როგორი იყო პომპეის უკანასკნელი დღე - კვირის პალიტრა

როგორი იყო პომპეის უკანასკნელი დღე

"დღის პირველ საათზე, როცა ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა სადილისთვის ემზადებოდა, გაისმა გამაყრუებელი გრუხუნი, მიწა შეზანზარდა, სახლები მთვრალებივით ბარბაცებდნენ, ვეზუვმა კრატერის ყელიდან ცეცხლის სვეტი ამოისროლა, წამოვიდა ფერფლის ნიაღვარი და პემზის ნამტვრევები. მათ მზე და ცა დაფარეს, დაბნელდა", - ვკითხულობთ ზენონ კოსიდოვსკის წიგნში, როცა "მზე იყო ღმერთი".

ტექსტში სიტყვა ვეზუვი რომც არ ყოფილიყო ნახსენები, იოლად მიხვდებოდით, რომელ ვულკანსა და ქალაქზეა ლაპარაკი - ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წლის 24 აგვისტოს ვეზუვის ვულკანმა მთლიანად დაფარა ორი ქალაქი - პომპეი და ჰერკულანუმი.

XVII საუკუნემდე მშვიდად განისვენებდა ორი ქალაქი ფერფლისა და ლავის ქვეშ, მხოლოდ 1763 წელს აღმოჩენილ მამაკაცის ფიგურაზე ამოიკითხეს წარწერა: "იმპერატორისა და მეფის, ვესპასიანე ავგუსტოს სახელით ტრიბუნმა კლემენსმა დაუბრუნა ქალაქ პომპეის საზოგადოებრივი მიწები."  ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლდა - ეს ქალაქი პომპეი იყო.

...დღემდე არ შეწყვეტილა გათხრები. 1864 წელს არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელ ფიორელის საინტერესო აზრი მოუვიდა: ლავასა და გაქვავებულ ფერფლში მოქცეული, უკვე გამოფიტული ადამიანის სხეულში ჩაასხა თაბაშირი და მიიღო სწორედ ისეთი სურათი, როგორიც ვეზუვის ამოფრქვევის პირველ დღეს დაფიქსირდა:

როგორი იყო უკანასკნელი დღე პომპეიში? - ამ კითხვას ბევრმა მეცნიერმა, მწერალმა თუ მხატვარმა მიუძღვნა ნაშრომი, თუმცა კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება, თუ ფერფლში ჩაფლული ქალაქიდან ამოღებულ ნივთებს შევათვალიერებთ.

პომპეიდან ჩამოტანილ ძვირფას ექსპონატებს ვანის მუზეუმში ნახავთ. "დიდებული პომპეი" - ასეთი სახელწოდება აქვს ექსპოზიციას.

პომპეიში ხალისიანი ხალხი ცხოვრობდა, გეახლებოდა ღვინოს, ერთობოდა კამათლით, ფულს გოჭის ფორმის ყულაბაში აგროვებდა, ხატავდა კარიკატურებს, წერდა კედლებზე და ყველაზე საინტერესო - აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესში.

ეს დიონისეს აღმზრდელი სილენი ღვინის თასით. მასთან სურათის გადაღება ჩემთვის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც ლეო მესისთან.

ეს კამათელი. ძველ რომში კამათლით თამაში აკრძალული იყო, უზნეობად ითვლებოდა. თუმცა დაშვებული იყო მხოლოდ 17-დან 23 დეკემბრამდე, სატურნისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე.

ეს იუმორისტული ნახატი ეგვიპტურ მოტივებზე.

ეს ჩასუქებული ღორის ფორმის ყულაბა:

რაც შეეხება არჩევნებს, ვანში პომპეური საარჩევნო ფრესკა არ ჩამოუტანიათ. მაშინ არც ათასობით პლაკატს ბეჭდავდნენ და არც ტელევიზია იყო, რომ წინასაარჩევნო მოწოდებები გაეჟღერებინათ. ძველი რომაელები საკუთარ კამპანიას კედლებზე ამოკაწვრით წარმართავდნენ, ზოგი მხატვრებს ქირაობდა და ლამაზი შრიფტით გადაჰქონდა საკუთარი საარჩევნო ლოზუნგი კედელზე...

"ის, ვინც ხმას არ მისცემს კვინკტუსს, ვირზე უკუღმა უნდა შესვა და ქალაქი შემოატარო ხუმარასავით", - კვინკტუსის  ერთგული ამომრჩევლის კედლის მწერლობა.

"ვატიუსს რეკომენდაციას უწევენ ბრიყვები", - აშკარად ოპოზიციონერის ნაშრომია.

მსგავსი ლოზუნგების ქვეშ კი მიუწერიათ: "ყველა ძილისგუდაა", "გამოუფხიზლებელი ლოთები"...

ვხვდებით ლაღ იუმორს: "კედელო, გაოგნებული ვარ, აქამდე რომ არ დაიშალე - ყველა შენ გაშარდავს".

სხვებს არც ტავერნის მეპატრონე ჩამორჩა: "თუ საჩხუბრად შემოდიხარ, გირჩევნია, დროულად გაიქცე".

პომპეი და ჰერკულანუმი სააგარაკე დასახლებები იყო. მდიდარი რომაელები ერთმანეთს ფეშენებელური ვილების აშენებაში ეჯიბრებოდნენ. პომპეიში აგარაკი ჰქონდა ორატორსა და სახელმწიფო მოღვაწე ციცერონს. ვანის გამოფენაზე კი იულიუს პოლიბიოს ვილის  უამრავი ექსპონატია წარმოდგენილი. მისი ვილა ასე გამოიყურებოდა:

ბატონი პოლიბიოს სახლში აღმოჩენილ ჭურჭელს ასეთი სახე ჰქონდა:

ბოლოს პომპეისთან დაკავშირებულ რამდენიმე რიცხვს ჩამოგითვლით.

20 000. ვეზუვის "გამოღვიძების" მომენტში ქალაქ პომპეიში 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

2500. გათხრების შედეგად 1500-მდე ადამიანის სხეული იპოვნეს, ისტორიკოსების მტკიცებით ფერფლის ქვეშ 2500 ადამიანი დაიმარხა. დანარჩენმა თავს გაქცევით უშველა.

500. თანამედროვე მეცნიერების ვარაუდით პომპეიში ამოფრქვეული ვულკანი 500-ჯერ უფრო ძლიერი და დამანგრეველი იყო, ვიდრე ქალაქ ჰიროშიმაში აფეთქებული ატომური ბომბი.

5. ქალაქი რამდენიმე დღეში 5 მეტრის სისქის ფერფლმა დაფარა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს