ცოლებზე მონადირე...
ცოლებზე მონადირე...
სოფელში ბევრს შეშურდა მზიასი, რადგან გოგო ქალაქში გათხოვდა შეძლებული ოჯახის დედისერთაზე. მართალია სიძე გარეგნულად თავს ვერ მოიწონებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატარძალი ძვირფასი სამკაულებით აავსეს, დედოფალივით შემოსეს და საჩუქრები არც მისი ოჯახის წევრებისთვის დაიშურეს, ყველა მზიას ბედნიერებაზე ალაპარაკდა.
სასიძო გაქნილმა მაჭანკალმა ლიზამ შეურჩია ოჯახს. თანაც ლიზას არა მხოლოდ სამაჭანკლო ძვირფასი საჩუქარი ხიბლავდა (და და სიძე კარატიან ბრილიანტისთვლიან ბეჭედს დაჰპირდნენ, ოღონდ ამ საქმეს თავი მოაბიო), თავისი დისშვილისთვის ირჯებოდა. გარდა ამისა, სასიძოს
თავს ყველაფერი მთლად რიგზე ვერ იყო. პირველ ცოლს თავი მოუწამლავს, მეორე გაჰქცევია და ახლა უკვე მესამეჯერ აპირებდა "უღელში შებმას".  
სასიძოს მხოლოდ ერთი "ნაკლი" აქვს და იმასაც ახლავე გაგიმხელთო, გულღია დეიდის როლის თამაშმა მოუწია სამაჭანკლოდ მისულს და მზიას მშობლებსა და ახლო ნათესავებს ასე წარუდგინა დისშვილი:
- ყველაფერს ბედი უნდა, ასეთ ჭკვიანსა და პატიოსან ბიჭს როგორ არ უნდა გამართლებოდა. პირველი ცოლი არ გამოადგა (რომელიც "რიგით" მეორე იყო! - ავტ.), - უსაქმური იყო, მარტო ჩაცმასა და სამკაულებზე ფიქრობდა. უბრალო შენიშვნასაც  ვერ იტანდა, სისხლი გაუშრო ჩემს დასა და სიძეს. ეგ ჯანდაბას, აიტანდნენ, არც შინამოსამსახურის აყვანა გაუჭირდებოდათ, მაგრამ არც შვილი გაუჩნდა. იმასაც ყოველდღე აყვედრიდა ოჯახს, ვერელი გოგო სანზონაში გამოგყევითო. არადა, ნეტავ განახვათ, ერთ გაუბედურებულ ეზოში ცხოვრობენ, ოროთახიან მიწურში, ჩემს დას კი ნამდვილი სასახლე აქვს აუზით და უზარმაზარი ეზოთი. ამის გამოა, ახლა სოფელში გაზრდილი გოგო რომ ინდომეს თავიანთი დედისერთა ბიჭისთვის, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოსო!..
ლიზა კარგად იცნობდა მზიასაც და მის ოჯახსაც. მის თვალწინ გაიზარდა მზია. ძალიან ლამაზი გოგო იყო, მაგრამ თავისი გარეგნობით არასოდეს უამაყია. თავმდაბალი, ჭკვიანი გოგო იყო, ნიჭიერიც, მშობლების დამჯერიც. კარგადაც სწავლობდა, მაგრამ ქალაქში სწავლის გასაგრძელებლად მარტომ ვერ გაბედა წასვლა, არც ოჯახს ჰქონდა საიმისო შესაძლებლობა, რომ სტუდენტი ქალიშვილი ერჩინა. ამიტომ სხვა რა გზა ჰქონდა, გოგონა შინ დარჩა და არა მხოლოდ უმცროსი და-ძმის მოვლაში ეხმარებოდა დედას, ბოსტანსა და ბაღ-ვენახშიც მშობლებთან ერთად ტრიალებდა. სწავლის გაგრძელებაზეც ოცნებობდა, იქნებ როგორმე დაუსწრებლად მაინც ჩავაბარო პედაგოგიურ ინსტიტუტშიო. ამიტომაც იყო, ლიზა მზიას ახლობლებს იმასაც დაჰპირდა, პედაგოგიურში კი არა, ისეთ ოჯახში შედგამს ფეხს თქვენი ქალიშვილი, სამედიცინო ინსტიტუტშიც უპრობლემოდ მოაწყობენ რძალსო. "მეორე მხარეს" კი, ანუ თავის დას თამამად შესთავაზა სოფლელი ლამაზი გოგო სარძლოდ, თქვენ რომ გჭირდებათ, სწორედ ისეთია, ოჯახის ერთგული და პატიოსანიო...
