როგორ აისახება საქართველოზე მედვედევისა და სურკოვის "ჩამოლაბორანტება" და რატომ დატოვა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთი - კვირის პალიტრა

როგორ აისახება საქართველოზე მედვედევისა და სურკოვის "ჩამოლაბორანტება" და რატომ დატოვა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთი

სიტუაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში იცვლება საკმაოდ კარდინალურად და უჩვეულოდ. განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთში არსებული ვითარების ცვლილებებს, რომლებიც დაიწყო ამა წლის დასაწყისში. რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც როგორც ჩანს მალე შემოიღებს ტიტულს "უმაღლესი მმართველი", ყაზახური "ელბასის" მსგავსად, ვლადიმირ პუტინი ცვლილებებს ატარებს, რომლებსაც, ცხადია, კონკრეტული მიზანი აქვს. მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება, ძირითადად, იმაზე მსჯელობს, თუ რატომ "ჩამოალაბორანტა" დიმიტრი მედვედევი და პრემიერად დანიშნა მიშუსტინი, ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესოა, რომ რამზან კადიროვი აგერ უკვე რამოდენიმე კვირაა, აღარ ასრულებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობას და ამასობაში სკამს გამოემშვიდობა "რუხ კარდინალად" წოდებული ვლადისლავ სურკოვიც. ისმის ლოგიკური კითხვა, რა არის ამ პოლიტიკური ცვლილებების მიზანი. ზოგადი ჰიპოთეზის მიხედვით, მათ გააჩნია რუსული ჰეგემონური პოზიციების გაძლიერების მცდელობა პოსტ-საბჭოთა სივრცეში და რუსეთში პუტინის შენარჩუნება სულ მცირე, 2035 წლამდე.

საინტერესო კუთხით იცვლება რუსეთის ფედერაციაში სახელისუფლო ვერტიკალი, რომელიც უკვე პუტინის მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ფონზე იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. თუ ელცინის პერიოდში "რუხი კარდინალები" იყვნენ ჩუბაისი და ბერეზოვსკი, სურკოვი იყო რეალური "რუხი კარდინალი" პუტინის კარზე. მან შეიმუშავა კონცეფცია, რის მეშვეობითაც პუტინმა გაიმაგრა თავისი სისტემა. სურკოვი, ფაქტობრივად, კურირებდა ჩრდილო კავკასიის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პროექტებს; იმავე, ცხინვალის ომის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ვლადისლავ სურკოვია და, მესამე, მან მოახერხა, რომ პუტინს შეექმნა რეგიონული კლანური დაჯგუფებები, რომლებიც კარგად აბალანსებდა ურთიერთობას თვითონ კრემლის შიგნით. მაგრამ, როგორც ჩანს, ნორმანდიის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და, მით უმეტეს, რომ სურკოვს დაეშალა ვერტიკალი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მან ძალიან სუსტად იმუშავა ყირიმის ანექსიის პირობებშიც და, რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ჩანს, პუტინმა სურკოვს არ აპატია ისიც, რომ დე-ფაქტო აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია თანდათან გამოვიდა კრემლის გავლენის სფეროდან. ვლადისლავ სურკოვი და ვლადიმირ პუტინი აღნიშნული სიტუაცია პირდაპირპროპორციულად აისახება დე-ფაქტო აფხაზეთის ვითარებაზეც. კრიმინალების ამბავი უფრო აფხაზეთში არსებული არასტაბილური და არეული სიტუაციის გამოძახილია. ქურდების ჩარევა უფრო უკავშირდება რუსეთიდან ჩარიცხული ფულის ნაკადის გაკონტროლებას, კრემლს ესეც არ მოეწონა. მოგეხსენებათ, კრემლს არ უყვარს "კანონიერი ქურდების" ჩარევები. თავის დროზე პუტინმა სოჭის ოლიმპიადის გამო ურთიერთობა გააბა "დედ ჰასანთან" და სხვებთან, დადო მათთან დროებითი ზავი, მაგრამ იცით, საბოლოოდ, ეს როგორ დასრულდა. "დედ ჰასანს" თავს დაესხნენ, რამდენიმე კრიმინალი აღმოჩნდა ციხეში, მანამდე ლიკვიდირებული იქნა ცნობილი "კანონიერი ქურდი" ივანკოვი. ბუნებრივია, ეს სპეცსამსახურის გარეშე არ მოხდებოდა. კრემლს არ უყვარს, თავისი სპეციფიკური თანამოძმეების, ჩეკისტების გარდა, სხვა სტრუქტურების ჩარევა პოლიტიკურ დონეზე. და აფხაზეთში "კანონიერი ქურდების" ჩარევაც სურკოვს ჩაუთვალეს მინუსად. შემთხვევითი არ იყო, რომ სოხუმში სურკოვამდე ჩავიდა უშიშროების საბჭოს პირველი მდივნის მოადგილე ნურგალიევი, რომელიც არის პატრუშევისა და სეჩინის, ანუ ძალოვნების დაჯგუფების წევრი. როგორც ჩანს, ძალოვნებმა გადაიბარეს ძალაუფლება და ისინი გააკონტროლებენ ჩრდილო კავკასიას და მთლიანად კავკასიასაც. ეს ამის მაჩვენებელია. მე ადრე ვთქვი, რომ პუტინმა გააძლიერა ლიბერალური დაჯგუფება-მეთქი, მაგრამ, მგონი, შევცდი - ამით მან გააძლიერა ძალოვნების კლანიც. უბრალოდ ლიბერალურ, სანკტ-პეტერბურგის კლანს მისცა კარტბლანში ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსებზე, ხოლო ძალოვნებს - კარტბლანში რეგიონულ პოლიტიკაზე. საინტერესოა რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული უკვე ახალი პოლიტიკური ვითარება აუცილებლად აისახება საქართველოზე.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სურკოვი და კადიროვი უფრო ჩრდილო კავკასიაში არსებულ სიტუაციას არკვევდნენ და ჩვენთვის ნაკლებად სცხელოდათ. მათთვის ნაკლებად იყო საინტერესო, რა ხდებოდა ჩვენი ქვეყნის შიგნით. მათთვის ხელსაყრელი იყო ის დე-ფაქტო სიტუაცია, რაც არსებობდა, თუნდაც, საქართველოში, სომხეთში. სხვათა შორის, სურკოვი სომხეთის მიმართულებასაც ხელმძღვანელობდა და ფაშინიანის ეს რევოლუცია მას სისუსტეში ჩაუთვალეს. როგორც ჩანს, რუსეთი გააქტიურებს, რადგან ჩეკისტებს გადააბარა კონტროლი, საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად. იმიტომ რომ აშს-საქართველოს ურთიერთობები დაიძაბა და მან მიიღო გეოპოლიტიკური ელფერი. აქ ერთი ნიუანსია. ტრამპის ადმინისტრაციას ნაკლებად ადარდებს, რა ხდება კავკასიაში. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება, ყური დაუგდოს იმ ჯგუფის რჩევებს, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს ტრამპა ტერმინი "კავკასია" ამოიღო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან და ჩაანაცვლა ტერმინით "ცენტრალური აზიით", მაშინ როდესაც წინა სამივე ადმინისტრაციის პირობებში: კლინტონის, ბუში-უმცროსის და ობამას პერიოდში "კავკასიას" ენიჭებოდა გეოსტრატეგიული მნიშვნელობის სტატუსი. ამიტომ მმართველმა პარტიამ "ქართუმა ოცნებამ" არ იცის ან არ უნდა, იცოდეს, როგორ კეთდება რეალური პოლიტიკა. დღემდე ვერ გავიდნენ იმ დაჯგუფებაზე, რომლებიც აშშ-ში იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ. ამას ხელს ვერ შეუწყობს თუნდაც, ამა წლის 27 იანვარს ხელმოწერილი და გაფორმებული ხელშეკრულება ამერიკულ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-თან, რომელიც გარკვეული მოსაზრებით დაახლოებულია ტრამპის ადმინისტრაციასთან. ეს ნაბიჯი მგონია კიდევაც დაგვიანებულია. ამ გადაწყვეტილებას კი იღებენ ისინი, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ საქართველოს. ტრამპის გუნდის წევრებიც კი გადმოვიდნენ ნეოკონსერვატორების "ვორდინგზე". ანუ ტრამპსა და ნეოკონსერვატორებს შორის შეიძლება, მიიღწეს პოლიტიკური კონსესუსი საქართველოსადმი. ესაა მთავარი საფრთხე. დღეს იმპიჩმენტია ტრამპის მთავარი პრობლემა და მას ბევრი სხვა პრობლემა აქვს, ირანი, უკრაინა. თან, საქართველოსადმი ტრამპს საკმაოდ ცუდი ასოციაციები აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილმა ის, ფაქტობრივად, "გადააგდო".

