დავხედე, ხომ არ დამაგვიანდა-მეთქი. ისე არ დამგვიანებოდა, შესვლა ვერ მომესწრო. ბასკებზე ჯიუტები არც ქართველები ვართ, უკან დახევას არ ვაპირებდი, მაგრამ იღლიაში ხელი რომ მომკიდა და ჩემთან ერთად ჯერ ეზოში გამოვიდა, შემდეგ ჭიშკარსაც გამაცილა, ისღა დამრჩენოდა ჩემს გამძევებელს ღიმილით დავმშვიდობებოდი.

გაბრაზებულმა "გუგლ მეფი" კიდევ ერთხელ გავხსენი - თურმე, მისამართი შემშლია, ყოველგვარი მოსაწვევის გარეშე ბასკეთის მეფის სასახლეში შეჭრას ვცდილობდი, მუზეუმი მეგონა.

ვიტორია ნაპოლეონის არმიაზე

იარაღის მუზეუმი მეფის სასახლის გვერდით, ერთ პატარა შენობაში ყოფილა. არც იქ მიშვებდნენ! – დღე მთავრდება, დაკეტვამდე 20 წუთიღაა დარჩენილი, ხვალ მობრძანდითო.

- ხვალ თბილისში "მივბრძანდები", მიზეუმში შემიშვით და გპირდებით, 10 წუთში გამოვალ-მეთქი.

შევედი. ბრძოლას მონატრებული, სისხლშემხმარი იარაღი, "მოწყენილი თვალებით" უღიმოდა დამთვალიერებელს.

სხვა გზა არ მქონდა - სწრაფად ჩამოვურბინე ყველა ექსპონატს, უმეტესობას ფოტო გადავუღე, რომ შემდეგ კარგად დავკვირვებოდი. ყველაზე მეტი ეფექტი ბრძოლის სცენამ მოახდინა, რომელში დამარცხების შემდეგაც ნაპოლეონის ჯარებმა ესპანეთი დატოვეს. ეს იყო ვიტორიის ბრძოლა.

ბასკეთი მშვიდობიანად დავტოვე - ვიტორიადან ბილბაოში დავბრუნდი, ცნობილ მეტალის ობობასთან სურათი გადავიღე და "აეროპორტუას" მივაშურე. არ ვიცი, ნაპოლეონი რას ფიქრობდა, ესპანეთს რომ ტოვებდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ დავბრუნდები. მთავარი, რისი ნახვაც ძალიან მინდოდა პირველი სტუმრობისას ვერ ვნახე - ბილბაოს დაჰყურებს მთა, რომელსაც არჩანდა ჰქვია. ბასკებს რომ ჰკითხოთ, ვერც ამ სახელს განგიმარტავენ და ვერც იმას გეტყვიან, რატომ და როდის დაერქვა.

მე კი ვიცი, რას ნიშნავს "არჩანდა" და ისიც ვიცი - ჩემს ძალიან შორეულ ნათესავებში ვიყავი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს