...იმ დილით საქართველოში პირველი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა - კვირის პალიტრა

...იმ დილით საქართველოში პირველი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა

"პოლიტიკა ბინძური არ არის, პოლიტიკა ბინძური მაშინ ხდება, როცა მას ბინძური ხალხი აკეთებს".”

გიორგი ჭანტურია

"ბატონო ედუარდ, თქვენ შეგიძლიათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ვერც ვაჟკაცობის დეფიციტსა და პოლიტიკური გამჭრიახობის  უქონლობას დაგწამებთ ვინმე. ამიტომ თქვენ, ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა, უნდა გადადგათ ის ნაბიჯები, რასაც თქვენგან ელის ქართველი ხალხი. გქონდეთ იმის იმედი, რომ ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი თქვენთან დადგება და ძველებურად აზრი მიეცემა ჩვენს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც.”

გიორგი ჭანტურია,

"ღია წერილი სახელმწიფოს მეთაურს"

29 ნოემბერი, 1994 წ.

(დაღუპვამდე 4 დღით ადრე)

KvirisPalitra.Ge"მოკლეს გია ჭანტურია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მისი და ჩემი სახლის წინ. ჩვენ მეზობლები ვიყავით. ერთი კვირაა, მე წყნეთში ვარ, სასწრაფოდ ჩამოვდივარ. რაღაც გამოუთქმელი შავი აპათია მეუფლება. მეცოდება ახალგაზრდა პერსპექტიული  კაცი. ვიხსენებ ჩვენს ურთიერთობას. მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, პატივს მცემდა და ჩემს აზრს ითვალისწინებდა, მე კი გულის სიღრმეში ჩემს ახალგაზრდა მეგობრად ვთვლიდი. შევარდნაძესთან ძალოვანი მინისტრები შეიკრიბნენ, პროკურორიც იქ არის. რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, ვერ ვუსმენ, რაზე ლაპარაკობენ. მარტონი ვრჩებით მე და შევარდნაძე.

- ვერაფერი შეამჩნიე? - მეკითხება.

- რა?

- ეს, მგონი, იგორის (გიორგაძე. - ჯ.ი.) ნახელავია, რაღაც უცნაურად იქცევა.

გონების თვალით შეკრებას დავუბრუნდი, მაგრამ ვერაფერი შევნიშნე.

- მას ეს რად სჭირდებოდა? - ვეკითხები.

- არ ვიცი.

ჯაბა იოსელიანი, "სამი განზომილება"

"დამაბრალეთ ყველაფერი,  ოღონდ ჭანტურიას მკვლელობას ნუ დამაბრალებთ".

გოჩა თედიაშვილი, "მხედრიონის" წევრი, ჭანტურიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი

1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობის დასკვნით ნაწილს საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდა. ამ დღეს პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია მოხსენებით გამოსვლას გეგმავდა, როგორც მაშინ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში ამბობდნენ, მოხსენება სკანდალური და ხელისუფლების მამხილებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა იმ დილით საქართველოში პირველი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა. დაახლოებით 10 საათზე, ბალანჩივაძის ქუჩაზე, სახლიდან გამოსული გიორგი ჭანტურია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მასთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე ირინა სარიშვილი და დაცვის წევრი მერაბ ბარამია. გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაიღუპა მერაბ ბარამიაც, ხოლო ირინა სარიშვილი მძიმედ დაიჭრა.

