თალიბები - შეხვედრა მთაში - კვირის პალიტრა

თალიბები - შეხვედრა მთაში

(დასაწყისი "კვირის

პალიტრა" ##1,2,3)

ვაგრძელებთ მხატვარ

მთვარისა ჯოისის ნაამბობს:

...მეორე დღეს (5 სექტემბერი იყო) ქაბულში წასვლა გადავწყვიტეთ. ავღანეთის დედაქალაქამდე ტაქსით ვიმგზავრეთ. მთელი გზა რაჯ კაპურის სიმღერებს ვისმენდით. ჩვენთან ერთად კიდევ ორი ავღანელი მგზავრობდა - ქალაქელები იყვნენ და ცოტა ინგლისურიც იცოდნენ. გულმოდგინედ გვითარგმნეს სიმღერის ტექსტები და გვითხრეს, - ავღანეთში რაჯ კაპურის ცნობილი სიმღერა ფილმიდან "ბატონი 420" დღემდე ჰიტად მიიჩნევაო. არემარე კარგად რომ დამეთვალიერებინა, ჩადრი ავიხადე. მხოლოდ ქვა-ღორღი და უცნაური კლდეები მოგხვდებოდა  თვალში. გვიკვირდა, ასეთ ადგილებში გზები როგორ გაჭრესო. არც დასახლებები ჩანდა. თუმცა ისეთ ადგილებში მოვკარით თვალი ადამიანებს, ვერ მივხვდით, იქ საიდან გაჩნდნენ, ან სად მიდიოდნენ. ჩვენს თანამგზავრებს ვკითხეთ, - ნეტავ, ბინ ლადენს როგორ არჩევენ, აქ ხომ ყველა ერთმანეთს ჰგავს და ყველას ერთნაირად აცვიაო. ბინ ლადენის ხსენებაზე მგზავრები დაიძაბნენ, მერე, როდესაც სიცილი აგვივარდა, თავადაც გაიცინეს. ქაბულს რომ მივუახლოვდით, ისეთი სამხედრო ტექნიკა ვნახეთ, ფილმებშიც რომ არ მინახავს, ძირითადად,  ამერიკული. Mმრავლად იყვნენ კბილებამდე შეიარაღებული ცივსახიანი ამერიკელი ჯარისკაცები. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ამერიკელი ჯარისკაცი კაცი არ არის, თავიდან ფეხებამდე მხოლოდ იარაღია. იქ უიარაღოდ შეიძლება შიშით გულიც კი გაგისკდეს იმის გაფიქრებაზე, რომ ავღანეთში ხარ...

უცნაური, ვეებერთელა შეჯავშნული მანქანებით დადიოდნენ. გზაზე თუნდაც შენს მეტი  არავინ ჩანდეს, ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ მარტო არ ხარ, კლდეებზე ან ამერიკელი სნაიპერები არიან ჩასაფრებული, ან ავღანელები. იქაურები ძალიან შეგვებრალნენ. ჩვენი თანამგზავრები ამბობდნენ, - ავღაAნელებს ომი არ უნდათო, მაგრამ უკვე შეჩვეული არიან ასეთ ცხოვრებას. ჩვენს მიწაზე ადამიანის სიცოცხლეს ფასი აღარ აქვსო, - დანანებით ამბობდა ერთი, - კაცის და ბუზის მოკვლა ერთიაო.

ძალიან ცხელოდა, თუმცა ფანჯრების ჩამოწევას  ვერ ვბედავდით, რადგან მარიხუანის სუნი პირდაპირ მანქანაში შემოდიოდა (ველური მარიხუანის პლანტაციებს გზაზე ხშირად შეხვდებით. იქ საქონელიც ჭამს  ამ მცენარეს). ბინდდებოდა, ქაბულში რომ შევედით. თანამგზავრებს ვთხოვეთ, - აქ პირველად ვართ არც  ქალაქის რუკა გვაქვს, იქნებ სასტუმრომდე მიგვიყვანოთო. წაიბურტყუნეს, - გვეჩქარებაო და იქვე მდგარ ტაქსის მძღოლს უთხრეს, - წაიყვანეო. ტაქსიში ჩავსხედით. ცოტა ხნის შემდეგ შევამჩნიე, რომ ტაქსის მძღოლი ნერვიულობდა, ეტყობოდა,  ჩვენი ეშინოდა. რაღაც უცნაურ ადგილას ჩამოგვსვა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. კომენდანტის საათი უკვე დაწყებული იყო. ასეთი ადგილი მხოლოდ საშინელებათა ფილმში მინახავსო, - ჩაილაპარაკა ჩემმა ქმარმა. მართლაც უცნაური და შემაძრწუნებელი იყო იქაურობა - ჩვენ წინ უზარმაზარი, ჩაბნელებული ქალაქი გადაშლილიყო ძალიან ვიწრო ქუჩებით. რადგან განათება არ იყო,  მრავალსართულიანი სახლებიც კი მაჯლაჯუნებს ჰგავდნენ და გვეჩვენებოდა, სადაცაა, თავზე დაგვემხობაო. შიშმა აგვიტანა. არ ვიცოდით, სად წავსულიყავით, რა გაგვეკეთებინა. ქუჩაში მხოლოდ ჩვენი ფეხის ხმა ისმოდა, რომლისაც თავადვე გვეშინოდა. კარგა ხანს დავბორიალებდით. ბოლოს დავინახეთ ერთი შენობა, საიდანაც ლამპის შუქი გამოდიოდა. იქამდე სულ სირბილით მივედით. კარებზე რაღაც აბრა ეკიდა.

დავაბრახუნეთ. ნახევრად მძინარე ავღანელი გამოვიდა. "ჰოტელ?" - ჰკითხა ჩემმა ქმარმა. როდესაც ავღანელმა გვანიშნა, - ვერ მივხვდიო და დავრწმუნდით, რომ სასტუმროს აღმნიშვნელი საერთAაშორისო სიტყვა ავღანეთში არ გამოგვადგებოდა, ჯიქურ შევედით შენობაში. გავიარეთ ვიწრო დერეფანი და  ერთ პატარა ოთახში მოვხვდით. იატაკზე ხალიჩები იყო გაშლილი და კედელთან ერთი განიერი ტახტი  იდგა.  ოთახში ოცამდე კაცს ეძინა. ოფლისა და შმორის სუნმა სუნთქვა შემიკრა, მასპინძელმა გვანიშნა, - სადაც გინდათ, დაწექითო, მერე ერთ-ერთ მძინარეს გვერდში უთავაზა - მიიწიეო და ტახტზე ადგილიც გაჩნდა. ჩემმა ქმარმა შეჰყვირა, - ხომ არ აფრენო და სასტუმრო დავტოვეთ. ბნელ ქალაქში კიდევ რამდენიმე საათი ვიბორიალეთ. ძალიან მეშინოდა და ვფიქრობდი, ალბათ ჯოჯოხეთი ასეთია-მეთქი. მოულოდნელად განათებულ ქუჩაზე აღმოვჩნდით (ერთი ლამპიონი ანათებდა). იქვე შუშის კარი შევნიშნეთ. ყველაფერი დაგვავიწყდა და კარს მივადექით. როდესაც შევაღეთ, ევროპულად მოწყობილ  პატარა სასტუმროში ამოვყავით თავი. ერთი ავღანელი შემოგვეგება. აკეცილი შარვალი ეცვა, მძივებით იყო აჩონჩხილი და კარგი ინგლისურით ლაპარაკობდა. გეი აღმოჩნდა. მის დანახვაზე გაკვირვებისგან ხმამაღლა წამოვიძახე, - მართლა ავღანეთში ვართ-მეთქი? ჩვენი გეი მასპინძელი შვეიცარიაში მცხოვრები ავღანელი აღმოჩნდა, რომელიც თავის სამშობლოში მეორედ ჩამოსულიყო. აქაურები დაჰყვებოდნენ და მფარველობდნენ (ეს ერთადერთი გეი ყოფილა მთელ ქაბულში). მისი თხოვნით, ადმინისტრატორმა ზემო სართულზე მოგვათავსა. დილით რომ გავიღვიძე და ქალაქს გადავხედე, გავოცდი - უზარმაზარ ქალაქში ადამიანები ჭიანჭველებივით ირეოდნენ, ვიწრო ქუჩები სავსე იყო ხალხით. აქა-იქ ქალებიც შევნიშნეთ.

ქაბულის ბაზარში შევამჩნიე, - ქალის თეთრეულით მოვაჭრეებიც კაცები იყვნენ. ქუჩაში ქალები ხელით მეხებოდნენ, ყურადღებით ათვალიერებდნენ ჩემს ნაწნავს და მანიშნებდნენ,  საიდან ხართო.

ქაბულში ერთი დღე გავჩერდით. მეორე დღეს გეზი ავღანეთ-პაკისტანის საზღვრისკენ ავიღეთ. როგორც იქნა, საზღვარს მივადექით. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთგვარი ქოხი იყო, საზღვარი კი - პირობითად ორღობე.

საზღვრის დაცვის უფროსი დიდხანს დაჰყურებდა ჩემს ფოტოს პასპორტში (საზღვარზე ყურადღებას მხოლოდ უცხოელების მიმართ იჩენენ).  როდესაც გავუღიმე, დარწმუნდა, რომ მე ვიყავი და პაკისტანში გადასვლის უფლება მოგვცა. როგორც გავიგეთ, ქალებს საზღვარზე ფეხით გადასვლის უფლება არ აქვთ, ამიტომ სამთვალა ურიკებში ჩაგვსხეს (სამშენებლო მასალა რომ გადააქვთ ისეთი).

როდესაც პაკისტანის მიწაზე ფეხი დავადგით,  შვებით ამოვისუნთქეთ - ავღანეთი  ხომ მშვიდობიანად მოვიარეთ, ქალაქ ისლამაბადში ჩასასვლელად ტაქსის დავუწყეთ ძებნა. უცნაური იყო, რომ არც ერთ ტაქსის მძღოლს ჩვენი, ანუ უცხოელების წაყვანა არ უნდოდა. მიზეზს ვერ ვხვდებოდით. დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ დავითანხმეთ. წინ ოთხსაათიანი მგზავრობა გველოდა. მთას ავუყევით. ძალიან ვიწრო გზა იყო. შევატყვეთ, მძღოლი ოფლში იწურებოდა, სიცხეს დავაბრალეთ. მალე გაჩერებული მანქანების კოლონას მივადექით და ჩვენი მძღოლიც გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა და ნერვიულობისგან ცახცახი დააწყებინა, თან გვანიშნებდა, - არ გადმოხვიდეთო, შემდეგ კარი შიგნიდან ჩაკეტა, ჩალმა მოიხსნა და იმ სარკმელს ააფარა, სადაც ჩვენ ვისხედით, თან რაღაცას ბუტბუტებდა.

მივხვდი, რომ ლოცულობდა. ცოტა ხანში საქარე მინასაც ჩამოაფარა რაღაც ქსოვილი. ჩემს ქმარს მანქანიდან გადასვლა უნდოდა, მაგრამ მძღოლმა ხელები გაასავსავა და გვანიშნა, - უნდა დავბრუნდეთო. უარზე ვიყავით და გზის გაგრძელებას ვთხოვდით. მოულოდნელად სამხედროების უფროსი მოვიდა. სიმწრის ოფლი ასხამდა და მძღოლს რაღაცას ეჩურჩულებოდა. ბოლოს  გავიგეთ, რომ გზა თალიბებს ჰქონიათ ჩაკეტილი. სამხედროების უფროსმა გვთხოვა, პასპორტები მაჩვენეთო. ამერიკელები ვეგონეთ (მათთვის ყველა უცხოელი ამერიკელი ან ინგლისელია). შემდეგ დაახლოებით 40 სამხედროს გარემოცვაში აღმოვჩნდით. "კალაშნიკოვებით" იყვნენ შეიარაღებული. მართალია, ბევრნი იყვნენ და იარაღიც ჰქონდათ, მაგრამ მაინც კანკალებდნენ, ნერვიულობდა მათი უფროსიც. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა მძიმე მდგომარეობა იყო. თალიბებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კოლონაში უცხოელები, ანუ ჩვენ ვიყავით და ყველა მანქანას ამოწმებდნენ, რადგან ჩვენი მძევლად აყვანა უნდოდათ. ეს სამხედროები კი ჩვენ გვიცავდნენ.

ხუმრობის გუნებაზე მხოლოდ ჩემი ქმარი იყო. სამხედროების შუაში იჯდა, თრიაქს ეწეოდა (ჯარისკაცებმა მისცეს) და მათ  დასცინოდა - ამდენი ხართ და თალიბებისა როგორ გეშინიათო. ცოტა ხანში ჯარისკაცებმა ჩვენ წინ ცოცხალი კედელი აღმართეს. ჩვენი ტაქსი ორ სამხედრო მანქანას შორის მოაქციეს - გადაწყვიტეს, უსაფრთხო ადგილას გადავეყვანეთ. ამასობაში თალიბებიც მოგვიახლოვდნენ. სამხედროების უფროსმა სამხედრო მანქანებს ანიშნა, დაიძარითო და თალიბებთან დასალაპარაკებლად მივიდა. კარგა ხანს ლაპარაკობდნენ, წაკამათდნენ კიდეც. როგორც მერე გავიგეთ, სამხედროების უფროსი არწმუნებდა, აქ უცხოელი არავინ არისო, თალიბები ჯიუტად ითხოვდნენ ჩვენს გადაცემას. ჰაერში რამდენჯერმე ისროლეს, თუმცა მოულოდნელად უკან გაბრუნდნენ, ჩვენ კი, სამხედრო ესკორტით ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით ერთ მიწისქვეშა შენობას, სავარაუდოდ, სამხედრო შტაბს. მანქანიდან გადმოგვიყვანეს და თავზე ქალაღაიები მოგვახვიეს, რომ არავის შევემჩნიეთ (თალიბებს ინფორმატორები შტაბებშიც ჰყავთ). სარდაფამდე 20-კაციანმა ჯგუფმა მიგვაცილა. ზემოთ რომ ავიხედე, შევამჩნიე - მთები სავსე იყო ჯარისკაცებით. შტაბში განგაში გამოაცხადეს და თალიბების დასახვედრად მოემზადნენ. შტაბშიც ყველა მე მომჩერებოდა.

