სტუმარმასპინძლობა ავღანურად - კვირის პალიტრა

სტუმარმასპინძლობა ავღანურად

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #2)

ვაგრძელებთ თხრობას ქართველი ცოლ-ქმრის აზიაში მოგზაურობის შესახებ. მათ გადაწყვიტეს, აზიაში ემოგზაურათ არა როგორც ტურისტებს, არამედ როგორც ქრისტიან დავრიშებს.

მთვარისა ჯოისი: - სასტუმროს შიდა ეზოში ნუშის ბაზრობა იყო. ყოველდღე მოჰქონდათ კონტეინერებით, ეზოში ცლიდნენ და შემდეგ მხართეძოზე წამოწოლილები მთელი დღე ვაჭრობდნენ. კაცებს, განურჩევლად ასაკისა და თანამდებობისა, გრძელი წვერი აქვთ, ერთნაირად აცვიათ - გრძელი, ღია ნაცრისფერი, ცისფერი ან შავი პერანგები, იმავე ფერის კოჭებამდე შარვლები, თავზე ჩალმა ახურავთ და მხრებზე ნაჭერი აქვთ მოგდებული. ეს არის მათი ავლადიდება. ამ ნაჭრებს იხსნიან, ზედ სხდებიან და ჩაის სვამენ. მას პირისა და ფეხის გასამშრალებლადაც იყენებენ, ასევე ბავშვების გასახვევად. ქალს ავღანურ ქალაქში ვერ შეხვდებით. ისე, ისინი მიწამდე დაშვებულ გოფრეს ჩადრს ატარებენ, რომელსაც თვალებთან ე.წ. გისოსები აქვს. თავიდან ამ სამოსით სიარული გამიჭირდა, რამდენჯერმე დავეცი კიდეც. ნუშის ბაზრობაზე ერთ მათხოვარ ქალს ჩადრი არ ეხურა, სამაგიეროდ სახე შავი ქსოვილის ნიღბით ჰქონდა დაფარული. წუწურაქი ვაჭრები მხოლოდ თითო ნუშს ჩუქნიდნენ. ჩემი ქმარი მუსლიმანურად ჩაცმული გამოდიოდა ქალაქში. ერთ საღაAმოს მოვიდა და მითხრა, - ძალიან ლამაზი ადგილი ვნახე, ხვალ წავიდეთ, ფოტოები გადავიღოთო...

საოცარი ბუნება იყო, უდაბნოში დაბალი, თითქოს გადაჭრილი ქვიშისფერი კლდეებით, მათ ძირში კი ფირუზისფერი მდინარე მიიკლაკნებოდა. სწორედ იქ დავინახეთ პირველად ქალები. უკანმომავალს მომწყურდა, გზაში ერთი ფეხებდაგრეხილი კაცი შემოგვხვდა, მხარზე ჯოხით ბოხჩა გაედო. გვერდით რომ ჩავუარეთ, უცნაურად შემოგვხედა, მხოლოდ მე მიყურებდა, შემდეგ ავღანურად რაღაც წაიბუტბუტა და  თვალი გამომაყოლა. ჩემმა ქმარმა ჟესტებით ჰკითხა, - წყალი ხომ არ გაქვთო. კაცმა ბოხჩა გახსნა და წყლიანი ქილა ამოიღო. როცა წყურვილი მოვიკალი, ავღანურად გაგვიბა საუბარი. მიგვახვედრა, რომ მალე კომენდანტის საათი იწყებოდა და გარეთ ყოფნა საშიში იყო. გვითხრა, ჩემთან დარჩითო. დავთანხმდით. გზაში ეს კაცი თავს აქეთ-იქით აქნევდა, თან რაღაცას ბუტბუტებდა (ავღანეთში ქალი ქმარს მოშორებით უნდა მისდევდეს, მე კი გვერდით მივყვებოდი).

ავღანელის სახლი ხეებს შორის გაჭიმული სქელი ტილო იყო. გარეთ ორი ძველი ხალიჩა ჰქონდა გაფენილი, იქვე ქვაბები ეწყო. დაგვსხეს ხალიჩაზე. მუგუზალივით შავმა ცოლმა ბრინჯი მოხარშა და ხელით გვანიშნა, ჭამეთო. ჩვენი მასპინძელი და მისი ოჯახი მეცხვარეები იყვნენ, მაღალი, გრძელყურა ცხვრები ჰყავდათ.

დაძინება დავაპირეთ. მასპინძლებმა ფაშახონა გაშალეს. ჩემს ქმარს მასპინძელთან უნდა დაეძინა, მე - მის ცოლ-შვილთან. ასეთი წესიაო, გვითხრეს. გამოიტანეს ჭუჭყიანი ქვეშაგები, ერთი თხელი ნაჭერი წავიფარეთ და დავწექით. არ მეძინებოდა. უცებ ვიგრძენი, ვიღაც მოვიდა. ჩემი ქმარი მეგონა. ავიხედე - სხვა იყო. ტუჩზე თითი მიიდო, ჩუმადო და ფაშახონა გადასწია. მინდოდა დამეყვირა, მაგრამ პირზე ხელი წამაფარა და ძიძგილაობა დამიწყო. მეც ვუთავაზე. მერე ჩემ გვერდით მძინარე მუგუზალს მუჯლუგუნი ვკარი. გაეღვიძა და ყვირილი მორთო. ის ტიპი გაიქცა, ქალმა ქოშიც მიაყოლა. ძლივს გავაგებინე, - ჩემს ქმართან მინდა-მეთქი. მრისხანედ შემომხედა და მანიშნა, - წადიო. უკუნეთი სიბნელე იყო, შემეშინდა და ისევ ფაშახონაში შევძვერი, მაგრამ რა დამაძინებდა. ცოტა ხანში ის ტიპი ისევ დამადგა თავს და ისევ ძიძგილაობა დამიწყო, თან ცდილობდა, ხვანჯარი შეეხსნა. ამჯერად ყვირილი მოვახერხე, - ჩემს ქმარს ვეძახდი, მაგრამ ამაოდ. შემეშინდა - ხომ არ მოკლეს-მეთქი. მერე ვიცანი - მოძალადე ჩვენი მასპინძელი იყო. ცოლმა ისევ გააგდო. ქალი მივახვედრე, - ახლა წავალ და ჩემი ქმრის გვერდით დავწვები-მეთქი. მან კი ქმარს დაუძახა, - გადმოდიო. ჩემი ქმარი გავაღვიძე და ვუთხარი, - მასპინძელი  ჩემს გაუპატიურებას ცდილობს-მეთქი. მან კი შემომხედა, - დაიძინეო და ძილი გააგრძელა.

თავზარი დამეცა. ვიწექი თვალებგაფართოებული და ვლოცულობდი - ის ტიპი არ მოსულიყო და არ დავეხოცეთ. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. უცებ ის მახინჯი კარავში შემოჩლახუნდა და დაჯდა. ჩემს ქმარს გაეღვიძა და ჰკითხა, - რა გინდაო. მან რაღაც წაიბუტბუტა და გარეთ გაძვრა. ორიოდ საათში ისევ მოვიდა, კარვის კართან ჩაცუცქდა და მომაჩერდა. როგორც კი ინათა, ქმარი გავაღვიძე - წავიდეთ აქედან-მეთქი. ჯერ ადრეაო. მასპინძლები უკვე ფეხზე იყვნენ და ჯამ-ჭურჭელს ახმაურებდნენ. ჩვენმა მახინჯმა და დაგვაჯულმა, ვითომ არაფერი მომხდარიყო, ფეხებთან ხალიჩა გამიშალა და ლოცვა დაიწყო, იქვე მისი ცოლი ცომს ზელდა. ჩემი ქმარი ადგა, გაიზმორა და  შემდეგ ხელები მუხლებზე დაიბჯინა და მიწაზე დამხობილ მასპინძელს მიაჩერდა. როგორც კი ავღანელი წელში გასწორდა, ნიკაპში ერთი ისეთი ამოარტყა, კაცი რამდენიმე მეტრზე გადავარდა და თვალიდან სისხლი წასკდა. შიშით ყვირილი დავიწყე, ცოლმა ერთი შეხედა და საქმე გააგრძელა. წაქცეულმა სისხლი რომ დაინახა, ცხოველივით აყმუვლდა და გაიქცა. ვიფიქრეთ, შეეშინდაო. ახლაც ილოცე, შენი დედაო, - მიაძახა ჩემმა ქმარმა, - წუხელ ჩემს ცოლს აწუხებდა და დღეს ლოცვა მომინდომაო...

მერე მომიბრუნდა და მითხრა, - წავედითო. ამ დროს ჩვენი მასპინძელი შემოვარდა ღმუილით და ფიწალი მომიღერა. უკან გადახტომა მოვასწარი. მეუღლე წინ ამეფარა და ფიწალი მას მოხვდა ხელზე, გამწარებულმა - მე შენ გიჩვენებო და კიდევ ერთხელ ამოარტყა მუშტი სახეში, მასპინძელი ძირს გაიშხლართა. ქმარმა დამიყვირა, - ჩქარა წავედითო. თავქუდმოგლეჯილი მივრბოდით. მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ის ავღანელი კვალდაკვალ მოგვდევდა. გზაზე გავედით და მანქანის გაჩერებას შევეცადეთ. არავინ გვიჩერებდა (ავღანეთში მარტო არავინ მგზავრობს, ავტომანქანები გატენილი დადიან). ჩვენი მასპინძელი შეიარაღებულ ჯგუფთან მივიდა და რაღაცას უყვებოდა. რამდენიმე წამში იმ შეიარაღებულებმა ტყვიამფრქვევები მოგვიშვირეს, გვანიშნეს - ხელები მაღლაო. ჩემს ქმარს ფერი წაუვიდა, არ ვიცოდით, ვინ იყვნენ - სამხედროები თუ ბანდიტები - ავღანეთში ყველა ავტომატით დადის. 5 მეომარი მოგვიახლოვდა. ფოტოაპარატები მოგვახსნევინეს და ძირს დააწყვეს, ჩვენი მასპინძელი კი გაჰყვიროდა, - ტერორისტებიო. მეომრები გვიყვიროდნენ, - ერთმანეთს დაშორდითო. რადგან ეს ტრასაზე ხდებოდა, მოძრაობა შეფერხდა. მოულოდნელად, ერთმა მეომარმა კალაშნიკოვი დატენა და ავღანურად რაღაცის ყვირილი დაიწყო. დანარჩენებმა ფოტოაპარატები გახსნეს. შემდეგ ისევ დაგვშორდნენ და რაღაცას გამუდმებით გვიყვიროდნენ. ვაიმე, სად ვკვდებითო, - წაილაპარაკა ჩემმა ქმარმა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა გვეღონა თავის გადასარჩენად...

ის მახინჯი ავღანელი ნიშნის მოგებით იღიმოდა.

დიდხანს არ მიფიქრია, აწეული ხელები გადავაჯვარედინე - ჯარისკაცებს ვანიშნე, შეჩერდით-მეთქი და ჩადრი მოვიხადე. ავღანეთში დაუჯერებელია, სახე დაგინახონ. ეგ იგივეა, ქუჩაში დედიშობილამ გაიარო. ჩადრი რომ ავიწიე (დასაკარგი მაინც აღარაფერი გვქონდა), მეომრები დაიბნენ, დავიწყე ლაპარაკი, ქართულად თან შიგადაშიგ ნასწავლ რამდენიმე ავღანურ სიტყვასაც ვურევდი. ვცდილობდი, აღმეწერა ის სიტუაცია, რაც  წინა ღამეს და დილით შეგვემთხვა, თან პანტომიმას ვაკეთებდი (მოძრაობის თეატრის სტუდიაში სიარული აქ გამომადგა!), ფაქტობრივად, ცეკვა დავიწყე, მეომრები გაშეშებულები იდგნენ, მე კი მოძრაობით ვუყვებოდი, რაც მოხდა. ჩემი ქმარი გაოგნებული მიყურებდა. უცებ შევამჩნიე, რომ მეომრებმა ჩვენს მასპინძელს ცერად გახედეს, ის უკვე  ნელ-ნელა მიიპარებოდა. მერე მეომრები მოგვიახლოვდნენ, მთელი ჯგუფი გარს შემოგვერტყა, დაგვსვეს იზოლირებულ ადგილას. აინტერესებდათ, ვინ ვიყავით, საიდან, რა მოხდა, რამდენჯერმე მომიწია მათთვის ამის ახსნამ. ჩვენი ავღანელი მიიპარებოდა და, თან მეომრებს ანიშნებდა, - მე არაფერ შუაში ვარო, მაგრამ მათ  ხელი სტაცეს და იქვე მდგარ მიტოვებულ ჯიხურში შეაგდეს, შემდეგ ხელმძღვანელებს დაურეკეს. მივხვდით, რომ ესენი სამხედროები იყვნენ და დახვრეტასაც, სავარაუდოდ, უკვე გადარჩენილები ვიყავით. ავღანეთში ყურანის თანახმად, სხვისი  ცოლისთვის შეხედვა სასტიკად იკრძალება, მით უმეტეს, თუ ქმარი გვერდით ჰყავს. ეს მკაცრად ისჯება, სამხედროები მასპინძელზე საშინლად გაბრაზდნენ, - როგორ გაბედე, შინ სტუმრად მიიყვანე და მერე მისი ცოლის გაუპატიურება მოინდომეო. რამდენჯერმე წაუთაქეს კიდეც. ის ავღანელი ისევ მე მომშტერებოდა. ჩემმა ქმარმა კიდევ გაიწია დასარტყმელად. სამხედროებიც მე მომჩერებოდნენ, რადგან ჩადრი არ მეხურა.  მალე მანქანა გამოჩნდა. როგორც მივხვდი, მათი უფროსი მოვიდა. როდესაც მდგომარეობა აუხსნეს, ის ჩემს ქმართან მივიდა, მხრებში ხელი მოჰკიდა - თითქოს ჯანს უსინჯავსო, შემდეგ იმ ავღანელისკენ შეტრიალდა და უყვირა, - ნახე, რა  ვაჟკაცია და შენ კი რას ჰგავხარო. ეს ისე ემოციურად თქვა, რომ ჩვენც კი გავიგეთ. მერე გვითხრეს, მანქანაში ჩასხედითო. მე წინ დამსვეს, საპატიო ადგილას, უფროსი უკან გადავიდა (ავღანეთში ქალის გვერდით უცხო მამაკაცის ჯდომა აკრძალულია). ასეთი პატივისცემა გურჯობის გამო დავიმსახურეთ - ავღანეთში ქართველებს დიდ პატივს სცემენ, მათზე უკეთესი მეომრები მათ არ უნახავთ და საერთოდ, გურჯებს ამ ქვეყანაში კარგი სახელი აქვთ, ამიტომ მოწიწებით გვექცეოდნენ. მათ საქართველო არამიწიერ სამოთხედ აქვთ წარმოდგენილი. სხვათა შორის, ინგლისელები ან ამერიკელები რომ ვყოფილიყავით, უთუოდ დაგვხვრეტდნენ, ვერ იტანენ ამერიკელებს და ბრიტანელებს (ზოგადად ევროპელებსაც).

მიგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში - ერთ დიდ, ჯოჯოხეთურ შენობაში. აქ ციხეც იყო. თავიდან შიგნით არ გვიშვებდნენ, შემდეგ სამხედროების უფროსის მეცადინეობით შეგვიშვეს. გავიარეთ უცნაური დერეფნები, უფრო ლაბირინთებს წააგავდა და ერთ დიდ ოთახში შევედით, სადაც ძალიან ბევრი მამაკაცი დაგვხვდა. მართალია, უკვე ჩადრი მეხურა, მაგრამ მაინც შიშველივით ვგრძნობდი თავს. მათთვის  ლამაზი ხანუმი ვიყავი, რადგან შედარებით  თეთრი კანი და მოვლილი ხელები მქონდა. შემოგვეხვივნენ ეს კაცები, ჩემს ქმარს ზედ არავინ უყურებდა - ყველა მე შემომცქეროდა და რაღაცებს მეკითხებოდა.  მოიყვანეს ვიღაც ინგლისური ენის მცოდნე, არადა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა ინგლისურად. შემეშინდა, რამე არასწორად არ თარგმნოს-მეთქი და ისევ ქართულად დავიწყე ლაპარაკი, ასე უფრო ვაგებინებდი დამხვდურთ, შემდეგ შეგვიყვანეს ოთახში, სადაც დროებით დაკავებულები ჰყავდათ. ხალიჩაზე დავსხედით. საკანში ქალი მარტო მე ვიყავი. ჩაიც მოგვართვეს. ცოტა ხანში ის ჩვენი მასპინძელიც შემოიყვანეს. მაინც ცდილობდა, ჩემ გვერდით დამჯდარიყო. ჩემი ქმარი თითის ქნევით ემუქრებოდა, - გცემო. ერთი-ორჯერ გაიწია დასარტყმელად, მერე კი ქართულად ჭკუის დარიგება დაუწყო. საღამო ხანს წაგვიყვანეს იქაურობის მთლად უფროსთან. მაღალი კაცი იყო, ფორმა არ ეცვა,  არც ჩალმა ეხურა, მხოლოდ თეთრი  ხალათი და შარვალი. შემოიყვანეს ის თარჯიმანიც. უფროსმა საქმე მოისმინა და მანიშნა, ჩადრი მოიხსენიო. დავყაბულდი და ისევ თავიდან ავუხსენი, რაც მოხდა. მოულოდნელად უფროსი გაწიწმატდა და სასწრაფოდ ჩვენი მასპინძელი მოაყვანინა. ის როგორც კი შემოვიდა, მუხლებზე დაემხო, ფლიკვინ-ბუტბუტი დაიწყო, თან თავის დაგრეხილ ფეხებზე მიანიშნებდა უფროსს, - ხეიბარი ვარო. უფროსმა ცოტა ხანს  უყურა, შემდეგ ჩემს ქმართან მივიდა, მხრები გაუსინჯა, გაუღიმა და  დივანზე ანიშნა - დაჯექიო, ჩვენს მასპინძელს კი წიგნი ესროლა. მერე მოულოდნელად მაგიდის ქვეშიდან რეზინის ხელკეტი გამოიღო და უმოწყალოდ დაუწყო ცემა, თან უყვიროდა. მახინჯი თავის მართლებას ცდილობდა, თავ-პირი და ბეჭები სისხლით შეეღება. მეგონა, მოკლავდა და გაშველება დავიწყე. ისე, გული კი მოვიფხანე. უფროსი დაწყნარდა და გვკითხა, - რამდენი ხნით გინდათ, კარცერში რომ ჩავაგდოო - 6 თვით, 9 თვით თუ ერთი წლითო. მაინც შეგვებრალა და ჩემმა ქმარმა სთხოვა, - გაუშვით, ცოლ-შვილი ჰყავს, ცოდოაო. უფროსი დაიბნა, შემდეგ გაოცებულმა გვკითხა, - რა ხალხი ხართ ეს გურჯები, ამ კაცმა ლამის თქვენი თავი დაგვახვრეტინა და შეიცოდეთო? თავი დავუქნიეთ და წამოსვლა დავაპირეთ. პოლიციის უფროსმა შენობიდან გულზე ხელის მიდებით გამოგვაცილა, რაც ერთგვარად ბოდიშსაც და მადლობასაც ნიშნავს ავღანეთში.

სასტუმროსკენ გავწიეთ. ჩვენი მასპინძელიც გაუშვეს. უკან მოგვყვებოდა. როდესაც სასტუმროს მივუახლოვდით, ჩემს ქმარს ბოდიშის მოხდა დაუყო თან მახინჯ ფეხებზე ანიშნებდა. მე ქმრის უკან ვიდექი. მოულოდნელად ჩემი ქმარი გასწია და ჩემთვის ხელის ჩამორთმევა სცადა. უკან გავიწიე. ჩემმა ქმარმა გარტყმა დაუპირა. ავღანელი მიხვდა, - მომხვდებაო და ბაჯბაჯით გაიქცა, ჩვენ კი სასტუმროში ავედით...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)