რას გეგმავს პუტინი?! - ოფიციალური მოსკოვის საგარეო-პოლიტიკური კურსი კიდევ უფრო აგრესიული გახდება, ანუ გზა საით?!
03-11-2016
რას გეგმავს პუტინი?! - ოფიციალური მოსკოვის საგარეო-პოლიტიკური კურსი კიდევ უფრო აგრესიული გახდება, ანუ გზა საით?!
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ადრე, 2016 წლის 18 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში  საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგად პარლამენტის ქვედა პალატაში - სახელმწიფო სათათბიროს 450 ადგილას აირჩიეს ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი: მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი" და სამი ფიქტიური ოპოზიციური გაერთიანება: კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და "სამართლიანობის პარტია" (მისი ლიდერია ვლადიმერ პუტინის ყოფილი ჯგუფელი სერგეი მირონოვი).

აღნიშნული არჩევნები წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფაქტს, არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების შემდგომი განვითარების კონტექსტიდან გამომდინარე, არამედ მას
ასევე საერთაშორისო პოლიტიკისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ არჩევნების ერთ-ერთ თავისებურებას ისიც წარმოადგენდა, რომ დაახლოებით 225 ერთმანდატიან ოლქში, ძირითადად, მსხვილი დასახლებების და რეგიონულ ცენტრებში, მაჟორიტარული წესით დეპუტატები პირველად არჩიეს. ეს იყო კრემლის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი, 2011 წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ე.წ. "ბოლოტნაიას პროცესის" საპასუხო ქმედება, რომლის
დროსაც კრემლის ამჟამინდელმა მესვეურებმა პუტინის მეთაურობით ლამის დაკარგეს ძალაუფლება და რომლის შედეგადაც, ვლადიმერ პუტინმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო დიდ "პოლიტიკაში" და უშუალოდ მას ხელმეორედ, რიგით მესამედ აეღო ხელისუფლების ბერკეტი.

2012 წელს ვლადიმერ პუტინი სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ მოირყა მის მიერ ასე რუდუნებით შექმნილი ე.წ. "პოლიტიკური ვერტიკალი" (ხელისუფლების მართვის ისეთი სისტემა, რომლის დროსაც ძალაუფლება განაწილებული სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს და კლანებს შორის და საბოლოო გადაწყვტილებები მიიღება უშუალოდ მთავარი პოლიტიკური ფიგურის მიერ დაბალანსების პოლიტიკის ფარგლებში, გავიხსენოთ, საბჭოთა პოლიტიკური ბიუროს მაგალითი, სადაც სწორედ კომუნისტური პარტიის თავკაცი, ანუ გენერალური მდივანი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას).

ვლადიმერ პუტინმა სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შიდა პოლიტკური საპროტესტო მუხტის ჩასაცხრობად (მხედველობაშია ის გარემოება, რომ ე.წ. "არა-სისტემური ოპოზიციის" ლიდერი ალექსანდრე ნავალნის რეიტინგმა უკვე 2012 წელს მიაღწია საკმაოდ სოლიდურ მაჩვენებელს 20%-ს, ხოლო პუტინის რეიტინგმა კი ამ პერიოდში დაიწყო კლება 65-დან 54%-მდე) მიმართა ნაცად ხერხს - დაიწყო საგარეო "მტრების" წარმოჩენა და როგორც კი ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული იქნა მესამედ,  დაიწყო აგრესიული საგარეო-პოლიტიკური კურსის გატარება, რაც საკმაოდ არასახარბიელოდ აისახა მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე - უკრაინის ტერიტორიის ყირიმის ოკუპაცია და ანექსია 2014-15 წლებში, 2015 წელს სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყება, 2015 წელს საქართველოს წინააღდეგ ე.წ. "მცოცავი ოკუპაციის" პროცესის განახლება და ბოლოს აშშ-ს სტრატეგიულ შეიარაღების სფეროში გამალებული რბოლის დაწყება, რომელმაც უკვე ამ ეტაპზე მიიღო "1962 წლის კარიბის კრიზისის" სცენარის განვითარების პერსპექტივები.

ამ საფუძველს იძლევა, სულ ახლახანს, ოფიციალური კრემლის გადაწყვეტილებით, აშშ-ს უშუალოდ საზღვრის გასწვრივ, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მოტორიზირებული დივიზიის განთავსება და ასევე ორი დივიზიონის ტაქტიკური სარაკეტო დარმტყმელი კომპლექსი "ისკანდერ-M"-ის ოპერატიული განლაგება, რომელთა მოქმედების რადიუსიც  300-400 კმ-ს აღწევს. მას 10 კილოტონამდე ბირთვული მუხტის გადატანა შეუძლია. აღნიშნული უკვე წარმოადგენს აშშ-ს მიმართ უშუალოდ ბირთვული დარტყმის მუქარის სტრატეგიის სტარტს.

დასავლეთთან გეოსტრატეგიული, გეოეკონომოკური და გეოპოლიტიკური კონფრონტაციული პოლიტიკის განხორციელების ლოგიკური შედეგი იყო სახელმწიფო სათათბიროში მმართველი "ერთიანი რუსეთის" პოზიციების მაქსიმალურად გამყარება - პირველად 1991 წლის 12 ივნისს სახელმწიფოებიობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ - 405 მანდატი. ასევე პირველად, აგრესიული საგარეო-პოლიტიკის რიტორიკით გამორჩეულმა "ლიბერალურ-დემოკრატიულმა" პარტიამ მიიღო ყველაზე სოლიდური 39 ადგილი, ხოლო მისმა ლიდერმა, ექსტრავაგანტულობით ცნობილმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ არჩევნების შემდეგ, კრემლის მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი სატელევიზიო არხისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-სთან "ბირთვული ომის" გარდუვალობა ოფიციალურად დაანონსა.

