სამოთხე, სადაც ხორვატიისა და სერბეთის ომი დაიწყო
სამოთხე, სადაც ხორვატიისა და სერბეთის ომი დაიწყო
შეაღებ კარს და აღმოჩნდები ღრმა ხეობის წინ, რომლის გადაღმა უზარმაზარი ჩანჩქერი მოჩანს. ქვემოთ მდინარე მოედინება, რომელიც იარუსებად თავად ბუნებას დაუყვია და ყოველ იარუსზე, მხატვარი რომ შეაზავებს ლურჯსა და მწვანეს, სწორედ ისეთი ფერის ტბაა. ტბები სავსეა სხვადასხვა ჯიშის თევზით. ხეობა უღრანი ტყითაა დაფარული. შეხვდებით მურა დათვს, ირემს, ათასგვარ ფრინველს...

სად ვართ? სამოთხეში. ოღონდ ბიბლიურში არა, მიწიერ სამოთხეში. თუმცა, იქნებ, ადამი და ევა გაძევებამდე სწორედ პლიტვიცეში ცხოვრობდნენ? პლიტვიცე ხორვატიის ნაციონალური პარკია, რომელიც
3 ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და მის დასათვალიერებლად ერთი დღე საკმარისი არ არის. მე კი, ერთ დღეზე მეტი არ მქონდა.

ევროპის 2015 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი სწორედ ხორვატიაში, კერძოდ ზაგრებში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა 6 დღეში ხუთი მატჩი ჩაატარა და ჯგუფიდანაც გავიდა. ევრობასკეტის მსვლელობისას იყო ერთი თავისუფალი
დღე, რომელიც მეგობრებთან ერთად პლიტვიცეს სანახავად გამოვიყენე.
ზაგრების მთავარი ავტოსადგურიდან ("გლავნი კოლოდვორ") დილის 8 საათზე გავემგზავრეთ და დანიშნულების ადგილას ორსაათნახევარში მივაღწიეთ. შესასვლელში გრძელი, მრავალეროვანი რიგი დაგვხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პლიტვიცეს პარკი არათუ ხორვატიის, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობაა. ამას რიცხვებიც ადასტურებს - ყოველწლიურად 1.1 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

თავიდან, ყველა აღფრთოვანებით შედის, მაგრამ 4 კილომეტრის გავლის შემდეგ, ქანცგაწყვეტილი გამოდის და მინიმუმ ერთი დღე სჭირდება ნანახის სრულყოფილად გასააზრებლად. ხორვატიაში ყოფნისას ენის შესწავლა ვერ მოვასწარი, თუმცა ორი მთავარი სიტყვა კი დავიმახსოვრე: "ულაზ" და "იზლაზ" - შესვლა და გამოსვლა. პლიტვიცეს პარკის "ულაზში" 110 კუნიანი ბილეთი ვიყიდეთ, რაც 15 დოლარს უტოლდება. ივლისსა და აგვისტოში ბილეთის ფასი მატულობს, 180 კუნამდე ადის. სალაროსთანვეა ტურისტული ბიურო, სადაც რამდენიმე საინტერესო შეკითხვაზე მოკლედ გვიპასუხეს.
ეს ტერიტორია ტურისტებისთვის 1888 წლიდან გაიხსნა; ნაციონალური პარკის სტატუსი 1949 წელს მიიღო; 1960-იან წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა ხეობაში გადაღებული ვესტერნის ჟანრის ფილმების წყალობით; 1979 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, 1991 წელს კი...

ვიდრე 1991-მდე მივალთ, პლიტვიცე კარგად შევათვალიეროთ. "ულაზი" (შესასვლელი) მშვენიერ ადგილას მოუწყვიათ - ზედხედში ჩანს ტბებისა და ჩანჩქერების კასკადი. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა თავად განსაზღვროს გეზი.

ქართველ გულშემატკივრებთან ერთად პირველ რიგში, უახლოეს ტბასთან ჩავედი. კამკამა წყალში მოსრიალე თევზები მტრედებს დამსგავსებოდნენ - ადამიანის მიახლოვებაზე ნაპირთან გროვდებოდნენ.
ხეობას ზემოთ ავუყევით, გავიარეთ ბუნებრივი გამოქვაბული, ერთი ტბა, მეორე, მესამე, მეოთხე... ტერასებზე გადაშლილ დაბალწყლიან ტბებს (სხვათა შორის, სიტყვა "პლიტვიცე" ხორვატულად სწორედ მცირეწყლიან ადგილს ნიშნავს) ერთმანეთთან ჩანჩქერები აერთებს. თუ ტბები მეტ-ნაკლებად მსგავსია, ჩანჩქერები ერთთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, სიმაღლით, სიგანით, წყალუხვობით, სილამაზით.
ტბების რიგს დასასრული არ უჩანდა. ამიტომ, მეორე ტურისტული ცენტრი რომ შეგვხვდა, ავტობუსში ავედით და წვერში მდებარე ბოლო ტბასთან ჩამოვედით. პლიტვიცეს პარკში სულ 16 ტბაა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით უღრან ტყეს, მით მატულობდა საგზაო ნიშნები დამთვალიერებელთათვის. ანკესი რომ იქნებოდა წითლად გადახაზული, თავადაც მოგეხსენებათ, თურმე არც "პიკნიკის" მოწყობა შეიძლება, არც დანაგვიანება, არც ხიდან ნაყოფის მოწყვეტა, არც ტყეში შესვლა - დანაღმულიაო...

ნაღმის ნიშანმა ცოტა გამაკვირვა, ვცდილობდი, რაც შეიძლება, სწრაფად მევლო, რომ საინფორმაციოში მეკითხა, რატომ ეხატა საგზაო ნიშანზე ნაღმი.

- პლიტვიცეს პარკი ხორვატიის დამოუკიდებლობის საძირკველია, - მითხრა ახალგაზრდა ხორვატმა, რომელსაც 90-იანი წლების გახსენებისას სიამაყე დაეტყო, - 1991 წელს ხორვატიის პოლიციასა და სერბეთის ჯარს შორის პირველი შეტაკება სწორედ პლიტვიცეში მოხდა. თავიდან სერბებმა იძალეს, პლიტვიცეც დაიკავეს და ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი წერტილი აიღეს. ომი 1995 წლამდე გაგრძელდა და ხორვატების გამარჯვებით დასრულდა. სხვათა შორის, ბოლო ტყვიაც პლიტვიცეს პარკის ტერიტორიაზე გავარდა.

ადგილობრივმა ყმაწვილმა ისიც დასძინა, 90-იანი წლების შემდეგ პლიტვიცე ნაღმებისგან გაიწმინდა, თუმცა აქა-იქ ნარჩენებს მაინც პოულობენ. ამიტომაა აკრძალული ბილიკებიდან გადასვლა, თუმცა თქვენ ნურაფრისა შეგეშინდებათ, ბილიკიდანაც გადავსულვარ და ტყეში დათვიც შემხვედრიაო.
დათვთან შეყრის დრო არ იყო, ზაგრებში უნდა დავბრუნებულიყავით. პარკში სხვადასხვა პუნქტებს გემები აკავშირებს. უკვე საკმარისად დაღლილები ვიყავით და იმ გემში ჩავსხედით, სამხრეთით, გასასვლელისკენ რომ მიემართებოდა. "იზლაზთან" ცნობილი სოხუმელი ჟურნალისტი, საქართველოს ნაკრების ქომაგი თენგიზ პაჭკორია შეგვხვდა. პლიტვიცეს მეუღლითურთ სტუმრობდა.

- ნამდვილი სამოთხეა, - გაგვიზიარა შთაბეჭდილება ბატონმა თენგიზმა, - მობილურზე გვიყენია პროგრამა, რომელიც ზუსტად აფიქსირებს, გავლილ მანძილს. 4 კილომეტრი გავიარეთ, თუმცა სანახაობამ დაღლილობა აშკარად გადაფარა.

გამოსვლისას კიდევ ერთხელ წარმტაცა თვალი პლიტვიცეს ხეობამ:

გავიდა 5 წელი და ერთმა 11 წლის მხატვარმა კომპიუტერში არჩეული ფოტო მიჩვენა - ეს მინდა დავხატო, ბევრი ვეძებე, მაგრამ ასე ძალიან არაფერი მომწონებიაო.

- აქ ხომ ნამყოფი ვარ, ეს პლიტვიცეა, - ამაყად ვუთხარი.

- აქ? ამ ჩანჩქერებში? მაშ სწორედ ამას დავხატავ და თუ მართლა ცოცხლად გაქვს ნანხი, შემიფასე.

ამ სიტყვებმა გამახსენა, რომ ჩემი ბლოგების სერიაში ხორვატულ სამოთხეზე არაფერი დამიწერია. გადავათვალიერე ფოტოები, გავიხსენე დეტალები და...

ამასობაში პატარა მეგობრის ნახატიც შემომესწრო:

16 დეკემბერი 2020 18:58
ძალიან ლამაზია! საინტერესოა, ემირ კუსტურიცას ფილმი, სადაც თვითონ მონიკა ბელუჩისთან ერთად თამაშობს, მანდ ხომ არაა გადაღებული?!
ნინო
12 დეკემბერი 2020 18:22
რა სილამაზეა, დიდი სიამოვნებით ვესტუმრები თუ ოდესმე ეს პანდემია დასრულდა.
თამარი
12 დეკემბერი 2020 17:12
კაი იყო
მადლობა

რუბრიკის სხვა სიახლეები