მოკლედ, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა და 19 წლის მზია დაუფიქრებლად გააყოლეს დედაქალაქში 27 წლის ომარ ზედაშიძეს (გვარ-სახელი აქ და შემდგომშიც შეცვლილია). ქორწილში მთელი სოფელი დაპატიჟეს და ლხინი მას შემდეგაც გაგრძელდა, მაყრიონმა პატარძალი რომ წაიყვანა...
ზუსტად კვირის თავზე კი ზედაშიძეების მიერ გამოგზავნილმა მაცნემ შემზარავი ამბავი ჩამოუტანა მიქაუტაძეებს, - პატარძალმა თავი ჩამოიხრჩოო.
მოკლედ, საქორწინო ღამის შემდეგ სიძემ მშობლებს გამოუცხადა, მზია ქალწული არ აღმოჩნდა და ასეთ ქალს ცოლად ვერ დავიტოვებ, - თავს სასაცილოდ ვერ გავიხდი, სანამ არ მომიკლავს, მოჰკიდეთ ხელი და მშობლებს ჩაუყვანეთო!
ამის გამგონე მზია, ზედაშიძეების ვერსიით, მუხლებში ჩაუვარდა ქმარსა და დედამთილ-მამამთილს. უთხოვია, საიდუმლო შემინახეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს მოვიკლავო, მაგრამ ომარს კატეგორიულად მოუთხოვია შერცხვენილის სოფელში დაბრუნება, თვითონ კი სახლიდან წასულა. ორი დღე არ გამოჩენილა და როცა დაბრუნებულს მზია ისევ შინ დახვედრია, სკანდალი მოუწყვია. გადაწყდა, მზიას მეორე დღეს წაიყვანდა მამამთილი სოფელში. დილით კი პატარძალი გარაჟში იპოვეს ჩამომხრჩვალი - მავთული შემოეხვია ყელზე და ერთიანად დასისხლიანებული ჰქონია თავ-კისერი...
...მიცვალებული ისე გაეპატიოსნებინათ და დაესვენებინათ სასტუმრო ოთახის ცენტრში, პოლიციის გამოძახება არავის უფიქრია.
- რა ვიცით, იქნებ აღარ გინდოდათ ამ სამარცხვინო ამბის გახმაურებაო! - იქით დააყვედრეს ზედაშიძეებმა უბედურებით გაოგნებულ მიქაუტაძეებს.
თავიდან ხმას არ იღებდა, მაგრამ ცოტა ხანში გონს მოეგო მზიას მამა, თენგიზი და პოლიციის მოყვანა მოითხოვა. - ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩემი დედის კალთას მოუცილებელი გოგო უნამუსო იყო. არავის მივცემ იმის უფლებას, სახელი გაუტეხოსო.
- ასე მოვხვდით ზედაშიძეების სახლში მე და ჩემი თანაშემწე ირაკლი ბაზაძე! - იხსენებს ბატონი ბიძინა.