"ბუნდოვნად მახსოვს, სადარბაზოს რომ გავცდით, წინ თეთრი მანქანა გადაგვიდგა. მარკა არ მახსოვს, რადგან გიასკენ ვიყავი შებრუნებული და რაღაცას ვეუბნებოდი. ამ დროს გავიგონე სროლის ხმა, იმწუთას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს კენჭები ხვდებოდა მანქანას. ამ ყველაფერს წამები დასჭირდა. სროლა კარგა ხანს გაგრძელდა, როგორც მერე მითხრეს, 8 წუთი. იმ დროს გავიგონე კაცების ყვირილი, - ბავშვებო, შინ შედითო. მაშინ ეს სიტყვები ვერაფერს დავუკავშირე. მერე, როგორც  მკვლელობის თვითმხილველთა ჩვენებებიდან გავიგე, თვითონ ტერორისტები ყვიროდნენ. სავარაუდოდ, ხალხი გარეთ რომ არ გამოცვენილიყო და მკვლელებს ხელი არ შეშლოდათ, თავად ტერორისტები ყვიროდნენ  და ბავშვები სახლებში შეყარეს. ამასობაში, გავცდით ჩვენს სადარბაზოს და როგორც კი მეორემდე მივედით, დაცხრილული მანქანა გაჩერდა. მახსოვს, სამი მხრიდან ისროდნენ. გიას არ ვუშვებდი, ერთი ხელით მყავდა დაკავებული. მანქანაში ყვიროდნენ. ცალკე გიას დაცვის წევრი მერაბი ყვიროდა, ცალკე - გია. მეხსიერებაში ჩამრჩა, გია მეუბნებოდა, სადარბაზოში შეგიყვანო. მანქანის სავარძლებს შორის ვიყავი ჩაწოლილი და ვერაფერს ვხედავდი. სროლა რომ შეწყდა, თავი ავწიე. ფანჯრიდან სადარბაზოს გავხედე, სხვაგან გახედვა არც მიფიქრია, იქ ველოდებოდი გიას გამოჩენას. მერე მერაბმა დაიყვირა, -“არ გაინძრე, "რაჟოკებს" ტენიანო. სროლა განახლდა. მახსოვს, გიამ ხელი უკან, იარაღისკენ წაიღო, თითქოს ამოღება უნდოდა. მე ვაკავებდი, ის კი მანქანიდან გადასვლას ცდილობდა. მერაბ ბარამია ბოლოს მე გადამეფარა. 40 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი... ყველა ზურგში. მერე, როცა სროლა საბოლოოდ შეწყდა და მანქანიდან გადმოსვლა მოვახერხე, სანამ დავეცემოდი, დავინახე, ვიღაცამ გვერდით ძალიან ნელა ჩამიარა. ავტომატს მიათრევდა. მისი სახე კარგად დამამახსოვრდა, თუმცა შემდგომში დაკავებულებში ის არ შემხვედრია."

ირინა სარიშვილი, 2002 წ.

დაჭრილი ირინა სარიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წაიყვანეს.

"იმ დილით, დაახლოებით 11 საათზე, მე და ჩემი თანამშრომელი საავადმყოფოს შემოვლას ვაგრძელებდით. უცებ ატყდა სროლა, ყვირილი - ირინა სარიშვილი მანქანით მოჰყავთ დაჭრილი და უკან მოსდევენო. გავიხედე. დავინახე მანქანა, რომელსაც "მოსკვიჩი" საეჭვოდ მოსდევდა. ირინა მიმღებში შეაპარეს. ექოსკოპიის კაბინეტის სახურავიდან "მოკვიჩს" სროლა დაუწყეს. აურზაურში ვერ გავიგეთ, ვინ ვინ იყო, ფორმა არავის ეცვა. საავადმყოფოს ჭიშკართან ტყვიების წვიმა მოდიოდა. გზაზე გახედვა მოვახერხე. დავინახე - "მოსკვიჩი" უცებ გაჩერდა და საბურავებს ცეცხლი წაეკიდა. კორპუსებიდან ხალხი ყვიროდა. ირინა ვიღას ახსოვდა!.. მერე ამბობდნენ, როდესაც მკვლელებმა გაიგეს, სარიშვილი გადარჩა, მისი მოკვლა საავადმყოფოში მიყვანამდე უნდოდათო".

გიორგი,

რესპუბლიკური საავადმყოფოს სახანძრო უსაფრთხოების დაცვის უფროსის ყოფილი მოადგილე,

29 ნოემბერი, 2001 წ.

"ირინა სარიშვილს მეუღლის გარდაცვალებას უმალავდნენ. მაშინ ავთო ჯორბენაძე იყო ჯანმრთელობის მინისტრი. გვერდიდან არ მოშორებია ირინას. როდესაც გავიგეთ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, გადავწყვიტეთ, გვეთქვა; მაგრამ ბიჭები ვერ შევდიოდით. ბოლოს, ისევ ავთომ უთხრა, - გია დაიღუპაო...

XX საუკუნის 80-იან წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთგვარ ახალგაზრდულ იატაკქვეშა კლუბს წარმოადგენდა (ედპ ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში - 1917 წელს დააარსა სპირიდონ კედიამ, თუმცა პარტიის იდეა ილია ჭავჭავაძისა გახლდათ. სწორედ ილია იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის ავტორი. 1917 წელს სპირიდონ კედია პარტიის პირველი თავმჯდომარე გახდა, საპატიო თავმჯდომარედ  კი ნიკო ნიკოლაძე აირჩიეს. ეროვნულ-დემოკრატები აქტიურად მონაწილეობდნენ 1924 წლის აჯანყებაშიც). ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 1981 წელს აღადგინეს  გიორგი ჭანტურიამ და მისმა თანამოაზრეებმა. პარტიის თავმჯდომარე სიკვდილამდე ჭანტურია იყო. 1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგ წლისთავთან დაკავშირებული საპროტესტო დემონსტრაციის გამო გია ჭანტურია დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს.1986 წელს გაათავისუფლეს. როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურებმა ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციის მიზნით ტელევიზიით გამსახურდიას მონანიება გაავრცელეს, ჭანტურიამ და მისმა მეგობრებმა ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობის გაწყვეტა განიზრახეს. მოგვიანებით გიორგი ჭანტურია დროებით, მაგრამ მაინც შეურიგდა გამსახურდიას. თანამოაზრეები ამ ნაბიჯს დიდ შეცდომად უთვლიდნენ. თუმცა, მაშინ ეს მისთვის აუცილებელი იყო - გამსახურდიასთან დაპირისპირების გამო ხალხი მას ზურგს შეაქცევდა. გამსახურდიას "მონანიების" შემდეგ სპეცსამსახურებმა ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ გამსახურდია გმირის სახელით დაბრუნდა ციხიდან და გია მიხვდა, მასთან ბრძოლა თვითმკვლელობა იქნებოდა. გია პოლიტიკოსი იყო და ლავირება შეეძლო."

დათო ჭეიშვილი,

გია ჭანტურიას მეგობარი

გამსახურდია-ჭანტურიას შერიგება რომ ხანმოკლე იქნებოდა, ეს 1989 წელს გამოჩნდა. იმ დროს, როცა ზვიად გამსახურდია ცხინვალში მიტინგის გამართვას გეგმავდა, ჭანტურია აცხადებდა, - ამგვარი მიტინგები შეიძლება ქართველი და ოსი ხალხების დაპირისპირების მიზეზი გამხდარიყო. მოგვიანებით ასეც მოხდა.  როდესაც ზვიად გამსახურდიას პარტია "მრგვალი მაგიდა" ეროვნულ ფორუმს გამოეთიშა და საბჭოთა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ედპ გამსახურდიას საბოლოოდ დაუპირისპირდა.

1991 წელს თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობამ პირადად საქართველოს პრეზიდენტისგან, ზვიად გამსახურდიასგან მიიღო ერთობ უჩვეულო ბრძანება, - დაესვათ უკვე ჰაერში მყოფი ლაინერი "თბილისი-მოსკოვი". ბრძანება შესრულდა. სამართალდამცავების სამიზნე თვითმფრინავის 150 მგზავრიდან მხოლოდ ორი - გიორგი ჭანტურია და ირინა სარიშვილი იყვნენ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მეუღლესთან ერთად, მოსკოვში ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად მიფრინავდა. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ  ჭანტურია "ხუნტის" თანამონაწილე იყო.

1992 წლის 7 მარტს შევარდნაძე თბილისში დაბრუნდა. სახელმწიფოს მეთAაურის დასაყრდენი ვერც კიტოვანის გვარდია იქნებოდა და ვერც ჯაბა იოსელიანის "მხედრიონი", მათ მხოლოდ "შავი" სამუშაო ევალებოდათ. დასავლეთთან თავის მოსაწონებლად შევარდნაძეს პოლიტიკური დასაყრდენი სჭირდებოდა. ასეთი კი იმხანად იყო ედპ, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე ავტორიტეტულად ითვლებოდა; ამიტომ შევარდნაძეს გიორგი ჭანტურიასთან ერთხანს ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა, მათ შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დსთ-ში შესვლა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტში ედპ-მ მხარი არ დაუჭირა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. იმხანად გიორგი ჭანტურიას და მის თანაპარტიელებს გამსახურდიას გვარდიის წინააღმდეგ საბრძოლო პოზიციები ხონში ეკავათ. "რუსების შემოსვლას, მირჩევნია, თბილისში ისევ ზვიადისტები შემოვიდნენ",- ამ სიტყვებით გიორგი ჭანტურიამ ხონი დატოვა. მისმა ამ ნაბიჯმა შევარდნაძის გარდა, ჯაბა იოსელიანიც გაანაწყენა.

"როდესაც აფხაზეთში ომი დამთავრდა, ზვიადისტები გვიტევდნენ, გია ჭანტურია და მისი ედპ - 100 კაცი, ხონს იცავდნენ. იმ პერიოდში საქართველო დსთ-ში შევიდა.  ედპ ამის კატეგორიული  წინააღმდეგი იყო და პროტესტის ნიშნად მათ ხონი დატოვეს. მართალია, ჯაბა იოსელიანი გააფრთხილეს და იარაღიც  გადმოგვაბარეს, მაგრამ ეს მაინც სარისკო ნაბიჯი იყო: ეს რომ გამსახურდიას მომხრეებს გაეგოთ, ჩვენი საქმე შავად წავიდოდა - ისინი ხონსაც ააწიოკებდნენ და ქუთაისსაც. ჯაბა ნაწყენი დარჩა, თუმცა გიას მაინც დიდ პატივს სცემდა".

თამაზ ფანჩულიძე -

"წესრიგა", 2010 წ.

ვინაიდან გია ჭანტურიას დასავლეთის პოლიტიკური წრეები პროდასავლური ორიენტაციის გამო პატივს სცემდნენ, შევარდნაძე ჭანტურიასთან აშკარა კონფლიქტს ერიდებოდა, თავის მხრივ ედპ-ის ლიდერი სახელმწიფოს მეთაურს, იგორ გიორგაძის, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის გადაყენებას სთხოვდა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ გია ჭანტურიას შეატყობინა, შენი პარტიის ოფისში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებულიო, ასევე ფრთხილად მიანიშნა, რომ”ედპ-ში "ჟუჩოკები" იგორ გიორგაძის სურვილით დააყენეს. ჭანტურიამ ეს ინფორმაცია საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა და თან განაცხადა, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია. ირინა სარიშვილმა ხელისუფლებას სთხოვა, გია ჭანტურიასთვის დაცვა დაენიშნათ. თხოვნაზე უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ ლაპარაკი ედპ-ის ლიდერის შესაძლო ლიკვიდაციაზე გაბუქებული იყო.

1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურიას მკვლელობამ საქართველო შოკში ჩააგდო, ყველას ერთი კითხვა აწუხებდა, - ვის უნდა მოეკლა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)