" უდანაშაულო" მკვლელი - კვირის პალიტრა

" უდანაშაულო" მკვლელი

ბატონი ბიძინა კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გვიყვება თავისი საგამომძიებლო პრაქტიკიდან:

- შეტყობინება ქუჩის ტაქსოფონიდან შემოვიდა. უცნობი მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, გვატყობინებდა, რომ მინიშნებულ ადგილზე გონწასულ ახალგაზრდა ქალს ვიპოვიდით. დანარჩენს ის თვითონ გვეტყოდა...

მაშინვე გავედით შემთხვევის ადგილზე. ქალი მართლაც უგონოდ იყო. ჩემთან ერთად ამ საქმეზე ისევ ირაკლი ბაზაძე მუშაობდა. ის შეხვდა დაზარალებულს ექსპერტთან ერთად:

- ნარკოტიკი აქვს გაკეთებული. თან, იმდენად დიდი დოზა, რომ სასწრაფოდაა რეანიმაციაში გადასაყვანი, შეიძლება ვერც გამოვიდეს მდგომარეობიდან!..

ქალი დაახლოებით 22-23 წლისა იქნებოდა. ფეხზე არ ეცვა და კაბაც შემოხეული ჰქონდა:

- ალბათ გააუპატიურეს, ნარკოტიკიც ძალით გაუკეთეს, მაგრამ ასეთი მხეცობის შემდეგ როგორ გაბედა დამნაშავემ ჩვენთან დარეკვა, ნუთუ მხილებისა არ შეეშინდა. თუ გოგო აზრზე მოვიდა, ბუნებრივია, მას ხელს დაადებს და ყველა შემთხვევაში სასჯელი ემუქრება... - განაცხადა ირაკლიმ.

- იქნებ, დამნაშავეს სულაც არ დაურეკავს?! - იკითხა რომელიღაც პოლიციელმა ჩვენს ზურგს უკან.

- აბა, ვის უნდა დაერეკა, ასეთი დანაშაულისას მოწმეებს არავინ ისწრებს! - მივხვდი, საკმაოდ ჩახლართული საქმის გამოძიება გველოდა...

ექიმების მცდელობამ შედეგი გამოიღო და ნატო ვირსალაძე (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) გონს მოეგო. მისი დაკითხვა სამი დღის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი და როცა თავს გადახდენილი გაიხსენა, ისტერიკა დაემართა, მერე კი ასეთი რამ გვიამბო:

- ამ მდგომარეობაში შეყვარებულმა ჩამაგდო. ის შემთხვევით გავიცანი. გაჩერებაზე მდგომს გამიჩერა მანქანა. იმდენად ელეგანტური და მომხიბვლელი ბიჭი იყო, რატომღაც მივენდე. იმ დღეს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, სახლამდე მიმიყვანა. ორი დღის შემდეგ კი ისევ გამიჩერა მანქანა და გამიღიმა:

- როგორც ჩანს, ღმერთს არ უნდა ერთმანეთი დაგვაკარგვინოს. თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთიო! - მეც იმდენად მომეწონა, უარი არ მითქვამს და ისევ ჩავუჯექი მანქანაში. თემურ იაშვილად გამეცნო. 27 წლის ვარ და რადგან ტრავმის გამო ფეხბურთელი არ გამოვიდა ჩემგან, ახლა ბავშვების გუნდის მწვრთნელი ვარო. ყავაზე დამპატიჟა. მოვიხიბლე მისით. ტელეფონის ნომერიც ვუთხარი. დაახლოებით სამი თვე ვიცნობდით ერთმანეთს. სიყვარულშიც გამომიტყდა, - უშენოდ სიცოცხლეს ვერ შევძლებ და ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დავაგვირგვინოთო. მინდოდა ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც გამეცნო, მაგრამ უარობდა, - არ მიყვარს ოფიციალური გაცნობები და მისვლა-მოსვლა. როცა დაქორწინებას გადავწყვეტთ, გავიპაროთ და ფაქტის წინაშე დავაყენოთ ახლობლებიო...

რატომღაც, მეც ასე მერჩივნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. თემურს ვენდობოდი და ეჭვი არ გამჩენია, რომ მასში მხეცი იმალებოდა...

იმ დღეს მითხრა, რომ ქალაქგარეთ უნდოდა ჩემი გაყვანა, - ჩემს პატარა საყვარელ სამლოცველოში შენთან ერთად სანთლები უნდა დავანთო და უფალს ჩვენი სიყვარული შევავედროო. მეც სიხარულით გავყევი. ეკლესიაში მართლა ვიყავით. სანთელი რომ აანთო, შევამჩნიე, ძალიან აღელდა და ცრემლიც კი გადმოუგორდა თვალთაგან. გამიკვირდა და ვკითხე, რას განიცდიდა ასე ძალიან.

პირდაპირ არ მიპასუხა. ხატებს ახედა და ფიქრში წასულმა წაიბუტბუტა, - იმედია, ღმერთი მაპატიებსო!..

ავფორიაქდი. შიშმა შემიპყრო. ვგრძნობდი, ამ ერთი შეხედვით უწყინარი და მოსიყვარულე ბიჭის უკან ბოროტება იმალებოდა. უკან რომ წამოვედით, კუშტად გაჰყურებდა გზას საჭეს ჩაფრენილი. თითქოს აღარც ვახსოვდი. აღარც მე ვიყავი ლაპარაკის ხასიათზე. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდით ქალაქში... მან კი ტყეში გადაუხვია. შორიახლო მანქანა მოგვყვებოდა და იმას გააყოლა თვალი. თითქოს დარწმუნება უნდოდა, რომ იქიდან არავინ გვითვალთვალებდა...

კიდევ უფრო დავფრთხი. ვთხოვე, გზა გაეგრძელებინა. რაღაც არანორმალური შევნიშნე მის მზერაში, - შუშის თვალებით შემომცქეროდა. სისხლი გამეყინა ძარღვებში, თავი ვერ შევიკავე და ტირილი წამსკდა. წამიერად მოლბა, თითქოს გაღიმებაც სცადა. მერე ისევ აენთო და ყვირილი დაიწყო:

- ერთმა გოგომ უკვე სცადა ჩემი მოტყუება. ცოლად მინდოდა და ქალწული არ აღმოჩნდა... თუ გინდა, ჩემი ცოლი გახდე, ახლა დამიმტკიცებ, რომ შენც მასავით ძუკნა არა ხარო! - და მომეხვია. წინააღმდეგობა გავუწიე. ვემუდარებოდი, - ოღონდ სახლში მიმიყვანე და ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი არ ყოფილა-მეთქი...

- სიტყვით ყველა ეგრე ამბობსო!..

არ ვაპირებდი დამორჩილებას. მუშტი ჩამარტყა სახეში და გონი დავკარგე. აზრზე ტკივილმა მომიყვანა - ვენაში გამიკეთა ნემსი... მალე ისევ დამებინდა გონება. წინააღმდეგობის გაწევა აღარ შემეძლო და ამ დროს დავინახე, რომ ვიღაცამ ორივე ხელით აიღო უზარმაზარი ქვა და თავში ჩაარტყა მოძალადეს. ის გვერდზე გადავარდა...

ბერის კაბაში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა ჩაიმუხლა ჩემ წინ და თავი წამომიწია. შავი წვერი და უკან შეკრული თმა ჰქონდა:

- შეგიძლია ფეხზე წამოდგე?! - მითხრა ჩუმი ხმით.

- ორივეს მოგვკლავს! - შემეშინდა და ამ შიშმა უფრო მომცა ძალა, რომ ბერის დახმარებით ფეხზე წამოვმდგარიყავი. მხარში შემიდგა, თან დამამშვიდა - ნუ გეშინია, ის უკვე მკვდარია და ვეღარასოდეს გაბედავს ვინმეზე ხელის აღმართვასო...

მოვიხედე და თემურის ქვით გაჩეჩქვილი თავი შემრჩა ხელთ. გული წამივიდა. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს...

- როგორც ჩანს, იმ ბერმა მაინც შეძლო უგონოდ მყოფი გოგონას მანქანამდე, მერე კი იმ ადგილამდე მიყვანა, სადაც ვიპოვეთ... - აღნიშნა ირაკლიმ.

- თქვენ უკან რომ მანქანა მოდიოდა და გაატარეთ, გახსოვს, რა მარკის იყო ან რა ფერის?

- მომწვანო ფერისა იყო, ოღონდ მარკა აღარ მახსოვს, "ჟიგული" იყო თუ "მოსკვიჩი", - გვითხრა ნატო ვირსალაძემ და უცებ თემურ იაშვილის ბედით დაინტერესდა, - მართლა მკვდარია?!

- ეს რომ გავიგოთ, ზუსტად უნდა გვითხრა სად არის ის სამლოცველო, სადაც სანთლები აანთეთ.

...ჯგუფი გავგზავნეთ მითითებულ ადგილზე და სამი საათის შემდეგ მართლა იპოვეს და ჩამოასვენეს ქვით თავგაჩეჩქვილი იაშვილის გვამი. ჩვენმა ექსპერტებმა ფოტოები გადაუღეს, ყველგან დააგზავნეს, მათ შორის ტელევიზიაშიც. ვთხოვდით, ვინც იცნობდა, გამოგვხმაურებოდა (სამთვიანი ურთიერთობის მიუხედავად, ნატო თემურის ნათესავებსა და მეგობრებს არ იცნობდა)...

გამოგვეხმაურნენ კიდევაც იმავე საღამოს. თუმცა, მანამდე მანქანის მონაცემებით, რომელიც ასევე შემთხვევის ადგილზე ვიპოვეთ, დავადგინეთ, რომ მოკლული თემურ იაშვილი კი არა ნოდარ შაქარაშვილი იყო. აშკარა იყო, გოგონას მოკვლა თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული და ამიტომაც დაუმალა თავისი ნამდვილი ვინაობა.

27 წლის შაქარაშვილი მარტო ცხოვრობდა ბინაში, რომელიც ორი წლის წინ გარდაცვლილმა ბებიამ დაუტოვა მემკვიდრეობით. მშობლებთან და უფროს ძმასთან ძალიან იშვიათად მიდიოდა.

მამამ აღიარა, რომ მას ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 14 წლის ასაკში ავარიაში მოყვა ოჯახთან ერთად. დიდხანს მკურნალობდნენ, მოგვიანებით, თითქოს დასძლია ავადმყოფობა. ინსტიტუტიც დაამთავრა, სამუშაოც იშოვა. ორი წლის წინ ცოლის შერთვა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად მისი შეყვარებული უკვალოდ გაქრა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გოგონა მტკვარმა გამორიყა მკვდარი.

გაჩნდა ეჭვი, რომ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა თვითმკვლელობის რეალური საფუძველი არ არსებობდა.

ნოდარმა თითქოს ძალიან განიცადა და ინერვიულა საყვარელი გოგონას გარდაცვალება. ეცოდებოდათ კიდევაც და თანაუგრძნობდნენ. მხოლოდ გარდაცვლილის უფროსმა ძმამ არ დაიჯერა დის თვითმკვლელობა და სასამართლოში უჩივლა ნოდარ შაქარაშვილს, მაგრამ დანაშაულის დამამტკიცებელი ფაქტების არარსებობის გამო, საქმე დაიხურა:

- ამის შემდეგ კიდევ უფრო დაუმძიმდა ნოდარს ხასიათი. ჩვენც კი აღარ გვენდობოდა და თუ მოვიკითხავდით, გაღიზიანებით, აგრესიით გვპასუხობდა. მე მადანაშაულებდა, - შენ დამინგრიე ცხოვრებაო! კი, მე ვიჯექი საჭესთან, მაგრამ ავარია ძალით ხომ არ მომიხდენია, მაგრამ მაინც არ ვეპასუხებოდი.

- ვინ იყო ის გოგო, ვინც მტკვარში დაიხრჩო თავი, - დაინტერესდა ირაკლი, - ან ჭირისუფალი ვინ დარჩა?

- მანანა ერქვა... დედამისი მის დარდს გადაჰყვა. მისი უფროსი ძმა კი რამდენადაც ვიცი, ბერად შედგა და ქალაქში იშვიათად ჩნდება...

ერთმანეთს გადავხედეთ, მივხვდით, ჩახლართული ძაფის გორგალის წვერი ჩავიგდეთ ხელში...

ნოდარ შაქარაშვილის მამას მანანას ძმის მისამართი გამოვართვით. ბერი შინ არ დაგვხვდა. მეზობლებმა გვითხრეს, რომელ მონასტერში შევძლებდით მის ნახვას.

ჩვენდა გასაოცრად, მონასტრისკენ მიმავალი გზა სწორედ იმ ტყეზე გადიოდა, სადაც ნოდარ შაქარაშვილს თავი გაუჩეჩქვეს და ამით ნატო ვირსალაძე იხსნეს აშკარა სიკვდილისგან...

უკვე საეჭვო არ იყო, რომ "უცნობი ბერი" შაქარაშვილის მტკვარში დაღუპული საცოლის უფროსი ძმა იყო. მონასტრის ეზოში შესულებმა შორეულ კუთხეში ჩრდილში დაყენებული გახუნებული მწვანე ფერის "მოსკვიჩი" დავინახეთ...

- რა უნდა ვქნათ, ბრალი წავუყენოთ და დავაპატიმროთ? - ისე მკითხა ირაკლიმ, მივხვდი, არ უნდოდა ამის გაკეთება...

მეც იმავეს ვგრძნობდი...

ბერმა რომ დაგვინახა, არც უფიქრია წინააღმდეგობის გაწევა და აი, რა გვიამბო: - ჩემს დას არ დაუმალავს, რომ შეყვარებული ჰყავდა. მამა ადრე დაგვეღუპა. მანანა ჩემი გაზრდილია და არაფერს მიმალავდა, ძალიან ვუყვარდი. იმ საბედისწერო დღეს მითხრა, შაქარაშვილმა იმ სამლოცველოში შესთავაზა ამოსვლა, რომელიც ჩვენი მონასტრის მახლობლადაა და იქ ჩვენც ხშირად ჩავდივართ წირვა-ლოცვაზე... სწორედ ამის შემდეგ გაუჩინარდა ჩემი საბრალო და. შაქარაშვილს რომ მივაკითხე, მითხრა, რომ არ უნახავს, თითქოს გოგონამ მოატყუა და პაემანზე არ მივიდა. დარწმუნებული ვარ, - მოკლა და მკვდარი გადააგდო წყალში. საცოდავი გოგო გაუპატიურებული იყო...

მონასტერში იმიტომ წამოვედი, რომ იმ გარეწრის მოკვლის სურვილს გავმკლავებოდი, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად განსაჯა. იმ დღეს შემთხვევით ჩავედი სამლოცველოში, სანთლები ჩავიტანე. ნოდარ შაქარაშვილი რომ დავინახე ახალგაზრდა გოგოსთან ერთად, ჩემი და დავინახე თითქოს მასში. ვერ მოვისვენე. მონასტერში დაბრუნებულმა მანქანა გამოვიყვანე და... დავედევნე. როცა გადაუხვია, გადავასწარი და ფეხით მოვბრუნდი, რომ არ დამეფრთხო. არადა, ლამის დავაგვიანე... ნეტა ცოცხალი თუა ის უბედური გოგო?! - დაინტერესდა ნატო ვირსალაძის ბედით.

- კი, ცოცხალია! - დავუდასტურეთ ჩვენ.

- ჰოდა, დანარჩენს ის გეტყოდათ... მე კი, რაც გინდათ, ის მიყავით... ჩემი დის შემდეგ ყველაფერი სულერთია... იმ ნაძირალას მოკვლას კი არ ვნანობ, რომ ეცოცხლა, სხვასაც გააუბედურებდა...

- ჩვენ საქმეს დავხურავთ! - ვთქვი იმაში დარწმუნებულმა, რომ სწორად ვიქცეოდი.

ასეც მოვიქეცი და არ ვნანობ.

- ის ბერი?!

- არ მკითხოთ სად არის და როგორ... მხოლოდ იმას ვაღიარებ, რომ მასთან კავშირი არ გამიწყვეტია და შეიძლება ითქვას, ვმეგობრობთ... მომკალით და ვერ აღვიქვამ დამნაშავედ...