"ოლიგარქთა ამბოხი" - კვირის პალიტრა

"ოლიგარქთა ამბოხი"

"ოლიგარქთან ურთიერთობის გასარკვევად ორი გზა არსებობს. პირველი და ყველაზე მოსახერხებელია მისი მოკვლა. ეს იმდენად წარმატებულია, რომ მეორის თქმაც არ ღირს."

ბორის ნემცოვი

"ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ფული გაქვს, შეიძლება 100 მილიარდი დოლარი გქონდეს, მაგრამ ეს ვერ გიხსნის ხელისუფლების თავნებობისაგან, თუ ისინი თავიანთთვის სახიფათოდ ჩაგთვლიან."

ანტონ ორეხი, "ეხო მოსკვი"

1996-1997 წლებში დასავლელმა ექსპერტებმა რუსულ პოლიტიკაში ახალი ფენომენი აღმოაჩინეს - ოლიგარქები.

1996 წლის მარტში რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტმა ბორის ელცინმა კრემლში რუსეთის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენები მიიწვია.

შეხვედრა ე.წ. "ბანკირთა შვიდიანთან", დიდხანს გაგრძელდა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ, კაბინეტისკენ მიმავალმა ელცინმა თანაშემწეს გადაულაპარაკა, - აი, ვის უნდა უფრთხოდეს ხელისუფლება - ოლიგარქებსო.

KvirisPalitra.Geხელისუფლება მდიდარ და პოლიტიკური ამბიციების მქონე ადამიანებს სხვადასხვა ხერხით ებრძოდა. თავიდან პრეზიდენტ ბორის ელცინის რეჟიმი ცდილობდა, უზარმაზარი საფინანსო რესურსების მქონე მაგნატები თავის გარემოცვაში მოექცია, თუმცა უკიდეგანო გავლენის მქონე ოლიგარქებს "კარის ხაზინადრობა" თვალში არ მოსდიოდათ და პოლიტიკაში ჩაბმას დამოუკიდებლად ცდილობდნენ, რასაც  ხელისუფლება არავის აპატიებდა.

რეჟიმთან ბრძოლის პირველი მსხვერპლი მედიამაგნატი ვლადიმირ გუსინსკი აღმოჩნდა. ელცინის მემუარების - "პრეზიდენტის ჩანაწერების" პირველი გამომცემელი ხელისუფლებამ მას შემდეგ აითვალწუნა, რაც  გუსინსკის მედიასაშუალებები - НТВ ,ТВ-6, "ეხო მოსკვი" ზედმეტად დამოუკიდებელი”გახდნენ.

ერთ დღეს "მედია მოსტის" დაცვის თანამშრომლებს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელები ჩაუსაფრდნენ... გუსინსკი მაშინ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. იგი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას დევნილი ოლიგარქი არც იქ დავიწყებია და დღემდე ცდილობს მის თავიდან მოშორებას.

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ხელისუფლების წნეხი მდიდარ ადამიანებზე იმდენად დიდი იყო, რომ ოლიგარქები იძულებული გახდნენ, ხელისუფლებას თავადაც დაჰპირისპირებოდნენ. ექსპერტები ამ პერიოდს "ამბოხებულ ოლიგარქთა ხანას" უწოდებენ.

KvirisPalitra.Ge"მე შემიძლია ნებისმიერი მაიმუნი ნახევარ წელიწადში რუსეთის პრეზიდენტად ვაქციო", - ბორის ბერეზოვსკის ეს სიტყვები რუსეთში ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ გაიხსენეს (პუტინის გაპრეზიდენტებას დღემდე ბერეზოვსკის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიიჩნევენ). პოლიტიკური ამბიციების და დიდი გავლენის მქონე ბერეზოვსკი პუტინს თვალში აღარ მოუვიდა და შედეგმაც არ დაახანა - 2000 წელს ბერეზოვსკის მანქანაში ჩამონტაჟებულმა დისტანციურმა  ბომბმა ბიზნესმენის მძღოლს თავი წააცალა, დაიღუპა მანქანაში მჯდომი კიდევ ორი დეპუტატი. ოლიგარქი იძულებული გახდა, თავშესაფარი საზღვარგარეთ - ინგლისში მოეძია, თუმცა ხელისუფლების მიერ შეძულებულ ოლიგარქს არც საზღვარგარეთ აღირსეს სიმშვიდე, მისი მოკვლა რუსეთის სპეცსამსახურებმა რამდენჯერმე სცადეს. ბოლოს ეს ორი წლის წინ მოხდა. როგორც ინგლისური მი-5 (ბრიტანეთის კონტრდაზვერვა) აცხადებს, ბერეზოვსკის მოკვლას იმ სასამართლო პროცესზე აპირებდნენ, სადაც მისი ექსტრადიციის საკითხი განიხილებოდა.

როგორც სამართალდამცავები ირწმუნებიან, მკვლელობის იარაღი მოწამლული ავტოკალამი იყო. მაგრამ ძებნილი ოლიგარქი დანებებას არ აპირებს, რუსეთში დაბრუნებაზე ოცნებობს  და მზად არის 150 მილიონი დოლარი დახარჯოს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე.

სანამ საზღვარგარეთ დევნილობაში მყოფი ოლიგარქები რეჟიმთან საბრძოლველად გეგმებს აწყობდნენ, პუტინის თავშისახლელი რუსეთის უმდიდრესი ადამიანი - მიხაილ ხოდორკოვსკი გახდა. ბანკ "მენატეპის" დამფუძნებელი და ნავთობკომპანია "იუკოსის" ხელმძღვანელი ("იუკოსი" სიდიდით მეორე ნავთობკომპანიაა რუსეთში და მეოთხე - ევროპაში) საქვეყნოდ აკრიტიკებდა ხელისუფლებას:

KvirisPalitra.Ge"ქვეყანაში მართვადი დემოკრატიაა,  ეს არის სინგაპურული მოდელი (ხალხმა უკვე იცის ამ ტერმინის მნიშვნელობა რუსეთში), თეორიულად თქვენ გაქვთ თავისუფალი პრესა, მაგრამ პრაქტიკულად - არსებობს ცენზურა, თეორიულად გაქვთ სასამართლოები, მაგრამ პრაქტიკულად სასამართლო გადაწყვეტილებას ზემოდან კარნახით იღებს, თეორიულად ქვეყნის კონსტიტუცია თქვენი სამოქალაქო უფლებების დაცვის გარანტს იძლევა, პრაქტიკულად კი, ამ უფლებების დაცვა შეუძლებელი ხდება".

მიხაილ ხოდორკოვსკი, ("ტაიმსი")

ოლიგარქი აფინანსებდა ლიბერალური ოპოზიციის მთავარ პარტიას "იაბლოკოს", უფლებადამცველთა  ჯგუფებს, ეწეოდა ქველმოქმედებას, აღადგინა ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეხმარებოდა ხელოვნების მოღვაწეებს, ინახავდა თეატრებს და საოპერო დასებს.

2003 წლის თებერვალში პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში თითქმის ყველა დიდი ბიზნესმენი მიიწვია და სტუმრებს დაჰპირდა, რომ არასოდეს გადაამოწმებდა იმ სქემებს, რომლითაც მათ ფული იშოვეს (პუტინი აქცენტს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კანონიერებაზე აკეთებდა), იმ პირობით, თუ ოლიგარქები პოლიტიკისგან თავს შორს დაიჭერდნენ.

- მე ფული სახელმწიფოს ძარცვით არ მიშოვია, - განაცხადა მაშინ ხოდორკოვსკიმ.

- ბატონო ხოდორკოვსკი, დარწმუნებული ხართ, რომ საგადასახადო სამსახურთან მოწესრიგებული გაქვთ ურთიერთობა? - დაინტერესდა პრეზიდენტი.

- სავსებით, - მიუგო მშვიდად ოლიგარქმა.

- კარგი, ვნახოთ, - ჩაიცინა პუტინმა...

ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტსა და ოლიგარქს შორის უკვე აშკარა ბრძოლა იწყებოდა. მალე ხოდორკოვსკი დააპატიმრეს და სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით 13 წლით ციხეში გამოკეტეს. ოლიგარქზე ანგარიშსწორებას თავად კომპანია "იუკოსიც" შეეწირა.

პუტინის გარემოცვაში მყოფნი აცხადებდნენ, - ხოდორკოვსკის დასჯა სამაგალითო იქნება მათთვის, ვინც პოლიტიკურ არენაზე რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას გაბედავსო.

პოლიტიკას შეეწირა რუსეთის მინის მაგნატი მიხაილ ლანინი - ის  ნიცაში მოკლეს. აეროპორტისკენ მიმავალ მის მანქანას უცხო ავტომობილი წამოეწია და აიძულა,  გაეჩერებინა. მანქანიდან რამდენიმე კაცი გადმოხტა, ლანინი და მისი მეუღლე ლიმუზინიდან გადმოათრიეს და უმოწყალოდ სცემეს. ოლიგარქის მეუღლემ ცემისგან გონება დაკარგა, თუმცა მანამდე გასროლის ხმა გაიგონა...

უკრაინაში ხოცავდნენ რეჟიმთან "მეამბოხე" ოლიგარქებს. 1996 წელს უკრაინაში მკვლელობათა მთელი სერია მოხდა. პოლიტიკაში მოსვლის სურვილს რამდენიმე დონეცკელი ოლიგარქი შეეწირა. მარტის მიწურულს კიევის ცენტრში მოკლეს ალექსანდრ შვედჩენკო - "იტერა-უკრაინას" დირექტორი. იმავე წლის 16 მაისს საკუთარი სახლის ეზოში ჩაცხრილეს დონეცკის სამრეწველო კავშირის ხელმძღვანელი ალექსანდრ მომტი, 1996 წლის ნოემბერში დონეცკის აეროპორტში ცეცხლი გაუხსნეს მეამბოხე ოლიგარქების ლიდერს ევგენი შჩერბანს, მასთან ერთად დაიღუპა მისი მეუღლე და დაცვის რამდენიმე წევრი.

სიკვდილს მხოლოდ პრეზიდენტობის მოსურნე ლაზარენკო გადაურჩა, თუმცა მას პრეზიდენტმა კუჩმამ ყველა მედიასაშუალება დაუხურა და ქვეყნიდან გააძევა.

საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დათმო მილიარდერმა სერგეი ტიგიბკომაც - განცხადება გაავრცელა საკუთრი პარტიის დაშლის შესახებ და უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიას ჩაუდგა სათავეში.

KvirisPalitra.Geსაქართველოში ხელისუფლებამ ოლიგარქებში საფრთხე მხოლოდ მაშინ დაინახა, როდესაც მილიარდერმა ბადრი პატარკაციშვილმა ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, ხოლო მოგვიანებით - პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა. ხელისუფლებასთან დაპირისპირება იმით დამთAავრდა, რომ ოლიგარქი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა და  საქართველოში არსებული მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფომ მიითვისა.

ამასობაში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ კიდევ ერთმა ოლიგარქმა სცადა პუტინთან დაპირისპირება. ის მეტალურგიის მაგნატი მიხაილ პროხოროვი გახლდათ. მან პოლიტიკაში მოსვლა ერთი პატარა პარტიის - "პრავოე დელოს" შექმნით დაიწყო. ოლიგარქმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადა, - დიდი ბიზნესიდან  მივდივარ, პოლიტიკაში ჩემი ხალხის ინტერესები რომ გავატაროო; თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ საკუთარ სურვილებზე ხელი აიღო (ამბობენ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში პუტინის კონსულტაციები დაეხმარაო).

"მიხაილ პროხოროვის მოულოდნელი პოლიტიკური სიკვდილი, რომელიც კრემლთან მტრობის შედეგი იყო, კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ პოლიტიკა და ბიზნესი ერთად ვერასდროს მოძოვენ. ამით გაიფანტა ყველა ოცნება იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ არენაზე ოლიგარქის გამოჩენა იყო მახარობელი პოლიტიკურ არენაზე თავისუფლების გაფართოებისა".

ტიმოთი ჰერმეჯი

როგორც ჩანს, ყველა პოლიტიკური რეჟიმი  იზიარებს ბორის ელცინის ნათქვამს: - აი, ვის უნდა უფრთხოდეს ხელისუფლება - ოლიგარქებს.