მივედით თუ არა გამოძახების ადგილზე, ირაკლიმ ომარ ზედაშიძეს ეჭვით შეხედა და გვერდზე გამიყვანა:
- ბატონო ბიძინა, თავს ვერ დავდებ, რომ ეს გოგო უდანაშაულო მსხვერპლია, მაგრამ ამ თვითმკვლელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად მაქვს. ვინ იცის, სულ ტყუილად გაუტეხეს სახელი უბედურს. მე და ომარ ზედაშიძე ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მე ერთი წლით ვარ მასზე უფროსი. კარგად ვიცი, რომ სკოლაში არავის უყვარდა. მართალია, ფული ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ კაპიკს არავისთვის დახარჯავდა, ძუნწი და დამსმენი იყო. ამიტომ ბიჭები ყოველთვის დასცინოდნენ. იმასაც ამბობდნენ, გოგოებიც არ აინტერესებს, იმპოტენტიაო... მოკლედ, ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ დაქორწინდა. თანაც ერთხელ კი არა, ეს უკვე მესამე ცოლი გამოდის! ვფიქრობ, მამამისის ფულებმა "ითამაშეს" მთავარი როლი, თორემ სამს კი არა, ერთ ქალსაც არავინ გააყოლებდა. რამდენადაც ვიცი, ერთი მოუკვდა და მეორე გაექცა...
- აბა, ვერ ყოფილა საქმე მთლად კარგად! მოგვიწევს სერიოზული თავის მტვრევა! - ვუთხარი ირაკლის და ვთხოვე, ის "მრავალცოლიანი" ზედაშიძე გვერდზე გამოეყვანა:
- შენ ხომ ორი ცოლი უკვე გყავდა? - ჰკითხა ირაკლიმ.
- დიახ! - დაიძაბა კაცი, აშკარად არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი.
- ორივეჯერ რატომ დაგენგრა ოჯახი? - ახლა მე ვკითხე.
- პირველი ცოლი მომიკვდა, ეს ყველამ იცის - თავი მოიწამლა და ექიმებმა ვეღარ უშველეს... მეორე უზრდელი იყო, ჩემს მშობლებს შეურაცხყოფას აყენებდა...
პირველი ცოლის "თავის მოწამვლის" ამბავი არც ირაკლის სცოდნია დაწვრილებით, ამიტომ თვალით რაღაც მანიშნა. გვერდზე გავყევი:
- სულ არ გამიკვირდება, რომ არც ის პირველი "თავის მოწამვლა" არ ყოფილა შემთხვევითი და არც ეს "თავის ჩამოხრჩობა"... ბიჭებისგან გამიგონია, რომ ზედაშიძე მთლად ნორმალურიც არ არის და როცა უბრალოდ დასცინოდნენ, მაშინაც ყველას მოკვლით ემუქრებოდა...
მზია მიქაუტაძის გვამი პროზექტურაში გადაიტანეს ექსპერტიზისთვის. სანამ პასუხს მივიღებდით, ჯერ ომარ ზედაშიძის პირველი, გარდაცვლილი ცოლის ნათესავები მოვინახულეთ. შემდეგ კი - მეორე ცოლიც მოვიკითხეთ, რომელსაც უკვე ახალი ოჯახი შეექმნა და თავიდან არც კი ისურვა ჩვენთან საუბარი:
- არ მაინტერესებს ეგ არაკაცი, არც ცოცხალი და არც მკვდარი. რადგან თავი დავაღწიე და წამოვედი, მისი ხსენებაც არ მინდაო! - მაგრამ როცა ვუთხარი, რომ მისი ახალშერთული ცოლი ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, აღელდა და ჩვენება მოგვცა: "სანამ შეყვარებულები ვიყავით, თავი უბედნიერესი ქალი მეგონა. საჩუქრებით მანებივრებდა, სულ ჩემს გახარებაზე ფიქრობდა... კოშმარი შეუღლებისთანავე დაიწყო. არ შემიძლია დეტალებზე ლაპარაკი! - ალმური მოედო ქალს სახეზე, - მოკლედ გეტყვით, რომ მისი სახლიდან ქალწული წამოვედი და მადლობა ღმერთს, რომ თავი დავაღწიე... როცა ვუთხარი, რომ მისგან წასვლას ვაპირებდი, ყელში წამიჭირა ხელი და დახრჩობა დამიპირა: თავს არ შეგარცხვენინებ და არ გალაპარაკებ, რომ იმპოტენტი ვარო... მძიმე შანდალი იდო საწოლთან. ხელი წამოვავლე  და თავში ჩავარტყი. გონი დაკარგა და ასე გამოვიქეცი იმ სახლიდან. ჩემმა ძმებმა სცემეს და აუკრძალეს ჩემთან მოახლოება. მეც პირობა მივეცი, რომ არავის გავუმხელდი მის უბედურებას. აქამდე არც არავისთვის მითქვამს..."
