მემკვიდრე - კვირის პალიტრა

მემკვიდრე

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #47)

"განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატო გენერალ-მაიორ  ლებედის მიმართ. მან, თავის ხელქვეითებთან ერთად, პუტჩისტებს არ მისცა საშუალება, ახალი რუსეთის პოლიტიკური ცენტრი - თეთრი სახლი აეღოთ".

ბორის ელცინი,

1991 წლის 21 აგვისტო

"რა თქმა უნდა, ტერორიზმის  ორგანიზატორებისა და სულის ჩამდგმელების, კერძოდ, ბასაევის, დუდაევისა და მასხადოვის ლიკვიდირება უნდა მოხდეს. ამბობენ, მუსლიმანისთვის ურწმუნოს" ხელით სიკვდილი ბედნიერებაა, რადგან პირდაპირ სამოთხეში - ალაჰთან მოხვდებაო. თუ დუდაევის საჩუქარზე ვფიქრობთ, იქნებ ეს შევურჩიოთ?"

გენერალი ლებედი,

"ნოვაია გაზეტა"," 1996 წ.

1991 წლის 18 აგვისტოს, დილით, საბჭოთა კავშირის მოქალაქეებმა შეიტყვეს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. როგორც ცენტრალური საინფორმაციო საშუალებები აცხადებდნენ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტმა (ГКЧП) ჩაიბარა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი ყირიმში იმყოფებოდა და ავადმყოფობის გამო დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

შუადღისას მოსკოვის ქუჩებში  უკვე ტანკები და მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. მხოლოდ მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტი გორბაჩოვი საკუთარ რეზიდენციაში იყო დატყვევებული, ხოლო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბორის  ელცინმა მოქალაქეებს დემოკრატიის დასაცავად მოუწოდა. მოსკოვში, თეთრი სახლის წინ, ასეულობით ადამიანმა მოიყარა თავი და შენობის დასაცავად ბარიკადების აგება დაიწყო.

"1991 წლის 17 აგვისტოს   სასწრაფოდ გამომიძახეს საჰაერო- სადესანტო ჯარების ხელმძღვანელ პაველ გრაჩოვთან. საუბარი ხანმოკლე გვქონდა. მივიღე დავალება - შემეწყვიტა შვებულება და საბრძოლველად მომემზადებინა ტულის დივიზია. ვიკითხე, - სად მოგვიწევს წასვლა-მეთქი. გრაჩოვმა მოკლედ მომიჭრა, - ეს მოგვიანებით გადაწყდებაო.

რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 40 ჯარისკაცი მძევლად აეყვანათ. ვიფიქრეთ, სავარაუდო მარშრუტიც ალბათ ეს იქნებოდა. ვარაუდი არ გამართლდა.  დივიზია სრულ მზადყოფნაში კი გვყავდა, მაგრამ დანიშნულების ადგილი ჯერ კიდევ დაუდგენელი და, რაც მთავარია, ყველაფერი უცნაურად გასაიდუმლოებული იყო. მთელი ღამე მოლოდინში გავატარეთ (პაველ გრაჩოვი დიდხანს ჭოჭმანობდა. ვერ გაერკვია, ვისი მხარე დაეჭირა - პუტჩისტების თუ ელცინისა. - ავტ.). შემდეგ გრაჩოვისგან დავალება მივიღე, - საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონით მოსკოვში "თეთრი სახლი"  უნდა დამეცვა"."

ალექსანდრ ლებედის მემუარებიდან

9 აგვისტოს ლებედი "თეთრ სახლში" ბორის ელცინს შეხვდა და  მზადყოფნა გამოთქვა, ნებისმიერი საშუალებით დაეცვა შენობა და მის გარშემო შეკრებილი ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. სახელმწიფო გადატრიალების მომხრეები მიხვდნენ, რომ თამაში წაგებული იყო და 20 აგვისტოს თავად ეახლნენ გორბაჩოვს მოსალაპარაკებლად, თუმცა პრეზიდენტმა ისინი არ მიიღო და საგანგებო ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით მოჯანყენი დააპატიმრეს.

20 აგვისტოს მოსკოვში, თეთრი სახლის თავზე, რუსეთის სამფეროვანი დროშა აფრიალდა. ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირს დიდი დღე არ ეწერა.

1992 წლის ივლისში ალექსანდრ ლებედმა დნესტრისპირეთში დისლოცირებული მე-14 არმია ჩაიბარა. ექსპერტების აზრით, სწორედ ამ დღიდან იწყება გენერლის ვარსკვლავური ხანა. ლებედი მოლდავეთის პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებდა და მოლდავეთის ხელისუფლებას ფაშისტურს უწოდებდა.

"კარი გაიღო. ოთახში კამუფლაჟიანი გენერალი შემოვიდა და უმალვე დასჭექა:

- მე გენერალი ლებედი ვარ. მოვედი, რომ გითხრათ, - არავის მივცემ საშუალებას, დახოცოს ადამიანები. ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო და აუცილებლად გავაკეთებ!..

რადიოს მთელი დნესტრისპირეთი გარინდებული უსმენდა. ყურებს არ უჯერებდნენ, - ნუთუ მართლა შეძლებდა გენერალი ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას?..

ჟურნალისტები ხმას ვერ იღებდნენ.

- არ გინდათ, რამე მკითხოთ? - კვლავ გაისმა ლებედის ხმა.

რამდენიმე წამში კი ყველა ერთხმად აყაყანდა."

ალექსანდრ მედვედევი, "ბანდერას სისხლიანი ზაფხული"

მე-14 არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა მოლდავეთის არმიის პოზიციებზე. ამის შემდეგ კიშინიოვის პოზიცია დნესტრისპირეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, უფრო რბილი გახდა.

1994 წლის დეკემბერში რუსეთმა ჩეჩნეთში საომარი კამპანია  წამოიწყო. გენერალი ლებედი ამ ომს სისულელეს უწოდებდა და ჩეჩნეთში მეორე ავღანეთის საშიშროებას ხედავდა.

რუსეთის სამხედრო წრეები ამაოდ ცდილობდნენ მე-14 არმიის ჩეჩნეთში "შეტყუებას". მაშინ გენერალმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ მე-14 არმიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას არ მიიღებდნენ ჩეჩნეთის სამხედრო ავანტიურაში.

ასეთი ხმამაღალი განცხადებების გამო ლებედი მაღალ სამხედრო ეშელონებს თვალში აღარ მოსდიოდათ. 1995 წელს თავდაცვის სამინისტრომ, ლებედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მე-14 არმიის რეორგანიზაცია დაიწყო.

გენერალმა  რაპორტი დაწერა და თადარიგში გავიდა.

1995 წლის შუახანებში პრეზიდენტ ელცინის გარემოცვისთვის ნათელი გახდა, რომ სიტუაცია კრიტიკული იყო. პრეზიდენტის შერყეულ ჯანმრთელობაზე ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბობდნენ. გარდა ამისა, ქვეყანაში კომუნისტების რეიტინგი დღითი დღე იზრდებოდა და საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებისთვის უკვე სახიფათო ძალას წარმოადგენდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ  ელცინმა საკუთარი დაცვის უფროს ალექსანდრ კორჟაკოვს დაავალა,  გადმოებირებინა ე.წ. პატრიოტები და ნაციონალისტები. ელცინის მხარდაჭერის შემთხვევაში მათ ბორის ბერეზოვსკი დააფინანსებდა.

ამ შემთხვევაში ყველაზე მსუყე ლუკმა გახლდათ გენერალი ლებედი, რომელიც მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობდა.

ლებედისთვის თავის მოქონვა" კორჟაკოვმა იური სკოკოვს (უშიშროების საბჭოს მდივანი 1992-93 წლებში. - ავტ.) დაავალა. სწორედ მისი მოხერხებით, 1995 წლის 8 აპრილს, ალექსანდრ ლებედი რუსი თემების კონგრესზე ხელმძღვანელის (სკოკოვი. - ავტ.) მოადგილედ აირჩეს. სწორედ ამ კონგრესმა დაასახელა იგი პრეზიდენტობის კანდიდატად.

ერთხელ, რეგიონებში ვიზიტის დროს, ლებედმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კონგრესის ხელმძღვანელი ის უნდა ყოფილიყო და არა "ვინმე" სკოკოვი. როდესაც სკოკოვმა ეს ამბავი გაიგო, ლებედი კონგრესიდან დაითხოვა.

ოფისის და ფინანსების გარეშე  დარჩენილმა ლებედმა გადაწყვიტა, წინასაარჩევნო კამპანია მაინც ჩაეტარებინა."

"კამპანია უფულოდ და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დავიწყეთ. სულ 9 კაცი ვიყავით - 6 ჩვენ - თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლები და 3 ოფიცერი დნესტრისპირეთიდან. დავდიოდით ბანკებში. Kგულითადად გვიღებდნენ, ჩაითაც გვიმასპინძლდებოდნენ, მაგრამ უარით გვისტუმრებდნენ. აღარც ოფისი გვქონდა, აღარც მანქანები... არ ვიცოდით, რა გვექნა."

სერგეი იუშკოვი, ლებედის პრესმდივანი

1996 წლის თებერვალში  პრეზიდენტ ელცინს ჯანმრთელობა გაუუარესდა. ცნობილი ამერიკელი კარდიოქირურგი მაიკლ დებეიკი 6 წლის შემდეგ იხსენებდა, "ჩვენთან (კლინიკაში. - ავტ.) რომ იყო, პრეზიდენტი ვერ მცნობდა. არც ის იცოდა, რა მერქვა. ყოველი შეხვედრისას ვახსენებდი, მაგრამ მაინც სხვადასხვა სახელს მეძახდა.ხშირად ბოდავდა, ეშლებოდა ადამიანები"...

რადგან პრეზიდენტის მემკვიდრის საკითხი გადაუწყვეტელი იყო, ელცინის გარემოცვას ლებედი გაახსენდა. "როდესაც გენერალი კორჟაკოვს (ელცინის დაცვის უფროსი. - ავტ.) ისევ შეხვდა, მაშინ სულ სხვა თამაში დაიწყო. ფულიც მალე გამოჩნდა. მოსკოვის ცენტრში კარგი ოფისი ვიქირავეთ. მთელი მესამე სართული გავარემონტეთ (80.000 დოლარი დაჯდა), ტექნიკაც შევიტანეთ და მუშაობაც დავიწყეთ. ერთ დღეს მისაღებში ბორის ბერეზოვსკი დავინახე... შემდეგ მთელ დღეებს ჩვენს შტაბში ატარებდა,  საინფორმაციო კამპანიას მისი ტელეარხები ეწეოდნენ. მივხდი, რომ ყველაფერი ბორიას ფულით კეთდებოდა".

სერგეი იუშკოვი

"მოულოდნელად პრეზიდენტმა გულის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ოპერაცია შედეგიანი აღმოჩნდა და ელცინმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

1996 წლის 16 ივნისს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გენერალმა ლებედმა ამომრჩეველთა 15% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.

17 ივნისს ბორის ელცინმა ალექსანდრ ლებედს ერთდროულად უშიშროების საბჭოს მდივნისა და პრეზიდენტის თანაშემწის პოსტი შესთავაზა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ლებედი ელცინს თავის ხმებს დაუთმობდა და ამით კომუნისტებს საშუალებას არ მისცემდა, ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. პრეზიდენტის შეთავაზებას ლებედი ერთი პირობით დათანხმდა - პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა (ჩანს, ლებედს მე-14 არმიის რეორგანიზაცია დავიწყებული არ ჰქონდა. - ავტ.).

ლებედის კრემლში მისვლიდან რამდენიმე დღეში  ელცინმა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსი ალექსანდრ კორჟაკოვი და მისი მოადგილე სამსახურიდან დაითხოვა.

ლებედის გავლენა ელცინზე საეჭვო აღარ იყო.

1996 წლის  6 აგვისტოს შამილ ბასაევმა გროზნო აიღო.

10 აგვისტოს, ელცინის ბრძანებით, ალექსანდრ ლებედმა ჩეჩნეთში პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულის  პოსტიც შეითავსა. სწორედ ამ პერიოდში შედგა ლებედსა და იჩქერიის სამხედრო ძალების მეთაურ ასლან მასხადოვს შორის მოლაპარაკება და ხასავიურთში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ლებედი აშკარად დაუპირისპირდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კულიკოვს, რომელიც 24 საათში გროზნოს მიწასთან გასწორებით იმუქრებოდა.

ხასავიურთის ხელშეკრულებამ ლებედის პოპულარობა ხალხში ერთიორად გაზარდა. ბორის ბერეზოვსკიმ, რომლის კრიმინალური ბიზნესი ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ საფრთხის ქვეშ დადგა, ლებედის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანია გააჩაღა. ჩეჩნეთში დადებული ხელშეკრულების გამო ლებედს ბერეზოვსკის მედია სამშობლოს მოღალატეს უწოდებდა და ხასავიურთს რუსეთის ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცლად მიიჩნევდა.

1996 წლის 17 ოქტომბერს ელცინმა გენერალი ლებედი ყველა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. 1998 წელს ლებედმა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა. მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი მდიდარი რეგიონის ხელმძღვანელობა (ის საფრანგეთზე სამჯერ დიდია) მოსახერხებელი სასტარტო მოედანი იქნებოდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუმცა ლებედმა კენჭის ყრაზე უარი განაცხადა.

ბორის ელცინს უკვე ჰყავდა სხვა მემკვიდრე - სპეცსამსახურების პოლკოვნიკი. "მემკვიდრე-1999" ვლადიმირ პუტინი ისევ ბორის ბერეზოვსკის პროექტი იყო...