ვლადიმერ პუტინმა კი კიდევ უფრო გაამყარა საკუთარი "პოლიტიკური ვერტიკალი", მოახდინა რა მის შიგნით ერთგვარი "როტაცია", როდესაც მან დაარტყმა მიაყენა ე.წ. "სილოვიკების" (ძალოვნების გავლენიან დაჯგუფებას), ჩამოიცილა რა მისი თავკაცები - ყოფილი ერთგული "გვარდიელები": სეჩინ-ივანოვ-პატრუშევის "ტრიუმვარიატი" და მის საპირწონედ გააძლიერა ე.წ. "სამხედროების" სხვა დაჯგუფება (სერგეი შოიგუ, სერგეი ნარიშკინი და დიმიტრი როგოზინი) და სამხედრო ხარჯების მოცულობა ერთიანი საზოგადოებრივი პროდუქტის თითქმის 10%-მდე გაზარდა.

ამასთანავე, ფედერალური სპეციალური თავდაცვითი პროგრამების ჩათვლით, დაიწყო (ბოლო გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ საპარლამენტი არჩევნების შედეგებიდან სულ მოკლე პერიოდში, როდესაც როგოზინის ინიციატივით, დაიწყო "პერსპექტიული კვლევების ხელშემწყობი ფონდის" ფარგლებში (ეს გახლავთ ამერიკული თავდაცვითი წამყვანი კვლევითი პროგრამების სააგენტოს ანალოგი ) ე.წ. "ავატარის" პროგრამის რეალიზება, რომლის განხორციელებაზეც გამოყოფილია 2017 წელს 40 მილიონი რუსული რუბლი (დაახლოებით 1,5 მილიონი ამერიკული დოლარი).

ამავე დროს, ამ არჩევნების ფონზე, ვლადიმერ პუტინმა შექმნა ორი მეგამონსტრი ძალოვანი სტრუქტურა: ეროვნული გვარდიის სპეცსამსახური, რომელშიც თავი მოიყარა 400 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ და მის სათავეში ჩააყანეს პუტინის პირადი დაცვის უფროსი და "სამხედროების" კლანის გავლენიანი ფიგურა, არმიის გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი და მეორე სტრუქტურა - სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, რომელსაც, სავარაუდოდ, სათავეში ჩაუდგება სერგეი ნარიშკინი (წინა პარლამენტის თავმჯდომარე). ამიტომაც სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ოფიციალური მოსკოვის საგარეო-პოლიტიკური კურსი კიდევ უფრო აგრესიული და არაპროგნოზირებადი გახდება.

ვახტანგ მაისაია
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი

მედეა
10 ივლისი 2017 10:27
აბსოლუტურად ვერ ვერკვევი პოლიტიკაში, გთხოვთ არ გამიბრაზდეთ და გამარკვიოთ შემდეგში:1) ვის აწყობს მესამე მსოფლიო ომი?2) რუსეთი ატომურ ბომბს თუ გამოიყენებს, მასაც ხომ ესვრიან ბომბს?3) ამერიკა კია ოკეანეებით შემოფარგლული, მაგრამ ვერ მიწვდებიან ვითომ?4) თურქეთისა და ჩინეთის დამოუკიდებელი პოლიტიკა არაა საშიში? 5) ელექტროდენზე მომუშავე ავტო მანქანები თუ მომრავლდა, ნავთობი ვის რაში დასჭირდება და მაშინ ძალთა ახალი გადანაწილება იქნება დღის წესრიგში?6) წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყნები წამოიწევენ წინა პლანზე და ამ მხრივ საქართველოს გაბრწყინება არაა მოსალოდნელი? 7) საქართველოს ტერიტორიისათვის ბრძოლა უფრო ხომ გამძაფრდება მაშინ? 8) ვემზადებით ამისთვის?, ერთმანეთის ჭამას ხელისუფლებაში მოსასვლელად როდის მორჩებიან?9) სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია როდის გვეღირსება? მთავრობა? სხვისი ხელის შემყურე სადამდე უნდა ვიყოთ?,სხვას ვეკითხებით რა კანონებით უნდა ვიცხოვროთ? სამიათასწლოვანი ქვეყანა ევროპა--ათასწლოვანს უნდა ეკითხებოდეს წესებს და თვალებში შესციცინებდეს?10) რუსეთი არ გვიმეტებს გასაშვებად--ამერიკა ვერ გვიერთებს, ევროპას ფეხებზე ვკიდივართ-----ესაა ახლანდელი ჩვენი დაბეჩავებული ყოფა! 11)ვეძებთ გმირს---"ვისაც დღედაღამ ნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქ ა რ თ ვ ე ლ ი!
tngh
07 ნოემბერი 2016 14:23
დედამიწაზე III მსოფლიო ომის სურნელი ტრიალებს. საქართველოს გამთლიანება და გადარჩენა მხოლოდ უბლოკო სტატუსით და ნეიტრალიტეტით არის შესაძლებელი. იმედია, გაბედავს ვინმე ხელისუფლებიდან და ამ მიმართულებით დაფიქრდება...
სიმართლე
05 ნოემბერი 2016 23:43
თუ ასეთი ძლიერია ნატო და ამერიკა და ერთ კვირაშჲ მოუღებენ ბოლოს ამ რუსეთს, რას აბლატავებენ? მაგრამ ბირთვული იარაღის ყველას ეშინია. არავის არ უნდა თავისაი აწყობილი ცხოვრების დანგრევა და რუსეთიც დიდ გულზეა ამიტომ.

რედაქტორის რჩევით