შეგვიყვანეს ერთ პატარა ოთახში, სადაც ნათურა ძლივს ბჟუტავდა. იატაკზე ხალიჩები ეფინა. უფროსმა დიდსულოვნება გამოიჩინა და მუთაქა და პლედები მოგვიტანა. სამხედროები ხედავდნენ, რომ ძალიან მეშინოდა - ქმარი არ მომიკლან-მეთქი. მოგვიანებით ჩაიც მოგვართვეს. ოთახს ფანჯარა არ ჰქონდა და ცარიელი იყო. სამხედროებს დროდადრო ვიღაცები მოჰყავდათ და ჩვენზე უთითებდნენ, მერე ლაპარაკ-ლაპარაკით უკანვე  გადიოდნენ. ორი დღე ჩაკეტილები ვიყავით. გარედან განუწყვეტელი სროლის ხმა ისმოდა.

სამი დღის შემდეგ სამხედროებმა გადაწყვიტეს, შტაბიდან წავეყვანეთ. ჯარისკაცები უსაფრთხოებისთვის ფულს - 10 დოლარს გვთხოვდნენ. უარს ვეუბნებოდი. მაშინ რამე გვაჩუქეთ, თორემ მარტო გაგიშვებთო, - გვემუქრებოდნენ. ამ ვაჭრობაში კიდევ ორი დღე გავიდა. ბოლოს, გარეთ გამოგვიყვანეს, ჩაგვსხეს სამხედრო მანქანაში და აგვიხსნეს,  თალიბები აქ აღარ არიან, გზა გაწმენდილიაო. მერე სამხედრო პოსტამდე მიგვაცილეს.

როდესაც რომელიმე სამხედრო საგუშაგოზე მიგვიყვანდნენ, რაღაცას იწერდნენ ჟურნალში და გვტოვებდნენ, შემდეგ საგუშაგომდე უკვე სხვა ესკორტი გვაცილებდა.

გზაში სულ ფულს გვთხოვდნენ, თან მანქანის კარებს კეტავდნენ, რომ არ გავქცეულიყავით. სამხედროები ჩემს ქმარს ეხვეწებოდნენ, - ან ფოტოაპარატი გვაჩუქე, ან მაისურიო. ის უარს ეუბნებოდა. პაკისტანელ სამხედროებს აღიზიანებდათ უარი, თუმცა თავს იკავებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ პატარა ქალაქში ჩავედით. იქ ჩაგვსვეს ტაქსიში და ისლამაბადის გზას დავადექით. ტაქსის მძღოლი ცდილობდა აეხსნა, იმ ქალაქში რა გინდათ, არ წახვიდეთო, მაგრამ უკვე არაფერი გვესმოდა. ღამე იყო და ვერაფერს ვხედავდით, მხოლოდ შემხვედრი მანქანის ფარები ანათებდა იქაურობას და ისიც შიშის მომგვრელი იყო. არ ვიცი, უკუნეთში რამდენი ვიარეთ, მაგრამ მოულოდნელად ჩვენ  წინ ულამაზესი ქალაქი გადაიშალა - განათებული ქუჩებით, ციმციმა რეკლამებით, მშვენიერი ბაღებით და მდიდრული სახლებით. თვალებს არ ვუჯერებდით, ყველა სახლიდან შუქი გამოდიოდა და კარი ღია იყო. ხალხი ქუჩებში თავისუფლად დასეირნობდა, ღია კაფეებიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა. თავიდან ეს ჰალუცინაცია გვეგონა. გონზე მაშინ მოვედით ტაქსის მძღოლმა მანქანა რომ გააჩერა, - სასტუმროში მოვედითო. პატარა, სასტუმროში ადგილი არ იყო. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ კარგ დასვენებას ნამდვილად ვიმსახურებდით და მძღოლს ვთხოვეთ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მივეყვანეთ.

ასე შეგვეგება იმ ღამეს პაკისტანის ყველაზე კრიმინალური და საშიში ქალაქი, თუმცა ეს მაშინ, ცხადია, არ ვიცოდით...

გაგრძელება შემდეგ ნომერში