ამდენად, შეიძლება, ტრამპის ადმინისტრაცია დაეთანხმოს ამ კრიტიკას. აღნიშნული ფაქტი კიდევაც დადასტურდა კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ოფიციალური ვიზიტისას, როდესაც მან კატეგორიული უარი განაცხადა შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს და როგორც არსებობს, გარკევული სახის ინფორმაციაც, მან ისიც იკითხა ვინ იყო სააკაშვილი. ასეთი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, და კონგრესის ზეწოლების ფონზე, ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება დაითანხმონ ნეოკონებმა.

აქვე ასახსნელია მნიშვნელოვანი ფაქტიც, აშშ-ს აქვს რამდენიმე "წითელი ხაზი". კერძოდ, მათი ინტერესების კლასიფიკაცია ოთხგვარია: სასიცოცხლო ინტერესები, მთავარი, მნიშვნელოვანი და პერიფერიული. მთავარი ინტერესებია, მაგალითად, აშშ-ს ბიზნესინტერესების დაცვა ნებისმიერ ადგილას, გეოსტრატეგიული პროექტების მხარდაჭერა და ანაკლიის პროექტიც ასეთი პროექტია. საქართველო, გასაგებია, თავს იკავებდა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისგან, არ შეუერთდა სანქციებს. არ ვამბობ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ამიტომ უფრო მეტი სიფრთხილე მოგვეთხოვებოდა, ვიდრე სხვა ქვეყანას. მაგრამ ისე მოხდა, რომ რუსეთი გახდა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. რუსი ტურისტების რიცხვი გაიზარდა. ეს ამერიკელებს არ გამორჩენიათ და ყოველთვის ამის გამო გვაკრიტიკებდნენ. ნიუანსებს აღარ შევეხები. პომპეომაც განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი თქვენთვის მნიშვნელოვანიაო, მაგრამ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა. ეს ყველაფერი კი გადადის იმ "წითელ ხაზებში" და ასეთ დროს რას მოიმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია, არავინ იცის. თან - "ქართულ ოცნებაში" დილეტანტი შემადგენლობაა. როგორ შეიძლება, ირაკლი კობახიძე გაუშვა ამერიკაში, როდესაც მას კომუნკაციის პრობლემა საქართველოშიც აქვს?! შედეგიც ვნახეთ. აი -ეს არის დღეს მთავარი პრობლემა. და, როგორც კი, აშშ-საქართველოს ურთიერთობა შევიდა არასასურველ სტადიაში, კრემლმა მაშინვე გააძლიერა ჩეკისტური მიმართულება რეგიონში. სხვათა შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს კურატორობას გაუწევს დიმიტრი კოზაკი. სურკოვი შეცვალა დიმიტრი კოზაკმა. ვინცაა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ - მთავარი მომლაპარაკებელი, იმავე, მინსკის ხელშეკრულებების. მანამდე სწორედ კოზაკმა მოახერხა დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარება და გამოირჩევა ხისტი მიდგომებით. შედარებით ლიბერალი სურკოვის შეცვლა ხისტი კოზაკით, რომელიც, ასევე, კარგი მომლაპარაკებელიცაა, უკვე იკვეთება რუსეთის დამოკიდებულება ჩვენდამი აშშ-სთან ცოტა გართულებული ურთიერთობების ფონზე. დიმიტრი კოზაკი