დავრწმუნდით, რომ სამივე ქალის უბედურება ომარ ზედაშიძის ბრალი იყო. თუ მეორეს გაუმართლა და გაქცევით უშველა თავს, პირველ და მესამე ცოლებს ბედმა უმტყუნა - თავი მოიკლეს თუ მოკლეს - მაინც ქმარი ჩანდა დამნაშავე...
ომარის პირველი, გარდაცვლილი ცოლის, ლალი ჯოხაძის დედამ ასეთი რამ გვითხრა:
- ერთი თვის გათხოვილიც არ იყო ჩემი უბედური შვილი, ერთბაშად უამრავი დამამშვიდებელი აბი რომ მიიღო. მართალია, საავადმყოფოში ცოცხალი მივიყვანეთ, ექიმებმა მაინც ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. დამამშვიდებელს რომ სვამდა ვიცოდი, თვითონ ვუყიდე, მაგრამ ვერაფრით გავიგე, რა ჰქონდა სანერვიულო ახალგათხოვილს. არადა, ქორწილამდე ძალიან ბედნიერი იყო. მე თავიდანვე არ მომწონდა ომარი. ვთვლიდი, რომ ჩემს შვილს შეეძლო ბევრად უკეთეს ბიჭზე გათხოვილიყო, მაგრამ საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა და ამიტომაც დავთმე... ჩემი ქალიშვილი გაღიზიანებული და დამფრთხალი ჩანდა პირველივე დღეებში. ვკითხე კიდეც, რა სჭირდა, მაგრამ არაფრით გამიმხილა. მერე კი, როცა ეს უბედურება მოხდა, ზედაშიძეებმა მითხრეს, - ქალწული არ იყო და ამის გამო ვუსაყვედურეთ, მხილების შიშით მოიწამლა თავიო... გარდაცვლილის სახელის გატეხას მოვერიდე. მამამისისთვისაც არ გამიმხელია დღემდე, არადა, მოუკვდეს დედა, - არ მჯერა, რომ ჩემი შვილი იყო "დამნაშავე"...
ამის მოსმენის შემდეგ მივხვდით, რომ ომარ ზედაშიძე ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, ან საშიში ბოროტმოქმედი, რომელიც თავისი არასრულფასოვნების გამო უდანაშაულო ქალებზე იძიებდა შურს. ამის სისწორეში მაშინ დავრწმუნდით, როცა ექსპერტიზის პასუხი მივიღეთ - მზია მიქაუტაძე ქალწული აღმოჩნდა და რომ იგი ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ მავთულზე ჩამოჰკიდეს...
ომარ ზედაშიძე რომ დავაპატიმრეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გავუმხილეთ თენგიზ მიქაუტაძეს, რომ ქალიშვილს არ შეურცხვენია. სწორადაც მოვიქეცით, თორემ მკვლელად ვაქცევდით პატიოსან კაცს: მაშინვე ომარ ზედაშიძეს დაუწყო ძებნა, - ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს ჩემი საცოდავი გოგონასა და ოჯახის დამღუპველსო.
