რას წარმოადგენს პუტინის პირადი კლანი "კოოპერატივი "ტბა"? - რუსეთის "პოლიტიკური ვერტიკალის" თავისებურება და ბრძოლა კრემლისთვის
09-12-2016
რას წარმოადგენს პუტინის პირადი კლანი "კოოპერატივი "ტბა"? - რუსეთის "პოლიტიკური ვერტიკალის" თავისებურება და ბრძოლა კრემლისთვის
ბოლო პერიოდში მდგომარეობა გართულდა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც.

2011 წლის რუსეთში შექმნილი რევოლუციური ვითარების შედეგად, ე.წ. "ბოლოტნაიას საქმის" გამო ატეხილი მძლავრი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, როდესაც პუტინის იმჟამინდელმა ადმინისტრაციამ, დიდი ძალისხმევის მეშვეობით, შესძლო ამ მუხტის დაგდება, მდგომარეობა ქვეყანაში კვლავ გართულდა.

"დასავლეთის" მხრიდან განხორციელებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა და ფინანსურმა კრიზისმა, გამოიწვია ძლიერი რყევები უშუალოდ ქვეყნის პოლიტიკაში და მის შიგნით ჩამოყალიბებულ ე.წ. "პოლიტიკურ ვერტიკალში", რომელიც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების სრულ
დომინანტობას დანარჩენ ორ ხელისუფლებაზე და ასევე უკვე მის შიგნით, ერთი ადამიანის (ამჟამად ვლადიმერ პუტინის) გარშემო ძლიერი კლეპტოკრატიული ძალის ჩამოყალიბებას.

ბრძოლა კრემლისთვის გადავიდა საკმაოდ მძაფრ ფორმებში და პუტინის "პირადი გვარდია", ანუ მისი პირადი პოლიტიკური კლანი, რომელიც პირობითად იწოდება "კოოპერატივ "ტბად", გადავიდა შეტევაზე.

ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით
პრეზიდენტობის უკანასკნელ პერიოდში, ქვეყნის "პოლიტიკური ვერტიკალის" შიგნით მოქმედ კლანებს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. ამ კულმინაციის "გორდიას კვანძის" გადაჭრა მოუწია თვით კრემლის ამჟამინდელ მფლობელს.

მან, პირველ რიგში,  საკუთარ კლანს, ანუ "კოოპერატივ "ტბის" შემადგენლობას დაუქვემდებარა მთლიანად ძალოვანი სტრუქტურები და საკუთარი პირადი დაცვის უფროსს, არმიის გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს ჩააბარა "ეროვნული გვარდიის" სპეცსამსახური, რომელიც 2016 წლის პირველ ნახევარში შეიქმნა და სადაც 300 ათასიან ძალოვან სტრუქტურას დაუქვემდებარა სპეციალური დანიშნულების შენაერთები, მათ შორის შინაგანი ჯარების სარდლობა.

ასევე, პუტინის პირადი ინიციატივით, იწყება მეორე ძალოვანი "მონსტრის" - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შექმნა, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება, სავარაუდოდ, დეკლარირებული. აღნიშნული ნაბიჯები გადაიდგა "პოლიტიკური ვერტიკალის" შემადგენელი კლანის "სილოვიკების" (სეჩინი-ივანოვი-პატრუშევი) პოზიციების შესასუსტებლად და დასრულდა წარმატებით.

ვიქტორ ივანოვი საერთოდ გადააყენეს თანამდებობიდან - ის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი, მანამდე კი ანტინარკოტიკული სახელმწიფო სამსახურის შეფი იყო (აღნიშნული სტრუქტურა პირდაპირ დაუქვემდებარეს "ნაცგვარდიის" სპეცსამსახურს).

ანალოგიური მძლავრი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ასევე "პოლიტიკური ვერტიკალის" სხვა გავლენიანი კლანი - "ლიბერალები" (ჩუბაისი-კირიენკო-ულუკაევი). ეს კლანი პუტინმა პირდაპირ "ნოკდაუნში"  ჩააგდო, რადგანაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში, დააპატიმრეს რუსეთის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრი და თვით კლანის ლიდერი - ალექსეი ულუკაევი. პუტინმა მოახერხა ისიც, რომ  ეს კლანი პირდაპირ დაუპირისპირა "სილოვიკების" კლანს (კერძოდ, ულუკაევს წაუყენეს ბრალდება, რომ იგი ეროვნული სახელმწიფო ნავთოკორპორაციის "როსნეფტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სეჩინს $2 მლრდ. თხოვდა ქრთამის სახით).
მანამდე დაპატიმრებული იყო ამ კლანის ასევე გავლენიანი ფიგურა ნიკიტა ბელიხი, კიროვის მხარის გუბერნატორი და პოლიტიკური პარტია "მემარჯვენე ძალების გაერთიანების" ლიდერი, ხოლო ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ირგვლივ დაკავშირებული სკანდალის ფარგლებში გაათავისუფლეს, როგორც "სილოვიკების" და "ლიბერალების" კლანების წარმომადგენლები და მაღალი დონის თანამდებობის პირები.

მოკლედ, პუტინმა "მოასუფთავა" პოლიტიკური ველი მისი პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევის წინ და გააძლიერა საკუთარი, პირადი კლანი "კოოპერატივი "ტბა".

მაინც რას წარმოადგენს კრემლის "პოლიტიკური ვერტიკალის" სტრუქტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯგუფება, რომელიც უშუალოდ ვლადიმერ პუტინის პირად დაქვემდებარებაში მყოფი კლანია, რომელსაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეწოდება - "კოოპერატივი "ტბა"?!


სწორედ ამ კლანის მთავარი ფიგურანტია პუტინის პირადი "ბანკირი" არკადი გუტენბერგი, რომლის საკითხი განიხილებოდა ევროპარლამენტის სესიაზეც კი და პიროვნულად იყო შეყვანილი სანქციურ ე.წ. "შავ სიაში". აღნიშნული კლანის შემადგენლობაში შედიან მხოლოდ და მხოლოდ პუტინის პირადი სამეგობრო წრის წარმომადგენლები, ჯერ კიდევ მისი სანქტ-პეტერბურგში მოღვაწეობის პერიოდიდან. ფორმალურად კლანის "წარმოშობის" ისტორია მეტად რომანტიკულია:

1996 წელს, ამჟამინდელმა რუსეთის რკინიგზის სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა და მილიარდერმა, ვლადიმერ იაკუნინმა კარელიის ნახევარკუნძულის სიახლოვეს, სანქტ-პეტერბურგიდან 100 კილომეტრის მანძილზე, ტბა "კომსომოლსკოეს" ახლოს იპოვა საინტერესო მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა ძალიან დაბინძურებულ ტერიტორიას. ვლადიმერ იაკუნინმა (სხვათაშორის თავის დროზე, პრეზიდენტ პუტინის პირადი განკარგულებით, იაკუნინის კორპორაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო $4 მლრდ. სარკინიგზო გზების და სისტემების განვითარებისთვის) და რამოდენიმე სანქტ-პეტერბურგელმა ბიზნესმენმა და ჩინოვნიკმა, მათ შორის პუტინმაც, დაარსეს საბაღე ამხანაგობა-კოოპერატივი "ტბა".


მათ მთლიანად შეისყიდეს ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთები და გააძევეს იქაური მაცხოვრებლები. სხვათა შორის, კოოპერატივის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის დოკუმენტაცია, პუტინს და მის მეგობრებს გაუკეთა მერიის იმჟამინდელმა თანამშრომელმა და შემდეგომში კი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ზუბკოვმა. ტბის ირგვლივ ააშენეს 240 კვ. მეტრიანი ხის შენობები, როგორც სააგარაკო დანიშნულების სახლები.
პუტინის პირადი აგარაკი "კოოპერატივ ტბაზე"

თვით კოოპერატივის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ ამჟამინდელი პუტინის პირადი კლანის მოქმედი პირები: ძმები ფურსენკოები - სერგეი და ანდრეი, პუტინის მმართველობისას ორივე  მაღალჩინოსანი იყო - პირველი რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მეორე კი - ქვეყნის განათლების მინისტრი; გავლენიანი მედიაჰოლდინგის "ეროვნული მედიაჯგუფი" ხელმძღვანელი იური კოვალჩუკი (იგი ითვლება კლანის საფინანსო-ანალიტიკურ "ტვინად" და ასევე არის ბანკ "როსიის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
იური კოვალჩუკი - პუტინის პირადი "ბანკირი"

მის მფლობელობაშია ბანკის 30.4%-ის აქციები -  და მისი ძმა მიხეილ კოვალჩუკი - სახელმწიფო კორპორაციის "ნანოტექნოლოგიების" ერთ-ერთი იდეოლოგი და ხელმძღვანელი; გენადი ტიმჩენკო - ოლიგარქი $11-მილიარდიანი ქონების პატრონი და ცნობილი შვეიცარიაში დარეგისტრირებული კორპორაცია "Gunvor"-ის დამფუძნებელი.
გენადი ტიმჩენკო - პუტინის პირადი "შავი მოლარე"

გენადი ტიმჩენკოს ჰობია ძიუდო. ის პუტინის პირადი "შავი მოლარეა" და აქვს ორი ქვეყნის - ფინეთის და რუსეთის მოქალაქეობა. იგი აკონტროლებს უმსხვილეს რუსულ ენერგეტიკულ კორპორაციას "სურგუთნეფტეგაზს", რომელიც ახორციელებს რუსული ნავთობის დაახლოებით 30-35%-ის ექსპორტს საზღვარგარეთ. კორპორაციის ფინანსურ უზრუნველყოფას კი ბანკი "როსია" ახორციელებს. აღნიშნული ბანკი, ფაქტობრივად, წარმოადგენს პუტინის პირადი ფინანსური ოპერაციების უზრუნველმყოფ ინსტიტუტს. ტიმჩენკო ასევე აკონტროლებს რუსეთის მთლიანი საზღვაო და საოკეანო გადაზიდვების 1/3-ს, სადაც გარკვეული წილები გააჩნიათ მიხეილ ფრადკოვსა და საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ რუს ოლიგარქს ვინმე გენერალოვს, რომელსაც პირადი მეგობრობა აკავშირებდა მიხეილ სააკაშვილთან და მისი გუნდის წევრებთან (სავარაუდოდ, სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანიასთანაც).

ტიმჩენკოს მეშვეობით პუტინი ახორციელებს პირად ბიზნესს და ავითარებს საკმაოდ სერიოზულ პროექტებს, რომელსაც გააჩნიათ საერთაშორისო პარამეტრები, მათ შორისაა, "სოჭის-2014" ზამთრის ოლიმპიადა და 2018 წლის ფეხბურთის მხოფლიო ჩემპიონატი.

ვლადიმერ პუტინს ე.წ. "სუფთა ბიზნესის" გარდა, ასევე ჰქონდა კონტაქტები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინი ჯერ საბჭოთა სუკ-ის, შემდეგ კი რუსული სპეცსამსახურების საფარქვეშ (დაშიფრული მოქმედი რეზერვის ოფიცერი ე.წ. "ოდეერი", რაც ასე აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვისაც) მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის მერიის სტრუქტურებში. მისი კავშირები თვით სანქტ-პეტერბურგის და ტამბოვის ორგანიზაციულ-დანაშაულებრივ დაჯფუფებების ლიდერებთან საკმაოდ საფუძვლიანია, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იმ ავტორიტეტების ბედი, რომლებიც ეკონტაქტდებოდნენ პუტინს ამ პერიოდში საბედისწერო გამოდგა.

აღნიშნული ეხება ასევე პუტინის პირადი დაცვის თანამშრომლებსაც. ამ კონტექსტში საყურადღებოა ამან ცეპოვის ბედი. ცეპოვმა 1992 წელს დაარსა და იყო კერძო დეტექტიური სამსახურის "ბალტიკ-ექსკორტის" შეფი, რომელიც უზრუნველყოფდა იმ პერიოდში სანქტ-პეტერბურგის მერიის ხელმძღვანელების დაცვას, მათ შორის ანატოლი სობჩაკისა და ვლადიმერ პუტინისაც. რა თქმა უნდა, მან კარგად იცოდა პუტინის აღნიშნული კონტაქტები, რის გამოც იგი 2002 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა (სავარაუდოდ, იგი ნაყინით მოწამლეს ეფ-ეს-ბე-ს შტაბ-ბინაში).

კლანის შემადგენლობაში მოიაზრებიან: ოლიგარქი ალექსეი მორდაშოვი ("სევეროსტალის" მფლობელი და პუტინის ფავორიტი), ბანკირი პეტრე ავენი, იური ტრუტნევი (ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და 200 მილიონიანი ამერიკული დოლარის ქონების მფლობელი, თავის დროზე იგი განიხილებოდა პუტინის მემკვიდრედ, როგორც დიმიტრი მედვედვის ალტერნატიული ფიგურა და საპირწონე), ლეონიდ რეიმანი (რუსეთის კავშირგაბმულობის ექს-მინისტრი), ალექსი მილერი ("გაზპრომის" მმართველი და პუტინის მეორე "შავი მოლარე"), გენერალ-პოლკოვნიკი ევგენი მუროვი (ფედერალური დაცვის სამსახური), გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ჩემეზოვი (არაფორმალურად - სპეციალიზირებული კერძო დაცვის სააგენტო "როსბალტი", რაც, ფაქტობრივად, ვლადიმერ პუტინის პირადი სპეცსამსახურია და აკონტროლებს სხვა სპეცსამსახურებს - ოპერატიული დამუშავება, აგენტურული მუშაობა და ყველა სახის ფარული მოსმენების განხორციელება; "გორჩაკოვის ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ფორმალურად კი - კორპორაცია "როსტექის" გენერალური დირექტორი და "როსობორონექსპორტის" კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი), არკადი როტენბერგი ბიზნესმენი და პუტინის პირადი სპარინგ-პარტნიორი ძიუდოში და ა.შ.

ეს საკმაოდ ძლიერი დაჯგუფებაა, რომელმაც უზრუნველყო პუტინის პირადი აქტივების $26 მლრდ-მდე გაზრდა და კრემლის "პოლიტიკურ ვერტიკალში" მისი სიძლიერე.

ვახტანგ მაისაია
სპეციალურად ვარშავიდან
omar
09 დეკემბერი 2016 17:58
არ მაინტერესებს მაისაიას აზრი პუტინზე ვარშავიდან. ამიტომ მისი არზა არ წამიკითხავს. უფრო საინტერესოა ტრამპის აზრი პუტინზე ვაშინგტონიდან.
ალექს
09 დეკემბერი 2016 16:57
მე ვფიქრობ 26 მილიარდისათვის არ ღირდა ამხელა ალიაქოთი ,მე ან ნაკლებს ვიკმარებდი ან ნაკლებად ვიფაფხურებდი

რედაქტორის რჩევით