"სისხლიანი კლოუნადა" - კვირის პალიტრა

"სისხლიანი კლოუნადა"

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა"

##51-52)

"1991 წლის 24-28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს".

სუფიან ბეპაევი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, "მოსკოვსკიე ნოვოსტი",

1992 წლის 15 დეკემბერი

"28 დეკემბერს კიტოვანს ამიერკავკასიის სამხედრო შტაბიდან დაეხმარნენ, ამჯერად ტელეანძის ასაღებად. ბრძოლაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული საბჭოთა ჯარისკაცი. საერთოდ, თბილისის ომი შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა არმიის უკანასკნელ ოპერაციად, რადგან 31 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა ჯარები რუსეთის ჯარებად გადაკეთდა."

სპარტაკ ჟიდკოვი,

"მცირე იმპერიის ნახტომი"

"ქართულ ეროვნულ მოძრაობას ხელები სისხლში აქვს მოსვრილი და საეჭვოა, რომ მან ოდესმე ამ სისხლის ჩამობანა შეძლოს."

აკაკი ბაქრაძე,

სატელევიზიო გამოსვლიდან. 1992 წლის იანვარი

ზვიად ჯაჭვაძე: - 26 დეკემბერს, საღამოს, ოპერის ბაღში ვისხედით და უკანასკნელ ტყვიებს ვალაგებდით მჭიდში. მთაწმინდელებმა გვითხრეს, თბილისის ზღვიდან "პადმოგას" ველოდებითო. ჯერჯერობით არავინ ჩანდა. "იმელის" შტაბიდან კოტეს ძმაკაცი მოვიდა, კონიაკი მოიყოლა და სმა დავიწყეთ. საქართველოს გაუმარჯოსო, ვთქვით. რომელ საქართველოსო, - იკითხა კოტემ, - ჩვენსას თუ იმათსასო. ყველანი გავჩუმდით. ბოლოს, ისევ თბილისის სადღეგრძელო შევსვით - ის ხომ მაინც იყო ჩვენი. გვიან ღამით შეპირებული "პადმოგაც" მოვიდა, ერთი დაფეხვილი ჟიგული იყო. "ბაგაჟნიკს" რომ ავხადეთ, ელდა მეცა - რამდენიმე მჭიდი და ორი ავტომატი იდო. სულ ეს არისო? - იყვირა კოტემ. მძღოლმა თავი დააქნია.  ავტომატის აღება მოვინდომე, მაგრამ მძღოლმა უარი მითხრა, - სასტუმრო "თბილისთან" ჩემი უბნელები არიან, პლეხანოველები და მათ უიარაღოდ ვერ დავტოვებო.

ყველამ ერთხმად დავიწყეთ გინება. წასვლის წინ მძღოლმა გვითხრა, - ამბად ვიცი, ხვალ ციხიდან ჯაბა გამოდისო.

თუ ჯაბა გამოდის, ეს ავტომატები და მჭიდები კიტოვანს გაურჭვე უკანო, - გაიცინა კოტემ და დამამშვიდა, - აწი არაფერი გაგვიჭირდებაო".

"1991 წლის 27 დეკემბერს ორთაჭალის საგამოძიებო იზოლატორში ხანძარი გაჩნდა. იმავე საღამოს ოპოზიციამ შეძლო ციხიდან ჯაბა იოსელიანის და სხვა პოლიტპატიმრების  გათავისუფლება. პოლიტიკოსებთან ერთად იზოლატორი ასამდე "მხედრიონელმა" და სხვადასხვა  ჯურის დამნაშავემაც დატოვა.

27 დეკემბერს შეიარაღებული ოპოზიციის რიგებში რუსი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, ხოლო "მხედრიონი" 28 დეკემბრიდან ჩაერთო კონფლიქტში.