ომარ ზედაშიძე თავიდან ყველაფერს უარყოფდა. ირაკლიმ პირველი ცოლის მკვლელობაშიც წაუყენა ბრალი. ტყუილიც "მოვიშველიეთ", - ვუთხარით, რომ საფლავის ექსჰუმაცია მოვახდინეთ და აღმოჩნდა, რომ ლალიც ქალწული იყო...
- ისინი დამცინოდნენ! - ბავშვივით ატირდა იმოდენა კაცი, - მხოლოდ ერთს ვთხოვდი, ნამუსი შეენახათ ჩემთვის და არ გაემხილათ, რაც მჭირდა. ოღონდ ჩემ გვერდით დარჩენილიყვნენ და ხელისგულზე ტარებას ვპირდებოდი, მაგრამ სამივემ უარი მითხრა, - გიჟი ხარ, შენი გვეშინიაო! სამივე გასაქცევად იწევდა, მე კი ცოლი მჭირდებოდაო!..
მოკლედ, დამნაშავემ ორი მკვლელობა და მესამის მცდელობა აღიარა: ლალი ჯოხაძე ჯერ სცემა და საწოლზე მიაბა, მერე კი ძალით ჩააყლაპა აბები. როცა დარწმუნდა, რომ მკვდარი იყო, ამის შემდეგ ატეხა განგაში და მისმა მშობლებმა სასწრაფო გამოიძახეს...
რაც შეეხება მზია მიქაუტაძეს, მას დახრჩობა დაუპირა, როცა გოგო შეეხვეწა, - ნუ მომკლავ, ჩემს მშობლებთან დამაბრუნეო. როცა დარწმუნდა, გოგოს დარჩენაზე ვერ დაითანხმებდა, გაცოფებულმა ყელში წაუჭირა ხელი და დაახრჩო. უკვე მკვდარი ჩაიტანა გარაჟში და მამის დახმარებით(?!) ჩამოკიდა მავთულზე. მამამისმა მოიფიქრა ის ვერსიაც, - ვითომ ქალწული არ აღმოჩნდა, შერცხვენილის სახელით სოფელში ვერ დაბრუნდებოდა და ამიტომაც მოიკლა თავიო... უფროს ზედაშიძეს, როგორც დანაშაულის ხელშემწყობსა და დამფარავს, 7 წელი მიესაჯა. ომარ ზედაშიძემ კი საკუთარ თავს თვითონვე გამოუტანა განაჩენი. როცა ვუთხარით, რომ გამოძიება დამთავრებული იყო და საქმე სასამართლოს გადაეცემოდა, უცნაურად შემოგვხედა:
- სანამ ცოცხალი ვარ, ვერავინ გაიგებს, რომ კაცად არ ვვარგოდიო!..
ისეთ ოთახში ვიყავით, რომლის ღია ფანჯარასაც გისოსები არ ჰქონდა. შენობას არემონტებდნენ, - ფანჯრები გამოცვალეს და გისოსები არ იყო ყველგან დამონტაჟებული. ესეც მისი ბედისწერა იყო ალბათ, - შეხტა რაფაზე და სანამ აზრზე მოვედით მე და ირაკლი, მეხუთე სართულიდან გადახტა... მაშინ სასტიკი საყვედური გამოგვიცხადეს: ვის დავაჯერებთ, რომ ჩვენ არ ვყრით პატიმრებს ფანჯრიდანო...


Yelow
21 ივლისი 2016 18:15
Iმ მაშვალს უნდა დააძრო კბილები გაზით
მერაბი
12 აგვისტო 2015 18:59
უნიჭოდ შეთითხნილი ზღაპარი უნდა იყოს .ოღონდ ვინმემ წაიკითხოსო. ამ ჟურნალისტს ბოთე ვგონივართ ნეტა მაგის ათავში ჩამახედა?
თეა
09 მაისი 2015 10:52
ეს ადამიანი მშობლებს ექიმთან უნდა მიეყვანათ, ტრაგედიაა... იქნებ სხვებმა გათვალისწინონ, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, აქ სასირცხვილო არაფერია
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
დღის კითხვადი სტატიები