როგორც ჩანს, კადიროვის მიმართ გაშვებულია სასიგნალო გზავნილი: ან დაეტიე და იცოდე შენი ადგილი და როლი, ან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კადიროვი ჩაანაცვლონ კრემლისადმი უფრო ლოიალური და ჩეკისტებისთვის მისაღები ფიგურით. არც იმას გამოვრიცხავ, კადიროვს რამე ფედერალური თანამდებობა შესთავაზონ. ამის გათვალისწინებით კადიროვი, როგორც ჩანს, გაერიდა დროებით, იმიტომ რომ მას ეშინია ლიკვიდაციის. თუ არ ვცდები, 2016-2017 წლებში მისი ლიკვიდაციის რამდენიმე მცდელობა იყო, რომლებიც შემდგომ შეფუთეს, როგორც თითქოს ისლამური სახალიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმები, მაგრამ ამის უკან, სავარაუდოდ, იდგნენ ჩეკისტები. ფაქტია, რომ ჩრდილო კავკასიაში გაძლიერდენ კადიროვის მტრები და ეს კადიროვს არ გამოეპარებოდა. კადიროვის განეიტრალება ასე მარტივი არ არის, პუტინი არ არის ყოვლისშემძლე ჯო. კადიროვის ხისტად ჩამოცილება სარისკოა კრემლისთვის, რადგან მან შექმნა თავისი ვერტიკალი ჩეჩნეთში და მის გარეშე არაფერი წყდება. კადიროვზეა დამოკიდებული ჩეჩნეთის ლოიალობა რუსეთისადმი. ამასთან, კადიროვს ჰყავს 24 000-ანი გასამხედროებული დაჯგუფება, რომლებიც კადიროვის ჩამოშორების შემთხვევაში შესაძლოა, დაუპირისპირდეს მოსკოვს და დაიწყოს მესამე ომი. არ არის გამორიცხული, რომ კადიროვის გასამხედროებული ნაწილი შეუერთდეს ისლამური სახალიფოს ჩრდილო კავკასიურ ვილაიეთს და ამის შემდეგ იქ ვითარება როგორ განვითარდება, არავინ იცის. ასევე, ინგუშეთშიც მნიშვნელოვანი მღელვარებებია და კრემლს დიდი ძალისხმევის გაღება უწევს, რომ როგორმე გაანეიტრალოს. ამან შეიძლება, ააფეთქოს ჩრდილო კავკასია და მოვლენების განვითარების სცენარი როგორ წარიმართება, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა და რაც პირდაპირ აისახება ჩვენზე. ამას მოწმობს მხოლოდ ის ფაქტიც, რომ ჩეკისტების კლანმა უკვე გადაიბარა კავკასიის კურატორობა. მათ შორის, საქართველოზეც და არა მარტო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამის ფონზე გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, მაქსიმუმ, 2-3 თვის შემდეგ. როგორც ჩანს, ახლა კადიროვთან მიდის მოლაპარაკებები. დიდი ალბათობით, ჩემი აზრით, კადიროვს დაიყოლიებენ და შეარიგებენ ჩეკისტებთან. არ არის გამორიცხული, რომ კადიროვი პირდაპირ საქართველოს მიმართულებით გადმოისროლონ დაზავების შემდეგ. მით უმეტეს, რომ კრემლი შეეცდება საქართველოს აშშ-სთან დაპირისპირების გამოყენებას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს