"დოჰას ხელშეკრულება" და მისი გეოპოლიტიკური შედეგები - კვირის პალიტრა

"დოჰას ხელშეკრულება" და მისი გეოპოლიტიკური შედეგები

ა.წ. 29 თებერვალს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოხდა ისტორიული მოვლენა, აშშ-ს სამთავრობო წარმომადგენელმა და "თალიბანის" მოძრაობის დელეგაციამ, მოაწერეს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. ხელმოწერილის ცერემონიალს ესწრებოდნენ პაკისტანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და 30 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აშშ-ს მთავრობის სპეცწარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში, ზალმაი ჰალიზადმა და "თალიბანის" მოძრაობის ლიდერმა აბდულ განი ბარადარმა. დოკუმენტი ითვალისწინებს, რამდენიმე საყურადღებოს ასპექტს:

1) აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირება 8600 სამხედრო მოსამსახურით (დღეს ავღანეთში განთავსებულია 14 ათასი სამხედრო და პლიუს 17 ათასი ნატოს კოალიციური ძალები, მათ შორის საქართველოს კონტიგენტი - 900 სამხედრომდე). თუკი "თალიბანის" გარკვეული ხნის განმავლობაში ამ ხელშეკრულების პირობებს შეასრულებს, სულ მცირე, 5-14 თვის განმავლობაში, აშშ-ს ხელს შეუწყობს უკვე ნატოს კონტინგენტის გამოყვანასაც. ამავე დროს ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს შეამციროს ის დანაკარგები, რომელიც ნატოს კოალიციურმა ძალებმა და უშუალოდ აშშ-ის კონტინგენტმა განიცადა 19 წლის განმავლობაში (ამერიკულმა მხარემ მოკლულების სახით დაკარგა 2400 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მთლიანად ნატოს კოალიციურმა დაჯგუფებამ 3900 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 34 ქართველი მშვიდობისდამცველის ჩათვლით);

2) შიდა ავღანური მოლაპარაკებების დაწყება ა.წ. 10 მარტიდან და მოლაპარაკებების დაწყება განის მთავრობასთან, რომელიც ამ ეტაპზე, ისევე როგორც თავის დროზე საბჭოთა ოკუპაციის დროს ნაჯიბულას მთავრობა, სასტიკად ეწინააღმდეგება უცხო სამხედრო კონტიგენტის გაყვანას ავღანეთიდან;

3) ტყვეების გაცვლა - 5 000 "თალიბანის" მომხრეების გათავისუფლება და 1000 ავღანეთის სამთავრობო წარმომადგენლების გათავისუფლებაც

4) "თალიბანის" წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური საქნციების მოხსნა და ამ მოძრაობის, ფაქტობრივად, როგორც დე ფაქტო, ასევე დე იურე აღიარება. ეს მოხდება უკვე ა.წ.მაისში;

5) ერთობლივი კოორდინაცია საერთაშორისო ტერორისტული და არასახელმწიფოებრივი რელიგიური აქტორების წინააღმდეგ (დაეში და ალ-ქაიდა) და "თალიბანის" პირობა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა ამ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან;

6) ამ მოლაპარაკებების ფონზე, დაგეგმილია აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა "თალიბანის" მოძრაობის ლიდერთან მულა მაულავი ჰიბატულაჰ ახუნზადასთან, რომელიც წარმოადგენს ამ მოძრაობის ზომიერ ფრთას.

აღნიშნული პროცესი დაიწყო საკმაოდ დინამიურად და ის ძალიან წააგავს 1972 წლის იანვარში ანალოგიური სახის ხელშეკრულების ხელმოწერას ვიეტნამის კომუნისტურ მთავრობას, ვიეტკონგის პარტიზანული მოძრაობას და აშშ-ს მთავრობას შორის და ძალიან ახლოსაა იმ სცენარის განვითარებასთან, რომლის მიხედვითაც 1975 წელს პოლიტიკური ლექსიკონიდან გაქრა სამხრეთ ვიეტნამის დემოკრატილი რესპუბლიკა. დაახლოებით იგივე შეიძლება მოხდეს ავღანეთში და ნაკლებად სათუოა, რომ ამჟამინდელმა პრეზიდნეტ აშრაფ განის მთავრობამ აშშ-ს მიერ ასეთი სერიოზული სამხედრო კონტიგენტის შემცირების და ფაქტობრივად, ავღანეთიდან გასვლის შემდეგ შეინარჩუნოს ხელისუფლება, რადგანაც "თალიბანი" უკვე გადაიქცა სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად და ის აკონტროლებს ქვეყნების სულ მცირე 45%, თუ უმეტეს ტერიტორიებს არა. ამ ხელშეკერულებით აშშ-ს პრეზინდენტი ტრამპი უკვე იწყებს  წინასაარჩევნო კამპანიას და ამით ცდილობს კიდევ უფრო გაამყაროს თავისი 49%-იანი მხარდაჭერის მაჩვენებელი. რათქმაუნდა აღნიშნული ხელშეკრულება პირდაპირ უკავშირდება საქართველოსაც და მას გააჩნია ორი ფაქტორი:

1) ჩვენი სამხედრო კონტიგენტის ბედი და მათი გამოყვანის შესახევ ასევე მოლაპარაკებების დაწყება, როგორც აშშ-სთან, ასევე შესაძლებელია "თალიბანთანაც";

2) აშშ-ს ავღანეთიდან გამოსვლამ შესაძლოა გააძლიეროს ნარკოტრანზიტის მოცულობა, 2014 წლის ფაქტიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული საქართველო გახდეს ასეთი "შავი ტრანზიტის" სამიზნეც და გაიზარდოს ავღანური ჰეროინის უკანონო ტრანზიტის მოცულობაც, რადგანაც ავღანეთის ერთიანი საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნის 40% მოდის სწორედ ოპიუმის წარმოებაზე და "თალიბანი" მის ექსპორტს, მათ შორის უკანონოს, ხელს არ შეუშლის და პირიქით შეიძლება წაახალისოს, სამაგიეროდ შიდა მოხმარებაზე დააწესოს სასტიკი წესები, შარიათის სამართლის მიხედვით.

3) საერთაშორისო ტერორისტული ქსელის გააქტიურება (იგივე დაეში, რომელსაც სერიოზული დასაყრდენი გააჩნია ავღანეთში და "თალიბანის" წინააღმდეგობის მიუხედავად, საეჭვოა დაეშის გავლენა შემცირდეს, თუ არ გაიზრდება).

არ ვიცი, რა პოზიცია გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას და რას ფიქრობს, ამასთან დაკავშირებით, ამას იმედია დრო გვიჩვენებს.

თუმცაღა რეზიუმეს სახით, საინტერესოა, განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ვითარება ნატოს და აშშ-ის საბოლოო გასვლის შემდეგ ქვეყნიდან, რომელიც კვლავ არის ჩაფლული სამოქალაქო ომის პერიპეტიებში. რა თქმა უნდა, უცხოური სამხედრო კონტიგენტის გაყვანისთანავე, მოძრაობა "თალიბანი" ხელში ჩაიგდებს ხელისუფლებას ავღანეთში და ააღორძინებს "ავღანეთის ისლამური საემიროს" მმართველობის პროექტს, რომლის განხორციელება დაიწყოს 1996 წელს და დასრულდა 2001 წელს. თუმცა, როგორც მაშინ, ქვეყანა შეიძლება გაიყოს რამოდენიმე გავლენის ზონად და დაემსგავსოს "შერეულ ფენოვან ნამცხვრის" ნაჭერს (apple pie), რომლის ფარგლებში, ქვეყნის ჩრდილოეთით გამაგრდებიან ეთნიკურად უზბეკი და ტაჯიკი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, თუნდაც უზბეკი საველე მეთაურის, გენერალ დუსტუმის მეთაურობით, რომელსაც მხარს დაუჭერს რუსეთი და უზბეკეთი და შეიქმნება ე.წ. "უსაფრთხოების ზონა" პოსტსაბჭოთა სივრცის "თალიბანის" და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებებისაგან თავდაცვის მიზნით; ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილს გააკონტროლებს უკვე ცენტრალური "თალიბანის" ხელისუფლება, რომელსაც, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა და სამხრეთ ნაწილში არაა გამორციხული "დაეშის" ხორასანის ვილაიეთის დაჯგუფებამ და "ალ ქაიდას" ქსელმა გაინაწილონ გავლენის სფეროები. ამასთანავე, მთიან ბადახშანის ავტონომიურ მხარეს კვლავაც ისმაილიტების შიიტურის დაჯგუფება გააკონტროლებს. აი, ასეთი სიტუაცია იქნება ამ ხელშეკრულების აღსრულების შედეგად. ცალკე აღნიშვნის ღირსია ე.წ. "ჰაკანის" ნარკოკარტელური კლანი და ადგილობრივი კლანური გუბერნატორები, რომლებსაც ყველა ამ მოცემულ დაჯგუფებებთან ექნებათ "მეგობრული" ურთიერთობები და რა თქმა უნდა ავღანური ოპიუმის ექსპორტი კიდევ უფრო მეტად, სულ მცირე სამჯერ მაინც, გაიზრდება ყველა მიმართულებით (იგივე "თალიბანის" და ე.წ. "ყარაჩის ნარკოკარტელური" დაჯგუფებების ხარჯზე).

ვახტანგ მაისაია

პროფესორი, პოლიტიკის და სამხედრო

მეცნიერებების დოქტორი

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს