მტვრიანი გზა ავღანეთისკენ - კვირის პალიტრა

მტვრიანი გზა ავღანეთისკენ

აზიაში მოგზაურობისას დრო თითქოს ჩერდება. თითქოს წარსული და აწმყო ერთიანია, თითქოს მუდმივად აწმყოში ხარ, - იხსენებს მხატვარი მთვარისა ჯოისი, - ირანიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტეთ, აზიაში გვემოგზაურა არა როგორც ტურისტებს, არამედ როგორც ქრისტიან დავრიშებს, ყოველგვარი კომფორტის გარეშე. ოთხი თვის განმავლობაში მოვიარეთ შუა აზია, ავღანეთი, პაკისტანი, ნეპალი, ინდოეთი...

ჩვენი დავრიშობა კი ასე დაიწყო:

2008 წლის 2 აგვისტოს ბაქოში ჩავედით და პაკისტანში წასასვლელი ვიზები ავიღეთ.

ლულები

2008 წლის 7 აგვისტოს ყაზახეთის პატარა ქალაქ აქთაუში ჩავფრინდით. ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. რკინიგზის სადგურზე მატარებლის ბილეთები ვიყიდეთ და გზას გავუდექით - უზბეკეთში ბუხარა-სამარყანდის მონახულება გვინდოდა. მატარებლიდან  რამდენიმე დღე მხოლოდ ტრამალებს ვხედავდით, მზის ჩასვლისას ცეცხლმოკიდებულს რომ ჰგავდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ დედამიწა მხოლოდ  ტრამალები და ცა იყო, რომელიც ძალიან დაბლა იყო. გარეთ სულიერი არ ჭაჭანებდა, მატარებელში კი ასობით ყვავილებიანი კაბა ირეოდა... ყაზახი ქალები მაღლები არიან, თეძოგანიერნი, უმრავლესობას ნათელფერებიანი, დიდყვავილებიანი კაბა აცვია, თავზეც ყვავილებიანი თავშლები აქვთ მოხვეული, მამაკაცები დაბლები და გამხდრები არიან. ოჯახში ქალია წინამძღოლი. მატარებელში ამოდიოდნენ ოჯახებით, თითქოს მთელი თაობები მოგზაურობდნენ - ბებიები, ბაბუები, შვილები, შვილიშვილები, ჩვენი მატარებელი ერთ მოფუთფუთე ოჯახს ჰგავდა. ყოველ დილით ამოალაგებდნენ საჭმელს და მთელი დღე პირს აქნევდნენ.

თან ჰქონდათ ქათმები, დამარილებული ხორცი, რომელსაც გაზქურებზე მატარებელშივე ამზადებდნენ, სადილს ტკბილეულობას და ხილს აყოლებდნენ. ყაზახები კეთილი ხალხია, რამდენჯერმე დაგვპატიჟეს კიდეც,  როცა იგებდნენ, ქართველები ვიყავით, ომზე გვეკითხებოდნენ, თან გვამხნევებდნენ. რადგან შინ მშვიდობა დავტოვეთ, გვეგონა, აფხაზეთის ომზე გველაპარაკებოდნენ და ჩვენც თავს ვუქნევდით, მადლობას ვუხდიდით თანადგომისთვის. მატარებელში 5 დღე დავყავით. მხოლოდ მეხუთე დღეს გავიგეთ, რომ საქართველოში ომი იყო. მატარებელი ძირითადად ღამღამობით ჩერდებოდა, ეს ჩვენთვის დიდი სიხარული იყო, რადგან მიწაზე ფეხის დადგმის საშუალება გვეძლეოდა. ყოველ გაჩერებაზე ათობით ქალი და ბავშვი მოაწყდებოდა ხოლმე კარებს "სამსას" ძახილით (სამსა ჩვენებურ ხინკალს ჰგავს და ძალიან ნოყიერია). მოვაჭრეები ისეთი თბილი ღიმილით გვთავაზობდნენ, თითქოს მათი საზრუნავი მხოლოდ ჩვენი დანაყრება იყო. გულაჩუყებულები ყოველ გაჩერებაზე ვყიდულობდით სამსას. საოცარი თვისება აქვთ ყაზახებს - ასაკით უფროსი ისე გივლის, როგორც შვილს, თითქოს ვალდებულია შენზე იზრუნოს. მეექვსე დღეს უზბეკეთში მიმავალ მატარებელში გადასაჯდომად ერთ გაჩერებაზე ჩამოვედით. მატარებლის ჩამოდგომამდე 2 საათი რჩებოდა. სადგურის თვალიერებით ვიქცევდით თავს. მოულოდნელად ერთ-ერთ მატარებელთან ხალხი შევნიშნეთ. ზურგით უზარმაზარი ფუთები მოჰქონდათ. ბოშებივით ეცვათ - ერთმანეთზე გადაცმული ბევრი ფერადი ტანსაცმელი. ჩვენ შორიახლოს დაბანაკდნენ და ყურება დაგვიწყეს.

სადგურზე ისედაც ყველას ყურადღებას ვიქცევდით, რადგან ტურისტებს არ ვგავდით, შესაბამისად არ გვეცვა და თან ბარგიც არ გვქონდა. გრძელი, შავი კაბა მეცვა - მონასტერში შევაკერვინე, თAავზე ჩალმა მქონდა მოხვეული. ნაჭრის აბგაში სახარება, ფული და ფოტოაპარატის ფირები გვქონდა. ერთადერთი აქსესუარი - ფოტოაპარატები იყო. ჩემს მეუღლეს ეცვა ინდური ტილოს შარვალი, წითელი მაისური და ისანში ნაყიდი შვიდლარიანი კედები. თავი გადახოტრილი ჰქონდა. ადგილობრივები ყურადღებით გვათვალიერებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავით, სადაურები...

ცოტა ხანში ეს ფუთებიანი ხალხი ნელ-ნელა ჩვენკენ წამოიწია. ჯერ ჩასკვნილი, ულვაშა კაცი მოვიდა, ოქროს კბილებს აელვარებდა (იმ ჯგუფში ყველა მამაკაცს მხოლოდ ოქროს კბილები ჰქონდა). ჩემს მეგობარს ჰკითხა, - ძმაო, საიდან ხარ, ეს რა ფოტოაპარატიაო? შემდეგ მათი ფაშფაშა ქალებიც მოგვიახლოვდნენ, ფუშფუშა კაბებით. თვალებში რომ მიყურებდნენ, ვგრძნობდი, ჩემ მიღმა რაღაცას კითხულობდნენ. ზოგი თმაზე მკიდებდა ხელს, ზოგი კაბას მისინჯავდა, თავშალიც მომხსნეს. ცუდად გავხდი და ცოტა ხნით იქაურობას გავეცალე.

როგორც შევიტყვე, უზბეკეთში მიდიოდნენ. თავიანთ თავს "ლულებს" ეძახდნენ - ინდოეთიდან დევნილი ბოშები ვართო. ერთი დიდი კომუნა იყო. ხშირად იმეორებდნენ, რომ ძალიან მოვეწონეთ. მალე მატარებელიც ჩამოდგა. უზბეკურ მატარებელში წესრიგი და სისუფთავე იყო, მაგრამ ვიგრძენი, საზოგადოება ლულებს ცუდი თვალით უყურებდა და ლანძღავდა. მატარებელში ჩვენი ბოშები მუდმივად ნასვას (თამბაქოს მსგავსია, ეიფორიას იწვევს) იყრიდნენ ენის ქვეშ და მერე მთელი დღე იფურთხებოდნენ. ბოშათა წინამძღოლმა რომ გაიგო, უმისამართოდ ვმოგზაურობდით, თავისთან დაგვპატიჟა.

ლულები ბუხარის ახლოს, პატარა დასახლებაში ცხოვრობენ (ასეთ დასახლებებში სხვა ეროვნების ხალხი არ ცხოვრობს) ალიზით ნაშენ ქოხებში. ქუჩები უფრო ორღობეებს ჰგავს. რადგან ტაქსის მძღოლებმა ლულების წაყვანაზე უარი თქვეს, ფუთების თრევამ ყველას მოგვიწია. როგორც იქნა, მათ დასახლებასაც მივაღწიეთ. ბარგი სახლებში შეიტანეს. გამიკვირდა, რომ მათი გახსნა არავის უფიქრია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ ეს ფუთები არ სჭირდებოდათ. სახლში არ შევსულვართ, ეზოში გაშლილ დიდ ხალიჩაზე ვისხედით. თითო სახლიდან 10-15 ქალი გამოვიდა. რა ხნისანი იყვნენ, ვერ შეატყობდი. ზოგი მეძუძური დედა  ბავშვს იქვე აჭმევდა. ვიცოდით,^ რომ მუსლიმანები იყვნენ. ვგრძნობდით, რომ რაღაც ძალიან უჩვეულო გარემოში მოვხვდით. მოგზაურობიდან დაბრუნებულნი შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ - როგორ გადადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში (ბავშვები მათხოვრობდნენ, ქალები მარჩიელობდნენ, კაცები კი ქურდობდნენ), როგორ ამოჰკრა პოლიციის უფროსმა ერთ-ერთს პანღური და ა.შ. დანარჩენები კი სულგანაბული უსმენდნენ.

დასახლებაში ყველა ოჯახს თავისი უფროსი ჰყავს, რომელიც ოჯახში ყველაფერს წყვეტს. საღამოობით გარეთ დააფენდნენ ხალიჩას და წრიულად სხდებოდნენ. საჭმელს, ძირითადად ფლავს, იქვე ჭამდნენ, შემდეგ ნასვას ეწეოდნენ და ჰყვებოდნენ, რა გამოცდილება მიიღეს მოგზაურობიდან. ლულებთან ერთი კვირა დავრჩით. ჩვენც დავყვებოდით ქალებს ქალაქის ქუჩებში, სადაც მათ ხშირად სცემდნენ კიდეც. ადგილობრივებმა "ქრისტიანი ლულები" შეგვარქვეს. დასახლებაში ყველა ცდილობდა, შინ დავეპატიჟეთ, უნდოდათ, მათ ოთახში დაგვეძინა (რაც დიდ პატივისცემად ითვლება). ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ალიზის ოთახში ბუზი, კოღო და ათასი მწერი ირეოდა. იქ ვნახე პირველად ფაშახონა - მარლის კარავი, რომელსაც მწერებისგან დასაცავად იყენებდნენ. ვიფიქრე, რახან შემდეგ პაკისტანში მივდივართ, ფაშახონა დიდ სამსახურს გაგვიწევს-მეთქი. ვიყიდე მარლა და ქალებს ვთხოვე შეკერვაში დამხმარებოდნენ. ხელსაქმისას ერთი ქალი ჰყვებოდა, 5 შვილი სწორედ ფაშახონაში გავზარდე, მეტი არაფერი გაგვაჩნდაო. დანარჩენებიც კვერს უკრავდნენ. გაოცებული დავრჩი... ლულებთან ერთი ბავშვი მომეწონა. ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, ქალაქში სახატავი ქაღალდი და ფანქრები ვუყიდე და მივუტანე. მითხრეს, რად უნდა, ეს რომ გაიზრდება, კაცი უნდა დადგესო. ხშირად მინახავს, როგორ უმოწყალოდ  სცემდნენ იმ ბავშვს.

დილით, მზის ამოსვლისთანავე მასპინძელი გვაღვიძებდა. ლულები ამბობენ - ჩვენ ვიბადებით მზის ამოსვლასთან ერთად და მზე რომ ჩადის, გარდავიცვლებითო. ამიტომ უფლება არ გვქონდა, ძილი გაგვეგრძელებინა, თანაც მზის ჩასვლისას უნდა დაგვეძინა.

ლულებში ყველა ქალი გრძელ თმას ატარებს და უსავარცხლოდ ივარცხნის (მეც ვისწავლე და მერეც ბევრჯერ გამომადგა) - გაიშლიან ნაწნავს და ხელისგულზე ფერთხავენ. დასახლებაში ლამაზ ქალსაც შეხვდებით, მაგრამ იქ არავინ იცის, რა არის სილამაზე და არც ამ სიტყვის მნიშვნელობა. ცოლი ძალიან პატარა ასაკში მოჰყავთ. 14 წლის ბიჭი ვნახე - უკვე მეორე ცოლი ჰყავდა. მხოლოდ და-ძმის დაქორწინებაა აკრძალული. ლულების დასახლებაში ქორწილშიც მოვხვდით. ქალი სახლში ძროხასავით მოიყვანეს, მაყარს კი, რომელიც მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა, ნესვითა და მანდარინით გაუმასპინძლდნენ. სიძე არ გამოჩენილა, პატარძალს ნანახიც კი არ ჰყავდა. შემდეგ გოგო შეუშვეს ოთახში, სადაც ნეფე იმყოფებოდა და სტუმრებიც წავიდნენ. წასვლის წინ ბიჭის მშობლებმა გოგოს მაყრებს ფული გადაუხადეს.

მიცვალებულს მუსლიმანური წესით კრძალავენ. ქელეხში ქალები და კაცები ერთმანეთის პირისპირ სხედან. მიწაზე გაშლილ დიდ ცელოფანზე მოხარშული საქონლის ხორცი აწყვია. ქალები სულებს ჰგვანან, კბილები არც ერთს არ აქვს. ქალი ლულები ახალგაზრდა ასაკში კვდებიან, 45 წლისა უკვე მიხრწნილ ბებრებს ჰგვანან. სუფრაზე ქალები და კაცები ერთმანეთს შესცქერიან და გლოვის ნიშნად თავს აქეთ-იქით აქნევენ.

ერთკვირიანი სტუმრობის დასასრულს ბოშებმა ზურგით მოთრეული ფუთები გახსნეს. შიგ იყო ძველი საკერავი და სარეცხი მანქანები, ავტომანქანების გაფუჭებული ძრავები. ესენი მათ არაფერში სჭირდებოდათ, უბრალოდ, ფუთააკიდებული ცხოვრება მოსწონთ. ლულებს დავემშვიდობეთ. მომდევნო დღეებში ბუხარა და სამარყანდი მოვიარეთ. ტაშკენტში ქართველებიც ვნახეთ. რესტორანში, სადაც ვისადილეთ, მეპატრონე ქართველი იყო, ქუთაისელი. იქ მხოლოდ ისპანახი შევუკვეთეთ, მაგრამ მაინც ოთუსბირი გადაგვახდევინა. ძალიან ცივები არიან იქაური ქართველები, არანაირი მონატრების გრძნობა არ აქვთ. უზბეკეთის დედაქალაქში ღამე ერთი 9-სართულიანი სახლის სახურავზე გავათენეთ. მეორე დღეს ავტობუსით ტაჯიკეთის საზღვარი გადავკვეთეთ და თვალწინ ბამბის მინდვრები გადაგვეშალა. დუშანბეს რომ მივუახლოვდით, გოგირდის აბანოები შევნიშნეთ. დათვალიერება და გადაღება გადავწყვიტეთ. ადგილობრივმა აქტივისტებმა შეგვაჩერეს. რომ გაიგეს ქართველები ვიყავით, დაკავება უნდოდათ (ისინი მაშინ რუსებს უჭერდნენ მხარს), - თქვენმა სააკაშვილმა თავი დაგვანებოსო. ყირგიზეთის რევოლუციის ამბებს იხსენებდნენ. ისე გაუგებრად ლაპარაკობდნენ, ვერც გავიგეთ, რას ითხოვდნენ. ბოლოს, გავწიწმატდით და იქით დავუწყეთ ყვირილი, - საქართველო რა თქვენი სახსენებელიაო. როგორც იქნა, გაჩუმდნენ და გაგვიშვეს. გადავწყვიტეთ, პაკისტანში ავღანეთის გავლით ჩავსულიყავით და ვიზებისთვის ავღანეთის საელჩოს მივაკითხეთ. წასვლა დაგვიშალეს, - ავღანეთში მოგზაურობა სახიფათოა, თანაც ქალი კაცთან ერთად ავღანეთში ვერ იმოგზაურებსო. ელჩმა უარი გვითხრა ერთთვიან ვიზაზე - ერთკვირიან ვიზებს მოგცემთ იმ პირობით, რომ ქვეყანას მოკლე დროში დატოვებთო. ორი დღის შემდეგ ელჩმა პასპორტები გადმოგვცა, მერე ისე შემოგვხედა თვალებში, რაღაცნაირი გამჭოლი მზერა ჰქონდა, ლულები გამახსენდა და გვითხრა, - კარგად იყავით, თქვენი იმედი მაქვსო. რომ გამოვედით, პასპორტები გადავშალეთ - ერთთვიანი ვიზა გვქონდა...

ტაჯიკეთს ავღანეთისგან პატარა მდინარე ჰყოფს. ბორნით გადავედით. საზღვრის იქით ნამდვილი ავღანელები დაგვხვდნენ - მუცლამდე წვერები და დიდი, შავი, მეტყველი თვალები ჰქონდათ, ხელთ "კალაშნიკოვები" ჩაებღუჯათ. გავოცდი. აქ უკვე თითქოს სხვა სუნი ტრიალებდა, ლანდშაფტიც სხვანაირი იყო. მესაზღვრეები სიტყვაძუნწობდნენ. რადგან შესაბამისად არ მეცვა, გამაფრთხილეს, როგორც წესია, ისე ჩაიცვი, თან თავზე შემოიხვიე რამე გამჭვირვალე, რომ თვალებიც არ გამოგიჩნდეს, მაგრამ დანახვა შეძლოო. საზღვრიდან ტაქსით წამოვედით. პირველსავე პატარა ქალაქში გავჩერდით, რადგან ღამეს გარეთ უკვე ვეღარ გავათევდით. გზად ქალაქის ქუჩებში მხოლოდ წვეროსან, ერთნაირად ჩაცმულ მამაკაცებს ვხედავდი, ერთგან მლოცველებსაც წავაწყდით. ღია ფარდულებშიც მხოლოდ მამაკაცები იდგნენ, ტრანსპორტშიც. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ქალაქს ქალი არც უნახავს. სასტუმროს მეპატრონემ რომ დამინახა, სახეზე დაბნეულობა დაეტყო, ჩემს ქმარს ანიშნა, ქალთან ერთად ნუ დადიხარო. რადგან უცხო ენაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა, ქართულად დავიწყეთ ლაპარაკი. სხვათა შორის, ბევრი საერთო სიტყვა აღმოვაჩინეთ, მაგალითად, ღამე ავღანურადაც ღამეს ნიშნავს, სასტუმროს მეპატრონემ ხელებით, ფეხებით, ჟესტებით როგორღაც მიგვახვედრა, რომ ადრე ამ სასტუმროში კიდევ ერთი ქართველი ლეჟავა (ჯუმბერ ლეჟავა) გაჩერებულა.  გაგვაფრთხილეს - საღამოს 5 საათზე კომენდანტის საათი იწყება და გარეთ გასვლა არ შეიძლება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში - იქვე მიგახვრეტენო.

დაქანცულებმა დაძინება გადავწყვიტეთ. მაშინ აზრადაც არ მოგვსვლია, რა გველოდა ამ უცნაურ ქვეყანაში.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)