1991 წლის 27 დეკემბერს მთავრობის სახლის წინ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მე და ჯონი ფირცხალაიშვილი წავედით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელ გენერალ ბეპაევთან (გენერალი პატრიკეევი მაშინ შვებულებაში იყო). ბეპაევს პროტესტი განვუცხადეთ რუსი სამხედრო მოსამსახურეების”პუტჩში”მონაწილეობის გამო და რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა მოვთხოვეთ. ბეპაევი ყურადღებით გვისმენდა, შემდეგ მშვიდად გვიპასუხა, - ეს გადაწყვეტილება ჩემი მთავარსარდლის, ბორის ელცინის მიერ არის მიღებული. მესმის, რომ ესენი (ამბოხებულები. - ავტ.) კრიმინალური ბანდები არიან (ზუსტად მაშინ შეატყობინეს, რომ ერთ-ერთი დივიზიის მეთაური ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მძიმედ იყო დაჭრილი), მაგრამ მე მაქვს ბრძანება, დავეხმარო "პუტჩისტებს", როგორც თქვენ ეძახითო.

ბეპაევმა თან ერთი კეთილი რჩევაც”მოგვცა, - ეს საკითხი პირდაპირ ელცინთან მოაგვარეთო.

უკან რომ ვბრუნდებოდით, ერთი შემთხვევა გამახსენდა: დეკემბრის შუა რიცხვებში მოხუცმა მანდილოსანმა გამაჩერა ქუჩაში და მითხრა, - შვილო, ზვიადს გადაეცი, რომ მთავრობის სახლის წინ ერთი დიდი სკამი გააკეთოს და ე.წ. ოპოზიცია დასვას, მათ ხომ სკამის გარდა, არაფერი უნდათ, თორემ დაღუპავენ საქართველოსო. რა ბრძენი ყოფილა ის მოხუცი".”

ვიქტორ დომუხოვსკი,

ვარშავა, 2001 წ.

28 დეკემბერს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს გენერალურ პროკურორ ვაჟა აბაკელიას დაავალა, რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაეცა, რომ თანახმა იყო სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი (რომელზეც ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში თქვა უარი), თუმცა მოსკოვიდან შემოთვალეს - დაგვიანებულიაო.

29 დეკემბერს ბესო ქუთათელაძე ოპოზიციის მხარეზე გადავიდა. ტელეანძის დამცველი ფიქრობდა, რომ ამდენი სისხლის ღვრა და წინააღმდეგობა უკვე უაზრობა იყო.

მეცნიერებათა აკადემიის შენობაში კი სიგუას, კიტოვანის და  ჯაბა იოსელიანის  შეთანხმებით სამხედრო საბჭო დაფუძნდა. სამხედრო საბჭომ თენგიზ სიგუას დროებითი მთავრობის შექმნა დაავალა.

რუსთაველის გამზირზე ომი კვლავ გრძელდებოდა, ქალაქის კინოთეატრები კი საახალწლო კინოჩვენებებისთვის ემზადებოდნენ.  31 დეკემბერს  რუსთაველის გამზირზე მთელი დღე,  მოკლელულიანი ქვემეხები გუგუნებდნენ. გვიან ღამით სროლა თითქოს მიწყნარდა კიდეც.

"15 წუთის შემდეგ ახალი წელიც დადგება, სამზარეულოში მარტო ვზივარ. ვახშამზე თამარასა და ნიტასთან (ტიციან ტაბიძის ქალიშვილი. - ავტ.) ცოტა ღვინოც დავლიე, ერთი ქილა შპროტიც გვქონდა  მაყვალას (მაყვალა გონაშვილი. - ავტ.) ნაჩუქარი.

დღეს პლეხანოვის გამზირზე ვიყავი საქმეებზე და სანაპიროზე ფეხით მოვდიოდი. თან ხეებს ვეფარებოდი, ღია სივრცეში ბრმა ტყვიის მსხვერპლი რომ არ გავმხდარიყავი. ცენტრში მთელი დღე ისროდნენ. მეტეხის ხიდის გავლით გადავედი მეიდანზე. Oომის დღეებში თბილისელები ამ ხიდს "სიცოცხლის  გზასაც" უწოდებენ...

ახალი 1992 წელი საქართველოში სროლის თაAნხლებით მოვიდა. ზუსტად 12 საათზე არნახული სროლა ატყდა, ისროდნენ ყველანაირი იარაღით. იმედი მაქვს, ამჯერად ერთმანეთს არ დახოცავენ. ფანჯარასთაAნ ვერ მივდივარ. მეშინია, ტყვია სახლში არ შემოვარდეს. დღეს სანაპიროზე შეიარაღებულმა ჯგუფმა მანქანა დაცხრილა მხოლოდ იმიტომ, რომ მძღოლმა არ გააჩერა (ხალხის უმრავლესობა მანქანებს არ აჩერებს, რადგან მათ შეიარაღებულები ძარცვავენ). მანქანაში მამაკაცი იჯდა 6 წლის ბავშვთან ერთად. პატარას თავი ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი. რადიოში კითხულობენ პატრიარქის მიმართვას, რომელიც, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ორივე მხარისთვის ლოცულობს. "მაიაკი" კი გადმოსცემს, რომ ზვიად გამსახურდიას ბანაკში განხეთქილებაა და ურჩები სარდაფში ჰყავთ ჩაკეტილი".

ნატალია სოკოლოვსკაია

"1992 წლის პირველ იანვარს საომარი მოქმედებები რუსთაველის გამზირზე კვლავ განახლდა, პარალელურად - ვაგზლის მოედანზე მოსახლეობა შეიკრიბა გამსახურდიას ხელისუფლების მხარდასაჭერად, შეიარაღებულმა ჯგუფებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარმა საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია.

3 იანვარს, დიდუბის მეტროსთან, რამდენიმე ათასკაციანი მიტინგი მოეწყო. მშვიდობიან მომიტინგეებს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი, დაიღუპა 5 ახალგაზრდა და დაიჭრა 25 კაცი.

სამხედრო საბჭომ გამსახურდიას ხელშეუხებლობისა და თბილისის უვნებლად დატოვების პირობა მისცა. 1992 წლის 6 იანვარს, ღამით, ზვიად გამსახურდიამ მთAავრობის სასახლე დატოვა.

როდესაც ყოფილი პრეზიდენტის კოლონა მეტეხის ხიდზე გადადიოდა,  გამსახურდიას მანქანა გაატარეს, ხოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.

მთავრობის სასახლიდან რომ გამოვედით, ჯერ გათენებულიც არ იყო. ისევ ბნელოდა. ავტობუსში ჩავსხედით, რომელიც ხალხით ისე იყო გაჭედილი, განძრევაც არ შეიძლებოდა. ჩემ გვერდით დეპუტატი ირინა ტალიაშვილი იჯდა.

სოლოლაკიდან მეტეხის ხიდზე რომ ჩავედით, იქ ჩასაფრებული "პუტჩისტები" დაგვხვდნენ და რამდენიმე მხრიდან ერთდროულად ცეცხლი გაგვიხსნეს.

ავტობუსი ინერციით ნათურის ქვეშ გაჩერდა, წამოიდგინეთ - წითელი იკარუსი ნათურის ქვეშ დგას და ყველა მხრიდან ავტომატს და ტყვიამფრქვევს ესვრიან.

ხალხი იხოცებოდა, იყვნენ დაჭრილებიც, კვნესა ისმოდა გარშემო. ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი..."

ნემო ბურჭულაძე

ირინა ტალიაშვილი: - “"დაცხრილულ ავტობუსში თითზე ჩამოსათვლელნი გადავრჩით. როგორც იყო, იქიდან ჩამოვედით და იქვე ახლოს, სარდაფს შევაფარეთ თავი. ალბათ 6-7-ის ნახევარი იქნებოდა, რომ შეიარაღებული ახალგაზრდები შემოიჭრნენ. მე, ნემო ბურჭულაძე, ტარიელ გელანტია და ბორის კალანდია დაგვაპატიმრეს და წაგვიყვანეს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში, სადაც "პუტჩის" მოთავენი იყვნენ".

იმავე დღეს სამხედრო საბჭომ განაცხადა, რომ უკვე დევნილი ხელისუფლების წევრების ჩაცხრილვა ავტობუსში მის ინტერესებში არ შედიოდა, მეტიც: ჯაბა იოსელიანმა მოგვიანებით აღიარა, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისთვის ცეცხლის გახსნა დიდი შეცდომა იყო.

"ეს იყო შეცდომა, რადგან როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები, უსაფრთხოდ დატოვებ ქვეყანასო, უნდა შეასრულო! იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები იყვნენ, პრეზიდენტს თავი რომ დავანებოთ".”

ჯაბა იოსელიანი

დევნილი პრეზიდენტი თავშესაფრის იმედით აზერბაიჯანში გადავიდა. თუმცა პრეზიდენტმა მუთალიბოვმა, "მეზობლების" განაწყენების შიშით, მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა, სომხეთში გადასულიყო.

1992 წლის 7 იანვარს შეიარაღებული ოპოზიცია უზენაესი საბჭოს შენობაში შევიდა და "ტირანზე" გამარჯვება იზეიმა. სწორედ ამ დღეს დამთავრდა თბილისის ომიც, რომელმაც დასაბამი დაუდო უფრო სისხლიან შეტაკებას - სამოქალაქო ომს.

იმავე დღეს,  7 იანვარს,  მთავრობის სასახლიდან გასული გამსახურდიას 30-მდე გვარდიელი ზუგდიდში, შინ ბრუნდებოდა. ნატახტართან მათ ავტობუსს  კიტოვანის ბიჭებმა ცეცხლი გაუხსნეს. ავტობუსში მყოფთაგან მხოლოდ რამდენიმე დარჩა ცოცხალი.

მეორე დღეს,  თბილისში, საბურთალოზე შეკრებილ რამდენიმე ათას მშვიდობიან მომიტინგეს სამხედრო საბჭოს ბრძანებით ცეცხლი გაუხსნეს. გამოიყენეს მხუთავი გაზიც,  დაიღუპა 3 და დაიჭრა რამდენიმე კაცი.

ზვიად გამსახურდიას მომხრეთა დარბევა-დახვრეტა მთელი თვე გრძელდებოდა.

პოლიტიკური პარტიის ლიდერები სამხედრო საბჭოს სომხეთში მყოფი ზვიად გამსახურდიას დაპატიმრებას სთხოვდნენ, გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა დევნილი პრეზიდენტის წინააღმდეგ - მას ოსი ხალხის გენოციდში სდებდნენ ბრალს(?!). თენგიზ სიგუა თითქმის ყოYOველდღე უკავშირდებოდა სომხეთის პრეზიდენტს,  ტერ-პეტროსიანს, თუმცა ამაოდ...

ზვიად გამსახურდია სოხუმიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავით გროზნოში გაფრინდა...

თბილისში კვლავ ხვრეტდნენ მიტინგებზე თავშეყრილთ, ზუგდიდში კი გამსახურდიას მხარდამჭერები მოსახლეობას სამოქალაქო ომისკენ მოუწოდებდნენ.

საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. შემდეგ დატრიალებულმა მოვლენებმა ბევრს გაახსენა გამსახურდიას სიტყვები:

"ჩემი პოსტიდან წასვლის შემდეგ მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მართლაც მოხდა: ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად,  სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები, მათ შორის იქნება მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისა და ზეგავლენისთვის. იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა, მოიშლება ყველაფერი - ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები. საქართველოსაც მოედება ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია, საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ".

ზვიად გამსახურდია,

უზენაესი საბჭოს

საგანგებო სესია.

1991 წლის 8 ოქტომბერი

თბილისის ომს, რომელიც 15 დღე გრძელდებოდა და 300-მდე კაცის სიცოცხლე შეეწირა, დასავლურმა მედიამ "სისხლიანი კლოუნადა" უწოდა, ხოლო რუსული მედია წერდა: "მსოფლიო ისტორიამ მიიღო  უიშვიათესი ფენომენი - სამოქალაქო ომი ერთი იდეალისთვის".

"კომსომოლსკაია პრავდა",

1992 წლის 8 იანვარი